×

Cookie Consent

ციფრული იდენტიფიკატორი
შემოკლება
გამოცემა

ამ სტატიაში

    რეზიუმე - Journal Law and World

    Volume 8, Issue 4


    აგრესიის საპასუხოდ ინტიმურ პარტნიორზე აუცილებელი მოგერიებით ძალადობის კრიმინალიზება. ცუდი კანონი თუ მანკიერი სისხლის სამართლის პრაქტიკა?

    Authors: Tamar Gegelia

    Tamar Gegelia

    სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი

    Email: tgegelia@cu.edu.ge



    Affiliation: სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი

    Abstract: This article discusses self-defense in the context of domestic violence. In Georgian reality, the boundaries of self-defense are generally narrowly defined; however, when self-defensive violence occurs in the family when the aggressor is an intimate partner and the defender is a woman, the accused faces even more barriers to justice, which is determined by gender stereotypes and traditional views on domestic violence. There is a difficult situation regarding femicide in Georgia; in 2021, 22 women were killed just because they were women. Women are killed by their intimate partners, and the antecedents of the murder are similar. Women turn to the police for protection from violence, but to no avail. In such a horrifying reality, where the state, whose obligation it is, does not protect a woman from a violent partner, limiting the right to self-defense is another violation of the state’s obligation to protect life and physical integrity. A correct and bold interpretation of the right to self-defense by the court is necessary to weaken the aggressor on the one hand and to strengthen the defender on the other hand. In the Georgian reality, by trivializing domestic violence and leaving it in the personal space, more barriers are created for women to reach justice by being obliged to endure the aggression of a tyrant husband/partner. In the article, the author tries to show by observing a judicial practice that artificial barriers limit the right to defend oneself against the aggression of an intimate partner; a woman is punished for injuring the aggressor, while the law should justify her. Single acquittals cannot change systemic injustice, but the author’s goal is to show and analyze such significant decisions so that more people can learn about correct judicial interpretations. According to the author, discrimination based on gender is characteristic of Georgian justice; by identifying problems and critically analyzing court decisions, she tries to show the ways of legal regulation of the problem. KEYWORDS: Self-defense, Battered Woman, Discrimination

    Keywords: Self-defense, Battered Woman, Discrimination


    Language: GE

    Download





    შესავალი

    აუცილებელი მოგერიების გამართლება მრავალი მიდგომითაა ახსნილი ფილოსოფიასა თუ სამართლის თეორიაში, მათ შორისაა: კონსეკვენციალიზმი, ორმაგი ეფექტისა და სხვა დოქტრინები.1 წინამდებარე სტატიაში მხარდაჭერილია მოგერიების გამართლება ადამიანის უფლებების დაცვის არგუმენტით. ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლების, ღირსების და სხვა ფუნდამენტური უფლებები, შესაბამისად, აქვს უფლება – დაიცვას ის აგრესიისგან. ეს უფლება აქვს იმიტომ, რომ ადამიანია და ამ უფლებას მას ვერავინ წაართმევს. აგრესიისგან თავდასაცავად ადამიანისთვის აუცილებელი თავდაცვის წართმევა იგივეა, რომ ადამიანი ისჯებოდეს წყლიდან ამოყვინთვისა და ჰაერის ჩასუნთქვის გამო. სწორედ ასეთი მძლავრი ინსტინქტითაა ნაკარნახევი ადამიანის ძალისხმევა დაიცვას თავი აგრესიისგან, რომელიც მისი დასახიჩრებისკენ, განადგურებისკენ ან დამცირებისკენაა მიმართული. აუცილებელი მოგერიების საზღვრების სწორი და თანმიმდევრული განმარტება მნიშვნელოვანია სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის, ნორმის ზუსტი ცოდნა აბსოლუტურად აუცილებელია როგორც მომგერიებლისთვის, ასევე, ძალადობის ინიციატორისთვის. პირველმა უნდა იცოდეს – რა ძალით და ინტენსივობით აქვს აგრესორის წინააღმდეგ მოქმედების უფლება, იცოდეს – რისთვის დაისჯება და რისთვის არა, რათა თავდაცვის დროს იყოს გაბედული და თავდაჯერებული; ხოლო მეორესთვის მნიშვნელოვანია, რადგან მან უნდა იცოდეს, რომ მისგან გამოწვეული აგრესია მასვე ავნებს, შესაძლოა მისი სიკვდილითაც დასრულდეს და ამისთვის არავინ დაისჯება. სამართალი აგრესორს ეუბნება, რომ არ გაბედო მასიური ანდა ინტენსიური ძალის გამოყენება, რადგან შეიძლება უკან დაგიბრუნდეს. კანონი ასევე აფრთხილებს აგრესორს, რომ მომგერიებლის გვერდში დგას სამართალი, მას აძლიერებს და თავს არ უხრის აგრესიას და უწესრიგობას.
    წინამდებარე სტატიაში განხილულია აუცილებელი მოგერიება ოჯახური ძალადობის კონტექსტში. ზოგადად ქართულ რეალობაში, მოგერიების საზღვრები ვიწროდ განიმარტება, თუმცა როდესაც თავდაცვითი ძალადობა ოჯახში ხდება, როდესაც აგრესორი ინტიმური პარტნიორია, ხოლო მომგერიებელი – ქალიუკანასკნელი კიდევ უფრო მეტ ბარიერს აწყდება მართლმსაჯულებისას, რასაც გენდერული სტერეოტიპები და ოჯახური ძალადობის მიმართ ტრადიციული ხედვები განაპირობებს. საქართველოში ფემიციდის კუთხით მძიმე მდგომარეობაა,2 ქალებს კლავენ ინტიმური პარტნიორები, მკვლელობის წინარე ისტორიები ერთმანეთის მსგავსია. ქალები მიმართავენ პოლიციას ძალადობისგან დაცვის მოთხოვნით, მაგრამ – უშედეგოდ. ასევე, ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც ქალი კვდება პარტნიორის საშტატო იარაღით ანუ აგრესორი პოლიციის თანამშრომელია, რამაც განაპირობა სისტემის არაეფექტიანობა – დაეცვა ქალი მოძალადის გან.3 ასეთ შემზარავ რეალობაში, სადაც ქალს მოძალადე პარტნიორისგან არ იცავს სახელმწიფო, ვისი ვალდებულებაცაა ეს, მოგერიების უფლების შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის და ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულების კიდევ ერთი დარღვევაა. ამ რეალობაში სასამართლოს მხრიდან მოგერიების უფლების სწორი და თამამი განმარტება აუცილებელია, ერთი მხრივ, მოძალადის დასასუსტებლად და მეორე მხრივ, მომგერიებლის გასაძლიერებლად.
    ქართულ რეალობაში ოჯახური ძალადობის გატრივიალურებით და მისი პირად სივრცეში დატოვებით, ქალებს (ტირანი ქმრის/პარტნი ორის აგრესიის თმენის დავალდებულებით) მეტი ბარიერები ექმნებათ, რათა სამართალს მიაღწიონ. ყოველივეს აკადემიური ტექსტებიც უმაგრებდა ფესვებს. ძველი გერმანული დოქ ტრინის მიხედვით, ქალს მოგერიების უფლება ეზღუდებოდა ე.წ. სოციალურ-ეთიკური ნორმებით, თუკი აგრესორი ოჯახის წევრი იყო. ამ მიდგომით, ქალს ძალადობა უნდა ეთმინა ან სახლიდან წასულიყო.4 დღეს ეს პოზიცია გერმანულ დოქტრინაშიც გაკრიტიკებულია, ისევე როგორც ქართულ დოქტრინაში,5 მაგრამ, როგორც ჩანს, ქართულ ცნობიერებაში, პრაქტიკოს იურისტებში ის კვლავ იჩენს თავს.
    ამ სტატიაში განხილული საქმეები იმ რეალობას აღწერს, რომ ქართული სისხლის სამართლის მართლმსჯულება აუცილებელი მოგერიების ვიწრო განმარტებით ძალადობის ინიციატორებს/აგრესორებს აძლიერებს. სტატიაში განხილულია ოჯახური ძალადობის კონტექსტში ჩადენილი აგრესიის საპასუხოდ ქალი პარტნიორის თავდაცვითი შემთხვევები. საქმე, სადაც ქალი, მართალია, გამართლდა პარტნიორისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებისთვის, თუმცა პროკურორმა საკასაციო ინსტანციამდე იჩივლა, რომ ის დასჯილიყო. სხვა საქმეში, ქალი, რომელმაც მოკლა პარტნიორი ნაჯახის ჩარტყმით, მანამდე, როცა მის გაუპატიურებას ცდილობდა, დაისაჯა. საქმის ანალიზით ისე ჩანს, თითქოს სასამართლოსთვის სქესობრივი ხასიათის ძალადობა უმნიშვნელო ქმედებაა, მის მიმართ მასობრივი ძალის გამოყენებას სამართალი არ ამართლებს, რაც სწორი არაა. სტატიაში მოცემული იქნება საქმეების ანალიზი და კრი- ტიკა აუცილებელი მოგერიების საზღვრების ხელახლა გასააზრებლად, რაც თითოეული მოქალაქის ინტერესშია.

    1. აგრესორის ზურგიდან დაჭრა ერთმნიშვნელოვნად შურისძიებით ჩადენილი ძალადობაა თუ კონტექსტს გააჩნია

    ამ კითხვაზე საერთო სასამართლომ კონტექსტის ანალიზით უპასუხა და გაამართლა ქალი ბრალდებულის ქმედება, რომელმაც უკანა მხრიდან ბეჭის არეში დაჭრა აგრესორი პარტნიორი. წინამდებარე თავი შეეხება მანკიერ პრაქტიკას, თუ როგორ ამრუდებს პროკურატურა მოგერიების უფლების საზღვრებს. საქმე კარგი პრეცედენტია სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებების თვალსაზრისითაც, რაც დაცვის მხარეს სხვა საქმეებში გამოადგება, მით უმეტეს, რომ ეს საქმე საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც განიხილა.

    1.1. ფაქტობრივი გარემოებები

    ნ.გ. (მომგერიებელი) ცხოვრობდა ნაქირავებში პარტნიორ კაცთან (კ.შ) და შვილებთან ერთად, რომელთაც სხვა მამა ჰყავდათ. ახალიწლის დღეს ბავშვებს მამასთან დალაპარაკება მოუნდათ, ნ.გ.-მ შეასრულა მათი თხოვნა და ყოფილ ქმარს დაურეკა. ამით გაღიზიანდა კ.შ. მან, დასჯის მიზნით, ყელში წაუჭირა ხელები ნ.გ-ს და ახრჩობდა. ქალი ხროტინებდა და ისე ცუდად იყო, გული მისდიოდა. მან მოახერხა და სახე ჩამოკაწრა მოძალადეს და ასე გაითავისუფლა თავი პირველ ეპიზოდში, მაგრამ ის კვლავ დაიჭირა აგრესორმა, ოთახიდან გაქცევის საშუალება არ მისცა, ლოგინზე დააგდო და მეტი სისასტიკით დაუწყო მოხრჩობა. ამ დროს ქალმა ძალა მოიკრიბა და ბავშვებს სთხოვა, მეზობლისთვის დაეძახათ საშველად. მეზობელი იმავე სახლში, სხვა ოთახში ცხოვრობდა. იგი შემოვარდა ოთახში და აგრესორი ქალს მოარიდა. ამ პერიოდში ქალმა „112“-ზე დარეკა, თუმცა პოლიცია იგვიანებდა. მალე მეზობელი თავის ოთახში დასაძინებლად გავიდა. მას შემდეგ, რაც კ.შ-მ სამზარეულოში ნ.გ. მარტო დაიგულა, ისევ შევიდა მასთან მუქარითა და ლანძღვა-გინებით, ხელები ყელისკენ ჰქონდა მომართული, რომ კვლავ მოეხრჩო, იმუქრებოდა, რომ მოკლავდა. ქალმა უბიძგა მას, რის შედეგადაც აგრესორი წაბორძიკდა და ნახევრად შებრუნდა მისგან. სწორედ ამ დროს, ქალმა დასტაცა ხელი დანას და დაარტყა აგრესორს, იმის შიშით, რომ როცა იგი წონასწორობას აღიდგენდა, მეტი აგრესიით შეუტევდა და თავს ვეღარ დაიცავდა, რადგან სულ მარტო იყო.
    პროკურორმა ნ.გ-ს ბრალი წაუყენა 111 , 117 მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და საკასაციო ინსტანციამდე იბრძოლა ბრალდების მხარდასაჭერად,6 მისთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი სასამართლოს არგუმენტები ქმედების აუცილებელი მოგერიებით გამართლებასთან დაკავშირებით.
    არადა, დადასტურებული ფაქტები იმდენად აშკარად მიუთითებს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაზე და მომგერიებლის მიერ თანაზომიერი ძალის გამოყენებაზე, სივრცე როგორ რჩება განსხვავებული შეფასებისთვის, ესაა გასაკვირი. ნ.გ-ს ქმედებას, ბეჭში ზურგის მხრიდან დაჭრას, კ.შ-ს სიკვდილი რომც გამოეწვია, მაინც უნდა გამართლებლიყო, რადგან სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის მზარდი საშიშროების აგრესიის შესაჩერებლად მკვლელობაც მართლდება. პირველ ეპიზოდშივე რომ დაეჭრა ნ.გ-ს აგრესორი, ასევე გამართლებული იქნებოდა. სამართალი არ ითხოვს მართალი ადამიანისგან გაქცევას, თავდაცვისთვის სარისკო მსუბუქი საშულების გამოყენებას. ამდენად, სასამართლომ სწორად შეაფასა ვითარება, მან ხაზი გაუსვა საფრთხის იმწუთიერებას, რომ მართალია, აგრესორს მომგერიებლისგან შემობრუნებულ პოზაში მოხვდა დანა, მაგრამ შემობრუნება სულაც არ ნიშნავდა საფრთხის განეიტრალებას, ის მხოლოდ წაბორძიკდა, რამაც დროებით შეუშალა ხელი აგრესიას. მოსამართლემ, ასევე, ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ნ.გ., ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, დანის გარეშე თავს ვერ დაიცავდა და თავდაცვითი ძალაც თანაზომიერად შეაფასა. ქმედება, ასევე, თავდაცვით იყო მოტივირებული და არა შურისძიებით.
    ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ გარემოებაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. კ.შ. ახრჩობდა ნ.გ-ს, დახრჩობა პარტნიორი ქალის დასჯისა და კონტროლის სასტიკი ფორმაა, რომელსაც ხშირად მიმართავენ ოჯახში მოძალადე კაცები.7 ამ და სხვა საქმის პროკურორები დახრჩობას შეუსაბამოდ მსუბუქი ნორმით აფასებენ, სსკ-ის 1261 ან 126 მუხლით, ანუ ძალადობად8 , მაშინ როცა დახრჩობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ქმედებაა და ის ან 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) ან, როდესაც დასჯის მოტივით ხდება, როგორც ეს განხილულ საქმეში იყო, წამებად (მუხ. 1441 ) უნდა შეფასდეს. განზრახვის დადგენის შემთხვევაში შესაძლებელია მკვლელობის მცდელობად შეფასებაც (მუხ. 19, 109). ინტიმური პარტნიორის ზეაგრესიული და საშიში ქმედება შეუსაბამოდ მსუბუქად ფასდება, ხოლო ამ ძალადობის მსხვერპლი ქალის თავდაცვითი ძალადობა აგრესორის წინააღმდეგ, შეუსაბამოდ მკაცრად, როცა აშკარაა, რომ ის გამართლების საზღვრებს არ გასცდენია. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს დისკრიმინაციულ მართლმსაჯულებაზე და იგი შესაცვლელია.

    2. არის თუ არა გამართლებული მკვლელობა აუცილებელი მოგერიებით გაუპატიურებისგან თავდასაცავად?

    წინამდებარე თავი შეეხება მეორე საქმეს სასამართლო პრაქტიკიდან, სადაც მომგერიებელი დაისაჯა ინტიმური პარტნიორის მკვლელობისთვის, რომელიც ჩაიდინა გაუპტიურებისგან თავის დასაცავად. კრიტიკული ანალიზი სწორედ აუცილებელი მოგერიების ვიწრო სამოსამართლო განმარტებას მიემართება.

    2.1. ფაქტობრივი გარემოებები

    რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „[აგრესორი] სისტემატურად, მათ შორის ალკოჰოლური თრობისას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. ემუქრებოდა როგორც მისი, ასევე შვილების მოკვლით. ახორციელებდა [ცოლის] მიმართ სხვადასხვა სქესობრივ ძალადობრივ ქმედებებს (აიძულებდა დემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი [...] მათ შორის მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით); 2016 წელს [...] დეკემბრის ღამეს, მორიგი მსგავსი ქმედებების განხორციელების მცდელობისას, ძლიერი სულიერი აღელვების – ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფმა [მომგერიებელი] ნაჯახით სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე [აგრესორი]“. 9
    სასამართლომ ამ ქმედებისთვის ბრალდებული დასაჯა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობისთვის (მუხ. 111). აუცილებელ მოგერიებაზე ან მოგერიების ფარგლების გადაცილებით მკვლელობაზე არც კი უმსჯელია.
    აღწერილი ფაქტების მიხედვით, ქმარი სისტემატურად ძალადობდა ცოლზე და შვილებზე. ცოლის მიმართ ჩადიოდა სქესობრივი სახის ძალადობას, მისი თანხმობის გარეშე, ამასთან, მუქარის და ძალადობის გამოყენებით ამყარებდა სქესობრივ კავშირს და ეს ხდებოდა გამუდმებით. სასამართლოს თქმით, ერთ-ერთი მორიგი ძალადობრივი ეპიზოდის დროს, ე.ი. როდესაც აგრესორი ისევ ცდილობდა ცოლის გაუპტიურებას, უკანასკნელმა ნაჯახი რამდენჯერმე ჩაარტყა სახეში მოძალადე ქმარს და მოკლა იგი. გადაწყვეტილებაში არაფერი წერია ნაჯახის მოქნევის სიმძლავრეზე, არც იმაზე, რომელი დარტყმა იყო სასიკვდილო. სასამართლოს არ უმსჯელია, ერთი დარტყმა იყო თუ არა საკმარისი მოძალადის გასანეიტრალებლად, ასევე, არ განუმარტავს „რამდენჯერმე“ რამდენი დარტყმაა – ორი, სამი თუ უფრო მეტი? ამ კითხვებზე პასუხის არარსებობის პირობებში ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. გამოდის, მომგერიებელს აგრესორის გასანეიტრალებლად დასჭირდა ნაჯახის რამდენჯერმე მოქნევა, ძლიერად ვერ ურტყამდა ფიზიკური მონაცემების გამო, აგრესორი ნაჯახის პირველივე მოქნევით არ გაჩერებულა, დრო კი არ იცდიდა მომგერიებლის სასარგებლოდ.
    საქმეში დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ცოლი იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი და უშუალოდ აგრესორის მკვლელობის დროსაც, იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რა დროსაც მოკლა მოძალადე. მკვლელობის გამართლებისთვის ყველა აუცილებელი ობიექტური და სუბიექტური ნიშანი სახეზეა, მიუხედავად ამისა, მომგერიებელი დაისაჯა მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის. თუ კითხვები მოგერიების ფარგლებთან დაკავშირებით არსებობდა, აუცილებელი იყო მისი განხილვა და ქმედების სსკ-ის 113-ე მუხლით შეფასება, თუმცა სასამართლოს მოგერიების მდგომარეობა საერთოდ არ დაუშვია. პროცედურული ბარიერი იმისთვის, რომ მას მოგერიებით ქმედების გამართლებაზე ემსჯელა, არ არსებობდა, რადგან ეს შეფასება ბრალდებულის მდგომარეობას არ ამძიმებდა. საქმეში აშკარაა, რომ ქალს მოგერიების ფარგლებისთვის არ გადაუცილებია. ის მოძალადეზე ფიზიკურად სუსტი იყო, ყოველთვის მარცხდებოდა მასთან ორთაბრძოლაში და მუდმივად ემორჩილებოდა ძალადობას. ასეთ პირობებში მას რა გარანტია უნდა ჰქონოდა, რომ ნაჯახის ერთი ჩარტყმა, თან არა სახეში, არამედ სხეულის სხვა ნაწილში, საკმარისი იქნებოდა საფრთხის გასანეიტრალებლად? კანონი მოძალადის დასანდობად ჩვენგან არ მოითხოვს არაგონივრული რისკების გაწევას. ასევე, არ ვიცით, აგრესორი და მომგერიებელი რა პოზიციებში იყვნენ, იქნებ სულაც მოუწია სახეში ჩარტყმა, რადგან მხოლოდ ეს იყო შესაძლებელი მისთვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად საქმე დაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლით და იგი მხოლოდ იმიტომ შეცვალა პროკურორმა, რომ საქმეს დაემატა სასამართლოს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებდა, რომ ქმედების ჩადენის დროს ბრალდებული იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, „რა დროსაც სრულად ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას“. გამოდის, ასეთი დასკვნის არარსებობის პირობებში, მომგერიებელი უმკაცრესად დაისჯებოდა ქმედებისთვის, რომელიც მისი უფლებით იყო მოცული. შემთხვევა რომ გადავაკეთოთ, სადაც ცოლმა ქმარი მოკლა ძალადობის შემდეგ, თუმცა მალევე, ასეთ ვითარებაში იქნებოდა სწორი სსკ-ის 111-ე მუხლის გამოყენება, მაგრამ ამ საქმეში საფრთხე, რის გასანეიტრალებლადაც მომგერიებელმა ძალა გამოიყენა, მიმდინარე იყო.
    სსკ-ის 28-ე მუხლი აუცილებელი მოგერიების არსს განსაზღვრავს, იგი სახელდებით არ ჩამოთვლის, თუ რა სამართლებრივი ინტერესის დაცვაა შესაძლებელი თავდაცვითი მოქმედებებით, თუმცა საკუთრების უფლებაზეც რომ ვრცელდება, ამაზე წერია კანონში, საიდანაც ლოგიკურად გამომდინარეობს სხვა, მასზე უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეთა მოაზრება, მისი ქოლგის ქვეშ. 28-ე მუხლის განმარტების მიხედვით, სიკეთეთა თანაფარდობა, ისევე როგორც დაზიანებათა თანაფარდობა, არაა აუცილებელი მოგერიების გამართლებისთვის,10 კანონმდებელი ასეთ შემთხვევში მითითებას გამოიყენებდა, როგორც ეს სხვა მსგავს ნორმებში აქვს დაცული, მაგ. უკიდურესი აუცილებლობა (მუხ. 30).
    საკამათოა, თუ რომელი ინტერესის დაცვის მოტივით იქნება შემოსაზღვრული აგრესორის მკვლელობა. საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით, მკვლელობის გამართლება საკამათოა, თუმცა ქართულ აკადემიურ ტექსტებში, მისი გამართლება მიღებულია გარკვეული დათქმებით, მაგ. ქონების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მითითებით და სხვა.11 რაც შეეხება თავისუფლების (მაგ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის დროს),12 სქესობრივი ავტონომიის (გაუპატიურების დროს),13 სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსების (მაგ. წამების დროს) დასაცავად აგრესორის მკვლელობა (თუ მოგერიების გამართლების სხვა პირობები დაცულია) გამართლებულია. აუცილებელი მოგერიებით ვერ გამართლდება ქმედება, თუკი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად იმაზე გაცილებით დიდი სიკეთე ხელყო მომგერიებელმა, ვიდრე დაიცვა. აქ ხაზგასასმელია, რომ რის დაზიანებასაც ხელმყოფი ცდილობდა, უმნიშვნელო უნდა იყოს. ამის მაგალითად ვაშლის ქურდობისთვის ადამიანის მკვლელობა მოჰყავთ ხოლმე აკადემიურ ტექსტებში, ასეთი მკვლელობა არ არის გამართლებული.
    გაუპატიურებისგან თავდაცვის მიზნით აგრესორის მკვლელობა გამართლებულია ქართულ აკადემიურ ტექსტებში, განსხვავებული აზრი ამ თვალსაზრისით არ მოიძებნა. გაუპატიურება ხელყოფს ადამიანის სქესობრივ თავისუფლებას და მის ღირსებას. გაუპატიურება მძიმე დანაშაულია, ის ადამიანის დამცირების, მისი გასაგნების ყველაზე სასტიკი ფორმაა, ამიტომ ლოგიკურია და ძალიან მართებული, მსხვერპლს ჰქონდეს უფლება, თადაცვის მიზნით, აგრესორი მოკლას კიდეც, თუ სხვა უფრო მსუბუქი საშუალებით გაუპატიურების თავიდან აცილება ვერ მოხდებოდა ან სარისკო იყო. გაუპატიურებისგან თავის დასაცავად მკვლელობის გამართლება, ასევე, მხარდაჭერილია უცხოენოვან აკადემიურ ტექსტებშიც და სასამართლო პრაქტიკაშიც.14
    ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება კი, როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას არ იზიარებს. რატომ? ქალის სქესობრივი თავისუფლება უმნიშვნელო სამართლებრივ ინტერესად მიაჩნია? თუ გაუპატიურებას აფასებს უმნიშვნელო ქმედებად? იქნებ იმიტომ, რომ მართლმსაჯულება ქმარს ანიჭებს შეფარულ იმუნიტეტს ცოლის გაუპატიურებისთვის? ასეთი მიდგომები მიუღებელი უნდა იყოს იურისტისთვის.
    ამ სტატიის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს მკვლელობის ერთი საქმე, სადაც დაზარალებული ტრანსგენდერი ქალი იყო, მოძალადის ქმედება პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა გაამართლეს აუცილებელი მოგერიებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სხეულზე არსებული მრავლობითი ჭრილობები, სიტუაციის კონტექსტის ანალიზი და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის ჩვენების საპირისპიროზე მიუთითებდა და არანაირი ეჭვი არ არსებობდა ბრალდებულის ვერსიის გასაზიარებლად.15 საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საბოლოოდ, შეცვალა კვალიფიკაცია სწორედ იმ დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, რატომაც არ იყო გასაზიარებელი აუცილებელი მოგერიების ვერსია.16 ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან მითითებულ საქმეში, მოგერიების უფლების შეუსაბამოდ ფართო და მოგერების არსის საწინაღმდეგო განმარტება, როცა სხვა საქმეებში, სადაც თავდაცვა აშკარად არის, მაგრამ ვიწროდ განმარტავენ და სჯიან ბრლდებულს,17 გენდერული დისკრიმინაციით უნდა აიხსნას.

    დასკვნა

    ქართულ სასამართლო პრაქტიკაში შესამჩნევია აუცილებელი მოგერიების საზღვრების დავიწროვების ტენდენცია, ეს ან მოგერიებით დაცული სამართლებრივი სიკეთის არასერიოზულობაზე მინიშნებით ან გამოყენებული ძალის გადაჭარბებაზე მითითებით ხდება. არც სსკ-ის 28-ე მუხლის წაკითხვით და არც დოქტრინალური განმარტებიდან არ გამომდინარეობს აუცილებელი მოგერიების საზღვრების ამ ნიშნით დავიწროვების მოთხოვნა. აუცილებელი მოგერიება შესაძლოა გამოირიცხოს მაშინ, თუკი დაცული სიკეთე უმნიშვნელო იყო დაზიანებულთან შედარებით, როგორც ეს ვაშლის ქურდობის და მკვლელობის ურთიერთმიმართების დროსაა. წინამდებარე სტატიაში განხილული იყო გაუპატიურებისგან დაცვის დროს, აგრესორის მკვლელობის შემთხვევა. გაუპატიურებისგან დაცულია ადამიანის სქესობრივი თავისუფლება და ღირსება, ამ ღირებულებთა გატრივიალურება დაუშვებელია, მათი დაცვა, თუნდაც აგრესორის მკვლელობით, ნებადართულია.
    სტატიაში ასევე განხილულ იქნა სხვა საქმეც, სადაც მომგერიებელი გამართლდა, მაგრამ არგუმენტები, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა და რაზე დაყრდნობითაც მკვლელობისთვის გასამართლებას უჭერდა მხარს, მნიშვნელოვანი იყო მისი კრიტიკული ანალიზიც. მოგერიების დროს, არ არის გამორიცხული, აგრესორს თავდაცვითი ძალა ზურგიდან მოხვდეს, რაც, აპრიორი, არ გამორიცხავს მოგერიების მდგომარეობას. მნიშვნელოვანია კონტექსტის ანალიზი და იმის ჩვენება, რომ აგრესია ჯერ არ იყო დასრულებული, რაც სტატიაში განხილულ საქმეში აშკარად სახეზე იყო. სასამართლომ ეს დაინახა და ბრალდებული გაამართლა. პროკურატურის თუ სასამართლოს მიდგომებში, აუცილებელი მოგერიების ნორმის ვიწროდ განმარტების ტენდენციები, მაშინ როდესაც ის ოჯახური ძალადობის ფონზე ხდება, დისკრიმინაციულ მიდგომებზე მიანიშნებს, რაზეც მხოლოდ ეს ორი საქმე არ მიუთითებს, არამედ ბევრი სხვა კვლევაც. ფრაგმენტული გამონათება, როგორიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რითაც ქალი გამართლდა, საკმარისი არაა მანკიერი რეალობის შესაცვლელად. მნიშვნელოვანია მეტი ძალისხმევა მოსამართლეების მხრიდან.

    ბიბლიოგრაფია:

    1. Dubber, M., Hörnle, T. (2014). A Comparative Approach, Oxford University Press.
    2. Fabricant, J. (1981). Homicide in Response to A Threat of Rape: A Theoretical Examination of the Rule of Justification, 11 Golden Gate U. L. Review, vol. 11/iss.3/7.
    3. Kadish, H. S. (1976). Respect for Life and Regard for Rights in the Criminal Law, California Law Review, vol.64/4.
    4. Leverick, F. (2006). killing In Self Defence, Oxford : Oxford University Press.
    5. გამყრელიძე, ო. (2002). დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი;
    6. გეგელია, თ. (2021). არა ფატალური დახრჩობა ოჯახური ძალადობის კონტექსტში, კავკასიის უნივერსიტეტის პერიოდული გამოცემა, სტატიების კრებული 2
    7. გეგელია, თ. (2022). აუცილებელი მოგერიების შეზღუდულად განმარტების გამო სასამართლო გადაწყვეტილების კრიტიკა 23/8(3).
    8. ლეკვეიშვილი, მ., თოდუა, ნ., და მამულაშვილი, გ. (2019). სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, თბილისი: მერიდიანი
    9. ტურავა, მ. (2011). დანაშაულის მოძღვრება, თბილისი: მერიდიანი;
    10. ჯიშკარიანი, ბ. (2016). დანაშაულის ადამიანის წინაღმდეგ, თბილისი: იურისტების სამყარო.
    11. TKHELIDZE v. GEORGIA (Application no. 33056/17),08.10.2021.
    12. A AND B v. GEORGIA (Application no. 73975/16),10.05.2022.
    13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2კ-877აპ.-20 განაჩენი, 29 მარტი 2021.
    14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება 2კ-640აპ.-21, 09.09.2021.
    15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება 2კ-424აპ.-16, 30.12.2016.
    16. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის აპრილის განაჩენი.

    სქოლიო:

    1. For the analysis of the theories of justification of self-defense see: Leverick, F. (2006). killing In Self Defence, Oxford : Oxford University Press, 43-68.
    2. See: Monitoring reports of Public Defender of Georgia on femicide by year. https://ombudsman.ge/geo/201117012751angarishebi [Last seen: 01.09.2022]
    3. The most famous cases in this regard are: TKHELIDZE v. GEORGIA (Application no. 33056/17), 08.10.2021; საქმე „A and B v. Georgia (Application no. 73975/16), 10.05.2022.
    4. For the historical analysis, see: Dubber, M., Hörnle, T. (2014). A Comparative Approach, Oxford University Press, 418-419
    5. Turava, M. (2011). The Doctrine of Crime, Tbilisi: Meridiani. 366-367.
    6. The Decision of the Great Chamber of the Supreme Court of Georgia 2K-877ap.-20, March 29, 2021
    7. Gegelia, T. (2021). Non-Fatal Strangulation in the Context of Family Violence, Caucasus University Periodical Edition, Collection of Articles, vol. 2.
    8. See: The Decision of the Great Chamber of the Supreme Court of Georgia 2K-640ap.-21, 09.09.2021
    9. The decision of Rustavi city court, 2017 April (Public Information Request # 303, March 9, 2020)
    10. Gamkrelidze, O. (2002). Commentary on article 13 of the Criminal code of Georgia, in the book: Offence Against the Person, Tbilisi: Institute of State and Law of the Georgian Academy of Sciences, 75; Turava, M. (2011). The Doctrine of Crime, Tbilisi: Meridiani, 344
    11. Jishkariani, B. (2016). Offense Against the Person, Tbilisi: The World of Lawyers, 70-71; Gamkrelidze, O. (2002). Commentary on article 13 of the Criminal code of Georgia, in the book: Offence Against the Person, Tbilisi: Institute of State and Law of the Georgian Academy of Sciences, 75;
    12. Turava, M. (2011). The Doctrine of Crime, Tbilisi: Meridiani, 344; Gamkrelidze, O. (2002). Commentary on article 13 of the Criminal code of Georgia, in the book: Offence Against the Person, Tbilisi: Institute of State and Law of the Georgian Academy of Sciences, 76.
    13. Todua, N. (2019). Particular Part of Criminal Law, Book 1, Tbilisi: Meridiani: 92-93; Turava, M. (2011). The Doctrine of Crime, Tbilisi: Meridiani, 344.
    14. See: Leverick, F. (2006). killing In Self Defence, pp. 143-158; Fabricant, J.(1981). Homicide in Response to A Threat of Rape: A Theoretical Examination of the Rule of Justification, 11 Golden Gate U. L. Review, vol. 11/iss.3/7, pp. 945-980; Kadish, H. S. (1976). Respect for Life and Regard for Rights in the Criminal Law, California Law Review, vol.64/4, p. 888.
    15. For the analysis of the case, see: Legal analysis of Sabi Beriani case. (2017). Social Justice Center https://socialjustice.org.ge/ka/products/sabi-berianis-sakmis-samartlebrivi-shefaseba [Last seen: 20.09.2022]
    16. The Decision of the Great Chamber of the Supreme Court of Georgia 2k-424ap.-16, 30.12.2016.
    17. Gegelia, T. (2022). Criticism of the Judicial Decision due to the Limited Definition of Self-Defense 23/8 (3), 140-152.
    გამოქვეყნების საფასური
    მთავარი რედაქტორი
    გამოქვეყნების ენა

    dealSeal