×

Cookie Consent

ციფრული იდენტიფიკატორი
შემოკლება
გამოცემა

ამ სტატიაში

    რეზიუმე - Journal Law and World

    Volume 8, Issue 3


    პროფესორი გურამ ნაჭყებია როგორც სისხლის სამართლის ფილოსოფიის პრობლემების მკვლევარი (კრებულში „ფილოსოფიური ძიებანი“ გამოქვეყნებული ნაშრომების მიხედვით)

    Authors: Murman Gorgoshadze1,

    Murman Gorgoshadze

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი

    Email: murman.gorgoshadze@bsu.edu.ge


    Mirian Katamadze2

    Mirian Katamadze

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი

    Email: mirokatamadze@gmail.com



    Affiliation: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი2

    Abstract: ნაშრომში წარმოდგენილია თანამედროვე ქართული სამართლის მეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის პროფესორ გურამ ნაჭყებიას მიერ, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის კრებულში „ფილოსოფიურ ძიებანი“ გამოქვეყნებული ნაშრომების მიხედვით, სისხლის სამართლის პრობლემების ფილოსოფიური კუთხით კვლევის ანალიზი. ნაშრომში განხილულია დანაშაულის, როგორც სამართლის უარყოფის, მისი ცნების მდგენელი კატეგორიების, განზრახი დანაშაულის, როგორც ღირებულებითი ცდომილების, სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის იდეის და საფუძვლის, ბრალის საზღვრითი კატეგორიებისა და სამართლის აქსიოლოგიური ასპექტების ფილოსოფიური საკითხები. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს: ● სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, როგორც რომელიმე კონკრეტული მოვალეობისადმი დამოკიდებულების და არა სუბიექტის მოვალეობის განხილვას, რაც იძლევა პოზიტიური პასუხისმგებლობის იდეის დაფუძნების შესაძლებლობას; ● ბრალისა და უპასუხისმგებლობის, როგორც სინონიმური ცნებების ანალიზს; დანაშაულის საფუძველმდებარე სამართლის ზოგადი თეორიის კატეგორიების „ქმედების შემადგენლობისა“ და „მართლწინააღმდეგობის“ და სოციალური ფილოსოფიის კატეგორიის „ბრალის“ წარმოჩენას; ● ბრალის, როგორც ფსიქიკურისა და ნორმატიულის მიჯნაზე არსებული ფენომენის განხილვას მის საზღვრით კატეგორიებთან (პასუხისმგებლობა, მისი პოზიტიური და ნეგატიური ასპექტებით; ● თავისუფლება; ● მიზეზი და შედეგი; ● რაოდენობრიობა და თვისებრიობა; ● სამართლებრივი ურთიერთობა; ● ზნეობა; ● პასუხისმგებლობის გრძნობა; სინდისი); ● დანაშაულის ნორმატიული ცნების აგებისთვის ქმედების შემადგენლობიდან, როგორც აღწერილობით მსჯელობის სტრუქტურიდან „ქმედების მართლწინააღმდეგობისა“ და სუბიექტის „ბრალის“ კატეგორიების გამოტანას და მათ შეფასებით, აქსიოლოგიურ კატეგორიებად გამოცხადებას, განსხვავებით „ქმედების შემადგენლობის“ კატეგორიისაგან, როგორც შემეცნებითი (გნოსეოლოგიური) კატეგორიისგან. ნაჩვენებია, რომ პროფესორ გურამ ნაჭყებიას შრომები ეხება როგორც სამართლის ფილოსოფიის ზოგად პრობლემატიკას, ასევე, სამართლის ძირითადი კატეგორიების ფილოსოფიურ საკითხებსაც. შეფასებულია პროფესორ გურამ ნაჭყებიას წვლილი ზოგადად, ქართული სამართლის ფილოსოფიისა და კერძოდ, ქართული სისხლის სამართლის ფილოსოფიის განვითარებაში.

    Keywords: Guram Natchkebia, Positive Responsibility, Irresponsibility, World-view error


    Language: GE

    Download
      მსგავსი სტატიები ვერ მოიძებნა!





    შესავალი

    იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული სამართლის ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი1 , პროფესორი გურამ ნაჭყებია (1940-2017), 1999 წლიდან საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. იგი ამავე აკადემიის კრებულში (სახელწოდებით „ფილოსოფიურ ძიებანი“), სისტემატურად აქვეყნებდა სამართლის ფილოსოფიის პრობლემებზე საინტერესო სტატიებს2 . მის სიცოცხლეში გამოქვეყნდა აღნიშნული კრებულის 21 ნომერი, მათგან 19-ში გამოქვეყნებულია მისი, მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული, სამეცნიერო შრომები.
    ეს ნაშრომებია:
    • ჰეგელი დანაშაულის ბუნების შესახებ („ფილოსოფიური ძიებანი“, 1999, #3);
    • პასუხისმგებლობის კატეგორიის განსაზღვრის საკითხისათვის („ფილოსოფიური ძიებანი“, 2000, #4);
    • ბრალი, როგორც ფილოსოფიური კატეგორია („ფილოსოფიური ძიებანი“, 2001, #5);
    • სოციალური ნორმის საზრისის საკითხისათვის („ფილოსოფიური ძიებანი“, 2002, #6);
    • მართლშეგნება, როგორც ფილოსოფიური კატეგორია („ფილოსოფიური ძიებანი“, 2004, #8);
    • სამართლის ფილოსოფიის შესაძლებლობის საკითხისთვის („ფილოსოფიური ძიებანი“, 2005, #9);
    • ფიქციის მეთოდი სამართალში („ფილოსოფიური ძიებანი“, 2006, #10);
    • განზრახი დანაშაული, როგორც მსოფლმხედველობითი ცდომილება („ფილოსოფიური ძიებანი“, 2007, #11);
    • სამართლის ფილოსოფიის კატეგორიალური სისტემის საკითხისთვის („ფილოსოფიური ძიებანი“, 2008, #12);
    • ისტორიის ფილოსოფია და სამართლის ფილოსოფია („ფილოსოფიური ძიებანი“, 2009, #13);
    • დეონტური ლოგიკა და სამართლებრივი სივრცის პრობლემა სისხლის სამართალში („ფილოსოფიური ძიებანი“, 2010, #14);
    • დანაშაულის ცნების კატეგორიული საფუძვლები („ფილოსოფიური ძიებანი“, 2011, #15);
    • ბრალის კატეგორია სასაზღვრო კატეგორიების სისტემაში („ფილოსოფიური ძიებანი“, 2012, #16);
    • სამართლებრივი ურთიერთობა, როგორც სამართლის ფილოსოფიის კატეგორია („ფილოსოფიური ძიებანი“, 2013, #17);
    • ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის თანაფარდობის პრობლემა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში („ფილოსოფიური ძიებანი“, 2014, #18);
    • „გადავარდეს“ თუ არა იურისტი ფილოსოფიაში? („ფილოსოფიური ძიებანი“, 2015, #19);
    • სამართალი როგორც მორალისა და პოლიტიკის კავშირის ფორმა („ფილოსოფიური ძიებანი“, 2016, #20);
    • „მართალი სამართლის" იდეა ხელოვნებისა და სამართლის მიმართების მიხედვით („ფილოსოფიური ძიებანი“, 2017, #21).
    პროფესორ გურამ ნაჭყებიას მიერ „ფილოსოფიურ ძიებანში“ გამოქვეყნებული შრომები, რომლებიც სამართლის ფილოსოფიის პრობლემატიკას ეხება, პირობითად სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:
    პირველ ჯგუფში შეიძლება გავაერთიანოთ შრომები, რომლებიც სამართლის ფილოსოფიის ზოგად პრობლემატიკას ეხება – „სამართლის ფილოსოფიის შესაძლებლობის საკითხისთვის“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2005, #9), „ფიქციის მეთოდი სამართალში“ (2006, # 10), „სამართლის ფილოსოფიის კატეგორიალური სისტემის საკითხისთვის“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2008, #12), „ისტორიის ფილოსოფია და სამართლის ფილოსოფია“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2009, #13), „გადავარდეს“ თუ არა იურისტი ფილოსოფიაში?“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2015, #19); "მართალი სამართლის" იდეა ხელოვნებისა და სამართლის მიმართების მიხედვით“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2017, #21)
    მეორე ჯგუფში გაერთიანდება შრომები, რომლებშიც დამუშავებულია სამართლის ძირითადი კატეგორიები ფილოსოფიური თვალსაზრისით, კერძოდ – „სოციალური ნორმის საზრისის საკითხისათვის“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2002, #6), „მართლშეგნება, როგორც ფილოსოფიური კატეგორია“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2004, #8 „სამართლებრივი ურთიერთობა, როგორც სამართლის ფილოსოფიის კატეგორია“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2013, #17), „სამართალი როგორც მორალისა და პოლიტიკის კავშირის ფორმა“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2016, #20);
    მესამე ნაწილი მოიცავს შრომებს, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის ფილოსოფიას საკითხებს. ამ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ბატონ გურამის შემდეგი ნაშრომები – „ჰეგელი დანაშაულის ბუნების შესახებ“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 1999, #3), „პასუხისმგებლობის კატეგორიის განსაზღვრის საკითხისათვის“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2000, #4), „ბრალი, როგორც ფილოსოფიური კატეგორია“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2001, #5), „განზრახი დანაშაული, როგორც მსოფლმხედველობითი ცდომილება“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2007, #11), „დეონტური ლოგიკა და სამართლებრივი სივრცის პრობლემა სისხლის სამართალში“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2010, #14), „დანაშაულის ცნების კატეგორიული საფუძვლები (მეთოდოლოგიური საკითხები)“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2011,#15), „ბრალის კატეგორია სასაზღვრო კატეგორიების სისტემაში“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2012, #16), „ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის თანაფარდობის პრობლემა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2014, #18).

    დანაშაული, როგორც სამართლის უარყოფა

    წინამდებარე სტატიაში, „ფილოსოფიურ ძიებანში“ გამოქვეყნების ქრონოლოგიის მიხედვით, მხოლოდ იმ ნაშრომებს მიმოვიხილავთ, რომლებიც სისხლის სამართლის ფილოსოფიას შეეხება. დავიწყოთ 1999 წელს გამოქვეყნებული ნაშრომით – „ჰეგელი დანაშაულის ბუნების შესახებ“. ჰეგელი აყალიბებს დებულებას, რომლის მიხედვითაც დანაშაული სამართლის უარყოფაა. ჰეგელი ამბობს: „ვინც ჩადის, მაგალითად, ქურდობას, იგი უარყოფს არა მარტო სხვა, მეორე პიროვნების განსაკუთრებულ, კერძო უფლებას ამ ნივთზე, როგორც ამას ადგილი აქვს სამოქალაქო დავაში, არამედ საერთოდ უარყოფს მის უფლებას და ამიტომაც არამარტო იძულებელყოფენ დააბრუნოს მოპარული ნივთი, არამედ სასჯელსაც სდებენ, რადგან ის არღვევს უფლებას, როგორც ასეთს, ე. ი. უფლებას საზოგადოდ“.3 ჰეგელი თვლის, რომ დანაშაული უარყოფს სამართალს, ხოლო სასჯელი უარყოფს დანაშაულს, ანუ საქმე გვაქვს უარყოფის უარყოფასთან, ასე ვთქვათ უარყოფით უსასრულო მსჯელობასთან.
    ავტორი, ამოდის რა დებულებიდან, რომ სისხლისსამართლებრივი ურთიერთობა გულისხმობს სახელმწიფოსა და პიროვნების სისხლისსამართლებრივ კავშირს, რომელიც დანაშაულთა თავიდან აცილების სპეციფიკურ იურიდიულ ფორმას წარმოადგენს და რომ სისხლის სამართლის ნორმა მიმართულია საზოგადოების ყველა დელიქტუნარიან წევრზე, რომელიც ვალდებულია სახელმწიფოს წინაშე პოზიტიური პასუხისმგებლობის ვითარებაში აღასრულოს იგი, თვლის, რომ ჰეგელის დებულება – „დანაშაული არის სამართლის უარყოფა“, მართებულია. უფრო მეტიც, მისი აზრით, თუ დანაშაული სამართლის უარყოფაა
    მაშინ იგი სახელმწიფოს უარყოფაცაა, რადგან სამართალი სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს და დანაშაულის ჩადენას, დანაშაულის ჩამდენი პირი, გაჰყავს სახელმწიფოსთან სისხლისამართლებრივი ურთიერთობის გარეთ, რაც სახელმწიფოს უარყოფასაც წარმოადგენს, რადგან სახელმწიფო პიროვნებასთან იურიდიული კავშირის გარეშე არ არსებობს. პროფესორ გურამ ნაჭყებიას აზრით, ჰეგელი მართალია იმაშიც, რომ სამოქალაქო დავის საგანი – ზიანი, მისი აღდგენის გამო, იწვევს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას, მაშინ, როდესაც დანაშაული, პირიქით, ანგრევს სახელმწიფოს, რაკი მის ჩამდენ პირს გაიყვანს სახელმწიფოსთან სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის გარეთ. ესაა სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, უარყოფა. ამაში მდგომარეობს დანაშაულის პოლიტიკური ბუნება, რომლის საფუძველში ძევს დანაშაულად გამოცხადებული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება4 .
    მაშასადამე, ბატონი გურამი, ჰეგელის შეხედულებას დანაშაულის შესახებ განიხილავს ზოგადად, სისხლისამართლებრივ პრობლემატიკასთან მიმართებაში და არაერთ ავტორთან მწვავე კამათის გზით, ამართლებს მას.

    პოზიტიური პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი

    სტატიაში – „პასუხისმგებლობის კატეგორიის განსაზღვრის საკითხისათვის“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2000 წ.) და სტატიაში – „ბრალი როგორც ფილოსოფიური კატეგორია“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2001 წ.) სქემატურადაა გადმოცემული ბატონი გურამის, შეიძლება ითქვას, ორიგინალური თეორია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნების შესახებ. ამ თეორიის განვითარება ბატონი გურამის სხვა ნაშრომებში მოხდა. მაინც, რითაა ორიგინალური ავტორის შეხედულებები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კატეგორიის შესახებ და როგორ ახერხებს იგი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთგვარი სისტემის ჩამოყალიბებას? იმის გასარკვევად, თუ რატომაა მისი შეხედულებები ორიგინალური, ვნახოთ, როგორაა იგი გაგებული სამართალში და რას არ ეთანხმება პროფესორი გურამ ნაჭყებია:
    1. სამართალში მიღებულია პასუხისმგებლობის მხოლოდ ნეგატიური ასპექტით განხილვა;
    2. სამართალში შეუძლებლადაა მიჩნეული პასუხისმგებლობის პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების ერთ ცნებაში გაერთიანება;
    3. სამართალში არ არსებობს პასუხისმგებლობის პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების გამაერთიანებელი ცნება;
    4. სისხლის სამართალში მხოლოდ ნეგატიური პასუხისმგებლობაა აღიარებული, რომელიც ბრალეულ ქმედებას უკავშირდება და მიღებულია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენის შედეგად ყალიბდება.
    ვნახოთ, რა არგუმენტებით ცდილობს ბატონი გურამი ამ შეხედულებების უარყოფას და საკუთარი თვალსაზრისის დასაბუთებას. დავიწყოთ პირველი დებულებით, რომლის მიხედვითაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მხოლოდ ნეგატიური ასპექტი აქვს. ბატონი გურამი სამართლიანად შენიშნავს, რომ პასუხისმგებლობის ერთიანი განსაზღვრება არ არსებობს და ეს ცნება ფილოსოფოსებსა და იურისტებს შორის ერთგვარად გახლეჩილია. ფილოსოფოსები პასუხისმგებლობას განიხილავენ მხოლოდ პოზიტიური, პროსპექტული კუთხით, ხოლო იურისტები, მხოლოდ ნეგატიური, რეტროსპექტული კუთხით. ბატონი გურამი თვლის, რომ პასუხისმგებლობა სუბიექტსა და ინსტანციას, ვთქვათ, სახელმწიფოს, ურთიერთობის ფორმითაა შესაძლებელი, მაგრამ ეს ურთიერთობა თვითონ კი არაა პასუხისმგებლობა, არამედ ამ ურთიერთობაზე დამოკიდებულების გამოვლენის ფორმაა, იგი მოითხოვს და აპირობებს ამ ურთიერთობას. თუ, მაგალითად, სამართლებრივი მოვალეობა სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტია, პასუხისმგებლობა ამ მოვალეობისადმი დამოკიდებულებით ვლინდება. აქედან გამომდინარე, მკვლევრის აზრით, დებულება, რომ პასუხისმგებლობა სუბიექტის მოვალეობაა, არაა სწორი. ამგვარი მოსაზრება უგულებელყოფს და აუფასურებს პოზიტიური პასუხისმგებლობის შესაძლებლობას და იდეას, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ პასუხისმგებლობა მოვალეობა კი არაა, არამედ რომელიმე კონკრეტული მოვალეობისადმი (ვთქვათ, გადასახადის გადახდისათვის) დამოკიდებულებაა, მაშინ პოზიტიური პასუხისმგებლობის იდეა დაფუძნდება, რადგან პოზიტიური პასუხისმგებლობა კონკრეტულ მოვალეობაზე (ვთქვათ, გადასახადის გადახდაზე) პირის მომავალი დამოკიდებულებით განსაზღვრული პასუხისმგებლობაა. ამდენად, პასუხისმგებლობა, ავტორის აზრით, მოიცავს ორ ურთიერთდაპირისპირებულ ასპექტს – პოზიტიურს, ანუ პროსპექტულს, რომელიც ნორმატიულად დადგენილი მოვალეობისადმი პოზიტიურ, პასუხისმგებლურ დამოკიდებულებაში ვლინდება (პასუხისმგებლობა მომავლისთვის) და ნეგატიურს, რეტროსპექტიულს, რომელიც მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გარდუვალი შედეგია (პასუხისმგებლობა წარსულისთვის)5 .
    ეხლა განვიხილოთ ზემოთ მოტანილი მეორე დებულება, რომლის მიხედვითაც სამართალში შეუძლებლადაა მიჩნეული პასუხისმგებლობის პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების ერთ ცნებაში გაერთიანება. სისხლის სამართალი იმის ნათელი მაგალითია, რომ ეს ცნებები ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. უფრო მეტიც, განაგრძობს ავტორი, ამგვარი იდეა (პასუხისმგებლობის პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების ერთ ცნებაში გაერთიანების შეუძლებლობა) ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კოდექსს, რომელშიც ვკითხულობთ „სისხლის სამართლის კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა“ (მ.1. ნაწ.3). ამ მიზნის რეალიზაცია კი შესაძლებელია არა დანაშაულის ჩადენით, არამედ, დანაშაულის თავიდან აცილების გამო ურთიერთობით, რომელიც სისხლის სამართლის კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან ყალიბდება სახელმწიფოსა და სისხლის სამართლის სუბიექტს შორის6 . ეს ურთიერთობა პოზიტიური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის იურიდიული ფორმაა. დანაშაულის ჩადენა ამ ურთიერთობას კი არ ქმნის, არამედ, პირიქით ამ ურთიერთობიდან გაიყვანს დანაშაულის ჩამდენ პირს და შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისთვის ნეგატიურ პასუხისმგებლობასთან ერთად, აუცილებელია პოზიტიური პასუხისმგებლობის არსებობაც. პასუხისმგებლობა ამ ასპექტების ერთიანობაა. პოზიტიური პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია ნეგატიური პასუხისმგებლობის გაგება, ხოლო ნეგატიური პასუხისმგებლობის გარეშე ვერც პოზიტიური პასუხისმგებლობა შესაძლებელი. მაშასადამე ისინი ერთმანეთს მოითხოვენ და განაპირობებენ7 .
    მესამე დებულება, რომელსაც არ ეთანხმება ბატონი გურამი და საკუთარ არგუმენტებს აყალიბებს, მდგომარეობს შემდეგში: „არ არსებობს პასუხისმგებლობის პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების გამაერთიანებელი ცნება“. ბატონი გურამის აზრით, ასეთი ცნება არსებობს და იგი „უპასუხისმგებლობის“ ცნებაა. მისი აზრით, უპასუხისმგებლობა წარმოადგენს პოზიტიური და ნეგატიური პასუხისმგებლობის კავშირის ფორმას. იგი პასუხისმგებლობის ამ ორი ასპექტის დამაკავშირებელია იმ თვალსაზრისით, რომ პოზიტიური პასუხისმგებლობა უპასუხისმგებლობის ლოგიკური წანამძღვარია, რომ არ არსებობდეს პოზიტიური პასუხისმგებლობა, შეუძლებელი იქნებოდა უპასუხისმგებლობაზე ლაპარაკი. რაც შეეხება ნეგატიურ პასუხისმგებლობას, იგი არის უპასუხისმგებლობის გარდაუვალი ლოგიკური შედეგი. მაშასადამე, უპასუხისმგებლობის ცნება პოზიტიურ და ნეგატიურ პასუხისმგებლობას აკავშირებს იმ თვალსაზრისით, რომ იგი ერთის (პოზიტიური პასუხისმგებლობის) შედეგია, ხოლო მეორის (ნეგატიურ პასუხისმგებლობის) საფუძველი.
    რაც შეეხება დებულებას, იმის შესახებ, რომ „სისხლის სამართალში მხოლოდ ნეგატიური პასუხისმგებლობაა აღიარებული, რომელიც ბრალეულ ქმედებას უკავშირდება და მიღებულია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენის შედეგად ყალიბდება“, ბატონი გურამი პასუხობს შემდეგი არგუმენტაციით: ნეგატიური პასუხისმგებლობა მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, როცა უარყოფილი ან იგნორირებული იქნება პასუხისმგებლობის პოზიტიური ასპექტი. ეს მოხდება მაშინ, როცა მოვალეობისადმი სუბიექტის პასუხისმგებლური დამოკიდებულება შეიცვლება მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით. მოვალეობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება (პოზიტიური პასუხისმგებლობის იგნორირება) იწვევს ნეგატიურ პასუხისმგებლობას8 . ნეგატიურმა პასუხისმგებლობამ სუბიექტის უპასუხისმგებლობა უნდა შემოაბრუნოს პოზიტიური პასუხისმგებლობისაკენ. ბატონი გურამის სამართლიანი დასკვნით, სისხლის სამართლის კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის მყარდება სისხლისსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც დანაშაულთა თავიდან აცილების სპეციფიური ხერხია. ეს კი ნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი ურთიერთობა იწყება პირის პოზიტიური პასუხისმგებლობით და ამ პასუხისმგებლობაზე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას პირი გაჰყავს სისხლისსამართლებრივი ურთიერთობიდან და დგება ნეგატიური პასუხისმგებლობა. უპასუხისმგებლობა სახელმწიფოს სახელით გაკიცხვის საფუძველია.
    ნაშრომში „ბრალი როგორც ფილოსოფიური კატეგორია“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2001, #5), ავტორი ასაბუთებს, რომ ბრალი და უპასუხისმგებლობა სინონიმური ცნებებია და შესაბამისად, ბრალი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ასპექტებს შორის კავშირის ფორმას9 . ბრალსაც და პასუხისმგებლობასაც ავტორი ფილოსოფიურ კატეგორიებად მიიჩნევს.

    განზრახი დანაშაული,როგორც ღირებულებითი ცდომილება

    2007 წელს ბატონი გურამი აქვეყნებს ნაშრომს „განზრახი დანაშაული, როგორც მსოფლმხედველობითი ცდომილება“ („ფილოსოფიური ძიებანი“, #11), რომელშიც ავითარებს აზრს, რომ სამართლის ფილოსოფია, უპირველესად, სამართლის ფენომენის მსოფლმხედველობრივ გაგება-დაფუძნებაში მდგომარეობს, სისხლის სამართლის ფილოსოფია კი დანაშაულისა და სასჯელის მსოფლმხედველობრივ შეფასებებში გამოიხატება10. ამ დებულებიდან გამომდინარე იგი იკვლევს დანაშაულის მსოფლმხედველობრივ ბუნებას. მკვლევარი საკითხს სვამს ასე: ცნობილია, რომ დანაშაული, პოზიტიური სამართლის მიხედვით, სამართლებრივად უარყოფითად შეფასების ობიექტია და როგორაა შესაძლებელი დანაშაულის, როგორც სამართალში უარყოფითად შეფასებული ქმედების მსოფლმხედველობრივი შეფასება? ავტორი მხოლოდ განზრახ დანაშაულს განიხილავს, რადგან განზრახი ბრალი შეცდომას გამორიცხავს, იგი, როგორც წესი, ფსიქოლოგიურად უშეცდომოა ანუ მართლწინააღმდეგობა შეგნებულია, სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ლაპარაკი მის მსოფლმხედველობრივ საფუძვლებზე.
    ავტორი თვლის, რომ დანაშაული ღირებულებითი ცთომილების გამოხატულებაა, ხოლო ეს თავის მხრივ მსოფლმხედველობრივ ცთომილებად უნდა დაკვალიფიცირდეს. ცხადია, ღირებულებათა არჩევანში შეცდომას გნოსეოლოგიური ძირები აქვს, ანუ შესაძლებელია ეს შეცდომა ადამიანს გაცნობიერებული არ ჰქონდეს, მაგრამ ეს მაინც საზოგადოებრივ პრაქტიკაში დაშვებული შეცდომაა და ადამიანს მისი გაცნობიერებაც შეუძლია. ამაზე მეტყველებს თვითმოტყუების ფენომენი. დანაშაულის ჩადენა შეუძლებელია ისე, თუ სუბიექტმა თავისი სინდისი არ მოატყუა. ბუნებრივია, თვითმოტყუება შეუძლებელი იქნებოდა, რომ ადამიანი თავის ღირებულებით ცთომილებას არ აცნობიერებდეს. თვითმოტყუება, ამ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულის გამართლების მცდელობას წარმოადგენს. ამდენად დანაშაული და, მით უფრო, განზრახი დანაშაული მსოფლმხედველობრივი ცთომილებაა – ასკვნის ავტორი.

    დანაშაულთა თავიდან აცილება - სისხლის სამართლებრივი ურთიერთობის იდეა

    ნაშრომში „დეონტური ლოგიკა და სამართლებრივი სივრცის პრობლემა სისხლის სამართალში“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2010, #14), პროფესორი გურამ ნაჭყებია კვლავ უბრუნდება დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის საკითხებს და, დეონტური (ნორმათა) ლოგიკის პრინციპებიდან გამომდინარე, არგუმენტებით ცდილობს აჩვენოს აღნიშნული იდეის სიყალბე. იგი ავლენს როგორც სოციოლოგიზმის, ისე ნორმატივიზმის წინააღმდეგობებს დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის იდეის დაშვებისას. მისი აზრით, ამ ალოგიკური და ყალბი იდეის აღიარების შემთხვევაში, დეონტურ ლოგიკას გამოვლენის არავითარი სფერო არ გააჩნია. ავტორი მეცნიერულად გამართული და საფუძვლიანი მსჯელობებიდან გამომდინარე ასკვნის, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის გაიგივება ან მართლზომიერ ანდა მართლსაწინაააღმდეგო ქმედებასთან და სისხლის სამართალში სამართლებრივად თავისუფალი სივრცის უარყოფა არის ქმედების შემადგენლობის ლოგიკური უარყოფა, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სისხლის სამართლის მეცნიერებასა და სისხლის სამართლის ფილოსოფიას.
    დანაშაულთა თავიდან აცილების გამო, სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის იდეის აღიარების შემთხვევაში, ქმედება არა მარტო მართლზომიერია ან მართლსაწინააღმდეგო, არამედ შეიძლება იყოს მესამეც, ესე იგი, როცა ქმედება არც მართლზომიერია და არც მართლსაწინააღმდეგო. დანაშაულთა თავიდან აცილების გამო სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ქმედება მართლზომიერია, მაგრამ როგორც კი განხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა, სუბიექტი უკვე გადის სახელმწიფოსთან სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს გარეთ არსებულ სამართლებრივად თავისუფალ სივრცეში, სადაც ქმედება მართლზომიერი უკვე არაა, მაგრამ ეს ქმედება არც მართლსაწინააღმდეგოა, რადგან ქმედების შემადგენლობის ფაქტიდან მის მართლწინააღმდეგობაზე პირდაპირი ლოგიკური გადასვლის გზა არ არსებობს11. ავტორის აზრით, დეონტური ლოგიკის პრინციპები და დანაშაულის თავიდან აცილების გამო, სახელმწიფოსა და სისხლის სამართლის სუბიექტებს შორის სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის დამყარების იდეის აღიარებით, შესაძლებელი ხდება სისხლისსამართლებრივი ქმედების სამართლებრივად თავისუფალ ე. წ. მესამე სივრცეში (პირველია მართლზომიერება, მეორე მართლწინააღმდეგობა) გადასვლის შესაძლებლობა, სადაც სუბიექტი სამართლებრივად არც ვალდებულია და არც უფლებამოსილი. ამ აზრის საილუსტრაციოდ ავტორი აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმალვა პირდაპირ აკრძალული არ არის (რადგან ამისი აკრძალვა სამართალდაცვით ორგანოებში ამ პირის გამოცხადების ვალდებულებას დააწესებდა), მაგრამ არც მისი მიმალვაა ნებადართული12.
    ამრიგად, ამ ნაშრომით, პროფესორი გურამ ნაჭყებია, შეეცადა, კიდევ ერთხელ, ახალი, მათ შორის, დეონტური ლოგიკის პრინციპების გამოყენებით, დაესაბუთებინა, რომ დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის იდეა ყალბი და ალოგიკურია13.

    დანაშაულის ცნების მდგენელი კატეგორიები

    სტატიაში „დანაშაულის ცნების კატეგორიული საფუძვლები (მეთოდოლოგიური საკითხები)“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2011, #15), ავტორი ეხება დანაშაულის ცნების კატეგორიული დასაბუთების მეთოდოლოგიურ ასპექტებს და მიიჩნევს, რომ დანაშაულის ცნების ელემენტები – ქმედების შემადგენლობა, ქმედების მართლწინააღმდეგობა და სუბიექტის ბრალი, რომელთა ერთიანობა დანაშაულის ცნების გამოხატულებაა, კატეგორიალური შემადგენლობისაა. სხვანაირად თუ ვიტყვით, ისინი არიან კატეგორიები და არა ცნებები. ცნებასა და კატეგორიას შორის, ავტორის აზრით, ის განსხვავებაა, რომ ცნება, როგორც აზრის ერთ-ერთი ლოგიკური ფორმა, ზოგადისა და კერძოს, გვარისა და სახეობის ერთიანობას გამოხატავს, მაშინ როცა კატეგორია ზოგადისა და კერძოს, გვარისა და სახეობის მიხედვით არ იყოფა. კატეგორიას არც გვარი აქვს და არც სახეობა, იგი ამა თუ იმ სახით კი არ ვლინდება, არამედ კონკრეტდება, ამა თუ იმ ფორმას ღებულობს, იგი არ არის ამა თუ იმ ზოგადის სახეობა, იგი ამა თუ იმ ზოგადის ფორმაა14. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ არსებობს კატეგორიების სხვადასხვა სახეობები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ამა თუ იმ არსებითი ნიშნით, რადგან კატეგორია თვითონაა უზოგადესი. მაგალითად, დანაშაული ცნებაა, რომელსაც აქვს სახეობითი გამოვლენა – ქურდობის, მკვლელობის, გაუპატიურების და სხვა სახით, თითოეული ეს სახეობა ერთმანეთისაგან განსხვავდება ამა თუ იმ არსებითი ნიშნით. მართლწინააღმდეგობა კატეგორიაა, რის გამოც მისი ფორმები – სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი, ადმინისტრაციულსამართლებრივი, ყველგან, სამართლის ნებისმიერ დარგში, გამოხატავს ქმედების უარყოფით სამართლებრივ შეფასებას. იგი სამართლის სხვადასხვა დარგში სხვადასხვა სახით არ ვლინდება, ყველგან ქმედების უარყოფითი შეფასების გამომხატველია, მხოლოდ დაკონკრეტებულია სფერო. დანაშაულის ცნების შემთხვევაში კი, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხოლო ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. როგორც ვხედავთ, ქურდობა და ძარცვა დანაშაულის ცნებას სფეროების მიხედვით კი არ აკონკრეტებს, არამედ ასხვავებს მათ არსებითი ნიშნებით (ქურდობა ნივთის ფარული დაუფლებაა, ხოლო ძარცვა ნივთის აშკარა დაუფლება). კატეგორიის შემთხვევაში კი ეს ასე არ არის. მართლწინააღმდეგობის კატეგორია ზუსტად ერთი და იგივე შინაარსისაა, როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, ყველგან ერთნაირად ქმედების უარყოფით სამართლებრივ შეფასებას გამოხატავს, მხოლოდ და მხოლოდ სფერო კონკრეტდება.
    მივუბრუნდეთ დანაშაულის ცნების ელემენტებს. ქმედების შემადგენლობა, ავტორის აზრით, ისევე როგორც მართლწინააღმდეგობა, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორიის კატეგორიებია, რომლებიც სისხლის სამართალის სფეროში კონკრეტდებიან. ქმედების შემადგენლობა მართლზომიერი ქმედებისა და მართლწინააღმდეგობის ქმედებებს შორის კავშირის ფორმაა, სწორედ ქმედების შემადგენლობით გადადის მართლზომიერი ქმედება თავის საპირისპიროში – მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში. ქმედების შემადგენლობის განხორციელების გარეშე მართლწინააღმდეგობის საკითხი, უბრალოდ, ვერ დადგებოდა. მართლწინააღმდეგობა ერთმანეთთან აკავშირებს ქმედების შემადგენლობას და ბრალს. ბრალი, ავტორის მტკიცებით, განსხვავებით „ქმედების შემადგენლობისა“ და „მართლწინააღმდეგობის“ კატეგორიებისაგან (რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორიის კატეგორიებია), სოციალური ფილოსოფიის კატეგორიაა და უკავშირდება „პასუხისმგებლობის“, უფრო სწორად კი, „უპასუხისმგებლობის“ კატეგორიას. უპასუხისმგებლობა, ავტორის აზრით, პასუხისმგებლობის პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების კავშირის ფორმაა, ვინაიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სუბიექტი ნორმატიულად დადგენილი ვალდებულებებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგად განახორციელებს. აქედან გამომდინარე კი „ბრალი“, როგორც პასუხისმგებლობის სინონიმი დამოუკიდებელ კატეგორიას წარმოადგენს15.
    მაშასადამე, სტატიაში „დანაშაულის ცნების კატეგორიული საფუძვლები (მეთოდოლოგიური საკითხები)“, პროფესორი გურამ ნაჭყებია ასაბუთებს, რომ დანაშაულის ცნებას საფუძვლად უდევს „სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორიის“ ისეთი ორი კატეგორია, როგორიცაა „ქმედების შემადგენლობა“ და „მართლწინააღმდეგობა“ და სოციალური ფილოსოფიის კატეგორია „ბრალი“.

    ბრალის საზღვრითი კატეგორიები

    სტატიაში „ბრალის კატეგორია სასაზღვრო კატეგორიების სისტემაში“ („ფილოსოფიური ძიებანი“, 2012, #16), ბრალი განხილულია შემდეგ ისეთ კატეგორიებთან მიმართებაში, რომლებიც, ავტორის აზრით, ბრალის საზღვრით კატეგორიებს წარმოადგენს, კერძოდ: პასუხისმგებლობა, მისი პოზიტიური და ნეგატიური ასპექტებით; თავისუფლება; მიზეზი და შედეგი; რაოდენობრიობა და თვისებრიობა; სამართლებრივი ურთიერთობა; ზნეობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; სინდისი.
    ნაჩვენებია ბრალის უზოგადესი კატეგორიული ბუნება და ბრალი სოციალური ფილოსოფიის დამოუკიდებელ კატეგორიადაა გამოცხადებული. ამ დასკვნის გასაკეთებლად ავტორი სამართლიანად ემიჯნება ბრალის როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ნორმატიული თეორიების ცალმხრივობას და ბრალს ფსიქიკურისა და ნორმატიულის მიჯნაზე განიხილავს. ავტორის აზრით მართალია, ბრალი პასუხისმგებლობის ნეგატიურ ასპექტს აფუძნებს, თუმცა მისი წანამძღვარი და ლოგიკური საფუძველი პოზიტიური პასუხისმგებლობაა, უფრო სწორად, პოზიტიური პასუხისმგებლობის საპირისპირო მდგომარეობა – უპასუხისმგებლობა. „სუბიექტი იკიცხება არა უბრალოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის, არამედ იმისთვის, რომ სუბიექტმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება მართლზომიერი ქმედების ვალდებულებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგად განახორციელა, მაშინ, როდესაც მას შეეძლო მართლზომიერი ქმედების მოვალეობისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულება ჰქონოდა და, მაშასადამე, ემოქმედა მართლზომიერად“.16 აქედან გამომდინარე, ავტორის დასკვნით, ბრალი არც წმინდა ფსიქიკური ფენომენია და არც წმინდა ნორმატიული, იგი იაზრება პასუხისმგებლობის პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების კავშირის ფორმად, ანუ, დამოუკიდებელ კატეგორიად და რადგან პასუხისმგებლობა სოციალური ფილოსოფიის კატეგორიაა, ბრალიც სოციალური ფილოსოფიის კატეგორიას წარმოადგენს17.
    რადგან ბრალი პასუხისმგებლობის ასპექტების კავშირის ფორმად იქნა მოაზრებული და რადგან პასუხისმგებლობა თავისუფლების გარეშე არ არსებობს, ავტორის წინაშე ლოგიკურად დგება ბრალისა და თავისუფლების და, შესაბამისად, ბრალისა და მიზეზ-შედეგობრიობის მიმართების საკითხი. ავტორის მართებული შენიშვნით, მიზეზისა და შედეგის კატეგორიალურ გააზრებას ბრალთან მიმართებაში (ქართულში „ბრალი“ ხშირად „მიზეზის“ მნიშვნელობითაც გამოიყენება, თუმცა, მიზეზი ობიექტურია, ხოლო ბრალი ობიექტურ-სუბიექტური, რის გამოც „მიზეზთან“ მისი გათანაბრება დაუშვებელია18) დიდი მნიშვნელობა აქვს „რადგან ადამიანის ქმედება მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვშია ჩართული და განსაზღვრავს, ერთი მხრივ, თვით ადამიანის ქმედების გამომწვევ პირობებსა და მიზეზებს, ხოლო, მეორე მხრივ, – თვით ქმედების, როგორც მიზეზისა, და მისი შედეგების მნიშვნელობას ბრალის დადგენასა და მისი ხარისხის განსაზღვრაში“.19
    ბრალის ხარისხს ავტორი რაოდენობრიობისა და თვისებრიობის ხარისხს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის სუბიექტის ბრალის ხარისხი (თვისებრიობა) დამოკიდებულია მის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ სამართლებრივ მდგომარეობაზე (რაოდენობრიობაზე).
    ავტორი წარმატებით განიხილავს ბრალის პრობლემატიკასთან კავშირში სამართლებრივი ურთიერთობის კატეგორიას და მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ურთიერთობა პოზიტიური პასუხისმგებლობის გამოვლენის იურიდიული ფორმაა და წარმოადგენს სამართლის ნორმის, როგორც ჯერარსისა და მართლწესრიგის, როგორც ნაწილობრივ განხორციელებული სამართლის ანუ არსის, კავშირის ფორმას. ავტორის აზრით, ამ საკითხების გარკვევის გარეშე გაუგებარი იქნებოდა სამართლის ნორმის გადასვლის საკითხი მართლწესრიგში, როცა სუბიექტის ქმედება მართლზომიერია და ბრალის საკითხი, როცა სუბიექტის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა
    საინტერესოა პროფ. გურამ ნაჭყებიას შეხედულებები ბრალისა და ზნეობის კატეგორიების მიმართების თვალსაზრისით. ბრალის პრობლემა დგას ზნეობაშიც (მორალში). ზნეობრივი თვალსაზრისით ადამიანი პასუხს აგებს ადამიანის ისეთი სოციალური უნარის წინაშე, როგორიცაა სინდისი, სისხლის სამართლის სფეროში კი სახელმწიფოს წინაშე. სისხლისსამართლებრივი ბრალი, მართალია, არაა მოწყვეტილი ზნეობრივი ბრალისაგან – ბრალის შეგრძნება პასუხისმგებლობის გრძნობის საფუძველზე ხდება, მაგრამ მისგან არსებითად განსხვავდება იმით, რომ სინდისის სამართალი არ ცნობს გაუფრთხილებლობას, როგორც ბრალის საფუძველს, იგი მხოლოდ განზრახვის სფეროზე ვრცელდება. ზნეობის სფეროში გაუფრთხილებლობით ჩადენილ უზნეობას მოსდევს სინანული და არა სინდისის ქენჯნა, რაც განზრახ ჩადენილი უზნეობისთვისაა ნიშანდობლივი. სინდისს შეუძლია ჩაშალოს ნებისმიერი დანაშაულებრივი საქმე, თუ იგი არ მოტყუვდა, არ დაბრმავდა ყალბი შუქით. დანაშაულის ჩადენისთვის ადამიანი რაღაც ზომით ყოველთვის საჭიროებს საკუთარი სინდისის ნეიტრალიზაციას თავის მოტყუების საშუალებით, ეს მოტყუება თავისებური ვიზაა დანაშაულის სამყაროში შესასვლელად, აღნიშნავს ავტორი, ამ საკითხებზე მომუშავე ქართველი ავტორიტეტების დამოწმებით20.
    საანალიზო სტატიაში ცალკე აღნიშვნის ღირსია ავტორის დამოკიდებულება ბრალისა და სამართლის სხვა მსგავსი ცნებებისა თუ კატეგორიების კვლევისას ფილოსოფიური მეთოდების გამოყენებასთან. მისი აზრით, აღნიშნული კატეგორიების კვლევა უნდა ხდებოდეს ფილოსოფიაში ჩაღრმავების21 გზით და არა მისგან გაქცევით22 ან მის გარეთ23.

    სამართლის აქსიოლოგიური ასპექტები

    გურამ ნაჭყებია, ნაშრომში „ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის თანაფარდობის პრობლემა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში“ („ფილოსოფიური ძიებანი“ 2014, #18), ასაბუთებს ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის თანაფარდობის შეუძლებლობას სამართლისადმი აქსიოლოგიური მიდგომის გარეშე. მისი აზრით სამართალი არ არის მხოლოდ გნოსეოლოგიური ფენომენი, იგი არ დგინდება მხოლოდ ასახვის თეორიით და გნოსეოლოგიზმი სამართალში გამორიცხავს მისი ნორმატიულობის დასაბუთებას და, შესაბამისად, ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის გამიჯვნის შესაძლებლობასაც, ურომლისოდაც მათ შორის თანაფარდობაზე ლაპარაკი ლოგიკურად შეუძლებელია. ავტორი ამ დასკვნის მისაღებად საკმაოდ საინტერესო გზას ირჩევს, კერძოდ, ერთმანეთისაგან ასხვავებს ტერმინებს „სამართალშემოქმედება“ და „კანონშემოქმედება“, მისი აზრით, სწორად უნდა ჩაითვალოს ტერმინი „კანონშემოქმედება“, რადგან შექმნა ხდება ნორმატიული აქტის, მათ შორის კანონის, რომელიც სამართლის გამოხატვის ფორმაა. ტერმინ „სამართალშემოქმედების“ გამოყენების შემთხვევაში კი, ისე ჩანს, თითქოს სამართალი ობიექტურად და იდეალურად კი არ არსებობს, არამედ ხელოვნურად იქმნება სახელმწიფოს მიერ24. აქედან გამომდინარე, კანონშემოქმედებას, მისი სპეციფიკის მიუხედავად, ავტორი, შესაბამის ლიტერატურაზე დაყრდნობით, შემოქმედების ერთ-ერთი სახედ მიიჩნევს, შემოქმედება კი თავის მხრივ შემოქმედის თავისუფლებას და სუბიექტური ღირებულების აღიარებასაც გულისხმობს, თუმცა ეს სუბიექტური, ობიექტური ღირებულებების გაშინაგნების შედეგად მიღებული სუბიექტურია. კანონმდებელმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა აღმოაჩინოს ადამიანის ის ქმედება, რომელიც მომავალ სისხლის სამართლის კანონში დანაშაულად სახელმწიფოებრივი კვალიფიკაციის ღირსია, ანუ უნდა აღმოაჩინოს „კრიმინალიზაციის ობიექტი“, ეს აღმოჩენის ფაქტი შემოქმედებაა, რომელიც ობიექტური ღირებულებების გაშინაგნების საფუძველზე წარმოშობილი თავისუფლებისა და სუბიექტური ღირებულებების შედეგია. ეს კი ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა (კანონმდებელი) არაა მოწყვეტილი აღმოჩენას (შემოქმედებით აქტს) ობიექტური ღირებულების სფეროში. მაშასადამე, კანონშემოქმედის, როგორც შემოქმედის, ცნობიერებისთვის მთავარია არა მხოლოდ სინამდვილის ასახვა, არამედ მისი კონსტრუირება, ანუ მოქმედების ჯერ არარსებული შედეგის წარმოსახვა. ავტორის აზრით, რადგან მოქმედების ჯერ არარსებული შედეგის კონსტრუქცია საზოგადოებრივი პრაქტიკისთვისაა განკუთვნილი, კანონშემოქმედება პრაქტიკული შემოქმედების სახეა და გარე სინამდვილისადმი ადამიანის (კანონმდებლის) პრაქტიკულ-ღირებულებით დამოკიდებულებას გამოხატავს, კანონმდებელი კი საზოგადოებრივი პრაქტიკის სუბიექტია25, რომელიც სამართლის ნორმატიულობას საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგების საშუალებად იყენებს.
    ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ავტორი, ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის თანაფარდობის საკითხის გადაწყვეტისას სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, მიუთითებს, რომ ქმედების შემადგენლობის ფაქტიდან მის მართლწინააღმდეგობაზე გადასვლის ლოგიკური გზა არ არსებობს, რადგან ქმედების შემადგენლობა აღწერით, ასე ვთქვათ, ფაქტიურის მსჯელობებს ეყრდნობა და მოკლებულია შეფასებითი ხასიათის მსჯელობებს, ამიტომ სისხლის სამართლის კანონმდებელი სისხლის სამართლის კანონმდებლობას ქმედების შემადგენლობის შექმნით ვერ დაიწყებს, ამით იგი ამთავრებს სისხლის სამართლის კანონმდებლობას ანუ აღწერს ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენის ხერხს და ამას აკეთებს გარე სინამდვილისადმი პრაქტიკულ-ღირებულებით დამოკიდებულების შედეგად წინასწარ გაკეთებულ დასკვნაზე დაყრდნობით იმის შესახებ, თუ რა არის დანაშაული. ეს კი ნიშნავს, რომ ქმედების შემადგენლობაში, როგორც აღწერილობით მსჯელობის სტრუქტურაში არ უნდა იქნას შეტანილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სუბიექტის ბრალი. ქმედების მართლწინააღმდეგობა და ბრალი შეფასებითი, აქსიოლოგიური კატეგორიებია, განსხვავებით ქმედების შემადგენლობისაგან, რომელიც შემეცნებითი (გნოსეოლოგიური) კატეგორიაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასკვნის ავტორი, დანაშაულის ნორმატიული ცნების აგება შეუძლებელია26.

    დასკვნა

    ამრიგად, პროფესორ გურამ ნაჭყებიას მიერ, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის კრებულში „ფილოსოფიურ ძიებანი“ გამოქვეყნებული სტატიებით, სისხლის სამართლის ფილოსოფიას შეემატა ღირებული ნაშრომები დანაშაულის, როგორც სამართლის უარყოფისა და მსოფლმხედველობრივი ცთომილების, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, როგორც რომელიმე კონკრეტული მოვალეობისადმი დამოკიდებულების, ბრალისა და უპასუხისმგებლობის, როგორც სინონიმური ცნებების, დეონტური ლოგიკის პოზიციიდან სისხლისამართლებრივი ურთიერთობების ახსნის, დანაშაულის საფუძველმდებარე კატეგორიების – „ქმედების შემადგენლობისა“ და „მართლწინააღმდეგობის“, ბრალის, როგორც ფსიქიკურისა და ნორმატიულის მიჯნაზე არსებული ფენომენის შესახებ. აღნიშნულმა შრომებმა გაამდიდრა არა მხოლოდ ქართული სისხლის სამართლის ფილოსოფიის, არამედ ზოგადად ქართული სამართლის ფილოსოფიის არცთუ ისე მდიდარი ყულაბა.

    ბიბლიოგრაფია:

    1. ნაჭყებია გ., (1999). ჰეგელი დანაშაულის ბუნების შესახებ, „ფილოსოფიური ძიებანი“,საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის კრებული, თბილისი, № 3
    2. ნაჭყებია გ., (2000). პასუხისმგებლობის კატეგორიის განსაზღვრის საკითხისათვის. „ფილოსოფიური ძიებანი“, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის კრებული, თბილისი, № 4
    3. ნაჭყებია გ., (2001). ბრალი როგორც ფილოსოფიური კატეგორია. „ფილოსოფიური ძიებანი“, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის კრებული, თბილისი, № 5
    4. ნაჭყებია გ., (2007). განზრახი დანაშაული, როგორც მსოფლმხედველობითი ცდომილება. „ფილოსოფიური ძიებანი“, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის კრებული, თბილისი, №11
    5. ნაჭყებია გ., (2010). დეონტური ლოგიკა და სამართლებრივი სივრცის პრობლემა სისხლის სამართალში. „ფილოსოფიური ძიებანი“, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის კრებული, თბილისი, №14
    6. ნაჭყებია გ., (2011). დანაშაულის ცნების კატეგორიული საფუძვლები (მეთოდოლოგიური საკითხები), „ფილოსოფიური ძიებანი“, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის კრებული, თბილისი, №15
    7. ნაჭყებია გ., (2012). ბრალის კატეგორია სასაზღვრო კატეგორიების სისტემაში, „ფილოსოფიური ძიებანი“, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის კრებული, თბილისი, №16
    8. ნაჭყებია გ., (2014). ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის თანაფარდობის პრობლემა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, „ფილოსოფიური ძიებანი“, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის კრებული, თბილისი, №18
    9. ნაჭყებია გ., (2015). გადავარდეს თუ არა იურისტი ფილოსოფიაში?, „ფილოსოფიური ძიებანი“, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის კრებული, თბილისი, №19
    10. ჰეგელი გ. ვ. ფ., (1962). ლოგიკის მეცნიერება, თბილისი

    Notes:

    1. Valedictory of the Presidium of the Academy of Philosophic Sciences of Georgia to Guram Natchkebia, (2018), “Philosophical Investigations”, Collection of the Academy of Philosophic Sciences of Georgia, Tbilisi, Universal, N22, p. 391
    2. 2.Professor Guram Natchkebia covered the problems of legal philosophy in the other periodicals and works as well (please, find, Guram Natchkebia, the Problem of Correlation of “Act” and “Action” according to Criminal Law Philosophy / Lawyer, 2017, #3; Guram Natchkebia, About Analogical Signs of Arts and Law / Festschrift dedicated to 70th anniversary of Prof. Givi Intskirveli, Tbilisi, 1996; Guram Natchkebia, Some Methodological Problems of Correlation of Rightness and Wrongness According to Criminal Law, Justice and Law, 2017, #2; Guram Natchkebia, Subject of Criminal Law, Tbilisi, 1997; Guram Natchkebia, Guilt, as a Category of Social Philosophy, Tbilisi, 2011, etc
    3. G.W.F. Hegel, (1962), Science of Logics, Tbilisi, Soviet Georgia, p. 364
    4. G,Natchkebia (1999), Hegel about Nature of Crime, “Philosophical Investigations”, Collection of the Academy of Philosophic Sciences of Georgia, Tbilisi, Universal, N3, p. 205
    5. G.Natchkebia, (2000), On the Issue of Determination of Category of Responsibility, “Philosophical Investigations”, Collection of the Academy of Philosophic Sciences of Georgia, Tbilisi, Universal, N4, p.131
    6. ibid., p. 134
    7. ibid., p. 139
    8. G.Natchkebia, (2001), Guilt as a Philosophic Category, Guilt as a Philosophic Category, “Philosophical Investigations”, Collection of the Academy of Philosophic Sciences of Georgia, Tbilisi, Universal, N5, p.119
    9. ibid., p. 121
    10. G. Natchkebia (2007), Deliberate Crime, as World-View Error, “Philosophical Investigations”, Collection of the Academy of Philosophic Sciences of Georgia, Tbilisi, Universal,N11, p. 131
    11. G. Natchkebia (2010), Deontic Logics and Legal Space Problem in Criminal Law, “Philosophical Investigations”, Collection of the Academy of Philosophic Sciences of Georgia,Tbilisi, Universal, N14, p. 161
    12. ibid., p. 152
    13. ibid., p.161
    14. G.Natchkebia (2011). Crime Concept Categories Fundamentals (Methodological Problems), “Philosophical Investigations”, Collection of the Academy of Philosophic Sciences of Georgia, Tbilisi, Universal, N15, p. 140
    15. 15.ibid., p. 45
    16. G.Natchkebia (2012). Category of Guilt in the Boundary Categories System, “Philosophical Investigations”, Collection of the Academy of Philosophic Sciences of Georgia, Tbilisi, Universal, N16, p. 56
    17. ibid., p. 56-57
    18. ibid., p. 58
    19. ibid., p. 57
    20. ibid., p.63
    21. 21.Please, find on this issue in details, G.Natchkebia (2015). Should a Lawyer Plunge into Philosophy or not? “Philosophical Investigations”, Collection of the Academy of Philosophic Sciences of Georgia, Tbilisi, Universal, N19
    22. G. Natchkebia (2012), Category of Guilt in the Boundary Categories System, “Philosophical Investigations”, Collection of the Academy of Philosophic Sciences of Georgia, Tbilisi, Universal, N16, p. 59, 72
    23. ibid., p. 74
    24. 24.G.Natchkebia (2014) The problem of Correlation of Content and Wrongfulness of Act in Criminal Legislation, “Philosophical Investigations”, Collection of the Academy of Philosophic Sciences of Georgia, Tbilisi, Universal, N18, p.62
    25. ibid., p. 69
    26. ibid., p. 74
    გამოქვეყნების საფასური
    მთავარი რედაქტორი
    გამოქვეყნების ენა

    dealSeal