×

Cookie Consent

ციფრული იდენტიფიკატორი
შემოკლება
გამოცემა

ამ სტატიაში

    რეზიუმე - Journal Law and World

    Volume 8, Issue 2


    ქორწინების სამართლებრივი რეგულირება

    Authors: Ana Tseradze

    Ana Tseradze

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი

    Email: aceradze@gmail.com



    Affiliation: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი

    Abstract: წინამდებარე სტატია ეხება საოჯახო სამართლის ერთ-ერთ ძირითად ინსტიტუტს – ქორწინებას. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად საქორწინო ურთიერთობებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. სტატიაში განხილულია ქორწინების იურიდიული ბუნება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები. ქორწინებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ის საწყისს იღებს კაცობრიობის დაბადებიდან. დღევანდელობაში ქორწინების ინსტიტუტის შესწავლა განპირობებულია საზოგადოებრივი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. აღნიშნული ინსტიტუტი შეიძლება მივიჩნიოთ ცოცხალ ორგანიზმად, რომელიც მოითხოვს განვითარებასა და დახვეწას დროის სხვადასხვა ეტაპზე. საოჯახო სამართლის წარსულში მოქმედმა სამართლის ნორმებმა თანამედროვეობაში ძალა დაკარგა. სოციუმის მოთხოვნების ზრდა ცვლილებას იწვევს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლებიც უზრუნველყოფს პირის უფლებას – იყოს სრულყოფილი საზოგადოების წევრი. მაშასადამე, ქორწინება არის რთული, სოციალურ ურთიერთობებზე აგებული ფენომენი, რომელიც თავისთავში მოიცავს სამართლებრივ სტადიებს: ქორწინების რეგისტრაცია, მეუღლეთა უფლება-მოვალეობანი ქორწინების განმავლობაში, ქორწინების შეწყვეტა/განქორწინება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საოჯახო სამართლის ერთ-ერთ ყველაზე მრავალწახნაგოვან ინსტიტუტს სწორედ აღნიშნული ინსტიტუტი წარმოადგენს. წარმოდგენილ სტატიაში ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობის წარმოჩენასა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების განხილვას შევეცდები. ცნობილია, რომ საოჯახო სამართლის ინსტიტუტი ძალიან ფართოა. ამჟამად ჩემი ინტერესის სფეროს ქორწინების სამართლებრივი მოწესრიგება წარმოადგენს, ამისათვის გავაანალიზებთ არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, მიმოვიხილავთ სასამართლო გადაწყვეტილებებს და გავიზიარებთ უცხო ქვეყნების პრაქტიკას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

    Keywords: Marriage registration, Unregistered marriage, legal consequences of a registered marriage


    Language: GE

    Download





    შესავალი

    ქორწინების საკითხი დღევანდელ რეალობაშიც არ კარგავს აქტუალობას. ძველი დროიდან მოყოლებული, ოჯახი ქართველი ერისათვის სიწმინდეს წარმოადგენს, ოჯახის შექმნა კი ქორწინებით იწყება.
    ქორწინება საოჯახო სამართლის ცენტრალური ინსტიტუტია. ამ ინსტიტუტით დაინტერესებული არიან არა მარტო იურისტები, არამედ სხვადასხვა დარგის მეცნიერები, რადგან მისი განვითარება საზოგადოების ფართო წრეზე აისახება.
    ქორწინების უფლება კონსტიტუციური უფლებაა. მას საზოგადოების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვს. გარდა ეროვნული კანონმდებლობისა, ქორწინების უფლება დაცულია ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტებით, როგორიცაა: „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციია“, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ და ა.შ
    ქორწინების რეგისტრაცია წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, ხოლო მეუღლეებს შორის უფლება-მოვალეობები მოითხოვს სამართლებრივ მოწესრიგებას

    ქორწინების არსი და პირობები

    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაზე აგებული კავშირი, რომლის რეგისტრაცია ხორციედება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში“.1
    შ. ჩიკვაშვილი განმარტავს, რომ ქორწინების ცნების მხოლოდ სამართლებრივი გაგება არ იქნება სრულყოფილი, რადგან ქორწინება წარმოადგენნს რთულ კომპლექსურ მოვლენას, რომელზეც, სამართლის კანონების პარალელურად, გავლენას ახდენს ეთიკის, მორალისა და ეკონომიკის ნორმებიც. ქორწინება ოჯახის შექმნის ძირითადი საფუძველია, მაგრამ არა ერთადერთი. ოჯახი შეიძლება წარმოიშვას დაუქორწინებელი ქალის მიერ ბავშვის გაჩენის საფუძველზე, ასევე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირების თანაცხოვრებისა და სხვა ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.2
    ქორწინების ცნებაში მთავარი ელემენტია ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. როგორც იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი პ. გ. სვიატოსავიჩი აღიშნავს, საოჯახო სამართლისა და სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარეობს პრეზუმფცია იმის თაობაზე, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი.3
    ქორწინების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა პირობითად იყოფა სამ წრედ: ეს არის შიდა წრე, რაც გულისხმობს ცოლქმრულ ურთიერთობას, შუალედურ წრეში იგულისხმება ყოფითი ერთობა მეუღლეთა შორის და გარე წრე, მაგალითად, ალიმენტის გადახდა და ა.შ. ჩამოთვლილთაგან სამართლებრივი შედეგი აქვს სამივე სფეროს, მაგრამ სამართლებრივად განხორციელებად მოთხოვნებს წარმოშობს მხოლოდ გარე წრე.4
    დაქორწინების ძირითადი და აუცილებელი პირობები და გარემოებებია დასაქორწინებელ პირთა ასაკი და მათი თანხმობა. იურიდიულ ლიტერატურაში აღნიშნული მოხსენებულია, როგორც ქორწინების პოზიტიური პირობები. თანამედროვე საქორწინო-საოჯახო სამართალმა თანხმობა მიიჩნია კონსტიტუციურ პრინციპად და მისი არარსებობა ქორწინების ბათილობის საფუძვლად არის ცნობილი. დასაქორწინებელ პირთა თანხმობა უნდა იყოს ნამდვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოხატული ნება უნდა იყოს გაცნობიერებული და პირს უნდა შეეძლოს თავისი მოქმედებისთვის ანგარიშის გაწევა. თუ დასაქორწინებელ პირთა ნება ამ მოთხოვნის შესაბამისად არ არის გამოვლენილი, შესაძლებელია ქორწინება ბათილად იქნეს ცნობილი.5
    ქორწინებისთვის აუცილებელია, რომ დასაქორწინებელი პირები იყვნენ სრულწლოვანნი (18 წლის), რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, მინიმალურ საქორწინო ასაკად არის მიჩნეული. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 18 წელს მიუღწეველი პირების ქორწინება სრულიად აიკრძალა. ქორწინების ასაკთან დაკავშირებით არაერთ მეცნიერს აქვს გამოხატული თავისი პოზიცია. აღსანიშნავია რ. ლამპარდი, რომელიც განმარტავს, რომ ადრეული ქორწინება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. გარდა ამისა, ქორწინების ასაკი გავლენას ახდენს ქორწინების შედეგზე. ადრეულ ასაკში დაქორწინებას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება განქორწინება, რასაც მის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს.6
    ქორწინების უფლება, ასევე, აქვთ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ საქორწინო ასაკი, მზრუნველის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი ადგენს პირდაპირ შეზღუდვებს და §1304 ნორმით კრძალავს ქმედუუნარო პირის დაქორწინებას. გსკ §1314-ით ბათილია ქორწინება, რომელიც შედგა პირთან, რომელსაც დროებითი ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, შესაბამისად, დაქორწინების მომენტისათვის ის ქმედუუნაროდ ითვლებოდა. საფრანგეთში ქმედუუნარობა არ უშლის პირს დაქორწინებაში, თუ არსებობს მშობლის ან ექიმის თანხმობა.7
    ქორწინების ნეგატიურ პირობად ითვლება ქორწინებისთვის ხელისშემშლელი გარემოებები, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.
    ქორწინება არ დაიშვება, თუ საქმე გვაქვს შემდეგ გარემოებებთან:
    • დაუშვებელია ქორწინება პირთან, რომელიც უკვე იმყოფება ქორწინებაში. მიუხედავად ამ დანაწესისა, თუ მოხდა ქორწინების რეგისტრაცია, დაქორწინებული პირების ქორწინება ჩაითვლება ბათილად. სარეგისტრაციო ორგანო უნდა დარწმუნდეს, რომ პირი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამისათვის პირმა უნდა წარადგინოს საჭირო საბუთები, იქნება ეს მეუღლის გარდაცვალება, ან გარდაცვლილად გამოცხადების ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, ქორწინების ბათილობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ან განქორწინების მოწმობა;
    • საოჯახო სამართალში მნიშვნელოვან პრინციპად არის მიჩნეული ნათესავებს შორის ქორწინების დაუშვებლობა. დაქორწინება აკრძალულია პირდაპირი აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის, თუმცა სამოქალაქო კოდექსში არაფერიანათქვამი ვინ ჩაითვლება ასეთ ნათესავად;
    • დაუშვებელია ქორწინება ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
    • აკრძალულია ქორწინება შვილებსა და ნაშვილებს შორის. აღნიშნული ემყარება არა მხოლოდ ზნეობრივ ნორმებს, არამედ მომავალი თაობის ჯანმრთელობის დაცვის პრევენციას. მეცნიერები თვლიან, რომ სისხლის აღრევით შესაძლებელია პათოლოგიები გამოვლინდეს არა მხოლოდ პირველ, არამედ მომდევნო თაობებშიც. დაუშვებელია, ასევე, გაშვილებული პირის დაქორწინება ბიოლოგიურ ნათესავებთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა გაშვილების მომენტიდან. რაც შეეხება მშვილებელსა და ნაშვილებს, მათ შორის არსებული ურთიერთობა სამართლებრივად გათანაბრებულია ბიოლოგიური მშობლისა და შვილის ურთიერთობასთან, შესაბამისად, მათ შორის ქორწინება აკრძალულია8 . სამოქალაქო კოდექსში არაფერია ნათქვამი მშვილებლის ნათესავებსა და ნაშვილებს შორის ქორწინების აკრძალვის თაობაზე, მაგრამ ასეთი ქორწინება არ არის სასურველი, რადგან ნაშვილები რეალურად იკავებს შვილის სამართლებრივ მდგომარეობას და მასზე ვრცელდება ყველა ის სამართლებრივი რეჟიმი, რაც ბიოლოგიურ შვილზეა გათვალისწინებული, შესაბამისად, არაეთიკური იქნება ნაშვილების ქორწინება მშვილებლის ნათესავებთან. ამ საკითხზე მსჯელობისას შესაძლებელია ასევე მოვიშველიოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, სადაც ამავე საკითხზე მსჯელობისას განვითარებულია მოსაზრება, რომ 1120-ე მუხლის I ბ) პუნქტის განმარტება უნდა მოვახდინოთ 1259-ე მუხლის ანალოგიურად, რაც გულისხმობს ნაშვილების მიერ არაბიოლოგიურ ნათესავთან ნათესაურ კავშირს. აქედან გამომდინარე. 1120-ე I ბ) მუხლი, ანალოგიით უნდა გავრცელდეს, ასევე ნაშვილობის შემთხვევაში წარმოშობილ ნათესაობაზეც9
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არ არის განსაზღვრული, ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, როდის არის შესაძლებელი ქვრივის ხელახალი დაქორწინება. ჩვენი კანონმდებლობისაგან განსხვავებით, დანიის, პორტუგალიის, ჰოლანდიის კანონმდებლობა ადგენს შეზღუდვას: პირველი ქორწინებისას მეუღლის გარდაცვალების შემდეგ „სამგლოვიარო ვადა“ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. დანიასა და პორტუგალიაში დადგენილია ერთი წელი ქალბატონებისათვის, ხოლო სამი თვე მამაკაცებისთვის;10 საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თუ ორსულ ქალს გარდაეცვალა მეუღლე, საოჯახო საბჭო უნიშნავს ცოლს „ნაყოფის მეურვეს“, რომელიც განაგებს არასრულწლოვნის ქონებას, შესაბამისად, ქონების მართვა-გამგეობაზე პასუხისგებლობა მას ეკისრება.11
    არაფრისმომცემ ნორმებად მიმაჩნია ზემოთ მოყვანილი ქვეყნების ასეთი ჩანაწერი კანონმდებლობაში. ვფიქრობ, მორალური და ზნეობრივი ნორმებიდან გამომდინარე, ადამიანის გადასაწყვეტია, რამდენი ხანი იგლოვებს მეუღლის გარდაცვალებას და ეს საკითხი არ უნდა იყოს მოქცეული სამართლებრივი რეგულირების ქვეშ, მითუმეტეს, როგორც მაგალითებიდან ჩანს, კანონი ქალს ავალდებულებს, უფრო დიდ ხანს იგლოვოს ან არ დაქორწინდეს ხელმეორედ, ხოლო კაცს ან საერთოდ „არ ევალება გლოვა“, ან რამდენიმე თვე აქვს დაწესებული. ვფიქრობ, აღნიშნული მსჯელობა არაკონსტიტუციურია, რადგან შეიძლება ქალის უფლების შეზღუდვად ჩაითვალოს.

    ფაქტობრივი და რეგისტრირებული ქორწინება

    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქორწინების ნამდვილობისათვის და სამართლებრივი შედეგების წარმოშობისთვის საჭიროა ქორწინების რეგისტრაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. ისევე როგორც საქართველოში, რიგ ქვეყნებში, მაგალითად, ბელგიაში, უნგრეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, რუსეთში, ნორვეგიასა და საფრანგეთში, ქორწინების სამართლებრივი მოწესრიგებისათის აუცილებელია მისი რეგისტრაცია.
    კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ასევე, მეუღლეების უფლებებისა და ინტერესების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს უფლება-მოვალეობებს. ქართულმა კანონმდებლობამ უალტერნატივოდ შესთავაზა საზოგადოების წევრებს ქორწინების რეგისტრაცია და მხოლოდ ასეთი ქმედება აღიარა კანონიერად, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულის იმპერატიული მოთხოვნისა, მოქალაქეები ქორწინების ფაქტის რეგისტრაციას გვერდს უვლიან და ისე ქმნიან ოჯახებს, განსაკუთრებით ეს ტენდეცია საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში შეინიშნება.
    ასე რომ, ფაქტობრივი ქორწინება, როგორც სოციალური მოვლენა, დე ფაქტოდ არსებობს და მის სამართლებრივ რეგულირებას კანონი ვერ ახდენს, შესაბამისად, საზოგადოებაში არსებობს ურთიერთობა, რომელიც სამართლებრივი სივრცის მიღმა არის დარჩენილი.12 ვფიქრობ, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს კანონმდებლის მიერ და შემუშავებულ იქნას ისეთი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც დაარეგულირებს ფაქტობრივი ქორწინების საკითხსაც. ფაქტობრივი ქორწინების დროს გვაქვს ყველა ის ელემენტი, რაც არსებობს რეგისტრირებული ქორწინების დროს, გარდა ყველაზე მნიშვნელოვანის – რეგისტრაციის ფაქტისა, სწორედ ამას მოჰყვება მთელი რიგი სამართლებრივი დისბალანსი
    ფაქტობრივ ქორწინებას მთელი რიგი უარყოფითი მხარეები აქვს. განვიხილავთ რამდენიმე მათგანს:
    • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში განქორწინება დაუშვებელია ცოლის თანხმობის გარეშე.13 აღნიშნული დაცვის მექანიზმით სარგებლობენ მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალები. ამის საპირისპიროდ, ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფი მეუღლე არათუ არ სარგებლობს ამ უპირატესობით, არამედ ქმარს შეუძლია ნებისმიერ მომენტში მიატოვოს ორსული ცოლი და მცირეწლოვანი შვილები (მათი არსებობის შემთხვევაში). დედასთან ერთად, ასევე, იჩაგრებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი შვილები და საგრძნობლად ირღვევა მათი უფლებები;
    • სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი პირდაპირ ადგენს ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობას. ნორმის მიხედვით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება. მუხლის დეფინიციიდან ნათელი ხდება, რომ ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რადგან რაც არ წარმოშობილა, იმას ვერ მოითხოვს. ამ შემთხვევაში ურთიერთობის შეწყვეტას განქორწინების ტერმინსაც კი ვერ შევუსაბამებთ და უნდა გამოვიყენოთ სიტყვა „დაშორება“;
    • სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთმანეთისგან განასხვავებენ ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფებისაგან. ერთ-ერთი განმასხვავებელია მეუღლეების თანასაკუთრებაში არსებული ქონების საკითხი. რეგისტრირებული ქორწინების დროს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ, შესაბამისად, განქორწინების დროს, ან სურვილისამებრ, მანამდეც, ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნის საფუძველზე, ქონება შეიძლება გაიყოს. მსგავსი მოთხოვნის წაყენების უფლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს არ აქვთ.14
    ზემოთ აღნიშნულიდან ცხადია, რომ საქართველოს კანომდებლობა არ იცავს ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ თავის მოქალაქეებს. ვფიქრობ, ამ ნიშნით არ უნდა ხდებოდეს მოქალაქეების დისკრიმინაცია და კოდექსში უნდა იყოს რეგულაცია, რომელიც გააუმჯობესებს ამ პირების ქონებრივ მდგომარეობას. აღსანიშნავია უკრაინის კანონმდებლობა, სადაც ეს საკითხი მოწესრიგებულია და მოქცეულია სამართლებრივი რეჟიმის ქვეშ. უკრაინის საოჯახო კოდექსის 74-ე მუხლით დაცულია ორივე მეუღლის საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, არიან ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში თუ არა, მათ მიერ ერთობლივი თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება მათ ეკუთვნით საერთო საკუთრების უფლებით, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.15
    უკრაინის საოჯახო კოდექსი უფრო შორს მიდის მსჯელობაში და, 62-ე მუხლის მიხედვით, ცოლ-ქმრის ქონებას (რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენდა დაოჯახებამდე და რომლის ღირებულება გაიზარდა ან გაფართოვდა) საერთო საკუთრების რეჟიმში აქცევს. შესაბამისად, მეუღლეებს შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში სასამართლოს აქვს პრეროგატივა, დავის შემთხვევაში ცნოს აღნიშნული ქონება საერთო საკუთრებად.16
    განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27 ივლისის 2020 წლის განჩინება საქმეზე №2ბ/1156-19, სადაც სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა დავაზე, რომელიც ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს შორის წარმოიშვა. მათ მხოლოდ ჯვარი ჰქონდათ დაწერილი: „ფაქტობრივი ქორწინების დროს მათ შეიძინეს საერთო ბინა, რომელზეც საკუთრების უფლება სადაო გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა. დავა წარმოიშვა პირველი ქორწინების შედეგად დარჩენილ ორ მემკვიდრესა და მეორე ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს შორის. სააპელაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით, დღესდღეობით არსებულ პრაქტიკას. პალატა აღნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა იცნობს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომლის მიხედვით, მეუღლეთა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების წარმოშობის ფაქტი მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებას უკავშირდება. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძვლად არა ქორწინების განმავლობაში შეძენილი საერთო ქონებიდან წილის მიკუთვნების მომწესრიგებელი ნორმა, არამედ კონდიქციური სამართლით გათვალისწინებული მუხლები დაედო.სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ ევროკონვენციის მე-8 მუხლის დაცვის სფერო, რომელიც „ოჯახის“ დეფინიციას განამტკიცებს, ასევე de facto „ოჯახურ ურთიერთობასაც“ მოიცავს, ანუ ურთიერთობას, როცა პარტნიორები ერთად დიდი ხნის განმავლობაში, სამოქალაქო ქორწინების გარეშე, ცხოვრობდნენ. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირების უფლებები, რომელთაც ერთმანეთთან მრავალწლიანი, სტაბილური, საოჯახო ურთიერთობა აკავშირებთ, არ შეიძლება მინიმალური დაცვის გარეშე დარჩეს, რადგან მათ სამოქალაქო წესით არ იქორწინეს. ამგვარი ფორმალური მიდგომა არსებითად არათანაბარ პირობებში აყენებს რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს, რაც არ შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო დანაწესის არსებობით გამართლდეს, რადგან კონკრეტული ტიპის საკანონმდებლო ბაზის არსებობა ლეგიტიმურია და თანაზომიერი ქმედების განხორციელების თაობაზე პრეზუმფციას ყოველთვის არ ქმნის“.17
    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგისტრირებული ქორწინების დროს ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი მეუღლე არის პირველი რიგის მემკვიდრე, რა უფლებასაც ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფი მეუღლე მოკლებულია.
    კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელსაც სამოქალაქო კოდექსი ადგენს, არის ის, რომ ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ პირს არ აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მეუღლის უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება. შესაბამისად, იურიდიული შედეგიც არ დადგება, რაც დაკავშირებულია ქონების მართვა-გამგეობასთან. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე არ განიხილება სათანადო მხარედ და მისი განცხადება საერთოდ არ განიხილება ამ საკითხთან დაკავშირებით.18
    ნ.ნ. ტარუსინა „ქორწინება რუსეთის საოჯახო სამართლის მიხედვით“ აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ქორწინება არის ქალისა და კაცის კავშირი, რომელსაც ახასიათებს ხანგრძლივი და მყარი თანაცხოვრება, ერთობლივი საოჯახო მეურნეობის ქონა, შვილების ყოლის შემთხვევაში კი, მათზე ზრუნვა და საოჯახო ურთიერთობის მხარდაჭერა. ე.ი. მთავარია პირების ისეთი ურთიერთობა, რომელიც ახასიათებს ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს.19
    აღსანიშნავია ბოლო წლებში დასავლეთის საოჯახო სამართლის განვითარება, სადაც ფაქტიური საქორწინო ურთიერთობები წარმოშობს იურიდიულ შედეგს. ფაქტობრივ ქორწინებას აღიარებენ ისეთი მოწინავე ქვეყნები, როგორებიცაა: ნიდერლანდები, ინგლისი, აშშ, კანადა. ნიდერლანდებში აწარმოებენ „ქორწინების გარეშე თანაცხოვრების რეესტრს“’, ხოლო ბელგიაში არარეგისტრირებული მეუღლეების ქონება საერთო საკუთრებად ითვლება.20
    საინტერესოა საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის დანაწესი, რომლის მიხედვით ორ ზრდასრულ პირს შორის იდება შეთანხმება, რომლის საგანი შეიძლება იყოს საერთო საკუთრების რეჟიმის განსაზღვრა. შეთანხმების შემდგომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მათ გააჩნიათ თანაზიარი საკუთრების უფლება შეძენილ ქონებაზე. უფრო მეტიც, 515-4-ე მუხლის თანახმად, ფაქტობრივ მეუღლეებს, შეთანხმების თანახმად, ევალებათ ერთმანეთს მატერიალური დახმარება გაუწიონ.21
    შვედეთში ქორწინების გარეშე ურთიერთობა რეგულირდება თანაცხოვრების შესახებ 2003 წლის აქტით, რომლის მიხედვით, ფაქტობრივ ურთიერთობაში მყოფ პირებს, თანაცხოვრების დასრულების შემდგომ, 1 წლის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონქონების გაყოფა. აღნიშნული აქტის მიხედვით, გაყოფას შეიძლება დაექვემდებაროს ე.წ. თანაცხოვრების საკუთრება, რომელიც შეძენილია ერთობლივი სარგებლობისთვის, ეს შეიძლება იყოს სახლი და სხვა საყოფაცხოვრობო ნივთი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაუქორწინებელ წყვილს შეუძლია არ ისარგებლოს მოცემული დებულებით და სხვა რამეზე შეთანხმდეს, ან ისევე, როგორც მეუღლეებმა, დადონ წინასწარი შეთანხმება, თანაცხოვრების დასრულების შემდეგ ქონების გაყოფის შესახებ.22
    კვლევის უფრო სიღრმისეულად ჩასატარებლად განვიხილავთ ისეთ განვითარებულ ქვეყანას, როგორიც არის ფინეთი. აქ ფაქტობრივი ქორწინების დროს ურთიერთობა მეუღლეებს შორის რეგულირდება „თანამცხოვრები პარტნიორების ოჯახის დაშლის შესახებ აქტით“, თუ არარეგისტრირებული ურთიერთობა გრძელდება 5 წელზე მეტხანს, ან თუ ფაქტობრივ მეუღლეებს ჰყავთ საერთო შვილი. თანაცხოვრებაში შეძენილი საკუთრება ითვლება თანამფლობელობაში და მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები აღნიშნულ ქონებაზე. ზემოთ ხსენებული აქტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს.23
    ახალ ზელანდიაში მოქმედებს 1976 წელს გამოცემული „ქონებრივი ურთიერთობების აქტი“, რომლითაც რეგულირდება ფაქტობრივ ურთიერთობაში მყოფი წყვილების უფლება-მოვალეობები, მათ შორის: ქონების ფლობის, სარგებლობისა და შეძენის საკითხები. საინტერესოა, რომ ქორწინება მოიცავს დე ფაქტო ურთიერთობებსაც, შესაბამისად, თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება მათ შორის თანაბრად იყოფა.24
    მკვლევარი ანატოლი პაშინსკი თავის ნაშრომში – „ქონებრივი ურთიერთობები თანაცხოვრების დროს საოჯახო საეთაშორისო სამართალში“ – ხაზს უსვამს, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში აუცილებელია განისაზღვროს ფაქტობრივი ურთიერთობების ბედი, რადგან ასეთი ურთიერთობის რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.25
    ბერძენ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ქორწინების ნორმები თანაცხოვრებაზეც უნდა გავრცელდეს, მითუმეტეს, თუ ერთ-ერთი მეუღლის ეკონომიკური მდგომარეობა გამყარდა მეორე მეუღლის მეშვეობით, ეს მას საკუთრების მოთხოვნის უფლებას აძლევს.26 საბერძნეთში 2008 წელს შემოღებულ იქნა „თანაცხოვრების ხელშეკრულება“, რომლითაც რეგულირდება თანაცხოვრებაში მყოფი პირების ქონებრივი ურთიერთობები. გარდა ამისა, ფაქტობრივ მეუღლეებს აქვთ მემკვიდრეობის უფლება ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ.27 როგორც ქორწინებაში, ისე ოჯახური თანაცხოვრების დროს, ორივე პარტნიორს ეკისრება ბავშვზე ზრუნვა და ფინანსური უზრუნველყოფა (მხედველობაში მიიღება მეუღლე, რომელიც ზრუნავს არასრულწლოვან შვილებზე, მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, ან არ მუშაობს, მაგრამ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობას ღებულობს ქონების შეძენაში). ამრიგად, მეუღლეები ქმნიან ისეთ გარემოებას შვილებთან მიმართებაში, რომ თუ ერთი ვერ ასრულებს ზრუნვის თავის წილს, პასუხისმგებლობა მეორეს ეკისრება.28
    ნიდერლანდებში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან, მეუღლეების პირადი საკუთრება (ქონება და ვალი) მიჩნეულია საერთო საკუთრებად. აქ, ასევე, გავრცელებულია პარტნიორთან თანაცხოვრება რეგისტრაციის გარეშე, ეს არის ურთიერთობის მარტივი ფორმა და არ საჭიროებს ხელშეკრულების დადებას. მათ მიერ ერთობლივად შეძენილი ქონება იყოფა, მაგრამ ერთ-ერთი პარტნიორის გარდაცვალებისას, მეორეს არ აქვს უფლება გარდაცვლილის ქონებაზე.29 ნიდერლანდების სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია როგორც ქორწინებაში, ისე რეგისტრირებულ პარტნიორობაში მყოფი პირების უფლება-მოვალეობები, ქონებრივი რეჟიმი და ა.შ.
    ზემოთ განხილული მსჯელობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ქორწინების გარეშე ფაქტობრივი საოჯახო თანაცხოვრება არის რეგისტრაციის გარეშე სრულწლოვანი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ერთად ცხოვრებისა და საერთო სამეურნეო წარმოების მიზნით, ამასთანავე, არცერთი არ უნდა იმყოფებოდეს სხვა პირთან იმავე სახის ურთიერთობაში, ან ქორწინებაში და არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში.30

    დასკვნა

    ადამიანის ღირსეული ყოფა საზოგადოებაში დამოკიდებულია მისი უფლებების სრულფასოვან რეალიზაციაზე. უდავოა, რომ სიცოცხლის უფლების პარალელურად, გვაქვს ისეთივე მნიშვნელოვანი უფლებები, როგორიც არის ქორწინების უფლება. საოჯახო სამართალში ქორწინების ინსტიტუტის როლი და დანიშნულება უდავოდ დიდია. მეუღლეები დაქორწინების შემდგომ ცხოვრების დიდ ნაწილს ერთად ატარებენ და, რა თქმა უნდა, მათ წარმოეშვებათ რიგი უფლება-მოვალეობები, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული
    ყოველდღიურ ყოფასთან, მაგრამ ყოველთვის როდია ქალისა და მამაკაცის ქორწინება მარადიული, შესაბამისად, ვთვლი, რომ აუცილებელია თავიდანვე განისაზღვროს ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც ურთიერთობის დასრულების მომდევნო პერიოდში დაიცავს მეუღლეებს ზედმეტი დროის, ფინანსური დანახარჯებისა და სასამართლო დავისგან. ზოგიერთ შემთხვევაში კი (როცა წყვილის ურთიერთობა სამართლებრივად არ არის დარეგულირებული), სასამართლოში სარჩელის შეტანაც კი უსაფუძვლოა.
    ქორწინების სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებით განხილულ იქნა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა, რის შემდეგაც თავი იჩინა რამდენიმე პრობლემამ. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი მეუღლეებს რიგ სამართლებრივ გარანტიებს ანიჭებს, ფაქტობრივი თანაცხოვრება საქართველოში საკმაოდაა გავრცელებული. არარეგისტრირებული ქორწინება, სამწუხაროდ, არ წარმოშობს არანაირ უფლება-მოვალეობას მეუღლეებს შორის, ამის გარდა თანაცხოვრებაში მყოფ მეუღლეებს არ წარმოეშვებათ თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცის მე-8 მუხლის 1-ელ პუნქტს.
    თუ ფაქტობრივი თანახოვრების დროს ფაქტობრივ ურთიერთობაში მყოფი პირები დაიწყებენ საერთო მეურნეობის წარმოებას და შეიძენენ ქონებას, ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემთხვევაში საერთო სახსრებით შეძენილი ქონება თანაბარ წილად უნდა გაიყოს.
    ასევე, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან ე.წ. მეუღლეები, როდესაც მრავალწლინი ფაქტობრივი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვეტენ ურთიერთობების დარეგისტრირებას. რა თქმა უნდა, ამ დროსაც დაუცველია ფაქტობრივი თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება და ის მიეკუთვნება პირს, ვისზეც ეს ქონება არის რეგისტრირებული. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსს უნდა დაემატოს ნორმა, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, კერძოდ, უნდა განისაზღვროს იმ ქონების ბედი, რომელიც ფაქტობრივი თანაცხოვრებით დროს პირებმა ერთად შეიძინეს, ხოლო შემდეგ ურთიერთობა ოფიციალურად დაარეგისტრირეს.
    ნაშრომში მოყვანილი სასამართლო გადაყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების უფლებები ირღვევა როგორც ქონებრივი უფლებების კუთხით, ისე იმ მხრივაც, რომ ფაქტობრივი ქორწინებისას მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულებაც არ წარმოიქმნება. საქართველოს კანონმდებლობა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ანიჭებს უფლებას სასამართლო წესით მიიღოს სარჩო ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს უფლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს არ გააჩნიათ, რაც კიდევ ერთ საკანონმდებლო ხარვეზად უნდა ჩაითვალოს.
    სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სუბიექტების წრე, რომლებსაც აქვს პირის გარდაცვლილად გამოცხადების მოთხოვნის უფლება. ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მყოფ პირს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფისაგან განსხვავებით არ აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ე.წ. „მეუღლის“ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება, რადგან ეს უკანასკნელი არ არის სათანადო მხარე. ეს საკითხიც მეუღლეების ქონებრივ ურთირთობასთან არის დაკავშირებული და სამართლებრივი ჩარჩოს მიღმაა დარჩენილი. ვფიქრობ, საპროცესო კოდექსს უნდა დაემატოს მუხლი შემდეგი შინაარსით: თუ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მყოფი პირები ხანგრძლივი დროის განმავლობაში (10 წელი) იმყოფებიან ფაქტობრივ ურთიერთობაში და ერთ-ერთი მეუღლე გაუჩინარდება, იურიდიული ინტერესის მქონე ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მყოფ მეუღლეს უნდა მიეცეს გაუჩინარებული პირის (პიროვნების გარდაცვლილად გამოცხადებისთვის კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას) გარდაცვლილად გამოცხადების უფლება და ასევე სამკვიდრო მასაში მემკვიდრედ მოწვევის შესაძლებლობა.
    საქართველოს სამოქალაქო კოდესი განსაზღვრავს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებებს. სასურველია სსკ-ის 1120 მუხლით გაფართოვდეს ჩამონათვალი სუბიექტების წრე, რომელთა შორის დაქორწინება აკრძალულია. ინცესტის თავიდან აცილების მიზნით, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს დეიდაშვილებსა და ბიძაშვილებს შორის ქორწინება.
    განხილული საკითხების გადაჭრისათვის, საჭიროა ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება და შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქორწინების ინსტიტუტის უკეთ ფუნქციონირებას. ვფიქრობ, კარგი იქნება სამოქალაქო კოდექსში შევიდეს ისეთი ნორმები, რომლებიც ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფი პირების დაცვას უზრუნველყოფს. მიმაჩნია, რომ დაუშვებელია რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში რეგისტრაციის ფაქტის ქონის გამო, ხოლო არარეგისტრირებული იყოს სრულიად უუფლებო. როგორც სტატიაში აღინიშნა, საფრანგეთის, შვედეთის, ახალი ზელანდიის, ნიდერლანდების, ინგლისის, აშშ-ის, კანადისა და უკრაინის საოჯახო კოდექსის ნორმები იცავს თავის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თუნდაც ფაქტობრივ ქორწინებაში. ჩატარებული კვლევის შედეგად აღვნიშნავ, რომ კარგი იქნებოდა მსგავსი ნორმები საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც დაინერგოს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსით რეგულირებულ საოჯახო სამართლის ქორწინების თავს დაემატოს 11061 მუხლი, რომელიც ქორწინების გარეშე, ფაქტობრივი თანაცხოვრების საფუძველზე, სრულწლოვანი ქალისა
    და მამაკაცის კავშირს (ერთად ცხოვრებისა და საერთო საოჯახო მეურნეობის წარმოების შემთხვევაში) მოაქცევს კანონმდებლობის ჩარჩოში და მიანიჭებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რითაც სარგებლობენ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები. მიზანშეწონილად მიმაჩნია, საოჯახო ურთიერთობებად მიიჩნეულ იყოს როგორც რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირების საოჯახო-სამართლებრივი, ისე თანაცხოვრების დროს წარმოშვებული ფაქტობრივი საოჯახო ურთიერთობები, რადგან ორივე ფორმის ურთიერთობა შეიცავს ერთი და იმავე ნიშნებს, რომლებიც ამ ურთიერთობისათვის არის დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ფაქტობრივმა ურთიერთობებმა შეიძლება იურიდიული შედეგები წარმოშვას
    ქორწინება ემყარება თანასწორობას, რომელიც ყველა ადამიანს აქვს მინიჭებული საქართველოს კონსტიტუციით. არარეგისტრირებული ქორწინების დროს კი თავისთავად ირღვევა კონსტიტუციის ეს დანაწესი, სწორედ ამის თავიდან ასაცილების მიზნით, საჭიროდ მიმაჩნია, სამოქალაქო კოდექსში დაემატოს მუხლი, რომელიც არარეგისტრირებულ ფაქტობრივ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს დაარეგულირებს. რეკომენდებული ნორმა ნათელს მოჰფენს და გზას გაუხსნის ფაქტობრივი ქორწინებით გამოწვეული სხვა სამართლებრივი პრობლემატიკის დარეგულირებას, რაზეც სტატიაში მქონდა საუბარი

    ბიბლიოგრაფია:

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1. აბრამიშვილი ლ., გუგავა ა., (2019). ფაქტობრივი ქორწინება და მისი სამართლებრივი რეგულირება, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და მოსამართლეთა ასოციაციის სამეცნიერო-პრაქტიკული იურიდიული ჟურნალი, მართლმსაჯულება და კანონი, N 3(63);
    2. ბასილიძე ნ., (2020). ფაქტობრივ მეუღლეთა უფლება-მოვალეობები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, სამართლის ჟურნალი N2;
    3. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი (2021). წიგნი VII, საოჯახო სამართალი, თბილისი;
    4. შენგლია რ., შენგელია ე., (2017). საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“;
    5. ჩიკვაშვილი შ., (2004) საოჯახო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა უახლესი ცვლილებები და დაატებებით, თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“;
    6. Бойцовой В. И, Бойцовой Л., (1998). Правовая система Нидерландов, «Зерцало», 134 https://library.nlu.edu.ua/POLN_TEXT/UP/NIDERLANDOV_1998.pdf[ბოლო წვდომა:17 ივნისი, 2020];
    7. Ерохина Е. В., (2016). Европейское семейноеправо, Оренбург http://osu.ru/sites/sempravo/docs/Erokhina_ESP_uchebnik_2016.pdf
    8. Какоурова Н. А., (2009). Вопросы теории и истории государства и права. Правовое регулирование брачно-семейных отношений в буржуазном праве Франции. (по гражданскому кодексу Наполеона 1804 г) Сибирский юридический вестник N4(47). https://cyberleninka.ru/article/n/pravovoe-regulirovanie-brachno-semeynyh-otnosheniy-v-burzhuaznom-prave-frantsii-po-grazhdanskomu-kodeksu-napoleona-1804-g/viewer
    9. Працко Г., Левицкая Е., (2016). „Институт брака в закандательстве РФ: некоторые проблемные аспекты“ https://cyberleninka.ru/article/n/institut-braka-v-zakonodatelstve-rf-nekotorye-problemnye-aspekty/viewe
    10. Тарусина Н. Н., (2007). Брак по российскому семейному праву, учебное пособие, Ярославль. http://www.lib.uniyar.ac.ru/edocs/iuni/20070922.pdf>
    11. Lampard R., (2013). Journal „Demographic Research“. Published on 13. July
    12. Pashynskyi A., (2020). Property Relations Between Unmarried Cohabitants in International Family Law file:///C:/Users/User/Downloads/Property_Relations_Between_Unmarried_Cohabitants_i.pdf
    13. Zervogianni E., (2016). Evropean Family Law Volume II.The Changing concept of „family“ and challenges for family law in Greece https://edoc.unibas.ch/42053/4/20160209161227_56ba01db8e2c5.pdf

    ნორმატიული მასალა:

    1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, [26.06.1997]. https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702 [ბოლო წვდომა 17 ივნისი, 2022];
    2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, [14.11.1997] https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29962?publication=149[ბოლო წვდომა: 17 ივნისი, 2022];
    3. საქართველოს კონსტიტუცია, [24.08.1995].https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36 [ბოლო წვდომა 17 ივნისი, 2022];
    4. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (მეორე რედაქტირებული გამოცემა) GIZ, თბილისი, 2019 წ. http://lawlibrary.info/ge/books/2019giz-ge_BGB_GE.pdf?fbclid=IwAR1VEHzEt8fhevfuCXKiH_gOCgTgU8LE_zNZDzpoJgIZ1dvBKuKBh093sw4>[ბოლო წვდომა 17 ივნისი, 2022];
    5. French Civil Code, [21.03.1804].https://www.fd.ulisboa.pt/wp-content/uploads/2014/12/CodigoCivil-Frances-French-Civil-Code-english-version.pdf [ბოლო წვდომა: 25 აპრილი, 2022];
    6. Civil Code of Dutch, [01.10.1838].https://www.ilo.org/dyn/natlex/natlex4.detail?p_lang=en&p_isn=91671 [ბოლო წვდომა: 17 ივნისი, 2022];
    7. The Swedish Cohabitees Act (2003:376). http://www.coupleseurope.eu/en/sweden/topics/8-what-does-the-law-provide-for-the-property-ofregistered-and-non-registered-partners[ბოლოწვდომა: 25 აპრილი, 2022];
    8. Act on the Dissolution of the Household of Cohabiting Partners (26/2011) https://finlex.fi/en/laki/kaannokset/2011/en20110026.pdf
    9. The Property (Relationships) Act 1976 of New Zeland.
    10. СІМЕЙНИЙ КОДЕКС УКРАЇНИ, [10.01.2002]. https://zakon.rada.gov.ua/laws/show/2947-14#Text> [ბოლო წვდომა: 15 მარტი, 2022].

    სასამართლო გადაწყვეტილებები:

    1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმე №2ბ/1156-19, 27 ივლისი 2020 წ.;
    2. ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2018 წლის 12 სექტემბრის №1351 კონსტიტუციური სარჩელი.

    სქოლიო:

    1. Civil Code of Georgia, [26/06/1997]. Article 1106. https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=117> [Last seen: 17 June, 2022];
    2. Chikvashvili Sh., (2004). Family Law, Second Revised Edition with Recent Changes and Additions, Tbilisi: „Meridian“, p. 63.
    3. Pracko G., Levitskaya E., (2016). "Marriage Institute in Threatening Russia: Some Problematic Aspects" https://cyberleninka.ru/article/n/institut-braka-v-zakonodatelstve-rf-nekotorye-problemnye-aspekty/viewer
    4. Commentary on the Civil Code (2021). Book VII, Family Law, Tbilisi, 2.
    5. Chikvashvili Sh., (2004). Family Law, Second Revised Edition with Recent Changes and Additions, Tbilisi, „Meridian“, pp. 70-72.
    6. Lampard R., (2013). Journal „Demographic research“, pp. 167-169. https://www.demographic-research.org/volumes/vol29/7/29-7.pdf[Last seen: 15 March, 2022];
    7. Erokhina E., (2016). European family law, Orenburg, 40.http://osu.ru/sites/sempravo/docs/Erokhina_ESP_uchebnik_2016.pdf [Last seen: 17 June, 2022]
    8. Shenglia R., Shengelia E., (2017). Family and Inheritance Law, (Second Edition), Tbilisi: „Meridian“, pp. 67-68.
    9. Commentary on the Civil Code (2021), Book VII, Family Law, Tbilisi, 22.
    10. Shenglia R., Shengelia E., (2017). Family and Inheritance Law, (Second Edition), Tbilisi: „Meridian“, pp. 66-67;
    11. Kakourova N. A., (2009). Legal regulation of marriage and family relations in the bourgeois law of France. ( according to the civil code of Napoleon of 1804) Siberian Legal Bulletin N4 (47). „Questions of the theory and history of state and law“, 13. https://cyberleninka.ru/article/n/pravovoe-regulirovanie-brachno-semeynyh-otnosheniy-v-burzhuaznom-prave-frantsii-po-grazhdanskomu-kodeksu-napoleona-1804-g/viewer>>[Last seen: 9 June, 2022];
    12. Abramishvili L., Gugava A., (2019). Actual Marriage and Its Legal Regulation, Scientific-Practical Legal Journal of the Supreme Court of Georgia and the Association of Judges, Justice and Law N 3 (63), p. 36
    13. Civil Code of Georgia, [26/06/1997], Article 1123 (2). https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=117
    14. Civil Code of Georgia 26/06/1997, Article 1159, Article 1164 > [Last seen: 17 June, 2022];
    15. Family Code of Ukraine, [10.01.2002] – Division II – Charter 8, Article 74 https://zakon.rada.gov.ua/laws/show/2947-14#Text>> [Last seen: 15 March, 2022];
    16. Family code of Ukraine, [10.01.2002] – Rozdil II – Charter 8, Article 62. https://zakon.rada.gov.ua/laws/show/2947-14#Text>
    17. Judgment of the Tbilisi Court of Appeals Case №2b / 1156-19, 27 July 2020;
    18. Abramishvili L., Gugava A., (2019). Actual Marriage and its Legal Regulation, Scientific-Practical Legal Journal of the Supreme Court of Georgia and the Association of Judges, Justice and Law N3 (63), p. 45 https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2019w-n3.pdf>[Last seen: 20 March, 2022];
    19. Tarusina N. N., (2007). Marriage in Russian family law, textbook, Yaroslavl, 166.http://www.lib.uniyar.ac.ru/edocs/iuni/20070922.pdf
    20. Tsiala Pertia v Parliament of Georgia https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1799 [Last seen: 20 April, 2022];
    21. The Civil Code of France, Article 515-4-5, [21/03/1804]. https://www.fd.ulisboa.pt/wp-content/uploads/2014/12/Codigo-Civil-Frances-French-Civil-Code-english-version.pdf [Last seen: 25 April, 2022];
    22. The Swedish Cohabitees Act (2003:376)http://www.coupleseurope.eu/en/sweden/topics/8-what-does-the-law-provide-for-the-property-of-registered-and-nonregistered-partners
    23. Act on the Dissolution of the Household of Cohabiting Partners (26/2011)https://finlex.fi/en/laki/kaannokset/2011/en20110026.pdf [Last seen: 25 April, 2022];
    24. The Property (Relationships) Act 1976 of New Zeland. https://www.legislation.govt.nz/act/public/1976/0166/latest/whole.html#DLM441104 [Last seen: 25 April, 2022];
    25. Pashynskyi A., (2020). Property Relations Between Unmarried Cohabitants in International Family Law, Vol. 115, pp. 154-162.file:///C:/Users/User/Downloads/Property_Relations_Between_Unmarried_Cohabitants_i.pdf[Last seen: 25 April, 2022];
    26. Basilidze N., (2020). Rights and Duties of Actual Spouses, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Law, University Publishing House, Law Journal N2, p. 46.;
    27. Zervogianni E., (2016). Evropean Family Law Volume II. The Changing concept of ,,family’’and challenges for family law in Greece, .94 https://edoc.unibas.ch/42053/4/20160209161227_56ba01db8e2c5.pdf [Last seen: 17 June, 2022];
    28. Sverdup T., (2017). Wealht and Proverty in Close Personal Relationships. Contractual thinking in couple relationship, Routledge, 91. https://books.google.ge[Last seen: 25 April, 2022];
    29. Boitsova V., Boitsova L., (1998). The legal system of the Netherlands, "Mirror", 134. https://library.nlu.edu.ua/POLN_TEXT/UP/NIDERLANDOV_1998.pdf
    30. Basilidze N., (2020). Rights and Duties of Actual Spouses, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Law, University Publishing House, Law Journal N2, 113.
    გამოქვეყნების საფასური
    მთავარი რედაქტორი
    გამოქვეყნების ენა

    dealSeal