შესავალი
სტატია წარმოადგენს მონალექის, როგორც საკუთრების უფლების შეძენის საშუალების შესწავლის პირველ ცდას ძველ ქართულ სამართალში, რაც ამ საკითხის აქტუალობითაა განპირობებული. სტატიის კვლევის საგანია მონალექის სახეები და მათი თანმდევი სამართლებრივი შედეგები. კვლევა განხორციელდა რომაულ და ძველ ქართულ სამართალში, შედარებით-სამართლებრივი ანალიზის მეთოდის გამოყენებით. კვლევის ამოცანაა დადგინდეს – რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები ახასიათებს ამ ორ სამართლებრივ სისტემას მონალექთან მიმართებაში. კვლევის სირთულეს განაპირობებდა როგორც პირველწყაროების, ასევე, მეორეული და მესამეხარისხოვანი წყაროების სიმცირე ძველ ქართულ სამართალში, რის გამოც საკითხის შესწავლისას გამოვიყენეთ კანონის ანალოგია − წიაღისეულზე საკუთრების უფლების შეძენის მეშვეობით.
1. მონალექის სამართლებრივი დახასიათება
მონალექის სამართლებრივი ხასიათის შესასწავლად უმნიშვნელოვანესი წყაროა რომის სამართალი, რადგან მასში ყველაზე თვალსაჩინოდაა მოცემული – რას გულისხმობს მონალექი და რა სახის სამართლებრივ ურთიერთობებს წარმოშობს იგი.
რომაელები თვლიდნენ, რომ თუ მდინარე დიდი ხნით ადიდებისას თავისი დინებით კალაპოტს გაჭრიდა, ის საჯარო ნივთი ხდებოდა. საჯარო ქონება პირთა საერთო „საკუთრებაში“ იმყოფებოდა და მათ თანაზომიერად შეეძლოთ ამ ქონებიდან სარგებლის მიღება. რომაელები ერთმანეთისაგან მიჯნავდნენ საჯარო სიკეთეს, ქონებას, რომელზეც საკუთრების უფლების გავრცელება შესაძლებელია ისეთი სიკეთისგან, რომლის ბუნებიდან გამომდინარე, მასზე საკუთრების უფლების ქონა შეუძლებელია. ასეთებად რომის სამართალს მიაჩნია ბუნებითი სამართლით საერთო ნივთები – „ჰაერი, გამდინარე წყალი, ზღვა და, აქედან გამომდინარე – ზღვის ნაპირი“. ეს უკანასკნელიც არავის საკუთრებას წარმოადგენს და მისი სიკეთით სარგებლობა ყველას ისევე შეუძლია, როგორც ზღვით. ვერც ზღვის ქვეშ არსებული მიწა და ქვიშა გახდებოდა საკუთრების ობიექტი. თუმცა, როცა მდინარე ტოვებდა თავის ძველ კალაპოტს, მისი ფსკერი ხდებოდა მდინარის ნაპირზე მდებარე მიწის მფლობელთა საკუთრება. როგორც იუსტინიანეს ინსტიტუციებშია აღნიშნული, ამ მომიჯნავე ნაკვეთის მეპატრონეები უფლებას შეიძენდნენ „პროპორციულად თითოეული მიწის ნაკვეთის კუთვნილი ნაპირის სიგრძნისა“, ახლად გაჭრილი კალაპოტი კი ისევ საჯარო სამართალს დაექვემდებარებოდა. შესაბამისად, თუ მდინარე ისევ უწინდელ კალაპოტს დაუბრუნდებოდა, ახალ, ხმელეთად ქცეულ კალაპოტზე უწინდელი სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდებოდა.
მდინარის ადიდებას განსაკუთრებული სარგებელი მოჰქონდა იქ, სადაც სოფლის მეურნეობის არსებობა მთლიანად მორწყვაზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, ეგვიპტეში, ნაპირებიდან გადასული ადიდებული ნილოსი წყლის გარდა ნიადაგს ჩამონალექი მიწითაც ამდიდრებდა. ამიტომ მოიხსენიებდნენ ეგვიპტელები თავიანთ ქვეყანას როგორც „შავ მიწას“ – ეგვიპტურად „ქემეთ“.
2. მონალექის სახეები
იუსტინიანესა და გაიუსის ინსტიტუციებით, მონალექი ის მიწაა, რომელსაც წყალი მიწის ნაკვეთს მონაყარი მიწის სახით ისე მიუმატებს, რომ მატების დროის განსაზღვრა
შეუძლებელია. რომის სამართალი ერთგვარად უდგებოდა მიწის მონაყარზე საკუთრების უფლების მოპოვების საკითხს, იმის მიუხედავად, მიწის მატება თანდათან ხდებოდა, თუ ერთიანად. თუ მიწის ნაკვეთს მდინარე რაღაც ნაწილს ერთბაშად მოაგლეჯდა და მეზობელი მიწის ნაკვეთს მიაყრიდა, ეს ამ ნაკვეთის შემადგენელ ნაწილად მაინც ჩაითვლებოდა. ეს ეხებოდა მინაყარს არა მთელი სანაპიროს გასწვრივ, არამედ ნაპირის ცალკეულ ადგილებზე, კონცხის სახითაც. გაიუსის ინსტიტუციებით, ბუნებითი სამართლით, ამგვარ ნამატზე მაშინვე მიწის მესაკუთრის უფლები ვრცელდება, იუსტინიანეს ინსტიტუციები კი, ამავდროულად, მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოწყვეტილი მიწის ნამატის სხვის მიწასთან რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩენას ისე, რომ თუ მიწის ნაგლეჯზე ხეები იყო დარგული, მათ ფესვები ძირითად ნაკვეთზეც გაიდგან.
აქედან გამომდინარე, როდესაც მდინარის დინების ან სხვა პროცესების გავლენით მდინარის ნაპირი წყდება და ვინმეს მიწას მიემატება, საკუთრების უფლების წარმოშობა მოწყვეტილ ნაწილზე განისაზღვრება იმით, როგორ დაემატება ის სხვა პირის მიწას. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად მტკიცედ დამაგრდა მოწყვეტილი მიწა იქ, სადაც მდინარემ მიაგდო. მ. ბარტოშეკის განმარტებით, avulsio, ანუ მდინარის დინებით მოწყვეტილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მხოლოდ საბოლოო მიერთების შემდეგ წარმოიშობოდა, მაგალითად, თუ მათი
შეერთების ადგილები საერთო მცენარეულობით დაიფარებოდა ან, როგორც უკვე აღინიშნა, მიერთებულ მიწაზე არსებული ხე ფესვებს ამ ნიადაგშიც გაიდგამდა.
ის ნაკვეთი, რომელსაც მონალექის სახით მიწა მიემატებოდა, იმის მსგავსი ნაწილი ხდებოდა, რასაც მიემატა. იუსტინიანეს დიგესტების მეექვსე წიგნში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სასარჩელო წარმოებისას, თუ ხდებოდა ასეთი მიწის მოთხოვნა, ეს მოთხოვნა გადადიოდა მონაყარ მიწაზეც. ძირითადი მიწის ნაკვეთი, მონალექ მიწასთან ერთად, ერთ მთლიან ნაკვეთად განიხილებოდა.
რომის სამართალი მსჯელობს მდინარესა და ზღვაში გაჩენილი კუნძულის შესახებ. კუნძულის წარმოქმნა მდინარის კალაპოტში სხვაგან მოწყვეტილი მიწის ჩამოტანით ან კალაპოტის დაწევით შეიძლება მომხდარიყო. მდინარის შუა ნაწილში წარმოქმნილი კუნძული, რომის სამართლის თანახმად, მდინარის ორივე მხარის ნაპირზე არსებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მფლობელების თანასაკუთრება ხდება. თუ კუნძული არა შუაგულში, არამედ რომელიმე ნაპირისკენ უფრო ახლოს მდებარეობს, მაშინ მას ის პირები დაისაკუთრებენ, რომლებიც სანაპირო მიწის ნაკვეთს ფლობენ, ხოლო „თუ მდინარე სადმე იყოფა და შემდეგ ქვევით ისევ ერთიანდება, რის შედეგადაც ვინმეს მიწის ნაკვეთს კუნძულად აქცევს, მიწის ეს ნაკვეთი“ იმ პირისაა, ვისაც ის მანამდე ეკუთვნოდა. მიწის მფლობელი საკუთრებას მოიპოვებდა იმ ნივთებზეც, რასაც მდინარე მის მიწაზე გამორიყავდა, მაგალითად, ხის საშეშე და სამშენებლო მასალა. მდინარეთა ნამატზე სანაპიროს მეზობლების უფლებები კანონით იყო განსაზღვრული და დაუფლებას არ საჭიროებდა. ამგვარად, დამშრალი კალაპოტი და მდინარეში წარმოშობილი კუნძული დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთებად ითვლებიან, განსხვავებით Alluvio-სა და avulso-სგან, რომლებიც ითვლებიან გაზრდილი სანაპირო ნაკვეთების შემადგენელ ნაწილებად. შესაბამისად, ამ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის განსხვავებული რეჟიმები მოქმედებდა. კუნძულის სანაპირო ზოლზეც იგივე ნორმები მოქმედებდა, როგორიც ხმელეთის მდინარეთა ნაპირზე.
3. მონალექი ძველ ქართულ სამართალში
3.1. პირველი ცნობები მონალექის შესახებ
ძველ ქართულ სამართლის წყაროებსა და ეთნოგრაფიულ მასალებში მდინარის მონალექის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ იძებნება. თუმცა, მის შესახებ პირველი ცნობები უკვე უცხოელ ავტორთა შრომებში გვხვდება.
სტრაბონი წერდა, რომ მას გაგონილი ჰქონდა სვანეთში ოქროს მადნის მოპოვების შესახებ: „ამბობენ, რომ ზამთრის ნიაღვრებს ოქრო ჩამოაქვს, ხოლო ბარბაროსები აგროვებენ (ოქროს) დახვრეტილი ვარცლებით და ბანჯგვლიანი ტყავებით: აქედან მომდინარეობს მითი ოქროს საწმისიან ვერძზე.“ აპიანეს ცნობით, „კავკასიონიდან ჩამომდინარე ნაკადულებს ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. ადგილობრივი მცხოვრებლები მდინარეებში ხშირბეწვიან ცხვრის ტყავებს აგებენ და აგროვებენ ქვიშას, რომელიც მათზე ილექება.“ II საუკუნის ავტორი, გაიუს პინიუსის აღნიშნავდა, რომ „სვანეთსა და საერთოდ სახელმწიფოს“ მდინარეებში ოქროს აიეტის მემკვიდრე სავლაკი მოიპოვებდა. წყაროებში ოქროს მოპოვება მდინარე ენგურის მყინვართა დნობით გამოწვეულ ადიდებას უკავშირდებოდა, რომელსაც მნიშვნელოვანი ქონებრივი შედეგები მოჰქონდა სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის, და, განსაკუთრებით, მმართველი ფენისთვის.
3.2. მონალექზე საკუთრების უფლების შეძენის წესები
ვახტანგის სამართლის წიგნის გარდა, ძველი ქართული სამართლის არცერთი ადგილობრივი ძეგლი არ ითვალისწინებს მონალექის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებებს. ვახტანგის სამართალიც ამ საკითხს „წყლის სამძღვრის ცილების“ ფარგლებში განიხილავს, რომლის შემადგენელი ორი მუხლიდან სამართლებრივ ნორმებს მხოლოდ ერთი, 184-ე მუხლი შეიცავს. 185-ე მუხლის სათაურად გამოტანილი „მეწყერი რომ მოგლეჯდეს“, მხოლოდ სჯულმდებლის სურვილს ასახავს, სამართლებრივად მოეწესრიგებინა ეს საკითხი, ვინაიდან ამ მუხლში იურიდიული ნორმები შეტანილი საერთოდ არ არის. როგორც ი. დოლიძე განმარტავს, მის ტექსტს ამ სამართლის წიგნის არცერთი სხვა ხელნაწერი შეიცავს.
საქართველოში მოქმედი უცხოური სამართლის წყაროები, ბერძნული და სომხური სამართლის ქართული ვერსიები, მცირედით ავსებენ ამ ხარვეზს. აქვე შევნიშნავთ, რომ მონალექის საკითხში ბერძნულ სამართლის შესაბამისი ნორმები რომის სამართალს ეყრდნობა. სამართლის 269-ე მუხლი „ზღვის კუნძულისა და მდინარისათვის“ რამდენიმე სამართლებრივ ნორმას მოიცავს, მაგალითად, ბერძნული სამართლის ეს ვერსია ცნობს ოკუპაციის უფლებას ზღვის კუნძულის შუა ნაწილზე: „ვინცავინ იმ შუაზედ ალაგს პირველად დაიჭერს, ის ალაგი მისი იქნება და სხვას ხელი არავისა აქუს“. ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ წყარო არაფერს ამბობს კუნძულის სხვა დანარჩენი ნაწილების შესახებ, მაგალითად, სანაპირო ზოლის დასაკუთრების წესი როგორია. ვფიქრობთ, აქ სრულიად უადგილოა კუნძულის „შუა ალაგის“ მიკუთვნების საკითხი, რადგან კუნძულის დაუფლებისას, ოკუპაციის უფლებით, მთელი კუნძული მისი მიმთვისებლის ხდებოდა. ბერძნული სამართლის ქართული ვერსია პრაქტიკულად იმეორებს იუსტინიანეს ინსტიტუციების მეორე წიგნის 22-ე პარაგრაფის დასაწყისს ზღვასა და მდინარეში კუნძულთა წარმოშობის შესახებ, ოღონდ შინაარსობრივი უზუსტობით, რომელიც გადამწერის, მთარგმნელის ან, თუნდაც, შემდგენელის შეცდომას შეიძლება მიეწეროს.
ბერძნული სამართლის ქართული ვერსიის 269-ე მუხლის ერთ-ერთი ნორმა, იუსტინიანეს ინსტიტუციების მსგავსად, ასევე მსჯელობს მდინარის დინების თავისებურებაზე, რაც კალაპოტის ორ ნაწილად გაყოფაში მდგომარეობს. ამის საფუძველზე, ის ადგენს მდინარის შუაში წყლის ბუნებრივი დაწრეტისას გამოყოფილი ადგილის მიკუთვნების ამგვარ წესს: „ვისიც გაღმით და გამოღმით სოფლებია, ორთავ შუა უნდა გაიყონ ის ალაგი“ (269-ე მუხ.). მდინარის შუა წელის ხმელეთზე, მისი მოსაზღვრე სოფლები, როგორც დამოუკიდებელი სამართლის სუბიექტები, საკუთრების უფლების თანაბარ წილს შეიძენდნენ მიწაზე. საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი ახლად გამოყოფილი მიწის ადგილმდებარეობაა. შესაბამისად, თუ მდინარე ისევ დაფარავდა ამ ხმელეთს წყლით, სოფლების საკუთრების უფლება მასზე შეწყდებოდა. ამავე მუხლით, მოწესრიგებულია უფლების მოპოვების საკითხი ისეთი მოცემულობის დროს, როდესაც მდინარე კალაპოტიდან რომელიმე სოფლის მხარეს მივარდებოდა და ამის გამო მეორე მხარის ნაპირს ხმელეთი მიემატებოდა. ბერძნული სამართალი ასეთი ნამატის ახალ მესაკუთრედ იმას მიიჩნევს, ვის მიწასაც წყლის დინების ცვლილების გამო ახალი მიწის ნაკვეთი შეემატა. კანონმდებელი განმარტავს, რომ ეს უფლება, შესაძლებელია, სულაც დროებითი იყოს, რადგან: „წყალს სარწმუნოება არა აქუს, დღეს იქით გარდავარდა, ხვალ აქეთვე გადმოვარდება“. წყლის ამ ბუნებას ითვალისწინებს ვახტანგის სამართალიც, თუმცა უფლების დადგენისას საპირისპირო შეხედულებას გამოხატავს. მისი სამართლის 184-ე მუხლის პირველი ნორმა ამგვარად არის ფორმულირებული: „იქნების და ქნილა, მდინარემ წყალმა ძველი ნადენი ალაგი დააგდოს, ხან იქით გარდავარდეს და ხან აქეთ, და ამაზე ცილება მოჰÃდეს, ჩვენი სამძღვარი წყალი არისო და რაც ჩემკენ დარჩა, ჩემი არისო. მაგრამ ამით სამძღვარი არ შეიშლების. როდესაც თაობიდან ამ მდინარის პირს აშენებულა, გაღმა თუ გამოღმა, სადაც მაშინ წყალს უდენია და ამ სოფლებს იმ წყლის პირამდი სჭერია, ისრევ უნდა ეჭიროსთ“.
ნორმის შინაარსი აჩვენებს, რომ ვახტანგი უგულებელყოფს წყლის კალაპოტის ცვლილებით გამოწვეულ ახალ გარემოებას და იცავს მდინარის მომიჯნავე ნაკვეთების მფლობელთა ქონებრივ უფლებებს ზუსტად იმ ფარგლებში, რომლებშიც ის მათ „თაობიდამ“ უჭირავთ. ამ შემთხვევაში, საზღვრის უცვლელობის საფუძველს წარმოადგენდეს ორი გარემოება. პირველი მიზეზი ისაა, რომ ეს ნაკვეთები მემკვიდრეობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეჭირათ მფლობელებს და მათ შორის საზღვრის მოშლას ბუნებრივი მოვლენების გამო, კანონმდებელი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, და, მეორე მხრივ, − მდინარის კალაპოტის ხშირი ცვლილების გამო, ყოველ ჯერზე წარმოშობილი დავის განხილვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ წყლის გადაგდება ნებართვის გარეშე აკრძალული იყო და სასჯელს ითვალისწინებდა. ბიჭვინთის იადგარით, ვინც კათალიკოზის უკითხავად ბიჭვინთის წყალს ინადირებდა „მოსადებლითა“, ანუ მდინარეს კალაპატს ხელოვნურად შეუცვლიდა, ოცი ათასი თეთრი საყდრისთვის უნდა დაეურვებინა.
4. კანონის ანალოგია – საკუთრების უფლება წიაღისეულზე
ნაშრომის შესავალშივე აღვნიშნეთ, რომ დასაშვებად მიგვაჩნია მსჯელობა, მონალექ მიწას შერეულ ძვირფას ლითონსა და სხვა ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენაზე გავრცელდეს ის კანონის ანალოგიით გავრცელდეს ის სამართლებრივი ნორმები, რაც წიაღისეულზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად იყო განსაზღვრული.
მხითარ გოშის სამართალი ნებისმიერ ადგილზე, ქალაქსა თუ სოფელში „გამოჩენილი“ ქანებისა თუ სხვა ნივთიერებების მესაკუთრედ მეფეს, დედოფალს და ზოგჯერ თავადებს ასახელებს. მეფეს ეკუთვნის ოქრო
და თვალმარგალიტი, დედოფალს − ვერცხლი, თუ ეს ძვირფასი ქანები სათავადოში გამოჩნდებოდა, მეფეს თავისი სურვილით შეეძლო თავადისთვის წილი მიეცა, ან უკლებლივ თვითონ აეღო; სპილენძი, კალა, რკინა, მარილი, შაბი, ბორაკი, ნავთი და კუპრი თავადების იყო, „დიდის წყალობით და პატივისცემით Ãელმწიფისაგან“, რისთვისაც თავადებს მადლიერება უნდა გამოეხატათ მეფის მიმართ. ეს მადლიერება, ალბათ, მეფისთვის წილის მიცემაში გამოიხატებოდა. გოგირდი, საკმელი, გუნდა, ჯაოზი და სხვა ამგვარი ნივთიერებებით სარგებლობა და ვაჭრობა ყველასთვის დასაშვები იყო. აქვე აღნიშნულია, რომ მათ შეუძლიათ „იათისთაონ“, ანუ ვაჭრობისას ფასნამატად მეათედი განსაზღვრონ.
საკუთრების ამ ობიექტებს შორის დასახელებული თვალმარგალიტი მარტო ზღვაში ან ზღვის ნაპირზე მოიპოვება. რომის სამართლისგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც ზღვის ნაპირზე ნაპოვნი ძვირფასი ქვები და მარგალიტები, ბუნებითი სამართლის საფუძველზე მაშინვე მპოვნელის საკუთრება ხდებოდა, ფეოდალური სამართლით მათზე საკუთრების უფლება მხოლოდ ქვეყნის მთავარ მეპატრონეს, მეფეს ჰქონდა.
იოანე ბატონიშვილის სჯულდებით, წიაღისეულის მოპოვება ან მეფეს უნდა ეწარმოებინა თავისი ხარჯით, ან იჯარით უნდა გაეცა. მიღებული მადანი, იქნებოდა ეს ოქრო, ვერცხლი თუ სპილენძი, შუაზე უნდა გაეყოთ, მუშების ხარჯი კი მოიჯარეს უნდა გაეწია. წიაღისეულიდან შემოსავალი მნიშვნელოვანი იყო ცალკეულ სამეფო-სამთავროთა მმართველებისთვის. სოლომონ მეორეს ერთ-ერთი პირველი სათხოვარი რუსეთის იმპერატორისადმი იყო ის, რომ იმერეთში მოპოვებულ-დამუშავებული ყველა მადნიდან − ოქრო იქნებოდა ეს, ვერცხლი თუ სხვა ნებისმიერი, მეფე წილის გარეშე არ დარჩენილიყო.
5. ნალექების გავლენა მონალექზე
სხვა პირველწყაროები მონალექის შესახებ თითქმის არ მოიძებნება და არც სამართლის ისტორიის მკვლევართა მიერაა ეს თემა შესწავლილი. ლიტერატურაში გაბნეული ცნობები დასავლეთ საქართველოს მდინარეების – რიონის, ტეხურასა და ცხენისწყლის, ასევე ქვემო ქართლში, მდინარე მაშავერას კალაპოტებში მონალექ ქვიშაში ოქროს შემცველობის შესახებ, საკითხის შესასწავლად არასაკმარისია. შესაბამისად, პირველ რიგში, აუცილებელია გაირკვეს, რატომ უთმობდნენ ასეთ მცირე ყურადღებას კანონმდებლები მიწის მონალექის რეგულირების საკითხს და რატომ არ გამომუშავდა მდინარეებით მდიდარ ქვეყანაში თუნდაც შესატყვისი ხასიათის ადათები. ამ მხრივ, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებსაც: ნალექების სიხშირე, მოცულობა და მდინარეთა ბუნება, ქმნიდნენ თუ არა ეს გარემო ფაქტორები აუცილებლობას, ჩვეულებით სამართალს მაინც შეევსო მდინარის მონაყარი მიწის შესახებ არსებული მწირი საკანონმდებლო სივრცე.
დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე თავსხმა წვიმები, რომლებიც უფრო ადგილობრივი ხასიათისაა, მიუხედავად მათი მოკლე ხანგრძლივობისა, საკმაო ზიანს აყენებდა მცირე მდინარეების ხეობებს, მაგალითად, თბილისის ტერიტორიაზე ხშირად წამოიშობოდა ღვარცოფები, ასევე, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირებზე, მაგრამ დიდ მდინარეთა წყალმოვარდნისთვის მთავარი მნიშვნელობა ხანგრძლივ და დიდ ტერიტორიაზე გაშლილ ნალექს ჰქონდა. წყალდიდობა-ნიაღვარი გავრცელების ტერიტორიის მხრივ დამოკიდებულია წვიმების ხანგრძლივობაზე, ვიდრე ხანმოკლე დროის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობაზე. ასეთი წყალდიდობა და წარმოქმნილი ნიაღვრები დიდ ზიანს აყენებდა მდინარის ნაპირებს და აცლიდა მიწას, რომელიც მონაყარის სახით სხვა ტერიტორიაზე გადაჰქონდა. ასეთი წვიმებით განსაკუთრებით ზარალდებოდა დასავლეთ საქართველო, რადგან აღმოსავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, თავსხმა წვიმები აქ გაბმულ და გარშემო მოდებულ ნალექებში გადადის.
მთის მდინარეთა ბუნების კვლევამ, მაგალითად, თუშეთში აჩვენა, რომ წყალდიდობა მხოლოდ თოვლიანი და ყინულოვანი წყლების ხარჯზე ფორმირდებოდა თუშეთის ალაზანსა და პირიქითის ალაზანში. მასში ზაფხულის სეზონების ნალექიც კი არ იწვევს ჩამონადენის საგრძნობ ზრდას. მონალექის ჩამოტანა უფრო იმ მდინარეებზე ხდება, რომლებსაც ვარდნის საკმარისი დაქანება აქვთ; ასეთია, ენგურის, ხობისწყლის, ოჩხომურასა და ტეხურას შორის მდებარე წყალგამყოფები. გამორკვეულია, რომ გრანიტული ქვარგვალები ენგურის ძლიერი დინების მიერაა სამეგრელოში ნალექების ნაშალი მასალის სახით ჩამოტანილი.
დასკვნა
კვლევამ აჩვენა, რომ ეროვნული სამართლის ძეგლებიდან, მხოლოდ ვახტანგის VI-ის სამართალს და ისიც ნაწილობრივ, ჩაუთვლია საჭიროდ სპეციალური მოწესრიგების საგნად გაეხადა მონალექის იურიდიული რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს არც უცხოურიდან ნათარგმნი ძეგლები უთმობენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ვფიქრობთ, ვახტანგის სამართლის შესაბამისი დებულების წყარო უნდა იყოს ადგილობრივი ჩვეულებითი სამართალი, რომელიც სჯულმდებელმა მეფემ თავისი ნორმის საფუძვლად გამოიყენა. რომის სამართლისგან განსხვავებით, რომელიც, თავის მხრივ, ბერძნული სამართლის ქართული ვერსიის წყაროსაც წარმოადგენს, ძველი ქართული ადგილობრივი სამართალი არ ითვალისწინებდა მდინარის კალაპოტის ცვლილების გამო მომიჯნავე ნაკვეთებზე უწინდელისგან განსხვავებული უფლების დადგენას. რაც შეეხება მონალექის მიერ გამოტანილ ნივთებს, შესაძლებელია მათზე გავრცელებულიყო ნაპოვარის, უპატრონო ნივთებისა და წიაღისეულისთვის დადგენილი წესები ნივთების სამართლებრივი ბუნების შესაბამისად.
სქოლიო
- Дернбург Г., (1956). Пандекты, Вещное право. Т. 1, ч. 2. С.Петербург: университетская типография, 101.
- კერესელიძე დ., (2009). კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები. თბილისი: ეშსი, 227. Sead. Windscheid, Lehrbuch des Pandektenrechts, Band I, 1887, $146, 468.
- კერესელიძე დ., (2009). კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები. თბილისი: ეშსი, 227.
- იუსტინიანეს დიგესტები, რომის სამართლის ძეგლები, შესავალი კონსტიტუციები, წიგნი პირველი, წიგნი მეორე. (2012). სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.). თბილისი: ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ გამომცემლობა, 109.
- იუსტინიანეს ინსტიტუციები, (2002). რომის სამართლის ძეგლები. სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.), თბილისი: მერიდიანი, 53.
- იქვე.
- Дернбург Г., (1956). Пандекты, Вещное право. Т. 1, ч. 2. С.Петербург: университетская типография, 102.
- იუსტინიანეს ინსტიტუციები, (2002). რომის სამართლის ძეგლები. სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.). თბილისი: მერიდიანი, 57-58.
- გარიშვილი მ., ხოფერია მ., (2014). საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია. თბილისი: მერიდიანი, 36.
- იუსტინიანეს ინსტიტუციები, (2014). რომის სამართლის ძეგლები, სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.). თბილისი: მერიდიანი, 57.
- გაიუსის ინსტიტუციები, (2011). რომის სამართლის ძეგლები. სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.). თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 70.
- იუსტინიანეს ინსტიტუციები, (2002). რომის სამართლის ძეგლები. სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.). თბილისი: მერიდიანი, 57.
- Дернбург Г., (1956). Пандекты, Вещное право. Т. 1, ч. 2. С.Петербург: Университетская типография., 1956, 102.
- გაიუსის ინსტიტუციები, (2011). რომის სამართლის ძეგლები, სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.). თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 70.
- იუსტინიანეს ინსტიტუციები, (2002). რომის სამართლის ძეგლები, სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.), თბილისი: მერიდიანი, 57.
- Пухта Г.Ф., (1874). Курсъ римского гражданского права, типографiя «Соврем. Изв.», 432.
- Дернбург Г., (1956). Пандекты, Вещное право. Т. 1, ч. 2. С.-Петербург: университетская типография, 102.
- Бартошек, М., (1989). Римское право, понятия, термины, определения. Москва: Юридическая литература, 54.
- Дернбург Г., (1956), Пандекты, Вещное право. Т. 1, ч. 2. С.-Петербург: университетская типография, 102.
- იუსტინიანეს დიგესტები. (2014). რომის სამართლის ძეგლები, წიგნი მეექვსე. სურგულაძე ნ., (წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.). თბილისი: ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ გამომცემლობა, 144.
- იქვე.
- გაიუსის ინსტიტუციები, (2011). რომის სამართლის ძეგლები. სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.), თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 71; იუსტინიანეს ინსტიტუციები, (2002). რომის სამართლის ძეგლები. სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.), თბილისი: მერიდიანი, 57.
- გაიუსის ინსტიტუციები, (2011). რომის სამართლის ძეგლები. სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.), თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 71. იუსტინიანეს ინსტიტუციები, (2002). რომის სამართლის ძეგლები. სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.). თბილისი: მერიდიანი, 57.
- იუსტინიანეს ინსტიტუციები, (2002). რომის სამართლის ძეგლები. სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.). თბილისი: მერიდიანი, 57.
- კილასონია ი., (2004). საკუთრების უფლება რომაულ და ძველ ქართულ სამართალში. ქუთაისი, 2004, 33. იხ. Гарсия-Гаридо М.Х. (2005). Римское частно право, М., 351.
- Дернбург Г., (1956).Пандекты, Вещное право. Т. 1, ч. 2. С.Петербург: университетская типография, 103.
- ახ. წ-ის II საუკუნის ანონიმი ავტორი თვლიდა, რომ ოქროს საწმისი ცხვრის ტყავზე დაწერილი ქიმიის წიგნი იყო, რომელშიც ოქროს ქიმიური გზით მიღების წესებია მოცემული. ზარაქს პერგამონელის აზრით, ოქროს საწმისში ეტრატებში აღნუსხული ოქროდამწერლობის ხერხი იყო გადმოცემული. თუმცა სტრაბონის ცნობა უტყუარი უნდა იყოს, რადგან გეოგრაფის ბიძა, დედის ძმა, გარკვეული დროის მანძილზე კოლხეთსაც მართავდა და სტრაბონს რეალური ცნობები ექნებოდა ხელთ. იხ. ჩაგუნავა რ., ოქროს საწმისი, საქართველოს ქალი, 2006, №1-2, 39.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, (1970). საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე. მელიქიშვილი გ. (რედ.), (1970). თბილისი: საბჭოთა საქართველო, 324. შეად. Strabo, XI, 2, 19.
- გამყრელიძე გ., ფირცხალავა მ., ყიფიანი გ., (2005). ძველი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, თბილისი: არტანუჯი, 6. შეად. აპიანე, მითრიდატეს ომები, 103.
- გამყრელიძე გ., ფირცხალავა მ., ყიფიანი გ., (2005). ძველი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, თბილისი: არტანუჯი, 6. შეად. NH, XXXIII.
- სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა, (1963). ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული. ქსძ, I, დოლიძე ის. (მთ. რედ., გამოკვ. და ლექსიკ.), თბილისი, 527.
- ბერძნული სამართალი, (1963). ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული. ქსძ, I, დოლიძე ის. (მთ. რედ., გამოკვ. და ლექსიკ.), თბილისი, 190.
- იუსტინიანეს ინსტიტუციები, (2002). რომის სამართლის ძეგლები, სურგულაძე ნ. (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.). თბილისი: მერიდიანი, 57.
- ბერძნული სამართალი, (1963). ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული. ქსძ, I, დოლიძე ის. (მთ. რედ., გამოკვ. და ლექსიკ.). თბილისი, 190.
- ბერძნული სამართალი, (1963). ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, ქსძ, I, დოლიძე ის. (მთ. რედ., გამოკვ. და ლექსიკ.). თბილისი, 190.
- სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა, (1963). ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, ქსძ, I, დოლიძე ის. (მთ. რედ., გამოკვ. და ლექსიკ.), თბილისი, 527.
- ბიჭვინტის იადგარი [1525-1550 წწ.], (1965). II, დოლიძე ის. (მთ. რედ., შენიშვ. და საძიებ.). თბილისი: მეცნიერება, 182.
- სამართალი მოსესი, (1963). მხითარ გოშის სამართლის ვერსია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული. ქსძ, I, ი. დოლიძე (მთ. რედ., გამოკვ. და ლექსიკ.), თბილისი, 289.
- სამართალი მოსესი, (1963). მხითარ გოშის სამართლის ვერსია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული. ქსძ, I, ი. დოლიძე (მთ. რედ., გამოკვ. და ლექსიკ.), თბილისი, 290.
- იუსტინიანეს დიგესტები, (2012). რომის სამართლის ძეგლები, შესავალი კონსტიტუციები, წიგნი პირველი, წიგნი მეორე. სურგულაძე ნ., (მთარგ., წინასიტ., შენიშ., ლექს. და საძიებ.)., თბილისი: ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ გამომცემლობა, 109.
- იოანე ბაგრატიონი, სჯულდება (ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი რეფორმების პროექტი), (1975). სურგულაძე ივ. (მთ. რედ., შეს., ლექსიკ. და საძიებ.), სტალინის სახელობის თსუ გამომცემლობა, 8
- მუხლნი სათხოვარნი სოლომონ II-ისა ალექსანდრე I-სადმი იმერეთის სამეფოზე მისი უფლებების დამტკიცების შესახებ [1804 წ.], (1965). ქსძ, II, დოლიძე ის. (მთ. რედ., შენიშვ. და საძიებ.). თბილისი: 561.
- კორძახია მ., (1948). ძირითადი მეტეოროლოგიური ელემენტების კლიმატური რეჟიმი საქართველოში. ვსგი შრომები. თბილისი: სსსრმ აკადემიის გამომცემლობა, ტ. III, ნაკვეთი 1, 59.
- იქვე; იხ. Фигуровский Н. (1928). Ливны на Кавказе, Москва.
- კორძახია მ., (1948). ძირითადი მეტეოროლოგიური ელემენტების კლიმატური რეჟიმი საქართველოში. ვსგი შრომები. თბილისი: სსსრმ აკადემიის გამომცემლობა, ტ. III, ნაკვეთი 1, 61.
- იქვე.
- ვლადიმიროვი ლ., (1957). თუშეთის მდინარეთა ჩამონადენის გამოკვლევისთვის. სსსრმ აკადემიის მოამბე, ტ. XVIII, № 3, 311-312.
- იქვე, 313.
- ვახანია ე., (1957). კოლხიდის სერიის ასაკის შესახებ. სსსრმ აკადემიის მოამბე, ტ. XVIII, № 3, 318.
- იქვე, 319.
Bibliography:
SOURCES:
- Greek Law, (1963). Collection of Law Books of Vakhtang VI. Monuments of Georgian Law, I, Dolidze is. (Editor-in-Chief, Notes and Glossary), Tbilisi. (In Georgian)
- Yadgar of Bichvinti [1525-1550], (1965). II, Dolidze Is. (Editor-in-Chief, Notes and Glossary). Tbilisi: Science. (In Georgian)
- Gaius Institutions, (2011). Monuments of Roman Law Surguladze N. (Translator, Preface, Notes and Glossary). Tbilisi: University Publishing House. (In Georgian)
- Articles of request of Solomon II to Alexander I on the Confirmation of his rights to the Kingdom of Imereti [1804], (1965). Monuments of Georgian Law, II, Dolidze Is. (Editor-in-Chief, Notes and Glossary). Tbilisi. (In Georgian)
- Law of Batonishvili’s Vakhtang, (1963). Collection of Law Books of Vakhtang VI. Monuments of Georgian law, I, Dolidze Is. (Editor-in-Chief, Notes and Glossary.), Tbilisi. (In Georgian)
- Law Moses, (1963). Mkhitar Ghosh Law Version, Collection of Law Books of Vakhtang VI. Monuments of Georgian law, I, Dolidze Is. (Mt. ed., survey and lexicon), Tbilisi. (In Georgian)
- Ioane Bagrationi, Sjuldeba (Project of State Reforms of the Kingdom of Kartl-Kakheti), (1975). Surguladze Iv. (Editor-in-Chief, Notes and Glossary), Publishing House of TSU named after Stalin, 8. (In Georgian)
- Digests of Justinian, Monuments of Roman Law, Introductory Constitutions, Book One, Book Two. (2012). Surguladze N. (Translator, Preface, Notes and Glossary). Tbilisi: Iv. Javakhishvili house TSU Publishing House. (In Georgian)
- Digests of Justinian. (2014). Monuments of Roman Law, Book Six. Surguladze N., (Translator, Preface, Notes and Glossary). Tbilisi: TSU Publishing House. (In Georgian)
- Institutions of Justinian, (2002). Monuments of Roman Law. Surguladze N. (Translator, Preface, Notes and Glossary), Tbilisi: Meridian. (In Georgian)
SCIENTIFIC LITERATURE:
- Windscheid B., (1887). Lehrbuch des Pandektenrechts, Band I. (In German)
- Dernburg G., (1956), Pandekty, Property Law. T.
- ch. 2.St. Petersburg: university printing house. (In Russian)
- Pukhta G.F., (1874). Course of Roman City Law, printing house “Modern. Izv.”. (In Russian)
- Figurovsky N. (1928). Livny in the Caucasus, Moscow. (In Russian)
- Garcia-Garido M.H. (2005). Roman Private Law, M., 351. (In Russian)
- Gamkrelidze G., Firtskhalava M., Kifiani G., (2005). Issues of the military history of ancient Georgia, Tbilisi: Artanuji, 6. Add. Appian, Wars of Mithridates. (In Georgian)
- Garishvili M., Khoferia M., (2014). History of the law of foreign countries. Tbilisi: Meridian. (In Georgian)
- Vakhania E., (1957). On the age of the Colchis series. Bulletin of the Academy of the USSR, vol. XVIII, No. 3. (In Georgian)
- Vladimirov L., (1957). for the investigation of the runoff of Tusheti rivers. Bulletin of the Academy of the USSR, vol. XVIII, No. 3. (In Georgian)
- Kereselidze D., (2009). The most General Systematic Concepts of Private Law. Tbilisi: Ashsi. (In Georgian)
- Kilasonia I., (2004). Property rights in Roman and Ancient Georgian Law. Kutaisi. (In Georgian)
- Kordzakhia M., (1948). Climatic regime of main meteorological elements in Georgia. Tbilisi: USSR Academy Publishing House, Vol. III, plot. (In Georgian)
- Essays on the history of Georgia, (1970). Georgia from Ancient Times to the 4th Century AD. Melikishvili G. (Ed.), Tbilisi: Soviet Georgia. (In Georgian)
- Chagunava r., (2006). Golden Fleece. Georgian Woman, No. 1-2. (In Georgian)
DICTIONARIES:
- Bartoshek M., (1989). Roman Law, Concepts, Terms, Definitions. Moscow: legal literature. (In Russian)