×

Cookie Consent

ციფრული იდენტიფიკატორი
შემოკლება
გამოცემა

ამ სტატიაში

    რეზიუმე - Journal Law and World

    Volume 8, Issue 2


    სისხლის სამართლის პოლიტიკის გავლენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე

    Authors: Khatia Kukchishvili

    Khatia Kukchishvili

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის დოქტორი

    Email: khatia_17@yahoo.com



    Affiliation: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის დოქტორი

    Abstract: წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია სისხლის სამართლის პოლიტიკის გავლენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე. გაანალიზებულია რეპრესიული და ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმდინარეობა და მისი თანმდევი შედეგები საქართველოში 2004-2021 წლებში. განმარტებულია, თუ რას ნიშნავს სისხლის სამართლის რეპრესიული და ლიბერალური პოლიტიკა და რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს სისხლის სამართლის პოლიტიკამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე. 2004-2021 წლები პირობითად დაყოფილია ორ ნაწილად: ● 2004-2012 წლები – როდესაც ქვეყანაში გაცხადებული იყო რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რაც თავისთავად სრულად აისახა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე. ● 2012-2021 წლები – როდესაც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების მიმართ ცალსახად და აშკარად მოხდა ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება. ნაშრომში განხილულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, როგორც ლიბერალური პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო საკანონმდებლო აქტი. წარმოდგენილია და გაანალიზებულია სხვადასხვა ქვეყნების (როგორც კონტინენტური ევროპის სამართლის, ასევე, ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნების) კანონმდებლობა სტატიის მიზნებისათვის. ნაშრომში, ასევე, განხილულია არაერთი ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. და ბოლოს, გაანალიზებულია, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები გამოიწვია სისხლის სამართლის რეპრესიული/ლიბერალური პოლიტიკის გატარებამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე და აღნიშულიდან გამომდინარე, გაცემულია რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაც უფრო სრულყოფილს გახდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს.

    Keywords: Juvenile, Repressive, Justice, Liberal


    Language: GE

    Download





    შესავალი

    შეუძლებელია ვისაუბროთ სამართლებრივ სახელმწიფოზე, თუ რეალურ ცხოვრებაში მის პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემებს შორის შეუთავსებლობა იქნება. სამართლებრივ სახელმწიფოში განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდენენ მისი თითოეული მოქალაქის უფლებებზე. სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის მისი მოქალაქეების თანასწორუფლებიანობის დაცვა, რომლის მთავარი გარანტი არის კანონი. ყოველი კონკრეტული კანონის მისაღებად საჭიროა ქვეყნის გამოკვეთილი პოლიტიკური ნება. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოში ვერ იარსებებს პოლიტიკურად ნეიტრალური კანონი, რამდენადაც კანონი თავისთავად ასახავს ქვეყნის პოლიტიკას. მარტივი ჭეშმარტებაა, რომ საკანონმდებლო ორგანოში კანონებს პოლიტიკოსები იღებენ, ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კანონი არის ერთგვარი „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ ამა თუ იმ საკითხზე. აღნიშნულ „პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“ კი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ/აღასრულებენ ან/და არღვევენ მოქალაქეები ნებსით თუ უნებლიედ.
    სახელმწიფო პოლიტიკისა და სამართლის სინთეზი იძლევა საშუალებას განისაზღვროს ქვეყანაში სამართლის პოლიტიკა. ნაშრომის მიზნებისთვის ვისაუბრებთ არა ზოგადად ქვეყნის მიერ განსაზღვრულ სამართლის პოლიტიკაზე, არამედ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და ამ უკანასკნელის გავლენაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე.
    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის პოლიტიკის არსი არის სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ. სისხლის სამართლის პოლიტიკა კი პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად: რეპრესიულ და ლიბერალურ პოლიტიკად, რომელთა შორის სხვაობაც თვალსაჩინოა და აისახება სამართალდამრღვევი პირების მიმართ დამოკიდებულებაში, მათ მიმართ გამოყენებულ სასჯელში.
    სწორედ სისხლის სამართლის პოლიტიკის არსზე ვისაუბრებთ წინამდებარე ნაშრომში და განვიხილავთ, თუ რა გავლენა აქვს ამ უკანასკნელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე. გაანალიზებული იქნება, თუ რას ნიშნავს რეპრესიული და ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა. რა ცვლილებები განიცადა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებამ საქართველოში განვლილ 20 წელიწადში.
    წარმოდგენილ ნაშრომში, ასევე, განვიხილავთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის მიღებიდან თითქმის 6 წელიგავიდა, ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ნოვაციად ითვლება ქართული საკანონმდებლო სივრცისთვის.
    ასევე, ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ საპროცესო მოქმედებებზე, როგორიცაა განრიდება-მედიაცია, რომლის არსებობა/გამოყენება პირდაპირპროპორციულად დადებით გავლენას ახდენს არაასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე.
    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვისაუბრებთ და შევაფასებთ, თუ რა გავლენა მოახდინა სისხლის სამართლის პოლიტიკამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე. 2004-2021 წლებში სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო თუ არა რელევანტური ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა. ასევე, ნაშრომში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა; წარმოდგენილია სხვადასხვა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ საქმეზე

    რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (2005-2012 წწ.)

    თუ სისხლის სამართლის პოლიტიკის არსის განსაზღვრისას სხვადასხვა მეცნიერის მოსაზრებებს დავეყრდნობით, შემდეგ მოცემულებას მივიღებთ – სისხლის სამართლის პოლიტიკის არსი არის სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ. დანაშაულის ჩამდენი პირები კი პირობითად შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად:
    1. პირები, რომელთაც არ მიუღწევიათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკისთვის;
    2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები;
    3. სრულწლოვანი პირები, რომელთან ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ან/და დანაშაულები.
    საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით1 14 წლამდე პირს არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; 14-18 წლამდე პირი არასრულწლოვანია და მის მიმართ გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ნორმები; 18 წლისა და მეტი ასაკის პირზე კი ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული და დადგენილი ნორმები.
    აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მოქმედი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება 14 წლიდან 18 წლამდე ასაკის პირებზე ვრცელდება.2 რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმადაც: 14 წლიდან 18 წლამდე პირი ითვლება არასრულწლოვნად3 . რაც შეეხება დიდ ბრიტანეთსა და უელსის სამეფოს, აქ, ზემოხსენებული კონტინენტური სამართლის ქვეყნებისაგან განსხვავებით, 10 წლიდან პირზე უკვე შეიძლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ნორმების გატარება, კერძოდ, ამ ტერიტორიებზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება 10 წლიდან 17 წლამდე პირის მიმართ.4
    არასრულწლოვნის ზოგადი დეფინიცია არ არსებობს და, გარკვეულწილად, იგი დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და ა.შ. მდგომარეობაზე. სხვადასხვა ქვეყანაში არასრულწლოვნის ასაკის დასადგენად იყენებენ სხვადასხვა მეთოდს. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში
    კერძოდ, გერმანიაში იყენებენ სამედიცინო მეთოდს – რენტგენს,5 რაც გარკვეულწილად პოლემიკის საგანია, ვინაიდან მეცნიერთა და ექიმების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სამედიცინო ჩარევა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებისამებრ და არა სხვა მიზნებისთვის. სწორედ გერმანიაში რენტგენის გადაღების შემდეგ ხდება დადგენა – პირი არასრულწლოვანია თუ არა. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება მას შემდეგ, რაც პირის ასაკის განსაზღვისათვის სხვა სარწმუნო მონაცემების მოძიება ვერ ხერხდება.
    „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პირველი მუხლის თანახმად – „ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის პირი, თუკი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას“,6 ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლი განსაზღვრავს არასრულწლოვნების ასაკს, კერძოდ: „არასრულწლოვანია ის პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი“;7 ხოლო კანონში მყოფია ის არასრულწლოვანი, რომელმაც დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
    აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1999 წლის გადაწყვეტილებაში (T. v. THE UNITED KINGDOM) განმარტა, რომ ტერმინს – არასრულწლოვანი – კონვენციის მიზნებისთვის აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. ასევე, გააკეთა შენიშვნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (72)29 რეზოლუციაზე, სადაც კომიტეტი იძლევა მითითებას, რომ ყველა სახელმწიფოში არასრულწლოვანების ასაკად დადგენილ იქნეს 18 წელი.8
    როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში 18 წლამდე პირი არასრულწლოვნად ითვლება. არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული ყველა ქვეყნისთვის ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ვინაიდან, ასაკიდან გამომდინარე, საკმაოდ სენსიტიურია პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება. არასრულწლოვანი პირების მიერ ჩადენილი დანაშაული საჭიროებს სწორ გააზრებას, პრობლემის აღმოფხვრის გზების მოძიებას. არ შეიძლება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ „დაუფიქრებლად“ გამოიყენებოდეს მხოლოდ სანქცია/სასჯელი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში „დაუფიქრებელი“ სასჯელი არ გვაძლევს საშუალებას, რომ პრობლემა ძირშივე აღმოვფხვრათ, რაც, თავისთავად, ახალი პრობლემის წარმოშობას უწყობს ხელს.
    2004-2012 წლებში არსებული რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა შეეხო ყველას, მათ შორის, კანონთან კონფლიქტშიმყოფ არასრულწლოვნებს.
    რა არის რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა – თუკი სახელმწიფო ირჩევს რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის გზას, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ხდება მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის გამოყენება. „ნულოვანი ტოლერანტობა“ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტერმინია, როდესაც ვსაუბრობთ რეპრესიულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, ვინაიდან დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ამ დროს, შეიძლება ითქვას, ნულოვანი შემწყნარებლობაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოლიტიკის გატარებას, რიგ შემთხვევაში, თან ახლავს სისხლის სამართლის კოდექსში სანქციების გამკაცრება.
    საქართველოში, 2005 წელს, იმდროიდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დანაშაულის მიმართ და, შესაბამისად, იმ პირების მიმართ, რომელთაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, ცხადდებოდა სრული შეუწყნარებლობა – „ნულოვანი ტოლერანტობა“. სწორედ აღნიშული განცხადება
    გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოში 2012 წლამდე გრძელდებოდა სისხლის სამართლის რეპრესიული პოლიტიკა.
    არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაქცია იყო თანმიმდევრული და სრულიად გასაგები. სახელმწიფოსათვის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი არ იყო შემთხვევა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება და შეფასება სჭირდებოდა. პირიქით, თითქოს ინიდივიდუალურადაც კი არ განიხილებოდა მათი საქმეები და სახელმწიფოში არსებული „გაიდლაინების“ შესაბამისად ექცეოდნენ ყველას დანაშაულის ჩადენის მოტივის, სოციალური მდგომარეობისა და, რაც მთავარია, ასაკის განურჩევლად.
    2004 წლიდან 2008 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი იყო 14 წელი. თუმცა, რეპერსიულ პოლიტიკას თითქოს ლოგიკურად მოყვა სისხლისსამართლებრივი პასუხსიმგებლობის ასაკის დაწევა 12 წლამდე და, სამწუხაროდ, 12 წლის ბავშვი ჩაითვალა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეულ პირად. შესაბამისად, 2008 წლის 1-ელი ივლისიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით – „ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ხოლო ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე, 137-ე, 178-ე (გარდა პირველი ნაწილისა), 179-ე და 2381 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება – იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თორმეტი წელი“.9 როგორც ვხედავთ, ყველა მუხლს არ შეხებია სს პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა, თუმცა აღნიშნული მუხლებით (განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, გაუპატიურება, ძარცვა, ყაჩაღობა და 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) ხდებოდა 12 წლის არასრულწლოვნების გასამართლება.
    სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა და დაგმო, ვინაიდან 12 წელი მეტად მცირე ასაკია იმისათვის, რომ არასრულწლოვმა გაიაზროს და შემდეგ პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულის გამო. აღნიშნულის გარდა, გაჩნდა კითხვები: სასჯელი 12 წლის ბავშვისათვის ასრულებდა თუ არა თავის ფუნქციას? იყო თუ არა რელევანტური და აღწევდა თუ არა დასახულ მიზანს – მომხდარიყო პირის რესოციალიზაცია, გამოსწორება და ა.შ.?.. საქართველოს სახალხო დამცველისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციითა და რჩევით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 2010 წელს ისევ 14 წელი გახდა, რაც რა თქმა, უნდა მისასალმებელია, თუმცა შეუწყნარებელი პოლიტიკა კვლავ გაგრძელდა. სახელმწიფო ჯიუტად უარს ამბობდა არასრულწლოვნებს მაინც მოპყრობოდა შედარებით ლიბერალურად. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება აუცილებელად უნდა იყოს თანმიმდევრული, რათა სასჯელმა შეასრულოს თავისი მიზანი და მოახდინოს პირის რესოციალიზაცია. როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვნებს და მითუმეტეს, მათ მიმართ მართლმსაჯულების აღსრულებას, აუცილებელია, რომ მათ მიმართ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნას სხვადასხვა დარგის პროფესიონალების აზრი (მაგ: ფსიქოლოგი, მასწავლებელი, ექიმი, ადვოკატი და ა.შ.) და სწორედ მათთან კოლაბორაციით უნდა მოხდინოს სახელმწიფომ ცვლილებების გატარება რომელიც არც არასრულწლოვანთა და არც სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს.
    სისხლის სამართლის რეპრესიული პოლიტიკა 2005 წლიდან უფრო და უფრო იკრებდა ძალას, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოიხატა სტატისტიკაში. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ, უმეტეს შემთხვევაში, – პატიმრობა და სასჯელის სახედ კი უმკაცრესი ზომა – თავისუფლების ვადიანი აღკვეთა გამოიყენებოდა. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თავისუფლების შეზღუდვა/აღკვეთა არასრულწლოვნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას უკიდურეს შემთხვევაში და აქაც უნდა მოხდეს მინიმალური ვადის გამოყენება შესაძლებლობის ფარგლებში. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2008 წლის 5 ნოემბრის რეკომენდაციებში საუბარია უფლებაზე – იყო „თავისუფალი“. ასევე, განმარტებულია, რომ თავისუფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევას. აუცილებელ პირობად მითითებულია საგამონაკლისობა.10
    წარმოდგენილ ცხრილებში მოცემულია 2004-2021 წლების სტატისტიკა, სადაც წლების მიხედვითაა ნაჩვენები11, თუ რამდენ არასრულწლოვანს დაედო მსჯავრი
    აღნიშნულ ცხრილებში ნათლად ჩანს, რომ რეპრესიული პოლიტიკის გამოცხადებიდან (2005 წელი) ზუსტად ერთ წელიწადში (2006 წელი) მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა 2008 წელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ, 2008 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 5.6% შეადგენა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ.
    სტატისტიკის მაღალი მაჩვენებელი 2012 წლამდე შენარჩუნდა. მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციები და სამართლებრივი აქტები, რომლებთანაც საქართველო არის მიერთებული, მიუთითებენ, რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ: ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად: „თავისუფლების აღკვეთა შეიძლება მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით და ისიც დროის რაც შეიძლება შესაბამისი მოკლე პერიოდის განმავლობაში“.12 პეკინის წესების მე-17 წესი ითვალისწინებს, რომ დაკავება: „არ უნდა შეეფარდოს არასრულწლოვან პირს, თუ ის არ არის ცნობილი დამნაშავედ სერიოზული ქმედების ჩადენაში სხვა პირის მიმართ ძალადობის გამოყენებით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთჯერად ჩადენაში, ასევე თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა“.13 თუმცა, არცერთი მათგანის გათვალისწინება არ ხდებოდა.
    ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ასახავს სისხლის სამართლის რეპრესიულ პოლიტიკას ყველაზე კარგად. „ნულოვანი ტოლერანტობა“, გამოხატული რიცხვებში – ამგვარად შეგვიძლია შევაფასოთ წარმოდგენილი სტატისტიკა. განრიდება და მედიაცია, როგორც სისხლის სამართლებრივი პროცესუალური მოქმედებები დროის ზემოხსენებულ პერიოდში თითქმის სრულად იყო უგულებელყოფილი, რაც, რა თქმა უნდა, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოს დადებითად არ ახასიათებს
    2008 წლიდან 2012 წლამდე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშნულმა სტატისტიკურ შკალაში თითქოს დაიკლო, მაგრამ მაინც შენარჩუნდა მაღალი მაჩვენებელი,14 რაც, რა თქმა უნდა, რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგრძელების უტყუარი მაჩვენებელი იყო.
    ჩვენი შეფასებით, რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის მთელი სრულყოფილებით გატარება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ არ არის გამართლებული, ვინაიდან არასრულწლოვნებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიან, განსაკუთრებული მოპყობა სჭირდებათ. არასრულწლოვანი პირი, 14-18 წლის ასაკში, განიცდის უდიდეს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, მორალურ თუ მენტალურ ცვლილებებს, შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების გატარება უნდა მოხდეს მეტი სიფრთხილით და დაკვირვებით, რათა დაკისრებულმა პასუხისმგებლობამ არ გამოიწვიოს უკურეაქცია, რომელიც მთელ მის ცხოვრებას შეცვლის არასწორი მიმართულებით. რა თქმა უნდა, არ ვეწინააღმდეგებით რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას, თუ ქვეყანაში არის აღნიშნულის აუცილებლობა. თუმცა ის მოსაზრება, რომ არასრულწლოვნებმა უნდა გაითავისონ, თუ რას ნიშნავს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება – არის აუცილებელი და შესასრულებელი მოცემულობა. და ბოლოს, ბალანსი ჩადენილ დანაშაულსა და სასჯელს შორის ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

    ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (2012-2021 წწ.)

    2012 წელს საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რის შემდგომაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება. არჩევნების ჩატარებას წინ უძღოდა ტელევიზიის საშუალებით ე.წ. „ციხის კადრების“ გავრცელება, რომელმაც საზოგადოება შეძრა, რადგან გასაჯაროებული კადრებით მხილებულ იქნა 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციური სისტემის მანკიერი მხარეები. კერძოდ: ციხეებში ხდებოდა ბრალდებული და მსჯავრდებული პირების წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ციხეებში არსებული გარემო იყო აშკარად შეუსაბამო საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ და დადგენილ გარემოსთან. ციხის თანამშრომლების მიერ აშკარად და დაუფარავად ხდებოდა უფლებამოსილების გადამეტება და ისინი სჩადიოდნენ საერთაშორისო კონვენციებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მუდმივად გვხვდებოდა სახალხო დამცველის წლიურ და სპეციალურ ანგარიშებში. ასევე, ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მოძიებაა შესაძლებელი, სადაც საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებში მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე3, მე-6 მუხლების დარღვევა.15
    რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად ციხეები იყო გადავსებული, ვინაიდან, უმეტეს შემთხვევაში, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოიყენებოდა პატიმრობა, მსჯავრდებული პირების მიმართ სასჯელის სახედ კი – ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულის ერთ-ერთი დადასტურებაა საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის (თებერვალი-მარტი) საპარლამენტო ანგარიში, სადაც ვკითხულობთ: „ქ. თბილისის #1 საპყრობილის ლიმიტია 750; მონიტორინგის დროს დაწესებულებაში განთავსებული იყო 955 მსჯავრდებული. საპყრობილე შედგება 4 სართულისა და 50 საკნისაგან. ადმინისტრაციის შენობაში სამეურნეო ნაწილში მომსახურე მსჯავრდებულთათვის გამოყოფილია 8 საკანი. საპყრობილის საკნების ფართი არ შეესაბამება „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტებს. საპყრობილეს არ გააჩნია საშხაპე ოთახი და შხაპის მიღება შეუძლიათ საპირფარეშოში დამონტაჟებული ე.წ. „ატმორის“ მეშვეობით. საკნებში არსებული საპირფარეშოები არის ღია მდგომარეობაში და მსჯავრდებულებს პოლიეთილენის პარკები აქვთ გაკრული. არცერთ საკანში ფანჯრებს არ აქვს მინები და ისინიც პოლიეთილენით არის დაფარული. ასევე, ჭერზეც გაკრული აქვთ პოლიეთილენის პარკები, ვინაიდან ცვივა ბათქაში. მსჯავრდებულთა განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როცა ჯანმრთელი და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულები ერთად არიან საკანში განთავსებულნი. საკნებში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულთა იქ ყოფნა შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადამიანური მოპყრობა“.16 აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერი სახალხო დამცველის 2006-2012 წლის ანგარიშებში მრავლად გვხვდება. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ – „არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში დაწესებულების ლიმიტი არის 160; მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 179 მსჯავრდებული. დაწესებულებაში არის ერთი საცხოვრებელი კორპუსი, ე.წ. ბარაკული სისტემა (25-27 ადგილიანი 7 საცხოვრებელი ოთახი). საკნების ფართობი არ შეესაბამება ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტებს“.17
    არჩევნების გზით შეცვლილმა ხელისუფლებამ ერთი-ერთი პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ 2012 წელს მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ,18 რომელიც პირთა ფართო წრეს შეეხო და ძალიან ბევრმა მათგანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება. ცალკე განსჯის საგანია, რამდენად სწორია საპატიმრო დაწესებულება დატოვოს ერთიანად პირთა ფართო წრემ და სახელმწიფოს არ ჰქონდეს შემუშავებული გეგმა, რათა სწორედ მოხდეს საპატიმროდან გამოსული პირების რესოციალიზაცია. განსახილველ თემაში კი ვსაუბრობთ 2012 წელს სახელმწიფოში დაწყებულ ლიბერალურ სისლხის სამართლის პოლიტიკაზე.
    რა არის ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა – ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა გამოირჩევა თავისი შემწყნარებელი ხასიათით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის მიმართ. ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის დროს ქვეყანაში ხდება მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმების შემსუბუქება – ლიბერალიზაცია ან/ და ლიბერალური კანონმდებლობის მიღება. პირობითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში 2012 წლის სექტემბრის თვეში დასრულდა სისხლის სამართლის რეპრესიული პოლიტიკა. პირველი დასტური აღნიშნულისა არის 2012 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ. აღნიშნული კანონი იყო საკმაოდ ფართომასშტაბიანი და იგი პირთა ძალიან ფართო წრეს შეეხო.
    დამნაშავე პირიების მიმართ მეტად ლოიალური და ლიბერალური ქცევის წესები შემუშავდა. აქტიურად ამუშავდა ისეთი საპროცესო მოქმედებები, როგორიცაა: განრიდება და მედიაცია. პატიმრობის, როგორც აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება ბრალდებული პირების მიმართ, ცალსახად შემცირდა და სხვა აღმკვეთ ღონისძიებებს მიენიჭა უპირატესობა; მოხდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გარკვეული სანიქციების შემცირება, რაც თავისთავად სისხლის სამართლის ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარეობდა.
    ნიშანდობლივია, რომ კანონში „ამნისტიის შესახებ“ პირველივე მუხლში ვკითხულობთ: – „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“. 19 კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებზე ფიქრი ხელისუფლების შეცვლის შემდგომ პირველივე საკანონმდებლო აქტით დაიწყო, რასაც მოყვა მთელი რიგი სიახლეების დანერგვა, რომელმაც არასრულწლოვნების სამართლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
    თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოება – მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ „ამნისტიის შესახებ კანონის“ მიღებით მრავალი არასრულწლოვანი გაათავისუფლა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ამ მოვლენას მაინც ვერ შევაფასებთ სრულად დადებითად. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირმა (არასარულწლოვანმა) პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისგების შემდგომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია, რაც სამწუხაროდ, იმ პერიოდში სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო. არ იყო შესაბამისი ფუნქციური დაწესებულებები, რომლებიც არასრულწლოვნების დროულ და სწორ რესოციალიზაციას მოახდენდნენ. როდესაც პირი ტოვებს საპატიმრო დაწესებულებას, აუცილებელია ამის შემდეგ სახელმწიფომ კვლავ გააგრძელოს მასთან მჭიდრო ურთიერთობა და, ფსიქოლოგი იქნება ეს თუ სხვა სპეციალიზირებული პირის დახმარებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნის „სწორი“ დაბრუნება სოციუმში, სადაც ამ უკანასკნელმა უნდა გააგრძელოს ცხოვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მივიღოთ უფრო ცუდი შედეგი, ვიდრე სასჯელის დანიშვნამდე გვქონდა.
    საქართველოში ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის არსებობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია სისხლის სამართლის ისეთი საპროცესო მოქმედებების გამოყენება, როგორიცაა განრიდება-მედიაცია. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წელს მეტი და მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, როდესაც პროკურორი იყენებდა დისკრეციულ უფლებამოსილებას არასრულწლოვნების მიმართ და არ იწყებდა ან წყვეტდა დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას კანონში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ
    ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, სახელმწიფო ვალდებულია ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას (რაც დაკავშირებული იქნება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების სამართლებრივ მდგომარეობასთან), აუცილებლად მოახდინოს პრობლემის ძირეული კვლევა, შეაფასოს არსებული კრიმინოგენური ვითარება და ინდივიდუალურად გადაწყვიტოს თითოეული საქმე.
    როგორც რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ასევე, ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის პირობებში შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული იქნას მთელი რიგი შეცდომებსა, რომლებიც შემდგომში დაღს ასვამს როგორც თავად კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს, ასევე, საზოგადოებას, სადაც ეს პირები სჩადიან დანაშაულს. ყოველთვის საჭიროა დაცულ იქნას ოქროს შუალედი, რაღა თქმა უნდა, არსებული მდომარეობის შეფასების შემდგომ.
    შეუსაბამოდ მკაცრი სასჯელი გვაძლევს არასასურველ შედეგს, აგრეთვე, დაუსჯელობა და ჩადენილი დანაშაულის „შეუფასებლობა“ იძლევა სავალალო შედეგს: როგორც დამნაშავე პირისათვის, ასევე, საზოგადოებისათვის, სადაც ეს დამნაშავე ცხოვრობს.
    ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის კვალდაკვალ სტატისტიკურად ცალსახად მოიმატა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ განრიდების, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცესუალური მოქმედების, გამოყენებამ.აღსანიშნავია, რომ განრიდების პროგრამა არასრულწლოვანთთავის 2010 წლის ნოემბერში ამოქმედდა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681 მუხლში ვკითხულობთ: „პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს ან რამდენიმეს“. 20 2010 წლიდან 2021 წლამდე განრიდების პროგრამის მეშვეობით, განრიდებულია დაახლოებით 5000-მდე არასრულწლოვანი (14-18) და ახალგაზრდა (18-21).21
    საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681 მუხლში ვკითხულობთ: „პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს ან რამდენიმეს“.22
    თუ კი ზემოთ მოყვანილ სტატისტიკას უფრო მეტად ჩავშლით, ვნახავთ რომ 2010 წელს მხოლოდ 2 არასრულწლოვნის განრიდება მოხდა23, მაშინ როდესაც 883 არასრულწლოვანი მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში24
    აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანთა მიმართ ლიბერალური მიდგომებით ხასიათდება. პრევენციის ეროვნულ ცენტრის თანახმად:
    „განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების, როგორც მთლიანობის, გაჯანსაღებაზე.

    პროგრამის მიზნები:

    1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს ლიბერალიზაცია;
    2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა;
    3. არასრულწლოვნის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენცია;
    4. არასრულწლოვნის რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია;
    5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესება“25
    გარდა აღნიშნულისა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი კანონი, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტია, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნები განმარტებულია კოდექსის პირველივე მუხლში – „ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის
    დაცვა“.26 რა თქმა უნდა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლების სამივე შტოს წამომადგენლები. აუცილებელია, რომ არასრულწლოვანმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე კი არ ძალადობს, არამედ იცავს მის საუკეთესო ინტერესებს და ეხმარება, რომ გაიაზროს მის მიერ ჩადენილი დანაშაული, გამოსწორდეს და მოახდინოს სოციალიზაცია საზოგადოებაში, რომელშიც მან დანაშაული ჩაიდინა და რომელშიც იგი დაბრუნებას აპირებს, დანაშაულზე პასუხისგების შემდგომ.

    არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა:

    1. ცალსახად ლიბერალური მიდგომები შემოიტანა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში;
    2. თავი მოუყარა კოდექსში ყველა იმ საკითხს, რომლებიც ეხება არასრულწლოვნებს და სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში იყო გაბნეული;
    3. აღდგენითი მართლმსაჯულების გამოყენება გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტი;
    4. არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა ასევე პრიორიტეტული გახდა;
    5. შესაძლებელი გახდა განრიდება არა მხოლოდ 18 წლამდე არასრულწლოვნების მიმართ, არამედ 21 წლის პირების მიმართ განხორციელდეს;
    6. და ბოლოს, რაც ლიბერალური სისხილს სამართლის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სანქციების დაწევა (მაქსიმალურმა სასჯელმა 15 წლიდან 12 წლამდე დაიწია (თავისუფლების ვადიანი აღკვეთა)).
    ამრიგად, წარმოდგენილი სიახლე ქართულ მართლმსაჯულებაში ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, რაც თავისთავად ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას. თუმცა, ლიბერალური მიდგომები მაშინ მუშაობს უნაკლოდ და გამართულად, როდესაც ქვეყანაში არსებითი პრობლემები მოგვარებული და გადაჭრილია. კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა იყოს მინიმუმ დამაკმაყოფილებელი და ადამიანებს არ უწევდეთ იმაზე ფიქრი, თავი როგორ გაიტანონ.
    2004-2021 წლების დანაშაულის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დანაშაულის 80-85% საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულზე მოდის – ქურდობა, ძარცვა და, იშვიათ შემთხვევებში, ყაჩაღობაც. ვნახეთ, რომ 2004-2012 წლებში კატასტროფული ტემპით იზრდებოდა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობა. 2012-2021 წლებში აშკარა გახდა, რომ უფრო და უფრო ნაკლები არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა ხდებოდა და მეტი განრიდების ფაქტები ფიქსირდებოდა. თუმცა, ორივე შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვნების მიმართ ტარდებოდა რეპრესიული თუ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა, დანაშაულის სახე, რასაც ყველაზე ხშირად სჩადიოდნენ და სჩადიან არასრულწლოვნები, საკუთრების წინააღმდეგ არის მიმართული (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა). საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულის მოტივი კი არის რაიმე სახის მატერიალური სარგებლის მიღება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მიუხედავად სისხლის სამართლის პოლიტიკისა, რომელიც უდავოდ დიდ გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, მიუხედავად დაწესებული სანქციებისა, აუცილებელია, ქვეყანამ არა მარტო საკანონმდებლო თვალსაზრისით, არამედ სოციალურადაც იზრუნოს არასრულწლოვნებზე, მის ყველაზე დაუცველ მოქალაქეებზე, ყველაზე მოწყვლად არასკობრივ ჯგუფზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი მძიმე შედეგი, როგორიცაა არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან აღნიშული მაინც ტოვებს თავის კვალს 14-18 წლამდე პირებზე და მათ შემდგომ განვითარებაზე

    დასკვნა

    ამგვარად, ნაშრომში განხილულია რეპრესიული და ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის გავლენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე. ორივე შემთხვევა განხილულია საქართველოს უახლოესი ისტორიის მაგალითებზე. გაანალიზებულია საქართველოში, 2004 წლიდან 2021 წლამდე არსებული მდგომარეობა.
    2004-2012 წლებში საქართველოში ყველა პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, ან სახელმწიფო ედავებოდა მის ჩადენას, გატარდა სისხლის სამართლის რეპრესიული პოლიტიკა. ყველაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება არასრულწლოვნებიც. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ რეპრესიული პოლიტიკა ტარდებოდა მთელი სიმკაცრით
    ნაშრომში განხილულია დროის ზემოხსენებულ პერიოდში არსებული სტატისტიკა და გაკეთებულია შედარებითი ანალიზი 2004- 2012 წლებისა – 2012-2021 წლებთან. ნაჩვენებია, რომ სტატისტიკა ყოველ წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვნების სულ უფრო მეტ რაოდენობას უჩვენებდა. ასევე, განხილულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები,27 სადაც სხვა სენსიტიურ საკითხებთან ერთად ნაჩვენებია, რომ დროის აღნიშნულ პერიოდში ციხეები იყო გადატვირთული და, მინიმუმ, ირღვეოდა „პატიმრობის კოდექსი“,28 რომ არაფერი ვთქვათ „საქართველოს სისხლის სამართლის” კოდექსსა და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მესამე და მეექვსე მუხლებით დაცულ უფლებებზე, აღნიშნული დარღვევები კი პირდაპირ კავშირშია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან
    2012-2020 წლების ანალიზისას ვნახეთ, რომ ქვეყანაში 100%-ით შეიცვალა სისხლის სამართლის პოლიტიკა. რეპრესიული პოლიტიკა შეიცვალა ლიბერალური პოლიტიკით. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ ამოქმედდა მთელი რიგი საშეღავათო პირობები. პირველ რიგში, ყურადღება გამახვილებულია კანონზე „ამნისტიის შესახებ“, რომლითაც როგორც არასრულწლოვანი, ასევე, სრულწლოვანი პირების მიმართ დაიწყო სახელმწიფომ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება. გამოკვეთილია, თუ რა ხარვეზი ჰქონდა კანონს „ამნისტიის შესახებ“
    საუბარია მართლაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კანონზე, როგორიცაა 2016 წელს მიღებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტია, რომელიც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს არის მორგებული. კანონში თავმოყრილია ყველა ის ნორმა, რომელიც მანამდე გაბნეული იყო სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში.
    ნაშრომში გაანალიზებულია სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დისკრეციული დევნის უფლებამოსილების გამოყენების სტატისტიკა. აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული უფლების გამოყენება განრიდება-მედიაციის ჭრილში უფრო და უფრო ხშირად ხდებოდა 2012-2020 წლებში და ამის დასტურად მოყვანილია საქართველოს გენერალური პროკურატურის სტატისტიკა, სადაც ჩანს, თუ როგორ იმატებს ყოველწლიურად განრიდების შემთხვევები.
    ნაშრომში გაანალიზებულია, ასევე, ლიბერალური პოლიტიკის სუსტი მხარეები. კერძოდ, არ შეიძლება ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა გატარდეს ისე, რომ არ მოხდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება.
    აუცილებელია, რომ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე სახელმწიფოს ჰქონდეს მყისიერი რეაქცია, თუმცა რეაქცია გამოხატული უნდა იყოს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

    ბიბლიოგრაფია

    სახელმძღვანელოები და პუბლიკაციები:

    1. შალიკაშვილი, მ., მიქანაძე, გ., (2016). არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სახელმძღვანელო), მეორე გამოცემა. გამომცემლობა „მერიდიანი“;
    2. ლურსმანაშვილი ლ., თარგმანი, (2015). ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა;
    3. მჭედლიშვილი-ჰედრიხი, ქ., (2015). შენიშვნები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, სამართალი და მსოფლიო, https://lawandworld.ge/PDF/articlesPDF/
    4. ჰამილტონი, ქ., (2011). არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის სახელმძღვანელო მითითებები; ესექსის უნივერსიტეტი: ბავშვთა სამართლებრივი ცენტრი
    5. ბარტელს, ჰ., (2013). ბავშვთა უფლებები: მართლმსაჯულებისა და ალტერნატიული (არასასამართლო) სამართალწარმოების ფარგლებში;
    6. დუნკელ. ფ. (2014) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემები ევროპაში – რეფორმის განვითარება: მართლმსაჯულებას, კეთილდღეობასა და დასჯას შორის“, კრიმინოლოგიის სტუდია;
    7. ბავშვთა უფლებები: მართლმსაჯულებისა და ალტერნატიული (არასასამართლო) სამართალწარმოების ფარგლებში

    საკანონმდებლო აქტები:

    1. საქართველოს კანონი: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, 2015 წ;
    2. კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“, 1989 წ;
    3. გერმანიის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
    4. დიდი ბრიტანეთისა და უელსის სისხლის სამართლის კანონი; 1977 წ
    5. საქართველოს კანონი: „ამნისტიის შესახებ“, 2012 წ;
    6. საქართველოს კანონი: „პატიმრობის კოდექსი“; 2012 წელი;
    7. საქართველოს კანონი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“; 01/072008 წლის მდგომარეობით;
    8. საქართველოს კანონი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“; 15/06/2022 წლის მდგომარეობით;
    9. საქართველოს კანონი: „საქართველოს სისხლის სამარლთლის საპროცესო კოდექსი“; [15/06/2022] წლის მდგომარეობით;
    10. პეკინის წესები, 1985 წ;
    11. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი, 1996 წ.

    ინტერნეტ წყაროები:

    1. Unicef-ის პრეს რელიზი, [19/05/2021]. https://www.unicef.org/georgia/ka
    2. საქართველოს უზენაესი სასამართლო,საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემები.http://www.supremecourt.ge/statistics
    3. საქართველოს პრევენციის ეროვნული ცენტრი; http://prevention.gov.ge/page/28/geo
    4. საქართველოს მთავარიი პროკურატურა, (2020). არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამის ანალიზი. https://pog.gov.ge/uploads/429f65a7-ganrideba-2019-weliconverted.pdf
    5. საქართველოს სახალხო დამცველი, საპარლამენტო ანგარიშები https://ombudsman.ge/geo/angarishebi

    სასამართლო გადაწყვეტილებები:

    1. ალიევი საქართველოს წინააღმდეგ, 2009 წ; https://catalog.supremecourt.ge/blog/foto/117.pdf
    2. რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ, 2009 წ; – https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/ramishvilikoxreidze.pdf
    3. T. v. THE UNITED KINGDOM, 1999 წ. – https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22fulltext%22:[%22t%20v%20united%20kindom%22],%22itemid%22:[%22001-58593%22]}

    სქოლიო:

    1. Law of Georgia “Criminal Code of Georgia”, Article 33. [As of 10/06/2022] https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=241>
    2. German Juvenile Justice Law; The second part of the first section; https://germanlawarchive.iuscomp.org/?p=756#1 [Last seen: 10 June, 2022]
    3. Criminal Code of the Russian Federation. https://www.imolin.org/doc/amlid/Russian_Federation_Criminal_Code.pdf
    4. Blood Law of Great Britain and Wales https://www.cps.gov.uk/crime-info/youthcrime
    5. Mchedlishvili-Hedrikhi, K., (2015). Notes on the Code of Juvenile Justice, Law andWorld, https://lawandworld.ge/PDF/articlesPDF [Last seen: 10 June, 2022]
    6. Convention on the Rights of the Child, (1989) Article 1. [Last seen: 10 June, 2022]
    7. Law of Georgia “Criminal Procedure Code of Georgia”, Article 3. https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=144
    8. European Court of Human Rights, T. v. THE UNITED KINGDOM, (1999), https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22fulltext%22:[%22t%20v%20united%20kingdom%22],%22itemid%22:[%22001-58593%22 > [Last seen: 10 June, 2022]
    9. Law of Georgia “Criminal Code of Georgia”, Article 33; [As of July 1, 2008]. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=241[Lastseen: 10 June, 2022]
    10. Recommendation of the Committee of Ministers of the Council of Europe of 5 November 2008 on the European Rules for juvenile offenders subject to sanctions ormeasures, [05/11/2008] https://sites.unicef.org/tdad/councilofeuropejjrec08(1).pdf
    11. Statistics published by the Supreme Court of Georgia by years are processed; https://www.supremecourt.ge/statistics/
    12. Convention on the Rights of the Child, (1989). Article 37, point "b". https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901?publication=0
    13. Beijing Rules, (1985).
    14. Based on the statistics published by the Supreme Court of Georgia.https://www.supremecourt.ge/statistics/
    15. European Court of Human Rights – "Ramishvili and Kokhreidze v. Georgia" (Case N1704 / 06, 27.01.2009); Aliyev v. Georgia (Case №522 / 04; 13.01.2009);
    16. Parliamentary Report of the Public Defender of Georgia for 2008 (second half)(467 pages);
    17. Parliamentary Report of the Public Defender of Georgia for 2008 (second half)(493 pages);
    18. Law of Georgia on Amnesty, (2012). https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5080134?publication=0
    19. Law of Georgia on Amnesty, (2012) Article 1. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5080134?publication=0 [Last seen: 10 June, 2022]
    20. Criminal Procedure Code of Georgia; [As of 10/07/2022]. https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=144 [Last seen: 10 June, 2022]
    21. Unicef Press Release (2021)https://www.unicef.org/georgia/ka [Last seen: 10 June, 2022]
    22. Law of Georgia "Criminal Procedure Code of Georgia", Article 1681; [As of 10/07/2022]. https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=144[Last seen: 10 June, 2022]
    23. Chief Prosecutor's Office of Georgia. Analysis of the Juvenile Diversion-MediationProgram, (2020) P 7 https://pog.gov.ge/uploads/429f65a7-ganrideba-2019-weli-converted.pdf [Last seen: 10 June, 2022]
    24. Website of the Supreme Court of Georgia, statistics: http://www.supremecourt.ge/statistics [Last seen: 10 June, 2022]
    გამოქვეყნების საფასური
    მთავარი რედაქტორი
    გამოქვეყნების ენა

    dealSeal