×

Cookie Consent

Digital Object Identifier
Abbreviated Title
Issue

In This Article

    Abstract - Journal Law and World

    Volume 7, Issue 5


    Issues of Protection of Personal Rights After the Death of the Victim in Civil Law


    Affiliation: Master of law, Senior Specialist at City Hall Economy and Property Management Service of Chkhorotsku Municipality

    Abstract: The protection of personal human rights is especially important af- ter the death of the victim. First of all, it is necessary to determine what is meant by the personal rights of a person, what personal rights can be protected after the death of the victim, in order to determine what is meant by the protection of the personal rights of the deceased. Then it is necessary to find out what the characteristics of a person are, by whom, how and in what form these rights are protected, and what harm can be caused by the violation of personal rights. It is true that the violation of personal rights is not allowed by law, but, nevertheless, there are many facts around us when the personal rights of the deceased and the living are violated. It is also desirable to protect personal rights acquired at birth from being violated by others both during the life and after the death of the victim. It is true that a person with personal rights protects his life and can claim compensation for property and / or non-property damage, but after the death of the victim, the law prohibits relatives or friends of the deceased from claiming compensation. for moral damage in vio lation of these rights. However, if a person was rehabilitated after his / her death, but the unlawful condemnation of the victim or other illegallegal actions damaged both the name and reputation of the heir, it is recommended to give the victim’s heir the right to claim compensation for the damage directly caused to him.

    Keywords: Dead, Personal Rights, Protection


    Download





    შესავალი

    კერძოსამართლებრივ პრობლემათა შორის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვა, რასაც თეორიასა თუ პრაქტიკაში გავრცელებული აზრთა სხვადასხვაობაც მოწმობს. საქმე ისაა, რომ იურისტთა ნაწილი გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვას აფართოებს, თუმცა მეორე ჯგუფი ვიწრო მიდგომას იზიარებს. იურიდიულ ლიტერატურაში არის მოსაზრება, რომლის თანახმად, კერძო საკუთრების მსგავსად, პიროვნული უფლების მიმართ შეიძლება გავრცელდეს საკუთრების სამართლებრივი რეჟიმი. ადამიანის ეკონომიკური მოგება შეიძლება რეალიზებული და გამოყენებული იყოს. ამ გაგებით, პირადი უფლება შეიძლება ხელშეკრულების საგანი იყოს და შეიძლება სხვას გადაეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ პიროვნული უფლება არ ქრება ადამიანის გარდაცვალებით და შეიძლება გადაეცეს სხვა ადამიანებს, მათ შორის, მემკვიდრეებსა და იურიდიულ პირებს. შესაბამისად, შესასწავლია ეს მიდგომები და გასარკვევია, როგორია გარდაცვლილის პიროვნული უფლებების დაცვის სპეციფიკა.
    კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, დასაწყისში დასადგენია, რა მოიაზრება პირად უფლებებში, შემდეგ კი უნდა განისაზღვროს, როგორია დაზარალებულის გარდაცვალებისას ამ უფლებების დაცვის თავისებურებები, ვის შეუძლია გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვა და რომელი საშუალებებით
    თემის აქტუალობას ისიც ადასტურებს, რომ უშუალოდ ამ საკითხის შესახებ მოიძებნება სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც არაპირდაპირ მაინც ეხება ამ პრობლემას, მაგრამ მაინც არ არსებობს ერთიანი მიდგომა იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა იყოს დაცული გარდაცვლილის პირადი უფლებები. ამ კონტექსტში საინტერესოა, გარდაცვლილის პირადი უფლებებიდან რომელია დაცვის ღირსი, ვის აქვს გარდაცვლილის ინტერესების დაცვის უფლება და რომელი დაცვის საშუალებებით. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა ბერკეტი არსებობს დაზარალებულის პირადი ინტერესების დაცვისთვის მაშინ, როდესაც დამნაშავედ ცნობილი პირის რეაბილიტაცია მოხდა მისი გარდაცვალების შემდეგ. სწორედ ეს არაერთგვაროვნება აისახება პირდაპირპროპორციულად სასამართლო პრაქტიკაშიც. აქვე დასადგენია, რა სახის შეიძლება იყოს პასუხისმგებლობა ამ უფლების დარღვევისათვის.
    ამდენად, პრობლემის ძირითადი არსის გასარკვევად აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს: რა არის პირადი უფლებები? როგორ და რა ფორმით ხდება გარდაცვლილისა და ცოცხალი პირის პირადი უფლებების დაცვა? დაზარალებულის გარდაცვალებისას რომელი პირადი უფლებები უნდა იყოს დაცული? რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს პირადი უფლებების ხელყოფა? რა როლს თამაშობს გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვის სფეროში დელიქტური სამართალი?
    ამ კითხვებიდან გამომდინარე, აუცილებელია საკვლევი პრობლემის ირგვლივ არსებული ლიტერატურისა და სასამართლო პრაქტიკის შესწავლა, თითოეული ზემოთ ხსენებული პრობლემის ახსნა და მათი გადაწყვეტის გზების მოძიება.

    გარდაცვლილის კერძოსამართლებრივი მდგომარეობა

    როგორც იურიდიულ ლიტერატურაში აღინიშნა, სამართალში ადამიანი ფიგურირებს პირისა და პიროვნების სახით. ადამიანს, როგორც პირს, აქვს უფლება-მოვალეობები, პიროვნება კი ადამიანის სულიერ ღირებულებათა ერთობლიობაა და სამართლებრივი დაცვის საგანს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, გარდაცვალებით ადამიანი ქრება, როგორც პირი და სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტი. ეს იმას ადასტურებს, რომ ადამიანის პიროვნება აღიქმება განსაკუთრებულ სულიერ ღირებულებად და არ ქრება. მისმა ღირებულებამ შეიძლება გარდაცვალების შემდეგაც შეინარჩუნოს მნიშვნელობა საზოგადოებისათვის.
    თუ დავუკვირდებით ტერმინს „პირი“ (persona), ის ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს „ხასიათს, ნიღაბს“. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება უფლება-მოვალეობების ნიღაბს ამოფარებულ ადამიანს. ამდენად, სწორედ ეს ადამიანი განიხილება სამართლის სუბიექტად, რომლის ფიზიკური არსებობა მისი გარდაცვალებით ქრება. მართალია, მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილი აღარ შეიძლება იყოს უფლება-მოვალეობების სუბიექტი და მას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაგრამ მისი არაქონებრივი უფლებების დაცვა აუცილებელია. სწორედ ამიტომ კანონმდებელი პირის გარდაცვალების შემდეგ სხვა პირებს ანიჭებს მისი პირადი უფლებების დაცვის შესაძლებლობას.
    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარდაცვალების შემდეგ შეიძლება პიროვნება განაგრძობდეს არსებობას. ადამიანის სიცოცხლეში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები მისი გარდაცვალების შემდეგ უკვალოდ არ ქრება. სამართლებრივი თვალსაზრისით, უფლებების დაცვისთვის აუცილებელია პირის მიერ უფლებათა აღქმა, გარდაცვალებისას კი ეს მიიღწევა დაინტერესებულ პირთა მოქმედების საშუალებით. ამ შემთხვევაში გარდაცვლილი არ არის სუბიექტი, მაგრამ არც ობიექტია, მისი სამართლებრივი მდგომარეობა განიხილება სამართლებრივი ფიქციის ჭრილში. აქ მთავარია, რომ გარდაცვლილის პირად უფლებებს იცავენ მისი მემკვიდრეები, რომლებსაც აქვთ „დაცვის ღირსი ინტერესი“.
    ამდენად, ადამიანის, როგორც სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტის, გარდაცვალების შემდეგ დაცვის ღირსია მისი პიროვნება, რომელიც, თავისი ხასიათის მიხედვით, სუბიექტს ვერ გაუთანაბრდება, მაგრამ არც წმინდა ობიექტის შეესაბამება. ის გარკვეულწილად მათ შორის შუალედურ რგოლად შეიძლება განიხილებოდეს.

    გარდაცვლილის პირადი უფლებები

    ადამიანის, როგორც პიროვნების, ღირებულება აისახება გარკვეულ პირად სიკეთეებში, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ დაცვის ღირსია. სწორედ ეს ღირებულებებია განსახილველი თავისებურებების მიხედვით. გარდაცვლილის პირადი სფეროს დაცვის გარკვეული ასპექტები ასახულია თეორიებში, რომლებიც სხვადასხვა ჭრილში განიხილავს გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. განასხვავებენ ზოგადი სამართალსუბიექტობის, ნაწილობრივი ქმედუნარიანობის, უსუბიექტო უფლებებისა და ზოგადი სამართლებრივი მოვალეობის შესახებ თეორიებს. ზოგადი სამართალსუბიექტობის თეორიის თანახმად, დაცვას ექვემდებარება ადამიანის ღირსება. ამ გაგებით, აუცილებელია, რომ ცოცხალი იყოს ადამიანი, სუბიექტი, თუმცა მხედველობაში არ მიიღება ზოგადი პიროვნული უფლება, რადგან გარდაცვლილის დაცული უფლებები სცდება არამატერიალურ უფლებათა ფარგლებს. ნაწილობრივ ქმედუნარიანობის შესახებ თეორიის მიხედვით, პირი უკავშირდება პიროვნების არა მხოლოდ აქტიურ, არამედ პასიურ ნაწილსაც. შესაბამისად, გარდაცვალების შემდეგაც შესაძლებელია პიროვნება განაგრძობდეს არსებობას სამართლებრივი თვალსაზრისით. უსუბიექტო უფლების შესახებ თეორიის მიხედვით, პირის გარდაცვალების შემდეგ რჩება უსუბიექტო უფლებები დაცვის საგნის სახით, ანუ არსებობს უფლებები მათი მატარებელი სუბიექტის გარეშე. ამ თეორიის მიხედვით, ქმედუნარიანობა წყდება პირის გარდაცვალებით. რაც შეეხება ზოგადი სამართლებრივი მოვალეობის თეორიას, მის თანახმად, სამართლებრივი სიკეთე ექვემდებარება დაცვას, იმის მიუხედავად, ცოცხალია თუ არა ადამიანი. ამდენად, თუ ამ თეორიებს შევაჯერებთ, უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ აუცილებელია მისი პირადი უფლებების დაცვა იმ პირთა მხრიდან, რომლებთანაც გარდაცვლილს მჭიდრო კავშირი (ახლობლობა) ჰქონდა.
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ-ის) მე-19 მუხლის თანახმად, გარდაცვლილის სახელის, ღირსების, პატივის, საქმიანი რეპუტაციისა და სხვა პირადი უფლებების დაცვა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც თვითონ არ არიან ამ უფლების მატარებელნი, მაგრამ გააჩნიათ დაცვის ღირსი ინტერესი.
    კანონმდებლობით დაცულია პატივი და ღირსება, რაც ემსახურება ადამიანის ინდივიდუალიზაციას. „პატივი“ პიროვნების მორალური თუ სხვა თვისების საზოგადოებრივი შეფასებაა. ის არის პიროვნების ობიექტური საზოგადოებრივი შეფასება, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამ პიროვნების მიმართ. ღირსება ასოცირდება სუბიექტის პატივისცემასთან. ღირსება არ არის მხოლოდ ძირითადი უფლება, იგი კონსტიტუციური პრინციპიცაა, რომელსაც ეფუძნება სხვა ძირითადი უფლებებიც. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, რაც გულისხმობს ადამიანის პატივისცემის სოციალურ მოთხოვნილებას. პატივი არის საზოგადოების მხრიდან ადამიანის ღირსებულების შეფასება. რაც შეეხება ღირსებას, ის თვით პიროვნების მიერ საკუთარი მორალური ან სხვა თვისებების, უნარის, უნიკალურობის აღიარებაა, რომელიც ეფუძნება საზოგადოებაში დამკვიდრებულ კრიტერიუმებს. ამ პროცესში ხდება ადამიანის სოციალური ღირებულების აღიარებაც. სამართალი მას არ არეგულირებს, არამედ მისი დარღვევის შემთხვევაში უზრუნველყოფს მას დაცვით. ღირსება შეიძლება შეილახოს ისეთი ცნობების გავრცელებით, რომლებიც ეხება იმის მტკიცებას, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა უღირსი საქციელი, დაარღვია კანონის ან მორალის ნორმები. შესაბამისად, ღირსების დაცვა შეუძლია იმას, ვისი უფლებაც შეილახა. ღირსების ხელყოფა შეიძლება დამცირების, შეურაცხყოფისა და ცილისწამების გზით. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ღირსების უფლების დაცვა შეიძლება მოითხოვოს იმ პირმა, რომელიც თვითონ არ არის პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ გააჩნია დაცვის ღირსი ინტერესი. მას უფლება აქვს მოითხოვოს ღირსების დაცვა, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და სიკვდილის შემდეგაც გრძელდება.
    ტერმინი „რეპუტაცია“ შეფასებითი კატეგორიაა და ნიშნავს ადამიანის სტატუსს და მის შესახებ შექმნილ წარმოდგენას საზოგადოებაში. საქმიან რეპუტაციაში იგულისხმება პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება, რაზეც დაფუძნებულია საზოგადოების დამოკიდებულება ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ.
    ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, არაქონებრივი უფლების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია ნაწარმოების დაცვა ყოველგვარი დამახინჯებებისა და ხელყოფისაგან, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს გარდაცვლილი ავტორის სახელსა და პირად ღირსებას. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ავტორის რეპუტაციის დაცვის უფლება უვადოდ მოქმედებს მისი სიკვდილის შემდეგაც. სსკ-ის მე-19 მუხლი „დაცვის ღირსი უფლების მქონე პირს“ ანუ უფლებამოსილ პირს ანიჭებს უფლებას, რომ განახორციელოს დაცვის მოთხოვნა მხოლოდ გარდაცვლილის სახელსა და ღირსებასთან მიმართებაში. პრაქტიკაში კი მრავალი შემთხვევა გვხვდება, როდესაც, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების გავრცელებით, ილახება გარდაცვლილის საქმიანი რეპუტაცია. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ასეთი ცნობები ხელყოფენ არა მარტო გარდაცვლილის ხსოვნას, არამედ შეურაცხყოფენ მის ახლობლებსა და გარშემო მყოფ პირებს. თუმცა, სსკ-ში ცალკე არაა გამოყოფილი გარდაცვლილის საქმიანი რეპუტაცია. ამიტომ, მიზანშეწონილია, უფლებამოსილ პირს გარდაცვლილის სახელისა და ღირსების დაცვასთან ერთად, მიეცეს ამ უკანასკნელის საქმიანი რეპუტაციის დაცვის მოთხოვნის უფლება.
    ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა პერსონალური მონაცემების დაცვა. შესაბამისად, პირადი უფლებების დარღვევად მიიჩნევა, ასევე, პირის შესახებ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემა ამ პირის ნებართვის გარეშე.
    გარდა ამისა, სახელის უფლება არის პირადი არაქონებრივი უფლება და დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირისათვის. იგი განეკუთვნება გადაუცემადი უფლებების კატეგორიას. ფაქტობრივად, სახელის უმთავრეს ფუნქციას მოქალაქის ან ორგანიზაციის ინდივიდუალიზაცია წარმოადგენს. ამრიგად, სსკ-ის მე-17 მუხლი წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, რომ სახელის უფლება არის ისეთი უფლება, რომელიც პიროვნების ინდივიდუალიზაციის საშუალებას იძლევა. მისგან განსხვავებით, სსკ-ის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელის, როგორც ფიზიკური პირის პირადი არაქონებრივი უფლების არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც სახელის ტარების უფლების შეცილება ხდება ან სახელის უნებართვოდ გამოყენების შედეგად ილახება პირის ინტერესი.
    სახელის დაცვა ხორციელდება ხელმყოფის ბრალის მიუხედავად, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც.
    სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, აღიარებულია გარდაცვლილის პირადი უფლებები, როგორიცაა სახელის, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის უფლებები, რომელსაც იცავენ ის პირები, ვისაც ამ უფლებათა დაცვის ღირსი ინტერესი გააჩნიათ. მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსის განმსაზღვრელია და სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. თუ უშუალოდ გარდაცვლილის პირადი უფლებები ირღვევა, მიზანშეწონილია, გამოყენებული იქნეს უფლებათა დაცვის ისეთი საშუალებები, როგორიცაა მოქმედების შეწყვეტა, უარყოფა, რაც ემსახურება დაზარალებულის უფლებათა აღდგენას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, პირი უკვე გარდაცვლილია, მაგრამ მისი სახელი არსებობს და მას პატივისცემა სჭირდება. თუ გარდაცვალების შემდეგ მოხდება შეურაცხყოფა, უფასურდება ის, რაც მან მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოიპოვა. მართალია, ის პირი, ვისი სახელიც ილახება, გარდაცვლილია, მაგრამ ის პირები, რომლებსაც გააჩნიათ გარდაცვლილის სახელის უფლების დაცვის ღირსი ინტერესი, განიცდიან სულიერ ტანჯვას ახლობლის შეურაცხყოფის გამო. შესაბამისად, კარგი იქნება, მოცემულ შემთხვევაში ადამიანებს, რომლებსაც „დაცვის ღირსი ინტერესი“ აქვთ, შეეძლოთ თავიანთი პირადი სიკეთის ხელყოფის გამო ინტერესების დაცვა.
    ასევე, მნიშვნელოვანია ადამიანის სხეულის ან ჯანმრთელობის დაცვა, თუ სხეულის ან ჯანმრთელობის შელახვას მოჰყვა ქონებრივი და/ან არაქონებრივი ზიანი. კანონმდებელი აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში (სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი). შესაბამისად, მხოლოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთის (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და სხვა) ხელყოფისა და მნიშვნელოვანი (მძიმე) არაქონებრივი ზიანის არსებობისას დაიშვება მისი ანაზღაურება. ე.ი. არაქონებრივი ზიანი ანაზღაურდება მაშინ, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია. საქართველოს სასამართლო პრაქტიკით განსაზღვრულია, რომ პირადი უფლება არის უფლება, რომელიც მკაცრად პირად ხასიათს ატარებს. სსკ-ის 413-ე მუხლი ადგენს იმ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, რომელიც უშუალოდ დაზარალებულის ჯანმრთელობის შელახვით წარმოიშვა. საქართველოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა გამოკვეთს, რომ არ ანაზღაურდება არაქონებრივი ზიანი, რომელიც ქმრის, შვილის ან სხვა ახლობლის სიცოცხლის ხელყოფით დადგება.
    მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ შვილის გარდაცვალების შედეგად დედა, ჩვეულებრივ, განიცდის მორალურ ტანჯვას და მას უნდა ჰქონდეს ამ ზიანის ანაზღაურების უფლებაც. ამ საქმეზე დაყრდნობით, საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში გაჩნდა მსგავს შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებაც. მაგალითად, როცა სამედიცინო დაწესებულების ექიმი პაციენტს უწევს არასათანადო მკურნალობას, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვება, სიცოცხლის ხელყოფა თავისთავად აყენებს მშობელს მნიშვნელოვან მორალურ ტკივილს. შესაბამისად, ეს წარმოშობს განგრძობად უარყოფით განცდებსა და სტრესს. მოცემულ შემთხვევაში მშობელს შეუძლია, მოითხოვოს საკუთარი სულიერი მდგომარეობის ხელყოფის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება. ეს დაზარალებულს (მშობელს) ვერ აღუდგენს შელახვამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მაგრამ შეუმსუბუქებს არაქონებრივი სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვას. ამიტომ სასამართლომ შვილის გარდაცვალებით დამდგარი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

    გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვაზე უფლებამოსილი სუბიექტები

    კანონი დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, მოითხოვონ გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვა. ასეთი უფლებით სარგებლობის უფლება შეიძლება გააჩნდეს მეუღლეს, მშობლებს, შვილებს, დებს, ძმებს, მემკვიდრეს, ასევე მეგობრებს, ანუ იმ პირებს, რომლებსაც მიადგათ ფსიქიკური ან ზნეობრივი ტანჯვა.23 ნ. ბარაბაძის აზრით, დაინტერესებულ პირს მიეკუთვნება გარდაცვლილის მემკვიდრე, რომელიც პირის გარდაცვალების შემდეგ განკარგავს მის ქონებას, ასევე მეგობრები, თუ გარდაცვლილს არ ჰყავს ნათესავები. ავტორი აუცილებლობად არ მიიჩნევს დაინტერესებულ პირთა განსაზღვრას და მიაჩნია, რომ ასეთი პირი ყოველ კონკრეტულ საქმეზე სხვადასხვა შეიძლება იყოს.
    საავტორო სამართალში გარდაცვლილი ავტორის რეპუტაციის უფლების დაცვას ახორციელებენ ავტორის მემკვიდრეები ან პირი, რომელსაც ავტორმა დადგენილი წესით დაცვის უფლება დააკისრა. ამგვარი პირის ან მემკვიდრეთა არყოფნის შემთხვევაში კი, დაცვის უფლებას სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ავტორის პირადი არაქონებრივი უფლება არ წყვეტს მოქმედებას მისი გარდაცვალების შემდეგ. რაც შეეხება მორალური ზიანის კომპესაციას, ამაზე სსკ-ის მე-19 მუხლი შეიცავს იმპერატიულ დანაწესს: სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია. გარდაცვლილის პირადი უფლებების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაუშვებლობა გამომდინარეობს არაქონებრივი ზიანის არსიდან, რადგან ეს ზიანი პირად ხასიათს ატარებს და თითოეული ასეთი შემთხვევა მხოლოდ სუბიექტური აღქმის საგანს წარმოადგენს. ასეთი ჩანაწერია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონშიც.
    ამასთან, საყურადღებოა, რომ თუ ახლობელი ესწრება დაზარალებულისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია მის მიმართ სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, მას, დაზარალებულისაგან დამოუკიდებლად, წარმოეშობა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ამ დროს ეს პირი თვითონ ხდება ამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების დამოუკიდებელი სუბიექტი.
    ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ავტორის პირად არაქონებრივ და სამოქალაქო კოდექსით დაცულ პიროვნულ უფლებებს შორის უფლებათა განხორციელებისა და დაცვის თვალსაზრისით ვლინდება. სსკ-ის მე-18 მუხლით დაცული უფლებები გადაუცემადი უფლებებია. მათი არა განხორციელების, არამედ დაცვის უფლება გააჩნია უფლების სუბიექტს. სამოქალაქო კოდექსით დაცული პიროვნული უფლებები არ შეიძლება იყოს დათმობილი. სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, გარანტირებულია პირადი უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ. კერძოდ, მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია დაიცვას იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. ამავე მუხლის თანახმად, სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.
    რაც შეეხება საავტორო უფლებებს, სამოქალაქო კოდექსით დაცული პიროვნული უფლებებისგან განსხვავებით, ისინი მემკვიდრეებზე შეიძლება გადავიდეს არა მხოლოდ დაცვის, არამედ განხორციელების უფლებითაც. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ავტორის მიერ მის სიცოცხლეში სხვა რამ არ იყო განსაზღვრული მისი პირადი უფლებებიდან მემკვიდრეობით გადადის უფლება, ნება დართოს სხვა პირებს დაურთონ ნაწარმოებს
    სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა). აღნიშნული უფლება მემკვიდრეებზე გადადის საავტორო უფლების მოქმედების ვადით. ამასთან, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ავტორს უფლება აქვს მიუთითოს პირი, რომელსაც ის ნიშნავს ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებების დამცველად. ეს პირი თავის მოვალეობას ასრულებს ავტორის გარდაცვალებამდე. სსკ-ის მე-18 მუხლი არ შეიცავს ამგვარ დანაწესს, თუმცა შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ამ შემთხვევაში მესამე პირების მიერ პიროვნული უფლებების დაცვა მოხდება წარმომადგენლობის მარეგულირებელი უფლებების შესაბამისად. ამდენად, ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები დამოუკიდებელ ადგილს იკავებს პირად არაქონებრივ უფლებათა სისტემაში, მიუხედავად მათი მსგავსებისა, სსკ-ის მე-18 მუხლით რეგულირებულ პიროვნულ უფლებებთან. მისი დაცვა საავტორო სამართლის ნორმებით უნდა მოხდეს.

    გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვის ფორმები

    გარდაცვლილის პირადი სფეროს დაცვის საშუალებების შესახებ ორი ძირითადი თეორია არსებობს: პირველი ეფუძნება სახელშეკრულებო სამართალს, მეორე კი – საკუთრების უფლებას. ხელშეკრულების შესახებ თეორია მოიაზრებს შეთანხმებას მომსახურების პირობებზე, რომლებსაც მომხმარებლები იყენებენ, რათა განსაზღვრონ გარდაცვლილის პირად ცხოვრებაზე უფლების დაცვის ფარგლები. საკუთრების თეორია ამოწმებს, დაიშვება თუ არა გარდაცვლილი მომხმარებლის ციფრული აქტივების დამუშავება ისევე, როგორც უძრავი ქონება გარდაცვალების შემდეგ. თუმცა იკვეთება, რომ ეს ზომები საკმარისი არაა გარდაცვლილის პირადი უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის. სასამართლომ უნდა გამოიყენოს დელიქტური სამართლის ნორმები გარდაცვლილის პირადი სფეროების დაცვის მიმართ მისი ციფრული აქტივების უზრუნველსაყოფად. მოცემულ შემთხვევაში დელიქტური სამართლით შესაძლებელია გარდაცვლილის პიროვნული უფლებების დაცვის გაფართოება.
    ცოცხალი ადამიანის მსგავსად, გარდაცვლილ პირსაც სჭირდება პირადი უფლებების დაცვა. დადგენილია გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვის სამართლებრივი ფორმები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ხელყოფილი სადავო უფლების აღიარება ან აღდგენა და სამართალდარღვევაზე ზემოქმედება. განასხვავებენ პირადი უფლებების დაცვის შემდეგ ფორმებს: ა) უფლების აღიარება, ბ) ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა, გ) ზიანის ანაზღაურება. თუმცა გარდაცვალების შემდეგ პირადი უფლებების დაცვა შეზღუდულია გარკვეული ფარგლებით, ვინაიდან პირი გარდაცვლილია და არაქონებრივი ზიანი პიროვნული უფლებების ხელყოფით გამოწვეული ზიანია, რომლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ამ უფლებათა სუბიექტს.
    სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირს, ვისი პირადი უფლებებიც შეილახა, ანიჭებს შესაძლებლობას, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომელიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას. თუ პირადი ცხოვრების შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელება მოხდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, უარყოფაც ამავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უნდა მოხდეს. თუ ცნობების გამავრცელებელი პირი ვერ დაამტკიცებს იმას, რომ გავრცელებული ცნობები სინამდვილეს შეესაბამება, შესაძლებელია, უარყოფასთან ერთად დადგეს მიყენებული ზარალისა და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხი. უარყოფის შესახებ მოთხოვნა არ წარმოიშობა, თუ გავრცელებული ცნობები შეესაბამება სინამდვილეს. შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელებისას დასაშვებია არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ოდენობა მცირდება, თუ გამოთქმული აზრის უარყოფა მოხდება საჯაროდ.
    გარდა ამისა, გარდაცვლილის უფლების დარღვევისათვის უფლების დაცვის ფორმად უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ამ უფლების ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა ან მასზე უარის თქმა, რაც დაზარალებულის უფლების აღდგენისაკენაა მიმართული. ხელმყოფი მოქმედების ჩადენისაგან თავის შეკავება დროებითი განკარგულებაა. ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მიმართულია მიმდინარე დარღვევის წყაროების ლიკვიდაციისაკენ.
    რაც შეეხება დაზარალებულის გარდაცვალებისას ზიანის ანაზღაურებას, როგორც უკვე აღინიშნა, დელიქტური სამართლის გამოყენება გააფართოებს პირადი უფლებების დაცვას, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დიდი სიფრთხილით და სპეციფიკურ შემთხვევებში უნდა განხორციელდეს.
    ზოგადად, პირადი უფლებებისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს ქონებრივი და არაქონებრივი. პირს, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დაზარალებულისათვის ფიზიკური და სულიერი ტკივილის მიყენება, ეკისრება ზიანის ანაზღაურება. მორალურია ზიანი, რომელიც ლახავს პირის სახელს, საქმიან რეპუტაციას, პირად ცხოვრებას და ა.შ. რუსეთის კანონმდებლობით მორალურ ზიანს უთანაბრდება ისეთი ზიანი, რომელიც გამოწვეულია ახლობლის დაღუპვით, სამსახურის დაკარგვით, საექიმო საიდუმლოების გაცემით. ამასთან, რუსეთის სამოქალაქო კანონმდებლობა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურება პირს შეიძლება დაეკისროს დაზარალებულის მოთხოვნის წარდგენისას ხელშეკრულების ან კანონის საფუძველზე.
    ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ წარმოიშობა მაშინ, როდესაც ზიანი მიადგა პირის სახელს, პატივსა და ღირსებას გარდაცვალების შემდეგ. სსკ-ის მე-19 მუხლიდან გამომდინარე, გარდაცვალების შემდეგ შესაძლებელია პირადი უფლებების დაცვა, თუმცა დაუშვებელია არამატერიალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა. მართალია, კანონმდებელი იცავს პიროვნულ უფლებებს გარდაცვალების შემდეგ და მოიხსენიებს მხოლოდ სახელსა და პირადი ღირსების უფლებას, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს სხვა პიროვნული უფლებების დაცვის უგულებელყოფას. მოცემულ შემთხვევაში მთავარია, რომ პირადი ღირსების უფლება ფართოდ განიმარტოს. თუ შევუდარებთ გერმანიის კანონმდებლობას, ცხადია, რომ გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო გარდაცვლილი პირის პიროვნული უფლებების დაცვას გერმანიის ძირითადი კანონის 1-ელი მუხლით განმტკიცებული ადამიანის ღირსებით ხსნის.
    სსკ-ის 413-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამდენად, გამორიცხულია არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, თუ კანონით პირდაპირ არ არის ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება დადგენილი. საინტერესოა სსკ-ის 1006-ე მუხლი შინაარსიც, რომელიც შეეხება ზიანის ანაზღაურებას დაზარალებულის გარდაცვალებისას. კანონით ამ შემთხვევაში ზიანის მიმყენებელი ვალდებულია, სარჩოს დაწესებით აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა, თუ არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი.
    ანუ უნდა არსებობდეს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ პირი, რომელიც ითხოვს სარჩოს, ნამდვილად იყო შრომისუუნარო და იმყოფებოდა გარდაცვლილის კმაყოფაზე. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ფინანსური ანაზღაურება. მართალია, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას სხვადასხვა შემთხვევაში, მათ შორის სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების დროს, მაგრამ არა სიცოცხლის ხელყოფისას. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ანაზღაურდება მხოლოდ მატერიალური ზიანი (სსკ-ის 1006-ე მუხლი). ფაქტობრივად ეს იდეაა ასახული სსკ-ის მე-19 მუხლშიც, რომლითაც პირადი არაქონებრივი უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც თუმცა თვითონ არაა სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას უფლება აქვს, მოითხოვოს სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. თუმცა გარდაცვალების შემდეგ პირადი უფლებების დასაცავად აკრძალულია მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა.
    თუ სსკ-ის 1006-ე მუხლს ისე გავიგებთ, რომ სარჩენს შეუძლია მოითხოვოს მარჩენალის გარდაცვალებით მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, მაშინ იქ, სადაც კანონმდებელი უთითებს ზიანის ანაზღაურებაზე, მოვიაზრებდით არაქონებრივ ზიანსაც, რაც არასწორია და აზრს უკარგავს სსკ-ის 413-ე მუხლის 1-ელი ნაწილის არსებობას. შესაბამისად, თუ ნორმაში აღნიშნულია მხოლოდ „ზიანის ანაზღაურება“ და არაა საუბარი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე, იგულისხმება მატერიალური ზიანი. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს თავად ამ უფლების სუბიექტს, სხვა პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს ამ ზიანის ანაზღაურება.
    ამდენად, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ არაქონებრივი ზიანის ფულადი ფორმით ანაზღაურების მოთხოვნა დაუშვებელია იმიტომ, რომ გარდაცვლილი ადამიანი ფიზიკურად არ არსებობს და სხვას არ შესწევს უნარი, განსაზღვროს, რა სახის იყო უშუალოდ დაზარალებულისთვის მიყენებული პირადი ზიანი. ამასთან, გარდაცვლილი არ შეიძლება იყოს უფლება-მოვალეობების სუბიექტი და, შესაბამისად, ამ ასპექტში შეუძლებელია უფლებამონაცვლეობის სახით შესაბამისი მოთხოვნის დაყენება.
    ის ფაქტი, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ზიანდება ახლობლის გარდაცვალებით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველია, რადგან ჯანმრთელობის დაზიანებას შეძლება მოჰყვეს პირის სულიერი კეთილდღეობის დაკარგვა. საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არსებობს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განიმარტა, რომ დედამ შვილის ცხედრის პირველად ნახვისას განიცადა სულიერი ტკივილი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის შვილის ცხედრის ადგილსამყოფლის არცოდნა ნეგატიურად მოქმედებს დედის ჯანმრთელობაზე და მას მოჰყვება სულიერი ტანჯვა. ეს, თავის მხრივ, საფუძველია იმისა, რომ, სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოხდეს უშუალოდ დედის პირადი სიკეთის (ჯანმრთელობის) ხელყოფის გამო არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

    დელიქტური სამართლის როლი გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვაში

    აქტუალურია ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი პირადი მონაცემების დაცვის საკითხი, მით უფრო, ციფრულ ეპოქაში. გავრცელებულია ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მის პირად აქტივზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ გარიგება, რომელიც გულისხმობს ადამიანის გარდაცვალებისას მისი პირადი მონაცემების დასაცავად ციფრული აქტივების თაობაზე კერძო ხელშეკრულებების გაფორმებას. თუმცა ანდერძი ასეთ საკითხზე მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს საკმარისი გარდაცვლილის პირადი უფლებების დასაცავად. ამიტომ, გარდაცვლილის პიროვნული უფლებების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სხვა, უფრო ეფექტური მექანიზმების მოძიება-გამოყენება.
    ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვაში მნიშვნელოვანი როლი აქვს დელიქტურ სამართალს. გარდაცვლილის სახელის, პატივის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, საკუთარი გამოსახულების უფლების ხელყოფის საფუძველზე წარმოშობილი დელიქტური ვალდებულების დროს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ ამ სიკეთეთა „მფლობელ“ უფლებამოსილ პირებს. ამ კუთხით საყურადღებოა 1006-ე მუხლი, რომელიც ეხება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაში ხელმყოფი ვალდებულია სარჩოს დაწესებით აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. შესაბამისად, ეს ზიანი გამოიხატება სარჩოს მიღებაში და გამოიყენება მატერიალური დახმარების ნაცვლად. აქ შესაძლებელია იგულისხმებოდეს დაკრძალვის ხარჯები. თუ დაზარალებულის გარდაცვალებას მოჰყვა მისი ახლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ეს პირი იქცევა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უფლების დამოუკიდებელ სუბიექტად. ამ შემთხვევაში მას უფლება აქვს, სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რადგან ეს მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანს მიადგება ზიანი სხვისი მართლსაწინააღმდეგ და ბრალეული ქმედებით.
    ზოგადად, პირადი უფლებების ხელყოფისას შეიძლება წარმოიშვას არაქონებრივი ზიანიც, რომლის ანაზღაურების ფუნქციებს წარმოადგენს: საკომპენსაციო, პრევენციისა და (მორალური) დაკმაყოფილების ფუნქციები. კომპენსაციის ფუნქცია გულისხმობს განცდილი ტანჯვის შემსუბუქებას. ცხადია, ამ შემთხვევაში კომპენსაცია არაა დამდგარი ზიანის ეკვივალენტური, რადგან აქ არ მოქმედებს ეკვივალენტურობის პრინციპი, თუმცა ზიანის ანაზღაურება შესაძლოა, აუცილებელი იყოს და სიმბოლურ დატვირთვას ატარებდეს. ესეც მოიაზრებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დაზარალებულის გარდაცვალებით დადგა სხვა ადამიანის (ახლობლის, მემკვიდრის) ძლიერი სულიერი ტკივილი. ამასთან, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ანაზღაურების ოდენობაც შედარებით ნაკლები იქნება, ვიდრე მაშინ, როდესაც დაზარალებული სიცოცხლეში მოითხოვდა პირადი უფლებების ხელყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. კომპენსაციაც, თავის მხრივ, მოემსახურება სატისფაქციის ფუნქციის განხორციელებას, რადგან ასრულებს მორალური დაკმაყოფილების როლს. შესაბამისად, ამ პირობებში სიმბოლური ანაზღაურება დაზარალებულის უფლების ხელყოფისას გადატანილი სულიერი ტკივილის „გამართლებას“ უწყობს ხელს. გარდა ამისა, ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო პრაქტიკაში პრევენციის ფუნქცია ყოველთვის იყო წინა პლანზე. საქმე ისაა, რომ დარღვევაზე რეაგირება ზიანის ანაზღაურების სახით როგორც ზოგადად, ისე კერძო პრევენციას მოემსახურება.
    იურიდიულ ლიტერატურაში „ანაზღაურებას“ გამოიყენებენ ზარალის არსებობისას, ხოლო „კომპენსაციის“ საგნად განიხილავენ არაქონებრივ ზიანს, ვინაიდან მას ფულადი ეკვივალენტი არ მოეძებნება. ამასთან, ანაზღაურებისას ხდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კომპენსაციის მიზანი კი არის მიყენებული ტკივილის შერბილება, ხელყოფით განპირობებული განცდების გაქარწყლება-შემსუბუქება.
    ამავე დროს, საყურადღებოა, რომ ქონებრივი ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ პიროვნული სიკეთეების შელახვისას არის შესაძლებელი, რომლებიც სსს-ის მე-18 მუხლით არის გათვალისწინებული. სსკ-ის 992-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ დელიქტურია ისეთი ზიანი, რომელიც მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებითაა გამოწვეული. შესაბამისად, ისინი არასახელშეკრულებო ხასიათისაა და უზრუნველყოფენ მატერიალური და მორალური ზიანის მიღების შესაძლებლობას. ამ მუხლის ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავიცვათ ისეთი უფლებები, რომელიც პირდაპირ არ არის კანონში ასახული. სსკ-ის 992-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, დაცულ იქნეს ის პიროვნული სიკეთეები, რომლებიც უშუალოდ სსკ-ის მე-18 მუხლით არაა გათვალისწინებული. შესაბამისად, საქართველოში ზოგადი პიროვნული უფლებების დაცვა შესაძლებელია დელიქტური სამართლის ნორმებისა და სსკ-ის მე-18 მუხლის გამოყენებით. ამდენად, მართალია, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გარდაცვალების შემდეგ დაუშვებელია, მაგრამ გარდაცვლილის ახლობელს შეუძლია იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც უშუალოდ მას (როგორც ახლობელს) მიადგა. თუ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანი მიადგა გარდაცვლილის პიროვნულ უფლებებს, რომლებიც კონკრეტულად არაა ჩამოთვლილი რომელიმე მუხლში, მასზე შეიძლება გავრცელდეს 992-ე მუხლი. ამ გზით არაპირდაპირ გარდაცვლილის პიროვნული უფლებებიც იქნება დაცული.
    აქედან გამომდინარე, დიდია დელიქტური სამართლის როლი გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვის შემთხვევებში
    სსკ-ი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახი ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის გარდაცვალება. ამასთან, შეიძლება გარდაცვალების შემდეგ მოხდეს ადამიანის (რომელიც უკანონოდ იყო პასუხისგებაში მიცემული, ან უკანონოდ მსჯავრდადებული (სსკ-ის 1005-ე მუხლი)) რეაბილიტაცია. გარდაცვლილის ნაცვლად, მისი ახლობელი მოკლებულია მორალური ზიანის ფულადი ფორმით ანაზღაურების შესაძლებლობას. არადა, ამ სიტუაციაში, ლოგიკურად შეიძლება გარდაცვლილის ახლობლის თუ მემკვიდრის სახელისა და რეპუტაციის შელახვაც წარმოიშვას. ამიტომ მიზანშეწონილია, მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრს, ახლობელს ან გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას უშუალოდ საკუთარი სახელი და რეპუტაცია მორალური ზიანის ანაზღაურების გზით, ეს კი ირიბად გარდაცვლილის სახელის დაცვასაც ივარაუდებს.

    დასკვნა

    კვლევამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვა სპეციფიკური თავისებურებებით ხასიათდება. ესაა დაცვითი ურთიერთობების სისტემაში განსახილველი საკითხი და გულისხმობს დელიქტური სამართლის ნორმების გავრცელებას პირადი ინტერესების უზრუნველყოფისთვის. მართალია, პირადი უფლების სუბიექტი მოცემულ შემთხვევაში ცოცხალი არაა, მაგრამ, მის ნაცვლად, სხვა ახორციელებს მისი პიროვნული უფლებების დაცვას, კერძოდ, ის, ვისაც გარდაცვლილის უფლებების დაცვის კანონიერი ინტერესი გააჩნია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარდაცვლილის სახელი და ღირსება. განსაკუთრებულია ის, რისთვისაც ადამიანმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში იღვაწა, შესაბამისად, საჭიროებს დაცვასა და გაფრთხილებას
    კანონი პრაქტიკაში ვიწროდ განიმარტებოდა, რის გამოც ადამიანის გარდაცვალების შემდეგ იკრძალება არამატერიალური ზიანის ქონებრივი ფორმით ანაზღაურება. ეს მიდგომა ახსნილია იმით, რომ გარდაცვლილის პირადი უფლებების შელახვისათვის მორალური ზიანის ანაზრაურება დაუშვებელია, არაქონებრივი ზიანის პირადი ხასიათის გათვალისწინებით. საქმე ისაა, რომ გარდაცვლილი პირის მაგივრად, სხვა ვერ მოითხოვს გარდაცვლილის პირადი უფლებების ხელყოფისთვის მორალური ზიანის ფულად ანაზღაურებას, რადგან ეს ვიწრო, პირად ხასიათს ატარებს. თითოეული ასეთი შემთხვევა მხოლოდ სუბიექტური აღქმის საგანს წარმოადგენს, ეს სუბიექტი კი უკვე გარდაცვლილია. საქართველოს სასამართლო პრაქტიკას ამ მიდგომას იზიარებს.
    რაც შეეხება სსკ-ის მე-19, 413-ე და 1006- ე მუხლებს, მათი შეჯერებით შეიძლება აღინიშნოს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდგომ დაუშვებელია მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურება. სსკ-ის 1006-ე მუხლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია, სარჩოს დაწესებით აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა მანამ, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. ცხადია, რომ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია სსკ-ის 992-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლების არსებობა. თუ გადავხედავთ სასამართლო პრაქტიკას, აქ აღიარებულია, რომ პირის გარდაცვალებისას რეალურად შეიძლება დადგეს მორალური ზიანი, მაგრამ თუ კანონით არაა გათვალისწინებული, იგი არ ანაზღაურდება (სსკ-ის 413-ე მუხლის I ნაწილი).
    არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება შეიძლება ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი თუ ფსიქიკური ტანჯვის გამოწვევისას. ამასთან, ახლობელი ვერ მოითხოვს უშუალოდ გარდაცვლილის პირადი სიკეთის შელახვით დამდგარი მორალური ზიანის ანაზღაურებას, ვინაიდან ეს თავად დაზარალებულის პრეროგატივაა და უნდა განხორციელდეს მის სიცოცხლეში, დაზარალებული კი გარდაცვლილია. თუმცა, როცა ადამიანის გარდაცვალება განაპირობებს ახლობლის ჯანმრთელობის ხელყოფას, ამ შემთხვევაში ახლობელი თავად ხდება დამოუკიდებელი მოთხოვნის სუბიექტი და მას შეუძლია იდავოს თავისი ჯანმრთელობის (და არა გარდაცვლილის სიკეთის) ხელყოფის გამო სასამართლოში. ამისათვის ის უფლებამოსილია, ასევე, გამოიყენოს სსკ-ის 992-ე მუხლი. ამ თვალსაზრისით, პრაქტიკაში გაჩნდა მორალური ზიანის ანაზღაურების ნიშნებიც. მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ირიბად ივარაუდებოდეს გარდაცვლილის პიროვნული უფლებების დაცვაც.
    მიუხედავად ამისა, გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვა შეიძლება ისეთი საშუალებებით, როგორიცაა: ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა, უფლების აღიარება, უარყოფა. თუმცა დგას საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად საკმარისად უზრუნველყოფს ეს ამ შემთხვევაში პიროვნების ეფექტიან დაცვას. პრობლემა უფრო აქტუალურია, როცა დაზარალებულს უკანონოდ მსჯავრი დაედო, გარდაიცვალა და შემდეგ რეაბილიტირებულ იქნა. რეაბილიტაციის ერთ-ერთი კომპონენტია კომპენსაცია დამდგარი მორალური ტანჯვისთვის, თუმცა ვინაიდან დაზარალებული უკვე ცოცხალი არაა, ეს გამორიცხულია, ახლობელს ან მემკვიდრეს არ დაუკმაყოფილდება ასეთი მოთხოვნა სასამართლოში. არადა ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ უკანონო მსჯავრდებით შეიძლება გარდაცვლილის მემკვიდრის სახელი და რეპუტაციაც იყოს შელახული. შესაბამისად, მოცემულ სიტუაციაში მიზანშეწონილია, მემკვიდრემ საკუთარი სახელისა და რეპუტაციის ხელყოფისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს, რაც ირიბად გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვასაც მოემსახურება. ამის გარეშე, ვფიქრობ, რეაბილიტაციის მიზანი სრულად ვერ შესრულდება.

    Bibliography:

    1. Barabadze, N., 2006. Persons entitled to compensation for moral damages, journal of “Human and the constitution”, №2
    2. Barabadze, N., 2012. Moral damage and the problem of its compensation, Tbilisi
    3. Bichia, M., 2012 Protection of personal Life, in accordance with the Civil Law of Georgia, Tbilisi
    4. Bichia, M., 2014. Scope of Civil Legal Concept of Dignity (Analysis of Theory and Judicial Practice), TSU Journal of Law, №2
    5. Bichia, M., 2016. The problem of Compensating the Damage in Case the Death of Victim Occurs, Law and World, №4
    6. Bichia, M., 2016. Legal Obligational Relations, Tbilisi
    7. Bichia, M., 2017. Several Features of Civil Procedure about Cases of Compensating Non-property Damages. Journal “Spektri”
    8. Dogonadze, L., 2010. Compensation for moral damage (doctoral dissertation), Tbilisi
    9. Todua, M., Kurdadze, Sh., 2005. Peculiarities of decision – making ina separate category of civil cases Georgian Judges Association. Tbilisi
    10. Kereselidze, D., 2009. General systemic concepts of private law. Tbilisi
    11. Moniava, P., 2013. Introduction to the General Part of Civil Law, Tbilisi
    12. Moniava, P., 1999. Legal Problems of Protection of Honor, Dignity and Business Reputation, Dissertation, Tbilisi
    13. Ninidze, T., 2002. Personal non-property rights. Ssc coment. Book I. Tbilisi
    14. Sajaia, L., 2014. Personal non-property rights of the author, dissertation. Tbilisi
    15. ChikvaShvili, Sh., 2000. Inheritance law. Tbilisi
    16. Jorbenadze, S., 2017. Article 19. Comentary on the civil code of Georgia, the book I. General provisions of the civil code, Tbilisi
    17. Civil Code of Georgia, Article 19
    18. Macharashvili, O., 2000. Delects in international Law. Journal of Almanac, №15
    19. Moniava, P., 2009. The right to receive personal data in civil law, Journal of Life and Law, №2 (6)
    20. Sturua, N., 2012. Dissemination of property damage reports, TSU Journal of Law, №1
    21. Tsiskadze, M., 2008. The problem of non-pecuniary damage to the body in the legislation of Georgia. Journal of justice law. №2
    22. Decision of the chamber of civil Entrepreneurship and control of the supreme court of Georgia, april 24, 2002. (№3k-1218-01)
    23. Decision of the civil cases chamber of the supreme court of Georgia, of September 10. 2015 (№as979-940-2014)
    24. Decision of the Chamber of Civil Cases of the Supreme Court of Georgia, September 22, 2015 (№- as-649-615-2015)
    25. Decision of the Chamber of Civil Cases of the Supreme Court of Georgia, February 20, 2020 (№as1800-2019)
    26. Decision of the Chamber of Civil Cases of the Supreme Court of Georgia, July 14, 2017 (№as – 593-568-2016)
    27. Judgment of the Kirovsky District Court of Krasnoyarsk, Russian federation, 2011. 23 May. (№2- 1070/2011)
    28. Russian Civil law Judgment, 5 February. 2015. (№ 2-115/2015)
    29. Basmanova, N. K., 2008. The essence and features of the emergence of legal relations of reimbursement and compensation, Abstract for the degree of candidate of legal sciences, Irkutsk
    30. Bichia, M., 2016. Analysis of Georgian Judicial Practice on the Grounds and Scope of Compensation of Damages Incurred by the Death of a Breadwinner. South Caucasus Law Journal, №7
    31. Kuleshov, G.V., 2003, Compensation for harm caused to the life and health of a serviceman, Volgograd
    32. Bichia, M., 2016. Analysis of Georgian Judicial Practice on the Grounds and Scope of Compensation of Damages Incurred by the Death of a Breadwinner, South Caucasus Law Journal, N7
    33. Chu, N., 2015. Protecting Privacy after Death, 13 Northwestern Journal of Technology and intellectual property, Vol.13, Iss.2
    34. Hocks, A., 2012. The Right to Publicity After Death: Postmortem Personality Rights in Washington in the Wake of Experience Hendrix v. HendrixLicensing.com, Seattle University Law Review
    35. Natalie M. Banta. 2016. Death and Privacy in the Digital Age, North Carolina Law Review
    36. BVerfG, NJW, 1971,S.1645-1647
    37. Ciorap v. Moldova, 19/07/2007, ECHR, App. No. 12066/02
    38. Gȁfgen v. Germany, 01/07/2010, ECHR, App. No 22978/05
    39. Case of Sarishvili-Bolkvadze v. Georgia, [19.07.2018], ECHR, App. №58240/08
    Publication Fee
    Editor in Chief
    Publishing Language

    dealSeal