შესავალი
სტატიაში გაანალიზებულია საქმე, სადაც ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით პირი უნდა გამართლებულიყო მკვლელობისთვის, ნაცვლად ამისა, ის დაისაჯა. აუცილებელი მოგერიება ადამიანის უფლებაა – თავი დაიცვას აგრესორისგან. მოგერიების გამართლების საფუძველი ადამიანის უფლებაა სიცოცხლეზე, უფლება – დაიცვას ის აგრესორისგან.
მოგერიების უფლებაზე, მის საზღვრებზე მსჯელობა და აკადემიური დისკუსიები მნიშვნელოვანია, რათა სამართალი განვითარდეს ამ მიმართულებით და ნორმის სამოსამართლო ინტერპრეტაციებიც კონტექსტის გათვალისწინებით უფრო მოქნილი და სწორი გახდეს. ქართული სასამართლოს როგორც ძველი, ისე ახალი პრაქტიკის კვლევების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოგერიების უფლების საზღვრები სასამართლოს ვიწროდ ესმის, უადგილოდ ფრთხილობენ განმარტებისას, რაც დამაზიანებელია ამ ინსტიტუტისთვის. საქმიდან საქმემდე გაკეთებული სამოსამართლო განმარტებები არ ემსახურება მოგერიების განმსაზღვრელი ნორმის განჭვრეტადობას, რაც ვნებს სამართლებრივ უსაფრთხოებას. ყველა ადამიანს აქვს უფლება – დაიცვას თავი აგრესორისგან, გამოიყენოს ეფექტიანი თანაზომიერი საშუალება თავდასაცავად, ისე რომ რისკის ქვეშ არ დააყენოს საკუთარი თავი. ადამიანს უფლება აქვს ზუსტად იცოდეს – რა დროს და როგორი სიმძლავრის ძალის გამოყენება შეუძლია აგრესორის წინააღმდეგ. ქართულ რეალობაში ეს უფლება სისტემატურად ირღვევა და სწორედ ამ პრობლემის წარმოჩენას ემსახურება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ანალიზიც.
2019 წლის საქმე, რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლომ განიხილა და სამივე ფაქტობრივი გარემოებების განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებამდე მივიდა, კრიტიკას იმსახურებს. ამასთან, ნორმის ამგვარი განმარტება, რაც გადაწყვეტილებებშია, ამ ნორმის სწორად გაგებას და წინასწარ განჭვრეტას არ უწყობს ხელს, რაც სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის საზიანოა. სტატიაში თავდაპირველად პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კრიტიკულ ანალიზს დაეთმობა ადგილი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, რომელმაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც გააუქმდა პირველი ინსტანციის განაჩენი, უფრო მოკლედ, თუმცა ასევე კრიტიკულად იქნება გაანალიზებული სტატიის ბოლოს.
საქმე შეეხება შემთხვევას, სადაც დაზარალებული ცდილობდა აგრესორებისგან თავდაცვას, რა დროსაც გამოიყენა დანა. ერთი აგრესორი მსუბუქად დაიჭრა, ბრალდების ამ ნაწილში ბრალდებული პირველმა ინსტანციამ გაამართლა, ხოლო მეორე აგრესორი მოკვდა, ბრალდების ამ ნაწილში ბრალდებული გამტყუნდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილი მკვლელობისთვის. კრიტიკა გადაწყვეტილების სწორედ იმ ნაწილს შეეხება, რითაც პირი გამტყუნდა. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი პრივილეგირებული მკვლელობა გადააკვალიფიცირეს და დაამძიმეს ჩვეულებრივი მკვლელობის მუხლით.
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ანალიზი
1.1. ფაქტობრივი გარემოებები
კ.ჩ-მ (ბრალდებული) დანის გამოყენებით დაჭრა და ჯანმრთელობა მსუბუქად დაუზიანა კ.თ-ს, ხოლო ლ.ს-ს დანის სხეულზე სხვადასხვა ადგილას სამჯერ დარტყმით სიცოცხლე მოუსპო. მას ბრალი 120-ე და 108-ე მუხლებით წაეყენა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პირი 120-ე მუხლით ბრალდებაში გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 28-ე მუხლზე მითითებით (აუცილებელი მოგერიება), ხოლო 108-ე მუხლი გადააკვალიფიცირა სსკ-ის 113-ე მუხლზე (მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით).
იმ დღეს თავსხმა წვიმა იყო. ღამის 23:00- 24:00 საათის პერიოდში მოხდა ჩხუბი. კ.თ. და ლ.ს. აუშარდნენ კ.ჩ.-ს, საქმის გარჩევა მოითხოვეს და ამ მიზნით თხოვეს სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსვლა და გვერდზე გასვლა. საქმის გარჩევის დროს კ.ჩ უარყოფდა მის მიმართ კ.თ.-სა და ლ.ს-ს ბრალდებებს, რის გამოც მას დაარტყეს არაერთხელ, მოწმის ჩვენებით მას „უმოწყალოდ“ ურტყამდნენ. ასევე დადასტურებულია, რომ პირველად აგრესორებმა ლ.ს-მ და კ.თ.-მ იძალადეს კ.ჩ.-ზე. კ.ჩ. დარტყმის გამო თავს ვერ იკავებდა და ძირს ეცემოდა, შემდეგ დგებოდა და ისევ აგდებდნენ. თავდაცვის მიზნით კ.ჩ.-მ ამოიღო დანა და გააფრთხილა აგრესორები, არ მიკარებოდნენ, თორემ გამოიყენებდა მას მათ წინააღმდეგ. აგრესორები არ ცხრებოდნენ, კ.ჩ.-სკენ მიიწევდნენ. კ.ჩ. დანას უმისამართოდ იქნევდა, აფრთხილებდა, რომ დაჭრიდა მათ თავდაცვის მიზნით. ამის მიუხედავად აგრესორები უკან არ იხევდნენ და მაინც მოახერხეს ბრალდებულის „შებოჭვა“, რა დროსაც ერთ-ერთი აგრესორი დაიჭრა მსუბუქად. პირველი ეპიზოდი ამით დასრულდა, რადგან უცებ უცხო მანქანამ გაანათა შემთხვევის ადგილი და სამივე პირი მიმოიფანტა. ამის შემდეგ იწყება მეორე ეპიზოდი, რა დროსაც ბრალდებული უკვე გასულია მოშორებით, ცდილობს ცოლს დაურეკოს, მაგრამ აგრესორები მას არ აძლევენ ამის საშუალებას და ისევ იწყება ცემა და ძალადობა კ.ჩ.-ზე.
გამოძიებით დადგენილია. რომ კ.ჩ. დასისხლიანებული იყო, კანკალებდა და აღებინებდა. ის ვერ უმკლავდებოდა დანის გარეშე მოძალადეებს. აგრესორებმა გააკავეს და ამ ორმოტრიალში როდესაც ბრალდებული დანას იქნევდა. აგრესორები დაიჭრნენ – კ.თ. სახის არეში და ზურგის მხარეს მსუბუქად, ხოლო ლ.ს. – სხეულის ოთხ ადგილას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და თავადვე ამახვილებს ყურადღებას, რომ აგრესორებიდან ერთ-ერთი, კერძოდ ლ.ს., ძიუდოისტი იყო და უფრო ღონიერი, ვიდრე კ.ჩ. გადაწყვეტილების მიხედვით, „[კ.ჩ.-მ] რამდენიმე დარტყმა მიაყენა ლ.ს.-ს სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მდგომარეობიდან, თუმცა ამანაც არ გამოიღო შედეგი და ჩხუბი მის წინააღმდეგ გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე რეალური იყო, ბნელოდა, წვიმდა, მხედველობა შეზღუდული იყო, ხოლო მას ურტყამდა 2 ადამიანი, ეს ადამიანები შეიარაღებულები არ იყვნენ. მართალია, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ბრალდებულს არ გააჩნდა“.
1.2. შენიშვნა
დამკვიდრებული შეხედულებით, აუცილებელი მოგერიების გამართლების აუცილებელი კრიტერიუმებია, რომ სიკეთის დაზიანების საფრთხე უშუალოდ დაზარალებულისგან (აგრესორი) უნდა მომდინარეობდეს, ამასთან, თავდასხმა მართლსაწინააღმდეგო და იმწუთიერი უნდა იყოს. სიკეთეს, რომელსაც აგრესორისგან ზიანი ადგება ან შეიძლება მიადგეს, მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მომგერიებლის უკუქმედება აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, რაც აგრესორისკენ უნდა იყოს მიმართული, ხოლო შერჩეული ძალა გონივრული და თანაზომიერი. ასევე, აუცილებელია მომგერიებლის მხრიდან მოგერების მდგომარეობის სუბიექტური აღქმა და თავდაცვის მიზნით მოქმედება.
ზუგდიდის სასამართლომ აუცილებელი მოგერიება დაადგინა და სრულად გაამართლა პირი სსკ-ის 120-ე მუხლთან მიმართებით (თ.კ-ს მიმართ). მისი განმარტებით „[...] თუ ბრალდებული დანით არ დაიცავდა თავს, შესაძლებელი იყო მიეღო ჯანმრთელობის უფრო მძიმე დაზიანება. დადგენილია, რომ შიშველი ხელებით ბრალდებული ვერ ახერხებდა თავის დაცვას და მას აყენებდნენ ჯანმრთელობის დაზიანებას“.
სასამართლომ ლ.ს-ს მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი შეამცირა, მაგრამ ქმედება არ გაამართლა, მოგერიების დროს გამოყენებული ძალა არ მიიჩნია თანაზომიერად. აღსანიშნავია, რომ თანაზომიერი მოგერიების კრიტერიუმის გამოკლებით, ბრალდების ამ ნაწილში აუცილებელი მოგერიების ყველა სხვა კრიტერიუმი დადგინდა ზუგდიდის სასამართლოს მიერ.
გადაწყვეტილების მიხედვით, მოკლულ აგრესორს (ლ.-ს.) ერთი ფეხზე, ხოლო სამი ჭრილობა ტანზე ჰქონდა მიყენებული, ამათგან ორი იყო სერიოზული და უშუალოდ კავშირში მის სიკვდილთან. სასამართლო ჭრილობების მიყენების განლაგებას, ტრაექტორიას ისე ახასიათებს, რომ ესეც ბრალდებულის სასარგებლოდ მეტყველებს, თავადვე აღნიშნავს ამას. გამოძიებით არ არის დადგენილი, რა თანიმდევრობით და დროის რა ინტერვლში მოხდა ჭრილობების მიყენება აგრესორის სხეულზე. ფაქტია, რომ უფრო მსუბუქმა დაზიანებამ, რაც ბეჭზე და ფეხში აქვს მოკლულს, აგრესორი ვერ შეაჩერა (საპირისპირო არ დაუმტკიცებია ბრალდების მხარეს), დანარჩენი ორი ჭრილობა კი სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, თუმცა დაზიანებები ერთდროულად არაა მიყენებული, ისინი სხვადასხვა დროს და პოზიციიდანაა, რაც იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ ერთმა დარტყმამ ვერ გამოიღო შედეგი, აგრესორი აგრძელებდა ძალადობას და მეორეჯერაც დაარტყა კ.ჩ-მ.
„...ეს ჭრილობები საინტერესოა იმ კუთხით, რომ ისინი სხვადასხვა მხარეს არის მიყენებული. კერძოდ, ერთი მიყენებულია მარჯვნივ, მეორე – მარცხნივ. ეს მიუთითებს, რომ ეს ჭრილობები ერთმანეთის მიმდევრობით არ არის მიყენებული და მათ შორის დროის გარკვეული ინტერვალი იყო. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ერთი ჭრილობა მიყენებულია დანის მჭრელი პირით ქვევით, ხოლო მეორე – პირიქით, მჭრელი პირით ზევით. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ორი დაზიანება სხვადასხვა ვითარებაშია მიყენებული. ამ დაზიანებების მიყენების დროს დანა ბრალდებულს ხელში სხვადასხვა მდგომარეობაში ეჭირა. შესაძლოა ეს დაზიანებები მიყენებული იყოს, ასევე, ბრალდებულისა და დაზარალებულის სხვადასხვა პოზაში ყოფნის დროს. მით უმეტეს, რომ მოჩხუბრები ზოგჯერ ეცემოდნენ. ამასთან, როგორც ჩანს, დაზარალებულები აქცევდნენ ბრალდებულს და ეცემოდნენ თვითონაც. სამწუხაროდ, არც ერთ მოწმეს არ უნახავს უშუალოდ რომელ მომენტში რომელი დაზიანება იქნა მიყენებული, თუმცა დაზიანებების ადგილმდებარეობა და ტრაექტორია, დანის მდგომარეობა ჭრილობის მიყენებისას მიუთითებს იმაზე, რომ ისინი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მდგომარეობაშია მიყენებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს დაზიანებები შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო თავდაცვის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მოსალოდნელი იყო ერთდროული რამდენიმე დარტყმის მიყენება ერთ პოზიციაში მყოფი პირის მიერ დანის ერთი და იმავე მიმართულებით და ა.შ., რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.’’
1.3. შენიშვნა
საქმეში სასამართლოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, მან დადასტურებულად მიიჩნია საფრთხის როგორც იმწუთიერება, ისე მის საპასუხოდ მოქმედების აუცილებლობა, ისიც, რომ ძალადობა დაზარალებულებმა დაიწყეს, ასევე დაადგინა გამამართლებელი სუბიექტური კომპონენტიც.
სასამართლომ მხოლოდ მოგერიების ფარგლები მიიჩნია დარღვეულად, მისი განმარტებით, იქ, სადაც კ.ჩ-სთვის მიყენებული დაზიანებები მსუბუქი ხარისხის იყო (ექსპერტის დასკვნის მიხედვით), ლ.ს-სთვის ამის საპასუხოდ მკვლელობა აშკარად შეუსაბამოა თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. სასამართლო იქვე განმარტავს, რომ დაზიანებები, რაც ბრალდებულმა მიაყენა აგრესორს, არ იყო თავდასხმისა და იმ საფრთხის პროპორციული, რაც შეიქმნა შემთხვევის ადგილზე.
სასამართლოს განმარტებით, „ბრალდებულს, რომელსაც დანა ეჭირა ხელში, შეეძლო ლ---ა ს---ს მიეყენებინა დაზიანებები, რომლებიც არ იქნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო, იქნებოდა მტკივნეული, გამოიწვევდა ნაკლებ ზიანს ან შეუზღუდავდა თავდამსხმელს კიდურების მოძრაობას და ამით გაენეიტრალებინა თავდამსხმელი. ასეთ ვითარებაში ლ---ა ს---ი გაცილებით ადრე იგრძნობდა, რომ ის დაჭრილია და უფრო ადრე შეჩერდებოდა, უფრო ადრე მოხდებოდა სასწრაფო დახმარების გამოძახება და შესაძლებელი იყო არ დამდგარიყო სასიკვდილო შედეგი“.
იქვე სასამართლო აღნიშნავს რომ „... ბრალდებულის სიცოცხლეს, როგორც ირკვევა, დიდი ალბათობით საფრთხე არ ემუქრებოდა, ვინაიდან თავდამსხმელებს არ ჰქონდათ თან რაიმე საგანი, რითაც სიცოცხლეს მოუსპობდნენ ბრალდებულს. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ბრალდებულის საქციელის გამო და სურდათ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების ფიზიკური ძალადობით გამოხატვა, რაც შეიძლებოდა დასრულებულიყო ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, თუმცა იმ ეტაპზე საქმე აქამდე მისული ჯერ არ იყო. შეუძლებელია წინასწარ იმის განჭვრეტა, თუ როდის გაჩერდებოდნენ თავდამსხმელები – დასჯერდებოდნენ ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, მიაყენებდნენ მძიმე დაზიანებას, თუ მოისურვებდნენ მის ცემით მოკვლას, თუმცა იმ ეტაპზე, როცა ყველა ფეხზე იდგა და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება ჯერ არავის ჰქონდა მიღებული, ბრალდებულის სიკვდილის საშიშროება ჯერ არ არსებობდა. შესაბამისად, ბრალდებული ვერ იმოქმედებდა საკუთარი სიცოცხლის დაცვის სურვილით, რადგან სიცოცხლეს იმ დროს ჯერ საფრთხე არ ემუქრებოდა. მას შეეძლო ეფიქრა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვაზე, რომელსაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა. ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კი ისეთი დარტყმების მიყენება, რომელსაც შეიძლებოდა სიკვდილი გამოეწვია, უნდა შეფასდეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად“.
1.4. შენიშვნა
სასამართლომ გაუმართლებლად დაავიწროვა მოგერიების უფლების ფარგლები, რაც ისეთ უსამართლო შედეგს იწვევს, როგორიცაა გამართლების ნაცვლად პირის მსჯავრდება. ფაქტები, რომლებიც გადაწყვეტილებაშია მოყვანილიმ იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებული ცდილობდა გაცლოდა აგრესორებს, ის ცდილობდა სიტუაციისგან თავის დაღწევას და ნაცვლად ამისა, მის მიმართ ძალადობდნენ. ბრალდებულმა დანის გამაფრთხილებელი დემონსტრირებით სცადა აგრესორების დაშოშმინება და გაფრთხილება, მაგრამ უშედეგოდ, ასევე იყო ეპიზოდი, როდესაც ბრალდებულს მიეცა საშუალება, გაცლოდა შემთხვევის ადგილს და ესეც გამოიყენა, გავიდა მოშორე-ბით და ტელეფონით სცადა ცოლთან დაკავშირება. არც ეს აცადეს. ჩხუბი განახლდა და ბრალდებული უმისამართოდ იქნევდა დანას, რომ თავი დაეცვა, ის შეტევაზეც არ გადასულა, ეს უპირატესობა ფაქტებიდან არსად ჩანს. ფიზიკურად დაუძლურებული, პირღებინებით და კანკალით აგრძელებდა თავდაცვას, ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში აგრესორები არ ყოფილან, ფიზიკური უპირტესობა აშკარად მათ ჰქონდათ. ბრალდებული სულ თავდაცვის პოზიციაში იყო, ამაში ეჭვი არც სასამართლოს შეუტანია. აგრესორები და ბრალდებული ძირს ეცემოდნენ, შემდეგ დგებოდნენ და ისევ ეცემოდნენ, ცემა-ტყეპა არ ჩერდებოდა. გახურებული ემოციების დროს ძალადობას მზარდი დინამიკა ახასიათებს, მით უმეტეს, რომ აგრესორებიდან ერთ-ერთი ნასვამი იყო. სასამართლომ ხაზი გაუსვა ბრალდებულის მცდელობას – დაესუსტებინა აგრესორი (მან ლ.ს ჯერ ფეხში დაჭრა), ასევე, ხაზი გაუსვა სხვა ჭრილობების დროში ინტერვალით მიყენებას სხვადასხვა პოზიციიდან. მიუხედავად ამ მცდელობებისა, აგრესორები არ ჩერდებოდნენ. მხოლოდ ცემა და დამცირება რომ ნდომოდათ, რატომ არ გაჩერდებოდნენ იქამდე? ცემეს კაცი, გამეტებით ურტყამდნენ, პირღებინებამდე და ისეთ ფიზიკურ კონდიციამდე მიიყვანეს, რომ კანკალებდა ბრალდებული და მაინც არ იყო ეს საკმარისი რომ მას თავი უფრო ეფექტური საშუალებით დაეცვა აგრესორებისგან? სასამართლო თავადვე აღნიშნავს, რომ რეალური იყო აგრესორთა ქმედებას მოჰყოლოდა ჯანმრთელობის დაზიანება, ასევე, იმასაც, რომ დანის გამოყენება უფრო მძიმე დაზიანების თავიდან აცილებას ემსახურებოდა. ეს არგუმენტი სასამართლომ სსკ-ის 120-ე მუხლით ბრალდების ნაწილში აუცილებელი მოგერიებით გამართლებისთვის გამოიყენა. გაუგებარია, იგივე არგუმენტი რატომ არ იყო საკმარისი მეორე აგრესორთან მიმართებით. კანონი მსგავს სიტუაციებში აგრესორებისდმი მორჩილებს არ ითხოვს ჩვენგან. ამ საქმეში სავსებით შესაძლებელი იყო, რომ აგრესორთა ქმედებას სიკვდილი მოჰყოლოდა, თუმცა სასამართლოს ასეთი ალბათობა არ დაუშვია. ,,შეუძლებელია წინასწარ იმის განჭვრეტა, თუ როდის გაჩერდებოდნენ თავდამსხმელები –დასჯერდებოდნენ ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, მიაყენებდნენ მძიმე დაზიანებას თუ მოისურვებდნენ ცემით მოკვლას ... ‘’ ფაქტები ხომ იმაზე მიუთითებდა, რომ არ ჩერდებოდნენ ე.ი. არ იყო მთთვის საკმარისი უკვე მიღწეული და მეტს ცდილობდნენ. ბრალდებულის მხოლოდ თავდაცვით მოტივირებულ უმისამართოდ გაშვერილ დანას, რომლის გამოყენებასაც გაფრთხილება უძღოდა წინ, აგრესორების დაზიანება მოჰყვა. სასამართლომ ეს არ მიიჩნია პროპორციულ ძალად და ექსპერტის დასკვნის ფორმალურ შეფასებას დაემყარა, რომ ბრალდებულის მიერ მიღებული დაზიანებები მსუბუქი ხარისხის იყო. ეს არ წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების საზღვრების სწორ ინტერპრეტაციას. ასეთი ვიწრო ფორმალისტური განმარტებები საბოლოოდ თავდაცვის უფლებას სპობს. ბრალდებული უფრო მძიმე დაზიანების მიღებისგან იცავდა თავს, მაგრამ ფაქტია, რომ აგრესორები არ ცხრებოდნენ. აგრესია კიდე ისეთი მზარდია და დინამიური წამის მეასედში შეიძლება გადაიზარდოს უფრო უხეშ და მძიმე შედეგში.
სასამართლოს შეფასება მშვიდი და მყუდრო ატმოსფეროშია გაკეთებული, ავიწყდება, რომ შემთხვევა ექსტრემალურ სიტუციაში მოხდა. მსგავსი დასკვნების გაკეთება და იმის არ გათვლისიწინება შეფასებისას, რომ ბრალდებულს ორი კაცი სცემდა გამეტებით, გაუჩერებლად, აქედან ერთი ძიუდოისტი იყო, გარდა ამისა, ბრალდებული ,,კანკალებდა’’ და ,,აღებინებდა’’ ცემის შედეგად, ის ცუდად იყო, არ იყო ჯანმრთელი, არასწორია. ამასთან წვიმდა და, დიდი ალბათობით, წვიმაც ამძიმებდა მის მოძრაობებს, ასევე, ხილვადობა იყო ცუდი და სიტუაციას მომგერიებლისთვის ესეც ამძიმებდა. არსებულ დაძაბულ და ზეაგრესიულ სიტუაციაში, მხოლოდ გაფრთხილების შემდეგ, თავდაცვის პოზიციდან, აგრესორს ხვდება დანა და კვდება. რატომ ვამტყუნებთ ბრალდებულს? სასამართლო აღნიშნავს, რომ მას შეეძლო ისეთ ადგილას დაეზიანებია აგრესორი, მხოლოდ ტკვილი მიეყენებია მისთვის და დაეუძლურებინა. თავად სასამართლო ბრალდებულის სასარგებლოდ აღნიშნავს, რომ ფეხშიც აქვს ჭრილობა მიყენებული ლ.ს-ს. ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ბრლდებულმა სცადა უფრო ნაკლები საშუალება გამოეყენებინა და დაინდო მოძალადე? ბრალდებულს არც ერთ ეპიზოდში არ გამოუმჟღავნებია სხვისი სიცოცხლის მიმართ გულგრილობა, პირიქით, სულ ცდილობდა აგრესორების გაფრთხილებას და სხვის დაუზიანებლად თავდაცვას. აგრესორი არ ცხრებოდა და ამიტომაც და მხოლოდ მას შემდეგ, როცა მეორე სერიოზული ჭრილობის მიყენების შემდეგ აგრესორი მოკვდა, დასრულდა ბრალდებულის ტანჯვაც. საგულისხმოა, რომ სიბნელე იყო, ამასთან, ჩხუბის დროს, ნაცემი ადამიანი, რომელსაც არავინ ეხმარება, ნაკლებად თუ მოახერხებს გონივრულად მოქმედებას და ის მოსამართლისა და ნაფიცების მსგავსად ვერ დაიწყებს სიტუაციის მშვიდად განსჯას, მას უფლება აქვს არსებული სიტუაციით და იმ შიშებით იხელმძღვანელოს, რისი საფუძველიც ობიექტურად აგრესორებმა შექმნეს. საგულისხმოა, რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიტუაციის განსჯა ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების ერთობლიობით ხდება, შესაძლებელია პოსტ ფაქტუმ დადგინეს, რომ მომგერიებელის წარმოდგენა მოვლენების უფრო მძიმედ განვითარების შესახებ არ გამართლდა, მაგრამ ალბათობა და დაშვება რომ მომხდარიყო თუ სერიოზულია იმ ფაქტებზე დაკვირვებით რაც იქვე ხდება, არ გამორიცხავს ქმედების გამართლებას. მთავარია, რომ თავდასხმა რეალურია და მართლსაწინაღმდეგო, ხოლო ძალადობის დინამიკის აბსოლუტური სიზუსტით განჭვრეტა შეუძლებელია, სამართალი ამას ვერ მოსთხოვს პირს.
ასე მოხდა 2001 წლის საქმეში, სადაც მომგერიებელმა აგრესორს გამოგლიჯა ხელიდან იარაღი და შემდეგ ესროლა და მოკლა, რადგან მომგერიებელი ვარაუდობდა, რომ აგრესორს მეორეც ექნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას სხვა იარაღი არ ჰქონდა. სასამართლომ ეს ფაქტი მოგერიების ფარგლების გადაცილებად არ მიიჩნია, მისი განმარტებით ბრალდებულის მხრიდან იმის დაშვება, რომ აგრესორს შესაძლოა სხვა იარაღიც ჰქონოდა, საფუძვლიანი იყო და ხაზი გაუსვა აგრესორების კრიმინალურ ავტორიტეტს, რის შესახებ ბრალდებულმაც იცოდა და ეს რწმენას უმტკიცებდა მათ შეიარაღებაზე. ასევე, სასამართლომ დაუშვა, რომ იმ პირობებში აგრესორებს იარაღის გარეშეც შეეძლოთ თავდასხმის გაგრძელება, ამიტომ დრო არ მუშაობდა ბრალდებულის სასარგებლოდ და მანაც იმოქმედა. მითითებულ ძველ საქმეში საგულისხმება, რომ აგრესორმა მოსწრო ბრალდებულის დაჭრა იარაღით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. ამის შემდეგ ბრალდებულმა აგრესორს ხელიდან იარაღი გამოსტაცა და საპასუხოდ დაახალა. ბრალდებულს სულაც რომ მსუბუქი დაზიანება მიეღო ან საერთოდ არ მოხვედროდა ტყვია, ეს ფაქტი რამეს შეცვლიდა? აქ მთავარია, რა ტენდენციის მატარებელია თავდასხმა.
ჩვენს საქმეშიც მსუბუქი დაზიანება დადგინდა, მაგრამ აგრესია მზარდი იყო და არ ჩერდებოდა, მსუბუქიც იმიტომ იყო, რომ ბრალდებული წინააღმდეგობას წევდა. სანამდე შეძლებდა იგი საკუთარი თავის მეტ-ნაკლებად დაცვას? ამასთან წვიმდა, ბნელოდა, მომგერიებელი ცუდად გრძნობდა თავს და რაც დრო გადიოდა, მით უფრო უძლურდებოდა. იმ პირობებში, როცა ბრალდებულმა ამდენი ხანი ვერ მოიცილა თავიდან აგრესორები, გაფრთხილების მიუხედავად მისკენ მოიწევდნენ, ძირს აგდებდნენ, დანის წართმევას ცდილობდნენ და ისინი მცირე დაზიანებებმა არ შეაჩერა, არ იყო საფუძვლიანი ბრალდებულის შიში იმის თაობაზე, რომ მას დანასაც წაართმევდნენ და შემდეგ მის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ? სასამართლოს მხრიდან იმაზე ხაზგასმა, რომ აგრესორებს იარღი არ ჰქონდათ, ეს ვერ იქნება თავისთავადი უტყუარი მტკიცებულება, რომ მძიმე დაზიანებას არ აპირებდნენ. მათი განგრძობდი ძალადობა საპირისპიროზე მიუთითებს. ხელით არ კლავენ ადამიანებს? ან არ აზიანებენ მძიმედ? მოსალოდნელი მძიმე დაზიანების თავიდან ასაცილებლად აგრესორის მკვლელობაც უნდა გამართლდეს.
აღსანიშნავია, რომ ქართული სისხლის სამართალი გერმანული დოქტრინის გავლენას განიცდის. მომგერიებელი როდესაც შეცდომას უშვებს თავდასხმის არსებობაში, რომელიც რეალურად არ არსებობს, ეს შემთხვევა სსკ-ის 28-ე მუხლის მიღმა რჩება და მას „მოჩვენებით მოგერიება“ ეწოდება, გამართლების ნაცვლად პირს პატიობენ აკრძალვაში შეცდომის ანალოგიურად (სსკ-ის 36 მუხლი). საკითხი ასე რეგულირდება გერმანული მიდგომითაც. რა ხდება მაშინ, როდესაც პირი ცდება არა მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის რეალურობაში, არამედ მხოლოდ მის იმწუთიერებაში ან ინტენსივობაში და, შესაბამისად, ძალის გამოყენების საკითხებში, ამაზე სპეციალური მსჯელობა ქართულ აკადემიურ ტექსტებში თითქმის არ არის, თუმცა ფრაგმენტული შეფასებები გერმანულის ანალოგიურია.
გერმანული სისხლის სამართლის დოქტრინის მიხედვით ეს საკითხი შეცდომის ნორმით რეგულირდება, ან თუ შიშის და დაბნეულობის გამო გადააჭარბა მომგერიებელმა ძალას, გერმანიის სსკ-ის 33-ე პარაგრაფით, ის ბრალისგან თავისუფლდება. ქართული კანონმდებლობით, უკანასკნელ შემთხვევაში, პირი მსუბუქად, მაგრამ მაინც იკიცხება სსკ-ის 113-ე მუხლით. თუმცა აქ საუბარი თავდაცვითი ძალის აშკარა შეუსაბამობაზეა აგრესორის თავდასხმის ხასიათსა და ინტენსივობასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ აკადემიურ ტექსტებში შემთხვევა, რა დროსაც მომგერიებელი იგერიებს ყაჩაღს, რომელიც სათამაშო იარაღით იმუქრება, რაც დაზარალებულების მხრიდან ნამდვილ იარაღად აღიქმება, მის საპასუხოდ აგრესორის მოკვლა ან იარაღით დაპირისპირება, მოგერიებითაა გამართლებული. მოჩვენებით მოგერიებას აქ იმ არგუმენტით გამორიცხავენ, რომ თავდასხმა რეალურად მოხდა, მომგერიებლის ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილა, ხოლო იარაღის ნამდვილობაში შეცდომას და მის საპასუხოდ ნამდვილი იარაღისა და ინტენსიური ძალის გამოყენება (მაშინ როცა აგრესორს მოკვლა ან დაზიანება იარაღით დამუქრების მიუხედავად არ შეეძლო) გამამართლებელ მოგერიებადაა შეფასებული, რადგან განმარტების მიხედვით, „ნებაზე“ თავდასხმა მოხდა და ეს საკმარისია მოგერიების გამართლებისთვის.
ამდენად, აშკარაა, რომ ძალის თანაფარდობასთან მიმართებით მცდარი წარმოდგენები მოგერიების ფარგლებშიც შეიძლება მოექცეს და შეფასების საზომი ობიექტურ-სუბიექტურია, რაც საქართველოს უზენესი სასამართლოს მიერაც არის მხარდაჭერილი 2001 წლის საქმით. ამ საკითხის რეზიუმირებისთვის უნდა ითქვას, რომ მოგერიების დროს დასაშვებია მოვლენათა განვითარებაზე მცირედი უზუსტობები და შეცდომები, რაც ავტომატურად არ გამოდევნის პირის ქმედებას გამართლების სფეროდან და არ გადაისვრის მას ბრალის სფეროში. ექსტრემალურ სიტუციაში მოქმედი პირისგან უზუსტობები გარდაუვალია. თავდასხმიდან მომდინარე საფრთხისა და მის დასაძლევად გამოსაყენებელი ძალის შესაფასებლად, აუცილებელი მოგერიება მხოლოდ წმინდა ობიექტურ კრიტერიუმებს ვერ დაემყარება, როგორც ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი სამართალში, მოგერიების დასადგენადაც მისაღებია ობიექტური დამკვირვებლის/რაციონალურობის ტესტის გამოყენება, რაც ობიექტურ-სუბიექტურია თავისი ბუნებით.
წინამდებარე სტატიაში განხილულ მთავარ საქმეში პირს შეცდომა არ დაუშვია ფაქტების შეფასებებში. მას შეეძლო ევარაუდა აგრესორების ძალადობა რამდენად შორს შეიძლებოდა წასულიყო, სერიოზული დაზიანებების და სიკვდილისაც შეშინებოდა და ეს დაშვება ფაქტებს ემყარებოდა, ასეთი განსჯა მოვლენებისა გონივრულია და ქმედება იმსახურებს გამართლებას.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს არ შეუფასებია მოგერიების ფარგლების შეფასებითი კრიტერიუმი. სსკ-ის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.“ თავდაცვითი ძალის აბსოლუტური პროპორციულობის გაზომვა შეუძლებელია მითუმეტეს ექსტრემალურ სიტუაციაში, რაშიც მომგერიებელი იმყოფება, ამიტომაცაა კანონში დათქმა, რომ ძალების თანაფარდობა ,,აშკარად შეუსაბამო’’უნდა იყოს, იმდენად რომ ძალის გამოყენება არაგონივრულია რაციონალური გარე დამკვირვებლის პერსპექტივიდანაც კონტექსტის აუცილებელი გათვალისწინებით. აგრესიული ჯგუფური ძალადობის მოსაგერიებლად დანის გამოყენება, გაფართხილების შემდეგ, რაც ერთ-ერთი აგრესორის სიკვდილს იწვევს, აშკარად შეუსაბამო არაა. ამასთან ჭიდაობის და გაწევ-გამოწევის პირობებში, სიმჭიდროვეში ბრალდებულს არჩევანიც არ ჰქონდა დანის მოქნევის ტრაექტორია განესაზღვრა. აგრესორის სიკვდილზე ერთადერთი პასუხისმგებელი თავად მოძალადე აგრესორია, მან ჩაიგდო თავი ასეთ მდგომარეობაში. სასამართლოს პირი უნდა გაემართლებინა მკვლელობის ბრალდებაშიც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ი მოგერიების გამართლების კრიტერიუმად არ ადგენს დაზიანებული სიკეთის ნაკლები მნიშვნელობის აუცილებლობას გადარჩენილთან შედარებით (მაგ. როგორიც ეს უკიდურესი აუცილებლობის დროს არის). მთავარია, გადარჩენილი სიკეთე უმნიშვნელო არ იყოს. ასეთ დროს მოგერიება საერთოდ გამოირიცხება. ჯანმრთელობა უმნიშვნელო სიკეთე არაა და იმ ვითარებაში, სადაც უფრო დიდი დაზიანებების მიღება იყო რეალურად მოსალოდნელი, სხვა უფრო მსუბუქი საშუალებით კი ვერ იცავდა თავს, მოძალადის მოკვლა ვერ ჩაითვლება მოგერიების ფარგლების გადაცილებად.
2. უზენესი სასამართლოს გადაწყვეტილება
რაც შეეხება ამ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაიზიარა, პირი ორივე ბრალდებაში გაამტყუნა, როგორც სსკ-ის 120-ე, ისე 108-ე მუხლისთვის (პროკურატურას ბრალი ამ მუხლებით ჰქონდა წაყენებული). ეს გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ აუცილებელი მოგერიების განმსაზღვრელი ნორმის არასწორი განმარტებაა, დაუსაბუთებელიც გახლავთ.
ის, რაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია – მოგერიების მდგომარეობა, ზედა ინსტანციებმა იგივე ფაქტების ახლებური ინტერპრეტაციით, ის უარყვეს. უზენაესი სასამართლოს თქმით, იქ, სადაც მსჯავრდებულმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მოწმეების (ეს მოწმეები ჩხუბის ყველა ეპიზოდს არ შესწრებიან) ჩვენებით კი არ არსებობდა უთანასწორო ბრძოლა, დანის გამოყენება და მკვლელობა, ჩვეულებრივი მკვლელობაა და არა პრივილეგირებული მკვლელობა (სსკ-ის 113 მუხლი). საინტერესოა ასევე, რომ უზენაესმა სასამართლომ უშუალო თვითმხილველის ჩვენება არ მიიღო მხედველობაში „უმოწყალოდ“ ცემასთან დაკავშირებით და განაჩენი ჩხუბის ერთ ეპიზოდს შემოსწრებულ მოწმეთა ჩვენებას დაამყარა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო უამრავი სხვა ფაქტი, რასაც ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება დაემყარა, რითაც შემთხვევა „მოგერიებად“ შეფასდა. ფაქტი, რომ ძალადობა ბრალდებულის მიმართ დაიწყო ორმა პირმა, რომ ისინი ძალადობას აგრძელებდნენ, ის, რომ ბრალდებული გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენეს და ა.შ. უზენაესი სასამართლოს გამამატყუნებელი განაჩენი დაემყარა ფაქტს, რომ ბრალდებულს დაზარალებულებმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიაყენეს, რისგან თავდასაცავად გამოყენებული ძალა კი არაგონივრულად შეფასდა. ასეთი მიდგომა ძალას უკარგავს მოგერიების უფლებას. დაუსაბუთებელია სასამართლოს განაჩენი, მითუმეტეს რომ იმავე საქმეში პირს ბრალი სსკ-ის 120-ე მუხლითაც დაედო კ.თ.-ს მიმართ ჩადენილი ქმედების გამო. აქ უზენაესი სასამართლო მიუთითებს ზურგის მხრიდან ჭრილობაზე, რაც თითქოს გამორიცხავს აუცილებელ მოგერიებას. „კ. თ-ს ქურთუკის უკანა ზედაპირზე დანით მიყენებულ დაზიანებებზე, რაც ცალსახად გამორიცხავს კ. ჩ.ს მიერ თავდასხმის მოგერიებასა და, შესაბამისად, უკიდურესი თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნას.“ სასამართლოს ავიწყდება კონტექსტის ანალიზი, უამინდობა, დაძაბული ბრძოლა წუთების განმავლობაში, აგრესორების რაოდენობა, ის, რომ ისინი არ ცხრებოდნენ და მომგერიებელი უმისამართოდ იქნევდა დანას, რომ არ მიკარებოდნენ. ჩხუბის დროს ინერციით შეიძლება აგრესორმა პოზიციაც იცვალოს და შეტრიალდეს კიდეც, რაც არ ნიშნავს იმას, რომ აგრესიას შეეშვა ის, ხოლო მომგერიებლის ძალადობა კი შურისძიება იყო მასზე. საქმეში არ არსებობს ამის მტკიცებულება.
ჭიდაობა დინამიურია, აგრესორიც და მომგერიებელიც ხან ინარჩუნებდნენ წონასწორობას ხანაც ვერ, ძირს ეცემოდნენ და ამ ორმტრიალში მოქმედებდა მომგერიებელიც. ამ ყველაფრის მხედველობის გარეშე დატოვება დიდი შეცდომაა ფაქტის ნორმასთან შესაბამისობის დადგენისას.
ეს შეფასება თავად უზენაესი სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებასთანაც მოდის წინააღმდეგობაში, სადაც ქალმა პარტნიორი კაცი, რომელიც მასზე ძალადობდა მძიმედ დაჭრა. ქალი გამართლდა, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორს ჭრილობა ტანის უკანა ნაწილში ჰქონდა მიყენებული. სასამართლოს განმარტებით, ის, რომ აგრესორმა ინერციით ზურგი შეაქცია მომგერიებელს, a priori არ ნიშნავდა იმას, რომ აგრესია დასრულებული იყო (პროკურორი სწორედ ამას ამტკიცებდა). აგრესორმა მომგერიებელს ზურგი აქცია, რადგან მას ჭიდაობის დროს ხელი ჰკრეს და ისიც ინერციით შებრუნდა, რა დროსაც დაარტყეს დანა, რათა უფრო ძლიერი აგრესია აერიდებინათ თავიდან.
რატომ ხდება ისე, რომ ერთი და იგივე ფაქტობრივ გარემოებას იურიდიული განათლების მქონე პირები, ამასთან, მოსამართლეები, ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს აძლევენ? ერთი და იგივე ფაქტის ასე რადიკალურად განსხვავებული სამართლებრივი შეფასებები საშიშია და როგორი უმწეოა ბრალდებული ასეთ დროს სისტემის წინაშე. ერთმა ინსტანციამ ერთი თქვა, ორმა – ამის საწინააღმდეგო, წინამდებარე სტატიას თუ წაიკითხავს მომგერიებელი, აქ კიდევ ახლებურ ვერსიას წაიკითხავს. გამოდის, გააჩნია კანონს ვინ კითხულობს?
კიდევ ერთ საკითხზეა მნიშვნელოვანი ყურადღების გამახვილება: არასწორია, როდესაც სასამართლოები აგრესორების ქმედების საშიშროებას მხოლოდ სხეულზე დარჩენილიდაზიანების ხარისხით აფასებენ. აუცილებელი მოგერიების თანაზომიერების დასადგენად მნიშვნელოვანია ის, თუ სად ადგება მომგერიებელს ზიანი, ძალადობა რა რისკის მატარებელია სიცოცხლისთვის/ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, ხშირად მოხრჩობა უმნიშვნელო ნაკაწრებს ტოვებს ყელის მიდამოებში, მისი შეფასებაც (გარეგნულად დატოვებული კვალის, სისხლნაჟღენთების მიხედვით) ძალადობად ან ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებად არასწორია. ყელში ხელის წაჭერა სიცოცხლისთვის ქმნის საფრთხეს. ასევე, მნიშვნელოვანია ძალადობის ინტენსივობის დადგენაც; აგრესორთა რაოდენობა; ის, თუ მომგერიებელი როგორ წინაღმდეგობას სწევს და რა შანსი ჰქონდა გაეძლო აგრესიისთვის უფრო მსუბუქი საშუალების გამოყენების შემთხვევაში.
ისე ჩანს, ამ და მსგავსი საქმეების წაკითხვის დროს, რომ გუდაურის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა. გუდაურის საქმეში, ბრალდებული მეორე ეპიზოდში ცეცხლსასროლი იარაღით იყო, ხოლო აგრესორები შიშველი ხელებით, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად გაამართლა ბრალდებული მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის. იურიდიული განათლების არმქონე პირები უფრო სწორად აფასებენ ექსტრემალურ სიტუციაში მოქმედი პირის ძალის პროპორციულობას, მისი გამოყენების გონივრულობას სიტუაციის გათვალისწინებით. ისე გამოდის, თითქოს ნორმატიული ცოდნა საქმისთვის დამაზიანებლად ფრთხილს ხდის ადამიანს.
დასკვნა
სტატიაში განხილულ 2019 წლის საქმეში პირი უნდა გამართლებულიყო ორივე ბრალდებაში, ის თავდაცვით პოზიციაში იყო და იგერიებდა ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებას თანაზომიერი თავდაცვითი და ადეკვატურად მზარდი ძალით. მან მძიმე საშუალება მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენა, როცა უფრო მსუბუქმა ალტერნატიულმა საშუალებამ (დაზიანებამადე დანის გამოყენების თაობაზე გაფრთხილება) შედეგი ვერ გამოიღო, მის მიმართ აგრესია გრძელდებოდა, ძალა კი სულ უფრო აღარ ჰყოფნიდა ორი კაცის მოსაგერიებლად. აუცილებელი მოგერიების დაცვა ყველას ინტერესშია, სტატიაში მოყვანილი გადაწყვეტილებები კი მხოლოდ მოძალადეებს აძლიერებს უსამართლოდ.
ბიბლიოგრაფია:
- Dressler J. (2015). Understanding Criminal Law, EBook;
- Dubber, M., Hörnle, T. (2014). A Comparative Approach, Oxford University Press;
- Herring, J. (2020). Criminal Law, Oxford University Press;
- Hessbruegge J.A. (2017). Human Rights and Personal Self-defense in International Law, Oxford University Press.
- Leverick, F. (2006). Killing in self-defense, Oxford: Oxford University Press.
- გამყრელიძე, ო. (2002). სსკ-ის 113-ე მუხლის კომენტარი. წიგნში: დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი;
- ტურავა, მ. (2011). დანაშაულის მოძღვრება, თბილისი: მერიდიანი;
- ხერხეულიძე, ი. (2016). აუცილებელი მოგერიების ფარგლები ქართული და ანგლოამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ჟურნალი(DGStZ), #1;
- ჯიშკარიანი, ბ. (2016). დანაშაულის ადამიანის წინაღმდეგ, სსკ-ის 113-ე მუხლის კომენტარი, თბილისი: იურისტების სამყარო.
- ზუგდიდის რაიონული სასამართლოს N1/411- 18 განაჩენი, 11 თებერვალი, 2019;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, 12 მარტი 2020;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2კ-756აპ.-19, 17 მარტი 2020;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2კ-877აპ.-20 განაჩენი, 29 მარტი 2021;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება 2კ-86კოლ.-02, 10 დეკემბერი 2001.
Notes:
- Leverick, F. (2006). Killing in Self-Defense, Oxford: Oxford University Press, 54-55. Also see: Hessbruegge J.A. (2017). Human Rights and Personal Self-defense in International Law, Oxford University Press.
- The Court of Appeal overturned this decision and convicted the person under both Article 120 and Article 108 of the Criminal Code. The Supreme Court of Georgia also agreed with the decision of the Court of Appeal. See N 2K-756AP-19, 17 March, 2020.
- In these words, the violence of the aggressors is evaluated by the testimony of a direct eyewitness, which the Supreme Court did not share.
- The Decision N1/411-18 of Zugdidi District Court, February 11, 2019, par. 4.1.2
- Justification criteria of self-defense in Georgian criminal law doctrine. See Turava, M. (2011). The doctrine of Crime, Commentary on Article 28 of the Criminal Code, Tbilisi: Meridiani; Jishkariani, B. (2016). Offence Against the Person, Commentary on article 113 of the criminal code. Tbilisi: The world of Lawyers.
- The Decision N1/411-18 of Zugdidi District Court, February 11, 2019, par. 4.1.1.1.
- Ibid
- Ibid. Par. 4.1.2.
- Ibid. Par. 4.1.1.1.
- For a critical analysis of the judicial misinterpretation of self-defense, see Gamkrelidze, O. (2002). Commentary on article 113 of the criminal code in the book: Offence against the person, Tbilisi: Institute of State and Law of the Georgian Academy of Sciences, 74
- The Decision of the Great Chamber of the Supreme Court of Georgia 2k-86col.-02, December 10, 2001
- Turava, M. (2011). The Doctrine of Crime, 536-543.
- Ibid. 358-359.
- Dubber, M., Hörnle, T. (2014). A Comparative Approach, Oxford University Press, 416.
- Ibid. 417.
- Turava, M. (2011). The Doctrine of Crime, 351.
- For an analysis of English court practice on proportionality, see Herring, J. (2020). Criminal Law, Oxford University Press, 651.
- Kherkheulidze, I. (2016). The Scope of self-defense According to Georgian and Anglo-American Law, Georgian-German Journal of Criminal Law (DGStZ), #1, 17.
- The Decision of the Supreme Court of Georgia 2K-877 Ap.-20, March 29, 2021.
- The Decision of Tbilisi City Court, March 12, 2020. p. 12. A copy of the judgment was received in response to the application for public information N1-0163/11344
- For the critical analysis of the Georgian judiciary law see Jishkariani, B. Offence against the person, 73.
- Dressler J. (2015). Understanding Criminal Law, EBook, 199
- Details of the case see Awaiting the verdict https://fb.watch/9I4PXaoteT/ [Last access: 13 August, 2022]
- Radio Liberty, news: The court acquitted Merab Kobiashvili, arrested in the case of intentional murder in Gudauri. https://www.radiotavisupleba.ge/a/31613693.html/ [Last access: 13 August, 2022]