×

Cookie Consent

ციფრული იდენტიფიკატორი
შემოკლება
გამოცემა

ამ სტატიაში

    რეზიუმე - Journal Law and World

    Volume 7, Issue 5


    Behavioral and Comparative Analysis of the Information Paradigm in Consumer Law


    Affiliation: New Vision University, LLM Student, Lawyer at Georgian National Competition Agency

    Abstract: This article examines the issue of information asymmetry in consumer law and deliberates on the necessity of regulation of the status of a consumer and their protection mechanisms. It is evident that the relevant Georgian law, by and large, does not guarantee the sufficient safeguarding level and thus the approximation to the respective EU legislation cannot be deemed successful in toto. Furthermore, this article analyzes the Draft Law of Georgia on the Protection of Consumer Rights and displays the possible challenges. In addition, the special emphasis is on consumer credit contracts. In the wake of the growing importance of behavioral analysis and its impact on the law and economics, the standard of an informed and rational consumer, which constitutes a cornerstone of the EU consumer law, is now highly debated. By reviewing some findings in behavioral law and economics, along with the international legislation and case law, it is argued that some implications of behavioralism should be taken into account in the field of consumer law.

    Keywords: Behavioral Law and Economics, Informing Consumers, Consumer Credit


    Download





    შესავალი

    სამომხმარებლო ურთიერთობებში, რომლის ქვაკუთხედად მომხმარებელთა უფლებების დაცვა გვევლინება, მნიშვნელოვანი პრობლემაა ინფორმაციის ასიმეტრიულობა – არასწორად გაცვლილი და აღქმული ინფორმაცია, რომელიც, როგორც წესი, ბაზრის შემცირების ან გაქრობის ერთ-ერთი მიზეზია. მისი შედეგების აღმოსაფხვრელად, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა სხვადასხვა რეგულირების გზას მიმართავს, მათ შორისაა ინფორმაციის გამჟღავნება. განსხვავებით სახელშეკრულებო სამართალში დამკვიდრებული ინფორმაციის მიწოდების ზოგადი ვალდებულებისა, მომხმარებლის მონაწილეობით დადებულ ხელშეკრულებებში გასამჟღავნებელი ინფორმაციის ვალდებულება და მისი შინაარსი ცალკე რეგულირდება, რასაც საფუძვლად უდევს ფორმალური, აბსტრაქტული თანასწორო
    ბის იდეა, რომელიც, თავის მხრივ, მთავარ როლში ეკონომიკური ინტერესების მქონე რაციონალურად მოაზროვნე მომხმარებელს განიხილავს, თავისუფალს პატერნალიზმისგან. დღესდღეობით მომხმარებლის მსგავსი პარადოქსული სურათი მსჯელობის საგნადაა ქცეული, გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელი, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ყოველთვის არ არის რაციონალური, ამასთან, იგი სამართლებრივ სივრცეში აღიარებულია, როგორც „სუსტი და სწორედ ამიტომ საჭიროებს კანონმდებლის მხრიდან განსაკუთრებულ დაცვას
    იურიდიულ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკაში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა მომხმარებლის ირაციონალურობის შესახებ, როდესაც ის არჩევანის წინაშე დგას. ამ კუთხით მნიშვნელოვან როლს ქცევითი ანალიზი ასრულებს, რამეთუ მომხმარებლის მიერ ინფორმაციის ინტერპრეტირება წმინდა ემპირიული საკითხია. სამომხმარებლო სამართალი ერთ-ერთი პირველი დარგია, სადაც იურისტები ქცევითი ანალიზის რელევანტურობას ჩაწვდნენ. ეს, ერთი მხრივ, იქიდან გამომდინარეობს, რომ სამართლის ეს დარგი ფოკუსირებას ახდენს ინდივიდუალურ ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ის ბუნებრივად პატერნალისტურია, რადგან მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცვას უარყოფითი არჩევანისგან. ამ კუთხით, ქცევითი მეცნიერებების როლი ვლინდება იმაში, რომ შემოგვთავაზოს რეგულაციის ისეთი სახეები, რომლებიც მომხმარებლებისა და სამოქალაქო ბრუნვისთვის უფრო უკეთესი იქნება. სამომხმარებლო ურთიერთობებში ასეთ მიზანს ემსახურება ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა ინფორმაციის გამჟღავნება და გადაფიქრების ვადა .
    განსხვავებით ტრადიციული ეკონომიკური ანალიზის მოდელისა, რომელიც შედეგებს ადამიანის ქცევის ოპტიმალურობით განსაზღვრავს, ბიჰევიორისტული ანალიზი, ნეირომეცნიერული თუ ფსიქოლოგიური კვლევების დახმარებით, მომხმარებელთა რეალურ ქცევას იღებს მხედველობაში. იგი ცხადყოფს, რომ ადამიანს, არჩევანის მიღებისას, სუსტი თვითკონტროლი და შეზღუდული რაციონალობა გააჩნია, მეტიც, ქცევითი მეცნიერებები გვთავაზობს ძალზე მნიშვნელოვან იდეას, რომ მომხმარებლებს არ შეუძლიათ და არც უნდათ ყველაფერზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. შესაბამისად, ლოგიკურია სახელმწიფოთა მხრიდან სხვადასხვა ორგანოში ქცევითი მეცნიერებების შესაბამისი უწყებების შექმნა, რომლებიც რეგულირების სხვადასხვა საკითხს ინდუქციურად იკვლევს. რამდენადაც საკვლევი თემა სამომხმარებლო ურთიერთობებს შეეხება, აღსანიშნავია, რომ მსგავს ინსტიტუტებს უშუალოდ მომხმარებელთა უფლებების ადმინისტრაციებშიც ვხვდებით, მაგალითად, ასეთებია ევროკავშირში იუსტიციისა და მომხმარებელთა საკითხებზე გენერალური დირექტორატი, აშშ-ში – FTC, ნიდერლანდებში – Authority for Consumers and Market და ა.შ.იხ. OECD Science, Technology and Industry Policy Papers, 2017. Use of Behavioural Insights in Consumer Policy, No. 36, OECD Publishing, Paris, p. 10. მომხმარებელთა უფლებების საკითხები ძალზე დინამიკურია, რაც კვლევას აქტუალურს ხდის
    2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, რომელიც სრულად ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. ამით საქართველომ ვალდებულება აიღო, საკუთარი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას. ამგვარი კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პაკეტი, კერძოდ კი, VI კარის მე-13 თავი, ეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვას. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის საკითხების კომიტეტმა შეიმუშავა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი (შემდგომში – კანონპროექტი), რომლის საჯარო ვერსიაც შესაბამის კონტექსტში იქნება გამოყენებული. სამწუხაროდ, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ კანონის მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო დღემდე ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ასოცირების შეთანხმებაში დღეისათვის გაუქმებული ან შინაარსშეცვლილი ევროკავშირის დირექტივებია მითითებული, სტატია კი მოქმედ დირექტივებს ეყრდნობა.
    ასევე, სპეციალური ყურადღება უნდა გამახვილდეს ინფორმაციის გამჟღავნების წინასახელშეკრულებო ვალდებულებაზე სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებაში. ხაზგასასმელია, რომ ფინანსური ტრანზაქციები სპეციალურ რეგულირებას საჭიროებს და კანონმდებელი მეტად უნდა იყოს ყურადღებით, რათა არ გამოიწვიოს ორმაგი რეგულირება.

    1. მომხმარებლის სურათი და ინფორმაციის პარადიგმა

    მომხმარებელთა დაცვის მაღალი სტანდარტის შემუშავებისთვის აუცილებელია თავად მომხმარებლის სურათის შექმნა და გაგება. თავის მხრივ, ამისათვის საჭიროა ინფორმაციის პარადიგმის განმარტება, რომელიც მომხმარებლის სურათის ბაზისს წარმოადგენს
    ინფორმაციის პარადიგმა ევროკავშირის სამომხმარებლო სამართლის ტრადიციული ფუნდამენტური მახასიათებელია, რომელსაც არაერთ დირექტივაში ვხვდებით. იგი, ერთი მხრივ, გვთავაზობს, რომ არსებობენ მომხმარებლები, რომლებსაც შეუძლიათ, სურთ და კომპეტენტურები არიან, გაუმკლავდნენ მიწოდებულ ინფორმაციას, გაეცნონ მას სხვადასხვა ენაზე და მიიღონ ინფორმირებული რაციონალური გადაწყვეტილებები. მეორე მხრივ, ინფორმაციის პარადიგმა უზრუნველყოფს, რომ ხელშეკრულებაში, რომლის ერთ მხარესაც მომხმარებელი დგას, ინფორმაციის მიწოდება მოვაჭრის უპირობო ვალდებულებად იქცეს, რამეთუ მას ინფორმაციული უპირატესობა აქვს. შესაბამისად, საშუალო დონის მომხმარებლის სტანდარტი მნიშვნელოვნად ეყრდნობა homo economicusის, რაციონალური მომხმარებლის სურათს. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაში საშუალო მომხმარებელი არის საკმარისად ინფორმირებული, დაკვირვებული და წინდახედული. თუმცა, ეს არ არის ემპირიულ კვლევებთან თანხვედრაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ მყიდველზე სერიოზულად ვერ იმოქმედებს ე.წ. წაუკითხველობის ტენდენცია, რასაც არაერთი კვლევა ცხადყოფს. სასამართლო პრაქტიკაში არსებული დაშვებით, ასეთი მომხმარებელი უნდა ამოწმებდეს ყოველგვარ ინფორმაციას და კითხულობდეს ეტიკეტებს, არ ტყუვდებოდეს პროდუქტის ფერით და სხვ. ამის ფონზე, ქცევითი კვლევები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის მიერ იდეალიზებულ საშუალო დონის მომხმარებელსა და საშუალო დონის მომხმარებელთა რეალურ ქცევებს შორის დიდი განსხვავებაა.
    მართლაც, თუკი გავიზიარებთ ტრადიციულ ეკონომიკურ ანალიზს, რომ მომხმარებლები მიწოდებული ინფორმაციის საშუალებით გადაწყვეტილებას ოპტიმალური სარგებლიანობის მიღწევისთვის იღებენ, ხოლო მათი პრეფერენციები დროში მყარია, ამით შევეწინააღმდეგებით ბაზარზე არსებულ რეალობას და, რაც მთავარია, მომხმარებლის, როგორც „სუსტი მხარის“ აღიარებულ კონცეფციას. კერძოდ, მომხმარებლის ობიექტური „სისუსტე“ მდგომარეობს იმაში, რომ იგი დაუცველ პოზიციაში იმყოფება ბაზარზე გარკვეული ძალაუფლებისა და მარკეტინგული პოლიტიკის მქონე ინფორმირებულ მოვაჭრესთან შედარებით, ხოლო სუბიექტური „სისუსტის“ ქვეშ მომხმარებელთა პიროვნული თვისებები იგულისხმება – მერყეობა, თავისუფალ ნებაზე ზეგავლენა ხშირად მათთვის არასასურველ შედეგებს იწვევს. მარტივად პროდუქტის შეფუთვის გამოყენება პროდუქტის ღირებულების გასაზრდელად ნათლად ცხადყოფს, რომ მომხმარებელი არ უნდა აღვიქვათ, როგორც რაციონალური. მეტიც, B2B ურთიერთობებშიც კი, სადაც მოსალოდნელი რაციონალობის მაღალი სტანდარტია, ემოციური ფაქტორები შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებზეც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.
    ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მომხმარებლის ირაციონალურ სურათს ეყრდნობა. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნების ეროვნული სამომხმარებლო სამართალი „საშუალო“ მომხმარებელს კანონმდებლობაში არ ახსენებს, რაც „სუსტი“, „მოწყვლადი“ მომხმარებლების კატეგორიას და დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ქმნის. მიუხედავად ამისა, ფინეთის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „უსამართლო კომეციული პრაქტიკის შესახებ“ 2005/29/EC დირექტივის მაქსიმალური ჰარმონიზების შედეგად, როცა ის გამოყენებადია, ირაციონალური მომხმარებლის ტრადიციული სურათი უკან იხევს და სასამართლო ევროკავშირის საშუალო მომხმარებლის სტანდარტს ეყრდნობა. თანამედროვე ეკონომიკის, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების კვლევებმა ცხადყო ისიც, რომ ინფორმაციის პარადიგმა თანამედროვე ინგლისის მომხმარებელთა სამართლის სიმბოლოს წარმოადგენს. ამდენად, აშკარაა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო აღიარებს ქცევითი ეკონომიკის მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ინფორმაციის პარადიგმა, რომელიც არჩევანის თავისუფლებას ემსახურება, ერთგვარად შევავსოთ ქცევითი ანალიზით, რომლის ცალკეული მიგნებებიც ქვემოთ არის განხილული.

    2. ინფორმაციის გამჟღავნება შეზღუდული რაციონალობის მქონე მომხმარებლისთვის


    2.1. რეგულირების საჭიროება და ქცევითი მიკერძოებები

    არჩევანის უზრუნველყოფის შინაარსი ორგვარია: ერთი ნაწილი კონკურენციის უზრუნველყოფას ეხება, ხოლო მეორე – სათანადო ინფორმაციის ქონას, რომლის გარეშეც ალტერნატივის არსებობის თაობაზე გაუთვითცნობიერებლობა არჩევანის გაკეთებას შეუძლებელს ხდის. კონკურენცია, დაბალი ფასებით, ფართო არჩევანით, მაღალი ხარისხითა და ინოვაციით, მომხმარებელთა ინტერესების ოპტიმიზაციას ემსახურება, ხოლო მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი წარმოადგენს იმის გარანტს, რომ კონკურენციის შედეგი სინამდვილეს შეესაბამება. ამდენად, სამართლის ეს ორი სფერო სხვადასხვა მიდგომებით ბაზრისთვის ქმნის ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია წარმოების ზრდისა და მომხმარებელთა კეთილდღეობის მისაღწევად.
    მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალში ასიმეტრიული ინფორმაციისგან დაცვისა და გარანტირებული არჩევანის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს წინასახელშეკრულებო ეტაპზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რომელიც ევროკავშირში მხარეთა უთანასწორობის აღმოფხვრის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მარეგულირებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს და თითქმის ყველა დირექტივაშია განსაზღვრული, როგორც სპეციალური დაცვის მექანიზმი, რომელზეც, რიგ შემთხვევებში, სხვა მექანიზმებიცაა მიბმული.
    მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, ინფორმაციის გამჟღავნების ეკონომიკური ანალიზი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლის სარგებელი, რაც თავისი არჩევანის უკეთესად რეალიზაციაში გამოიხატება, უნდა აღემატებოდეს ასეთი საკანონმდებლო ჩარევით გამოწვეულ ადმინისტრაციულ თუ სხვა ხარჯებს. შესაბამისად, მომხმარებელს ამით უნდა შეეძლოს „უკეთესი გარიგების“ დადება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ინფორმაციის მარტივად, გასაგები ფორმით მიწოდება ბაზარზე მოთამაშეების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რათა მომხმარებელი მოიზიდონ, პრაქტიკაში საჭირო ხდება რეგულირება. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებში ინფორმაციის გამჟღავნების განსხვავებული სტანდარტი, რომელიც ახალი 2019/2161 დირექტივით უფრო დაიხვეწა და არსებულ რეალობას მოერგო. ეს მაგალითიც ცხადყოფს, რომ ქცევითი ანალიზი სამომხარებლო სამართალში ძალზე რელევანტურია.
    ქცევითი მეცნიერებები გამოყოფენ სხვადასხვა „მიკერძოებებს“, რომლებიც რეგულირების დროს მხედველობაშია მისაღები. სხვადასხვა სახის კოგნიტური მიკერძოება საბოლოოდ ქმნის შეზღუდული რაციონალურობის ცნებას. კერძოდ, მომხმარებლებს, ოპტიმისტური მიკერძოებიდან გამომდინარე, ახასიათებთ რისკების არასათანადო შეფასება. გარდა ამისა, ისინი ნაადრევად ამბობენ უარს დასადებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვებაზე იმ განწყობით, რომ ინტუიციურად დარწმუნებულნი არიან საკმარის ინფორმირებულობაში ან, სტატუს კვოსადმი მიკერძოების გამო, აშინებთ ჭარბი ინფორმაცია.

    2.2. „სინათლისაგან დაბრმავების“ არიდება – ინფორმაციის ოპტიმალური დონე

    ნეირომეცნიერებაში ემპირიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი და ძალზე დეტალური ინფორმაციის აღქმა და დამუშავება ადამიანის მიერ შეზღუდულია კოგნიტური უნარების გამო. ასეთ დროს, მოხმარებლისთვის ჭარბი ინფორმაციის მიწოდებისას, უფრო რთული ხდება რელევანტური ინფორმაციის აღქმა, რაც უშუალოდ გადაწყვეტილების მისაღებადაა საჭირო, ამიტომ ინფორმაციის ასეთ მაქსიმალურ დონეს ლიტერატურაში სინათლისაგან დაბრმავებასაც უწოდებენ. შეზღუდული დროის ფაქტორის გათვალისწინებით, მომხმარებლები ასეთ დროს ევრისტიკას მიმართავენ, აკვირდებიან ძირითად ჯგუფურ ინდიკატორებს, ე.წ chunk-ებს, როგორებიცაა ფასი თუ ბრენდი, დროს არ უთმობენ ახალი პროდუქტის ძიებას, ან, ვიღებთ ბურიდანის ვირის პარადოქსს, როდესაც ისინი თავს იკავებენ გადაწყვეტილების მიღებისგან. ამდენად, აშკარაა, რომ მსგავსი სიჭარბე და დეტალურობა ინფორმაციის ზღვრულ სარგებლიანობას ამცირებს, სხვა სიტყვებით, ეფექტიანობა იკლებს. ოპტიმალური ზღვრის პოვნა სხვადასხვა სახის სამომხმარებლო ხელშეკრულებაში სხვადასხვა იქნება, შესაბამისად, ემპირიული კვლევების მნიშვნელობა ამ მხრივ მეტად დიდია. თავის მხრივ, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს დაზუსტებისა და მეტი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება.
    ამასთან, ლიტერატურაში თანხმდებიან, რომ საჭირო ინფორმაცია მარტივი, მოკლე, ნათელი და ადვილად აღქმადი უნდა იყოს. ევროკავშირში, 2011/83/EU დირექტივის ამოქმედებამდე, მოვაჭრეებს ჰქონდათ მხოლოდ სპეციფიკური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, გარკვეულ შემთხვევებში. 2011/83/EU დირექტივით კი პირველად დადგინდა მოვაჭრეთა ზოგადი ვალდებულება ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით მე-5 მუხლის შესაბამისად. იგი მე-6 მუხლით მხოლოდ დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებებისთვის განსაზღვრავს ინფორმაციის მიწოდების აბსოლუტურ ვალდებულებას. საგულისხმოა, რომ ეს მუხლი გაკრიტიკებულია წინასახელშეკრულებო ინფორმაციის სიჭარბის გამო, რომლის გადაჭრის ერთ-ერთ გზად ინფორმაციის მიწოდების დროის განსაზღვრას მიიჩნევენ, როცა მნიშვნელობა კონტექსტს ენიჭება. კრიტიკა რელევანტურია განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დაბალი ღირებულების პროდუქტს ეხება. მეორე მხრივ, ახალი 2019/2161 დირექტივა მნიშვნელოვან სიახლეს გვთავაზობს იმ ინფორმაციის გამჟღავების ვალდებულებით, გამყიდველი მოვაჭრეა თუ ჩვეულებრივი ინდივიდი, რამეთუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში მომხმარებელს წინასწარ უნდა მიეცეს გაფრთხილება სამომხმარებლო სამართლით დაცვის არარსებობაზე.
    რაც შეეხება ქართულ რეალობას, ინფორმაციის გამჟღავნების ასპექტები წარმოდგენილია სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსში 318-ე მუხლის სახით; ყველაზე ზოგად რეგულირებას შეიცავს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-12 მუხლი, თუმცა კოდექსის მოქმედების სფერო ნაკლებად ეხება სახელშეკრულებო ასპექტებს და, უპირატესად, მიმართულია „ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს“ დაცვისაკენ. ამდენად, მოწესრიგება ნაკლებად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას. რეკლამის შესახებ კანონით მოცემულია რეკლამის მეშვეობით პროდუქტზე ინფორმაციის მართლზომიერი განთავსების კრიტერიუმები. თუმცა, მოცემული სამართლებრივი რეჟიმი ვერ აკმაყოფილებს „რელევანტურობის“ თუ „სისრულის“ კრიტერიუმებს.
    მნიშვნელოვან სიახლეს გვთავაზობს კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ტექნიკით უახლოვდება 2011/83/EU დირექტივის სტანდარტს და მე-5 და მე-11 მუხლების სახით, შესაბამისად, გვთავაზობს ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად ვალდებულებებსა და ვალდებულებებს დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში. კანონპროექტის მე-5 მუხლის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს, ხოლო მოვაჭრე ვალდებულია გასცეს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, მოვაჭრის ვინაობის, პრეტენზიის განხილვის პირობების, პროდუქტის დამზადების თარიღის, ვარგისიანობის, პროდუქტის სრული ფასის, გადახდის, მიწოდებისა და საგარანტიო პირობების, პროდუქტის გამოყენების წესების, ხელშეკრულების ვადის, ციფრული შინაარსის ფუნქციური მახასიათებლებისა და მისი დაცვის, მომხმარებლების ვალდებულებების, ხელშეკრულებაზე უარის უფლების შესახებ. მე-11 მუხლით, დამატებით, მას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კომუნიკაციის ხარჯების, ქცევის კოდექსის არსებობის, უარის უფლების და მისი დანართის შესახებ. თუკი კანონპროექტის წინა ვერსიით არ იყო დაკონკრეტებული ინფორმაციის ხელშეკრულების დადებამდე მიწოდების თაობაზე, ასევე, ისედაც ცხადი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების არარსებობაზე, ცვლილებებით ეს ხარვეზები გამოსწორებულია. ორივე მუხლში, de lege ferenda, ნათლადაა განსაზღვრული, რომ ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრემ მკაფიოდ და გასაგებად უნდა მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, რელევანტურობისა და დროულობის კუთხით შესაძლებელია კანონპროექტის გაკრიტიკება, რადგან ის არ აკისრებს მოვაჭრეებს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპსა და სხვადასხვა მოცულობით. აღსანიშავია, რომ საქართველოში მომხმარებელთა უფლებების შესახებ ზოგადი კანონის არარსებობის გამო უმეტეს სფეროებში მოვაჭრეებს არ აქვთ ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება, ახალი რეგულაციებით კი შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რიგ ხარვეზებსა და პროდუქტის ფასის ზრდას, ამასთან, ჩნდება ჭარბი ინფორმაციის მიწოდების რისკი. შესაბამისად, უმჯობესია მომხმარებელს წინასახელშეკრულებო ეტაპზე მიეწოდოთ ინფორმაცია პროდუქტის აღწერილობაზე, გარანტიისა და დაბრუნების პოლიტიკის შესახებ, დანარჩენი ინფორმაცია კი გათვალისწინებული იყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.
    ასევე, უკეთესია განისაზღვროს ხელშეკრულების დადების შემდგომ მომხმარებელთა ინფორმირების საჭიროება. გასათვალისწინებელია 2019/2161 დირექტივის ცვლილებებიც, მაგალითად, ფაქსის ამოღება, უარის უფლებაზე ფორმის მიწოდების არასავალდებულოობა, როცა გამოყენებულია ისეთი დისტანციური საშუალება, რომელიც არ იძლევა ამის საკმარის დროსა და ადგილს
    სიახლეა 25-ე მუხლის სახით, რომელიც უსამართლო კომერციულ პრაქტიკას არეგულირებს და სრულყოფილად ითვალისწინებს 2005/29 დირექტივის კომპლექსურ წესებს. აქვე, აღსანიშნავია, რომ ამ მუხლს, განსხვავებით წინა ვერსიისგან, შემოაქვს „საშუალო მომხმარებელის“ ცნება. ქცევითი ანალიზი, ასევე, კანონპროექტის რეგულირების გავლენის შეფასება ცხადყოფს, რომ ქართულ რეალობაში, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზეზები გამო, ამოსავალი ნიშნული მომხმარებლის უფლებების დაცვისათვის უნდა იყოს „მოწყვლადი“ და არა „საშუალო მომხმარებელი“. მსგავს სტანდარტს ვხვდებით ბულგარეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების პრაქტიკაშიც, რაც გაზიარებულ უნდა იქნას.

    3. გადაფიქრების უფლება

    ინფორმაციის გამჟღავნების ზოგად ვალდებულებასთან ერთად, ასიმეტრიული ინფორმაციის უარყოფითი შედეგებისაგან მომხმარებელთა დაცვის ინსტრუმენტად ხელშეკრულების უარყოფის უფლება ითვლება. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. სავალდებულო დაფიქრების პერიოდს, რა ვადაშიც მომხმარებელს, განსაკუთრებით ისეთ ურთიერთობებში, როგორებიცაა დისტანციური ვაჭრობა თუ არაოფიციალურ ვითარება, ხელშეკრულების დადების შემდეგ ეძლევა გარკეული დრო არჩევანის სისწორის შესამოწმებლად. ამას 2011/83/EU დირექტივაც ითვალისწინებს მე-9 მუხლის სახით. ეს მიზნად ისახავს როგორც მომხმარებლის ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვას, ისე არასათანადო ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აცილებას, ასევე, მომხმარებლის წახალისებას და პროდუქტის შედარების შესაძლებლობას, რადგან დისტანციურ ურთიერთობებში იგი უფრო შეზღუდულია. ამდენად, გარდა საგნის მახასიათებლებისა, მომხმარებელს ამ ვადაზე და ამ უფლების რეალიზაციის პირობებზეც გასაგებად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია.
    დაფიქრების პერიოდის არსებობა მაშინაა გამართლებული, თუ იგი აუცილებელი საშუალებაა არაეფექტიანობის აღმოსაფხვრელად. ასეთი რამ შეიძლება წარმოიქმნას მომხმარებლის ირაციონალობიდან გამომდინარე, დაფიქრების პერიოდმა კი გრძელვადიან პრეფერენციაზე უნდა გაამახვილებინოს ყურადღება, ზეწოლისა და სიტუაციური მონოპოლიური მდგომარეობის მიღმა. გადაფიქრების უფლების არსებობა მოვაჭრეს აძლევს სტიმულს, რომ პროდუქციის ფასი რეალურ ხარისხს შეუსაბამოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს უფლება ერთგავარად ახალისებს ex post ოპორტუნისტულ ქცევას მოხმარებლების მხრიდან, რაც იწვევს მოვაჭრეთა დაძაბულობას, ტრანზაქციული ხარჯების ზრდას დაყოვნებისა და ბუნდოვანების გამო.
    გასათვალისწინებელია ქცევითი ანალიზიც, რომელიც ცხადყოფს, რომ მიკერძოებას სტატუს კვოს მიმართ, ფლობის (დასაკუთრების) ეფექტს, დანაკარგების და სინანულის თავიდან აცილებას, დაკარგული ხარჯების მცდარ კონცეფციას შეუძლიათ ისეთი ქცევის წახალისება, რომელიც უარყოფის უფლების ეფექტიანად გამოყენებას შეაფერხებს. ამის პრევენციისთვის არსებობს ინიციატივა, რომ ნაცვლად სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამოსვლის სისტემისა, განისაზღვროს „მიერთების“ წესი, რაც გულისხმობს მომხმარებლის აქტიურ ქმედებას მოფიქრების კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ თანხმობის მიცემის სახით. ეს გარკვეული ხარისხით შეამცირებდა კოგნიტურ დისონასს, თუმცა, მეტად სავარაუდოა, რომ მსგავსი მოწესრიგება გაართულებს სავაჭრო ურთიერთობებს და ვერ გააუქმებს ზოგიერთ მიკერძოებას, შესაბამისად, აუცილებელია ასეთი ცვლილების შედეგების ემპირიული კვლევა.
    ლევა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 336-ე მუხლი ცნობს ქუჩაში დადებული ხელშეკრულების უარყოფის უფლებას, როცა მომხმარებელს ერთი კვირის ვადაში აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მას ჯერ არ მიუღია საქონელი ან მომსახურება. მნიშვნელოვანი სიახლეა კანონპროექტის მე-14 მუხლში, რომელიც მომხმარებელს ანიჭებს უფლებას – უარი თქვას დისტანციურ და სარეწს გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის ვადაში, ნივთის დაბრუნების ვადა კი, მაქსიმუმ, 7 დღეა. ცხადია, ეს უფლება მე-16 მუხლის სახით რიგ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს, თუმცა აქ უნდა აღინიშნოს კანონპროექტის წინა ვერსია, რომელიც მოფიქრების 7-დღიან ვადას შენობაში დადებულ ხელშეკრულებაზეც ავრცელებდა. რეგულირების გავლენის შეფასებამ აჩვენა მსგავსი მოწესრიგების სავარაუდო უარყოფითი შედეგები ბიზნესისთვის და ჩრდილოვან ეკონომიკაზე გადასვლის საფრთხე. ამდენად, უარყოფის უფლებაზე კანონპროექტში განხორციელებული ცვლილება დადებითად უნდა შეფასდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის, მომხმარებლის მოწყვლადობისა და ონლაინ შესყიდვების ტენდენციის მზარდი ხასიათის მხედველობაში მიღებით.

    4. სპეციალური მოწესრიგება – სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება

    სამომხმარებლო ბაზრის ინდუსტრიაში ცალკე სფეროდ გამოყოფენ ფინანსურ სექტორს, კერძოდ, სამომხმარებლო კრედიტს და მასთან დაკავშირებულ მომხმარებელთა უფლებებსა და ამ უფლებების დაცვის გარანტიებს. შესაბამისად, სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება ზოგადი რეგულირებიდან გამორჩეულ პრეფერენციას წარმოადგენს. ევროკავშირში ამ სფეროს ეხება 2008/48/EC დირექტივა სამომხმარებლო კრედიტის შესახებ და 2002/65/EC დირექტივა მომხმარებლის ფინანსური მომსახურების დისტანციური მარკეტინგის შესახებ, რომელშიც, თავის მხრივ, ცვლილებები შეიტანა 2005/29/EC დირექტივამ. ეს უკანასკნელი მე-9 და მე-10 ნაწილებში განმარტავს, რომ ფინანსურ სერვისებთან დაკავშირებული საკითხები, კომპლექსურობისა და მაღალი რისკების გამო, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა უფრო მკაცრად მოაწესრიგონ.
    ქცევითი ანალიზი განსაკუთრებით რელევანტურია, როდესაც მომხმარებელებს, კომპლექსური ინფორმაციის მიღების პარალელურად, არ გააჩნიათ სათანადო პრაქტიკული გამოცდილება. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია კანონმდებლის მხრიდან სპეციფიკური რეგულირება ისეთი სახის სამომხმარებლო ურთიერთობისას, როგორიც სამომხმარებლო კრედიტია. გამომდინარე იქიდან, რომ დანაკარგების რისკი ასეთ დროს რიგითი მომხმარებლისთვის ძალზე მაღალია, ნელი უკუკავშირისა და შეცდომებზე სწავლის ფაქტობრივი შეუძლებლობის გამო, ეს სფერო განსაკუთრებულ მოწესრიგებას საჭიროებს.
    ინფორმაციის მიწოდების კუთხით, უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელი არ უნდა გადაიტვირთოს კომპლექსური ინფორმაციით იმდენად, რამდენადაც მან უნდა შეძლოს რისკების სათანადოდ შეფასება. ქცევითი ანალიზის გათვალისწინებით, შესაძლოა გამოვყოთ რამდენიმე ასპექტი:
    • აუცილებელია მომხმარებელს წინასწარ მიეწოდოს ინფორმაცია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ, რათა მას ჰქონდეს შედარების რეალური შესაძლებლობა, ამასთან, გამჭვირვალობისთვის, ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან, ერთიანი სტანდარტით უნდა ხდებოდეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება, რაც, ასევე, ყველა ფინანსურ ხარჯს უნდა მოიცავდეს. ჭარბვალიანობისა და მომხმარებელთა ჭარბი ოპტიმიზმის პრევენცია შესაძლოა ევრისტიკის გამოყენებით მოხდეს, კერძოდ, რისკებზე ფოკუსირებით
    • განსაკუთრებული მითითება უნდა გაკეთდეს ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო მეტადაა სარისკო, ვიდრე მყარი საპროცენტო განაკვეთი;
    • მომხმარებელს შესაძლოა ფინანსურმა ორგანიზაციებმა მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ მსგავსი სესხის დროს რა რაოდენობით წარმოიშვა გადაუხდელობის შემთხვევები კონკრეტული დროის შემდეგ. აღსანიშავია მოფიქრების პერიოდის არსებობა სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებაში, რომელიც დირექტივის მიხედვით, 14 დღეს შეადგენს.
    საქართველოში საფინანსო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ამოცანას, რეგულირებისა და საზედამხედველო ფუნქციით, საქართველოს ეროვნული ბანკი ასრულებს. ამჟამად მოქმედია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის No32/04 ბრძანება ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც წინა ბრძანების გაუქმების შედეგად იქნა მიღებული და, რიგი ცვლილებების შედეგად, დაცვის უკეთესი სტანდარტი ჩამოყალიბდა. მაგალითად, აქტის მოქმედების სფერო აღარ არის შეზღუდული, ამდენად სესხის გამცემი ნებისმიერი სუბიექტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ბრძანებაში მითითებული წინასახელშეკრულებო ინფორმაცია. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ცნება აღარ ტოვებს მოუწესრიგებელ ურთიერთობათა ფართო სპექტრს. მეორე მხრივ, ცალკე შეფასებას საჭიროებს მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე სამართლებრივი რეაგირების საკითხი.
    No32/04 ბრძანებაში მისაწოდებელი ინფორმაციის ვალდებულების დადგენისას დაცვის სუბიექტთა წრე მოიცავს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე, იურიდიულ პირებს, გარდა ფინანსური ორგანიზაციებისა. ინფორმაციით სრულყოფილად უზრუნველყოფის წინასახელშეკრულებო ვალდებულება განურჩევლად ყველა სუბიექტის მიმართ ამ სფეროში სტაბილური, გამჭვირვალე და წინასწარგანჭვრეტადი სამართლებრივი შედეგების მქონე ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ბრძანება პირველივე მუხლში მოიცავს ევროპული მოდელისათვის დამახასიათებელი ინფორმაციის გამჟღავნების მიმართ მოქმედ პრინციპებს ა) სიცხადე და სიზუსტე; ბ) აღქმადობა; გ) შედარების შესაძლებლობა და დ) დროულობა. ნორმის ფორმულირებაში ასევე აქცენტი კეთდება ინფორმაციის თანმიმდევრულ მიწოდებაზე, თუმცა, სიზუსტის კრიტერიუმი არც ისე თვალსაჩინოა და მხოლოდ შემდგომი დებულებებითაა წარმოდგენილი. ნების ფორმირებისას თავისუფლებას უზრუნველყოფს მე-3 მუხლი, რომლის მიხედვითაც ინფორმაცია იმდაგვარი უნდა იყოს, რომ არ უბიძგოს მომხმარებელს ისეთი გადაწყვეტილებისკენ, რომელსაც არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
    მნიშვნელოვანია აღინიშნოს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცნება, რომელსაც ფართო მნიშნელობა აქვს, რამეთუ ყველა ფინანსურ ხარჯს მოიცავს, ამასთან, მისი გაანგარიშების ფორმულა და წესი ბრძანების დანართის სახითაა მოცემული, რაც ერთიან სტანდარტსა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. გამოანგარიშების წესის ძირითად მეთოდად „საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მნიშვნელობის გამოყენება“ გვევლინება, ამასთან უცხოურ ვალუტაში კრედიტის დროს დაიშვება, რომ ხდება ლარის 15%-იანი წლიური გაუფასურება კურსის ყოველდღიურად თანაბარი აბსოლუტური ოდენობის ცვლილებით. ბრძანების მიხედვით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამჟღავნება გათვალისწინებულია როგორც რეკლამირებისას, ისე პირადად შეთავაზების დროს. ეს საგულისხმოა იმდენად, რამდენადაც სესხების პოლიტიკის გათვალისწინებით, მომხმარებლის დაცვის ფაქტობრივად ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.
    საგულისხმოა, რომ ბრძანების მე-3 მუხლი, რომელიც ფინანსური ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას ადგენს, არ განმარტავს ინფორმაციის შინაარსს. ის დაკონკრეტებულია ხელშეკრულების დისტანციურად დადების მუხლში. ბრძანება ითვალისწინებს გამჟღავნების ტექსტს, რომლის სანიმუშო ვერსია მე-5 დანართადაა წარმოდგენილი. აღქმადობის გაუმჯობესების მიზნით, პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება ტექსტის პუნქტებად დაყოფა. აღსანიშნავია ბრძანების მე-5 მუხლი, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციას ავალდებულებს მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების შესახებ, მათ შორისაა მითითება ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის რისკზე.
    რეკლამირების ეტაპზე, ბრძანების მიხედვით, დაუშვებელია არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება. წესების შინაარსიდან იკვეთება ევროპული მოდელის ძირითად პრინციპთან საბაზისო თანხვედრაც; ამასთან, როცა ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი ხარჯების განუსაზღვრელობის გამო თავიდანვე გაურკვეველია, ბრძანება ითვალისწინებს მე-6 დანართში მოცემული სანიმუშო მაგალითის საფუძველზე განმარტებას, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს შეთავაზებისას მინიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოყენებას (მაგალითად, 20.8%-იდან). ამ კუთხით საინტერესოა ევროპული პრაქტიკა, კერძოდ, მიკერძოების ისეთი საშუალების გამოყენება,როგორიცაა სტრუქტუირება – მითითება მაქსიმალურ პროცენტამდე.
    საყურადღებოა, რომ ბრძანება, დირექტივისაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, რაც მომხმარებელს, რომელიც ამ სექტორში და, ზოგადად, საქართველოში, მოწყვლად კატეგორიად განიხილება, არ აძლევს გადაფიქრების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №37/04 ითვალისწინებს სავალუტე ოპერაციის გაუქმების შესაძლებლობას ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში. მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტში ასახული სიახლე მოფიქრების პერიოდზე მხოლოდ დისტანციურ და სარეწს გარეთ დადებულ ხელშეკრულებებს ეხება, რეგულირების სფეროს ანალიზით კი კანონპროექტი ფინანსურ მომსახურებაზე, სტანდარტული პირობების გარდა, არ ვრცელდება, შესაბამისად, ეს საკითხი სამომავლო მოწესრიგების საგანს განეკუთვნება, ისევე როგორც უსამართლო კომერციული პრაქტიკა ფინანსურ სექტორში.
    საბოლოოდ, აღსანიშნავია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილით სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 50%-მდე შემცირდა. მსგავსი რეგულირება აქტუალურია სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, ფინეთში 2019 წელს განხორციელებული ცვლილებებით ეს ნიშნული 20%-ია, საკანონმდებლო ინიციატივით კი გარკვეული ტიპის სამომხმარებლო სესხებზე დროებით განაკვეთის 10%-მდე დაწევას ითვალისწინებენ. აშშ-ში მოქმედე ბს Credit Card Accountability Responsibility and Disclosure (CARD) აქტი, რომელიც, მსგავსად ჩვენი ბრძანებისა და 625-ე მუხლისა, ზღუდავს ფინანსური ორგანიზაციების მიერ მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის მიღმა მოქმედებას, რათა არ მოხდეს მომხმარებელთა ქცევითი მიკერძოებების ფინანსური სექტორის მიერ ბოროტად გამოყენება.7

    დასკვნა

    ინფორმაციის პარადიგმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალში კვლავ აქტუალურია, თუმცა ქცევითი ანალიზი, რომელიც ემპირიულ კვლევებს ეყრდნობა, რიგ შემთხვევებში, მომხმარებლის რეალური სურათის ჩვენებით, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სამომხმარებლო ურთიერთობებში თუნდაც ინფორმირებული მომხმარებელი უფრო მეტად საჭიროებს დაცვას. აქ იკვეთება ინფორმაციის სიჭარბის პრობლემა და ის კოგნიტური, დროითი თუ გარემო ფაქტორები, რომლებიც მომხმარებელზე არჩევანის მიღებისას ახდენენ ზეგავლენას. არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფა კი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამის გამო, ლოგიკურია ინფორმაციის არა ერთბაშად, არამედ სხვადასხვა ეტაპზე მიწოდების ვალდებულების განსაზღვრა.
    ქცევითი ანალიზის რეგულირებაზე გავლენას სამომხმარებლო სფეროში ვერ ექნება რევოლუციური ხასიათი, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში მრავალი წელია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორი ზედმიწევნით აკვირდება მომხმარებლის ქცევებს და ითვალისწინებს პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა, სტატიაში გაანალიზებულია გარკვეული ასპექტები, რომლებიც ცვლილებებს საჭიროებს. სხვა რეალობაა საქართველოში, სადაც სამომხმარებლო სფეროს დერეგულაციამ სამომხმარებლო ურთიერთობების სუსტი მხარის – მომხმარებლის – მოვაჭრესთან არათანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება გამოიწვია. იმდენად, რამდენადაც ინიცირებული კანონპროექტი ბევრ ინოვაციას მოიცავს და ამ სფეროს ზოგადი მოწესრიგება, ფაქტობრივად, არ არსებობს, იგი უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება სამომხმარებლო და ბიზნეს სექტორისთვის. საგულისხმოა, რომ ახალი რეგულირება მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს მცირე ბიზნესს, მაგალითად, ნაცვლად სავალდებულო რეგულირებისა, შესაძლოა წინასახელშეკრულებო ეტაპზე ინფორმაციის მიწოდების სახელმძღვანელო ფორმების შემუშავება. მეორე მხრივ, აუცილებელია მომხმარებლის წახალისება უფლებების გამოყენებაზე, რათა შესაბამის ბაზარზე პრაქტიკის გათვალისწინებით გამოიკვეთოს მომხმარებლის პრეფერენციები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საშუალო მომხმარებლის სტანდარტი მოწყვლადი მომხმარებლის სტანდარტს უნდა გაუთანაბრდეს, რაც გამოკვეთს ზოგადი რეგულირების საჭირო ნიუანსებს, შედეგად, თავიდან იქნება არიდებული მოვაჭრის ხარჯების გაუმართლებელი ზრდა, რაც, საბოლოოდ, პროდუქტის ფასზე აისახება. მეორე მხრივ, სახელმწიფომ მიზნად უნდა დაისახოს მომხმარებლის სტანდარტის ამაღლება, რაც უნდა მოიცავდეს ეფექტიან და სკრუპულოზურ სამოქმედო გეგმას, მათ შორის, აუცილებელია წახალისდეს ისეთი აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებისაკენ.
    როგორც სტატიაში გამოჩნდა, ინფორმაციის გამჟღავნების სტანდარტს სპეციალურ მოწესრიგებებში ვხვდებით, მათ შორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების სახით. მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაწესებისა, საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს კანონპროექტი სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ხელშეკრულებაზე გავრცელდება სტანდარტული პირობების თავი, ასევე, ვრცელდება ეროვნული ბანკის ბრძანება და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები. ერთი მხრივ, აუცილებელია, თავიდან იქნას არიდებული დუბლირება, ხოლო, მეორე მხრივ, გაუმჯობე სდეს კომერციული პრაქტიკის რეგულირება საფინანსო სექტორში ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.
    საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ სამართალი იგივე სიზუსტითა და მასშტაბით ვერ მიიღებს მხედველობაში მომხმარებლების გადაწყვეტილებათა კონტექსტს, რა დოზითაც ამას ფსიქოლოგია გვთავაზობს, თუმცა მომხმარებელთა კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო უნდა შეეცადოს პოლიტიკის შემუშავებაში ქცევითი ეკონომიკის ძირითადი მიგნებების გათვალისწინებას, თუ ეს ნაკლებ დანახარჯს გამოიწვევს. ამ კუთხით დიდ როლს ასრულებს რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რაც ნათლად გამოჩნდა კანონპროექტის ორი ვერსიის ანალიზისას.

    ბიბლიოგრაფია

    1. Aryes, I., Schwartz, A., 2014. The No-Reading Problem in Consumer Contract Law, Stanford Law Review, Vol. 66, No.3
    2. “Association Agreement between the European Union and the European Atomic Energy Community and their Member states, of on the one part, and Georgia, of the other part”. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0 (in Georgian)
    3. Beales, J.H., 2008. Consumer Protection and Behavioral Economics: To BE or Not to BE?, Competition Policy International 4(1)
    4. Behavioural Insights Applied to Policy, European Report 2016. https://publications.jrc.ec.europa.eu/repository/bitstream/JRC100146/kjna27726enn_new.pdf
    5. Ben-Shahar, O., 2009. The Myth of the “Opportunity to Read” in Contract Law, European Review of Contract Law, vol. 5, no. 1
    6. Bush, C., 2016. The Future of Pre-Contractual information Duties: From Behavioural Insights to Big Data, Research Handbook on EU Consumer and Contract Law, Edward Elgar Publishing, Chapter 10
    7. C-210/96 Gut Springerheide, EU:C:1998:369
    8. Calabresi G., 2016. The Future of Law and Economics, Yale University Press
    9. Canal Digital Danmark, C 611/14, EU:C:2016:800
    10. Case C-382/87, Buet v Ministère Public [1989] ECR 1235
    11. Case C-59/12 BKK Mobil Oil Korperschaft des offentlichen Rechts v Zentrale zur Bekampfung unlauteren Wettbewerbs eV [2013]
    12. Chang, H.-J., 2014. Economics: The User’s Guide, London, Penguin
    13. Civil Code of Georgia, as of December 2021
    14. Dani, M., 2011. Assembling The Fractured European Consumer, LEQS Paper No. 29
    15. De Pree, J., 2019. Trends: anti-trust, consumer and privacy regulation increasingly converge. https://www.debrauw.com/legalarticles/trends-anti-trust-consumer-and-privacy-regulation-increasingly-converge/ [25.10.2021]
    16. Dean, M., Kibris, O., Masatlioglu, Y., 2017. Limited attention and status quo bias. Journal of Economic Theory, Elsevier, vol. 169(C)
    17. Directive (EU) 2019/2161 of the European Parliament and of the Council of 27 November 2019 amending Council Directive 93/13/EEC and Directives 98/6/EC, 2005/29/EC and 2011/83/EU of the European Parliament and of the Council as regards the better enforcement and modernisation of Union consumer protection rules (Text with EEA relevance)
    18. Directive 2002/65/EC of the European Parliament and of the Council of 23 September 2002 concerning the distance marketing of consumer financial services
    19. Directive 2005/29/EC of the European Parliament and of the Council of 11 May 2005 concerning unfair business-to-consumer commercial practices in the internal market
    20. Directive 2008/48/EC of the European Parliament and of the Council of 23 April 2008 on credit agreements for consumers
    21. Directive 2011/83/EU of the European Parliament and of the Council of 25 October 2011 on consumer rights
    22. Djurovic, M., 2016. The Duty of Information. European Law on Unfair Commercial Practices and Contract Law, Oxford: Hart Publishing
    23. Draft Law of Georgia on the Protection of Consumer Rights, 2019. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/224285?
    24. Finnish Supreme Court Decision KKO 2017:83
    25. Grynbaum, L., 2010. Pre-contractual information duties: the foreseeable failure of full harmonization. In H. Schulte-Nölke & L. Tichy (Ed.), Perspectives for European Consumer Law: Towards a Directive on Consumer Rights and Beyond. Berlin, New York: Otto Schmidt/De Gruyter European law publishers
    26. Hague, P., A Guide to B2B Marketing And How it Differs From Consumer Marketing. https://www.b2binternational.com/publications/b2b-marketing/ [26.10.2021]
    27. Harrison, P., 2016. Cooling-off periods for consumers don’t work: study. https://theconversation.com/cooling-off-periods-for-consumers-dont-work-study-69473 [26.10.2021]
    28. Haupt, S., 2003. An Economic Analysis of Consumer Protection in Contract Law, German Law Journal, 4(11)
    29. Huffman, M., 2010. Bridging the Divide? Theories for Integrating Competition law and Consumer Protection, European Competition Journal, vol. 6
    30. Hyvöven, S., 2019. Information Obligations and Disinformation of Consumers: Finnish Law Report. In Straetmans. G., (Ed.), Information Obligations and Disinformation of Consumers (Ius Comparatum Global Studies in Comparative Law; Vol. 33)
    31. Juurikkala, O., 2013. The New Legal Paternalism: Light-Touch Regulation for Consumer Mortgages, Helsinki Law Review, 7
    32. Kahneman, D., Tversky, A,. 1979. Prospect Theory: An Analysis of Decision Under Risk, The Econometric Society, Vol. 47, No. 2
    33. Kennedy, S., 2008. The future of consumer policy: Should we regulate to protect homo economicus? Competition and Consumer Policy Division, Australian Treasury
    34. Klingberg, T., 2009. The Overflowing Brain: Information Overload and the Limits of Working Memory, Oxford University Press
    35. Lakerbaia, T., 2015. European Standard for Informed Consumer, Journal of Law N1, Tbilisi State University Publishing. (in Georgian)
    36. Lakerbaia, T., Zaalishvili, V., Zoidze, T., 2018. Consumer Law, IBSU Publishing. (in Georgian)
    37. Law of Georgia on Product Safety and Free Movement Code, as of October 2021
    38. Lee, B.K., and Lee, W.N., 2004, The Effect of Information Overload on Consumer Choice Quality in an On-Line Environment, Psychology & Marketing, Vol.21
    39. Micklitz, H. W., 2018. Legal Opinion of the Draft Law of Georgia on the Protection of Consumer Rights (As of March 2017), Comparative legal studies, #6, GIZ
    40. Micklitz, H.W., Reisch, L.A., Hagan, K. et al. 2011. An Introduction to the Special Issue on “Behavioural Economics, Consumer Policy, and Consumer Law”, J Consum Policy 34, Springer, pp. 271-276
    41. OECD Science, Technology and Industry Policy Papers, 2017. Use of Behavioural Insights in Consumer Policy, No. 36, OECD Publishing
    42. Order of the President of the National Bank of Georgia №194/04 https://matsne.gov.ge/ka/document/view/4312325?publication=0 (in Georgian)
    43. Order of the President of the National Bank of Georgia №32/04. https://matsne.gov.ge/ka/document/view/5117792?publication=0#DOCUMENT:1 (in Georgian)
    44. Order of the President of the National Bank of Georgia №37/04. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4081097?publication=8 Consolidated text: 14.07.2021 (in Georgian)
    45. Paredes, T., 2003. Blinded by the Light: Information Overload and its Consequences for Securities Regulation, Washington University Law Quarterly, 81(2)
    46. Regulatory Impact Assessment on the Draft Law of Georgia on Consumer RightsProtection, 2019. GIZ
    47. Regulatory Impact Assessment on the Draft Law of Georgia on Consumer Rights Protection, 2016. http://www.moesd.gov.ge/uploads/publications/economy_450476725899caab552165.56302821.pdf [09.12.2021] (in Georgian)
    48. Reich, N., Micklitz, H.W., 2014. “Economic Law, Consumer Interests and EU Integration” in Reich, N., et al (eds), European Consumer Law
    49. Review of Australia’s Consumer Policy Framework, Final Report, Australian Government Productivity Commission, 2008
    50. Sibony, A.L., Helleringer, G., 2015. EU Consumer Protection and Behavioural Sciences: Revolution or Reform? Nudge and The Law, Hart Publishing
    51. Simon, H.A., 1957. Rational Choice and the Structure of the Environment, Psychological Review, 63(2)
    52. Sunstein, C., 2015. Choosing not to Choose: Understanding the Value of Choice, Oxford University Press
    53. Tscherner, E.M., 2014. Can Behavioral Research Advance Mandatory Law, Information Duties, Standard Terms and Withdrawal Rights?, Austrian Law Journal, N1
    54. Waselius and Wist, New temporary restrictions on interest rates and direct marketing of consumer loans. https://www.ww.fi/news/2020/04/new-temporary-restrictions-on-interest-rates-and-direct-marketing-of-consumer-loans/ [26.10.2021]
    55. Wilhelmsson, T., Twigg-Flesner, C., 2006. Pre-contractual information duties in theacquis communautaire. European review of contract law: ERCL., 2(4)
    გამოქვეყნების საფასური
    მთავარი რედაქტორი
    გამოქვეყნების ენა

    dealSeal