შესავალი
ვალაუვალობის სამართალში, რეაბილიტაციის რეჟიმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხოლო დირექტორი აქ ერთ-ერთ ძირითად აქტორად გვევლინება. მოცემული სტატია საინტერესოა და სიახლეს წარმოადგენს იმ თვალსაზრისით, რომ მასში განხილულია, დირექტორის სამართლებრივი მდგომარეობა ვალაუვალობის დარგის ჭრილში. გარდა ამისა, არ არსებობს სათანადო და საკმარისი კვლევები მოცემულ თემასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ ნაშრომი სათანადო სტანდარტის ყოფილიყო, მასში გამოყენებულია ისეთი კვლევის სახეები, როგორებიცაა: ისტორიული კვლევის, შედარებითი, ნარატიული, აღწერილობითი მეთოდები და სხვ.
საკვლევი თემის მიზანია ვალაუვალობის დარგში დირექტორის მიმართ დადგენილი საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლა.
კვლევის საგანია ვალაუვალობის ქართული კანონმდებლობის მოქმედი და წინამორბედი, მეწარმეთა შესახებ არსებული და ძველი რედაქციების კანონების შესწავლა, რომელთა ჭრილში ექცევა დირექტორის ინსტიტუტი.
კვლევის ობიექტია დირექტორის უფლება-მოვალეობების შესწავლა ქართული და უცხო ქვეყნის შედარებითი ანალიზის საფუძველზე.
ვალაუვალობის დარგი დღითი დღე აქტუალური ხდება. ხოლო, გაკოტრების რეჟიმთან შედარებით, რეაბილიტაციის რეჟიმი, რომელთა დაწყების საფუძვლები კანონითაა დადგენილი. კერძოდ, რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების საფუძვლად მოვალის გადახდისუუნარობა/მოსალოდნელი გადახდისუუნარობა მიიჩნევა. კანონის თანახმად, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. რაც შეეხება მოსალოდნელ გადახდისუუნარობას, მასთან დაკავშირებით პირდაპირ დადგენილი განმარტება არ არსებობს. მასში არ იგულისხმება კონკრეტული შემთხვევა ვალდებულების შეუსრულებლობისა. აქ ივარაუდება მომავალში მოსალოდნელი ფაქტი, რომელიც შესაძლოა იქცეს ან არ იქცეს რეალობად. გადახდისუუნარობის პროგნოზი არ ეხება დროის რომელიმე მყარად განსაზღვრულ მონაკვეთს, არამედ „უახლოეს მომავალს“, რა დროშიც დირექტორს შეუძლია მომავალი განვითარების განჭვრეტა, ხოლო განჭვრეტისათვის აუცილებელია სათანადო, გონივრული გადაწყვეტილების მიღება. ლიტერატურაში მიიჩნევა, რომ თუკი საზოგადოებას სათანადო ზომის მიღებით გადახდისუუნარობის თავიდან აცილება ძალუძს, იმთავითვე იგულისხმება, რომ მას გადახდისუუნარობა არ ემუქრება.
„მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, ერთგვაროვანი განმარტების არარსებობის პირობებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი კატეგორიაა და მისაღებია გადაწყვეტილება, რა ეტაპიდან არის შესაძლებელი საწარმოს მიჩნევა „მოსალოდნელ გადახდისუუნარობაში“ მყოფ სუბიექტად“. საწარმოს მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე ყოფნა, უპირველეს ყოვლისა, შემჩნეულ უნდა იქნას დირექტორის მიერ, რომელსაც, მეწარმეთა შესახებ კანონით, იმპერატიული ვალდებულება გააჩნია, განაცხადოს სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე ყოფნაზე. იმისათვის, რომ დირექტორმა დაუყოვნებლივ შეამჩნიოს საწარმოს მოსალოდნელი ფინანსური პრობლემა, მენეჯერიალიზმის პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს და ყოველდღიურად სამეწარმეო საზოგადოების და ბუღალტრული ბალანსისა (Balance-Sheet Test) და ფულადი სახსრების მოძრაობის ტესტი (CashFlaw Test) განახორციელოს.
დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის მიხედვით, დირექტორები არიან კომპანიის ყოველდღიურ მართვაზე პასუხისმგებელნი და მიიჩნევა, რომ როდესაც კომპანიას აქვს ფინანსური სირთულე და არსებობს გადახდისუუნარობის რისკი, ისინი ვალდებულნი არიან კრედიტორების წინაშე მინიმუმამდე დაიყვანონ ზარალი. რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების იმავე საფუძველს ითვალისწინებს დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა, რასაც საქართველოში მოქმედი ვალაუვალობის კანონი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გადახდისუუნარობასთან/მოსალოდნელ გადახდისუუნარობასთან ერთად, აქ საჭიროა მოვალისა და კრედიტორის კომპრომისი ან შეთანხმება, რომლის მიზანი უნდა იყოს იმ ფინანსური სიძნელის აღმოფხვრა, აცილება ან შემსუბუქება, რომელსაც კომპანია გადააწყდა. ფაქტობრივად, ეს უკანასკნელი მსგავსია საგაკოტრებო მორიგებისა და მხარეთა შეთანხმების, რომლებიც გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ 1996 წლის კანონით რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების წინაპირობებს წარმოადგენდა.
დირექტორის მიერ განცხადების წარდგენა
ერთია დირექტორის მიერ გადახდისუუნარობის ფაქტის აღმოჩენა და მეორე – მასზე სათანადო რეაგირების მოხდენა, რაც სასამართლოში გადახდისუუნარობის განცხადების წარდგენაში გამოიხატება. მიიჩნევა, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არის მოვალის მიმართ პროცესის სასამართლოს ზედამხედველობის მეშვეობით და კანონით მკაცრად გაწერილი პროცედურების გავლით წარმართვის გზა.
შესაბამისად, განცხადების წარდგენა რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყებისათვის აუცილებელი ფორმალური წინაპირობაა, რომლის სავალდებულო რეკვიზიტები უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. მაგ.: სასამართლოს დასახელება, საკუთარი სტატუსი, მონაცემები, არგუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც დგინდება მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, დასაბუთება – რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის შესაძლებლობაზე, მოთხოვნა მოვალის მართვაში დატოვების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ და სხვ. საერთო მოთხოვნების არსებობა მნიშვნელოვანია, რათა განცხადებას სათანადო სახე მიეცეს, რადგანაც ვალაუვალობის დარგში არ გამოიყენება ისეთი ფორმა, როგორიც დადგენილია სარჩელის წარდგენისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. მოცემული საერთო მოთხოვნებიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს არგუმენტებისა და დასაბუთების სავალდებულოობა. მათ სავალდებულოდ მითითებას უამრავი დადებითი ასპექტი შეიძლება მოვუძებნოთ. მაგალითად, ის, რომ რეალური აუცილებლობა განაპირობებს სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვას და ამ უფლებით ბოროტად სარგებლობას არ ექნება ადგილი, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს როგორც მოვალის, ისე კრედიტორისა და სახელმწიფოსათვის ზიანი მიყენება. მაშინ, როდესაც აღმოჩნდება, რომ მოვალე თავიდანვე არ იყო გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, განმცხადებელს დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ზიანის მიყენებისა და უსაფუძვლოდ წარდგენილი განცხადებისათვის. კარგია, როცა კანონი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, მაგრამ შეფასების კრიტერიუმები და სტანდარტი მასში არ არის განსაზღვრული. მიყენებული ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მოსამართლე, რაც მის ინდივიდუალურ შეხედულებაზეა დამოკიდებული.
განცხადებაზე სავალდებულო მითითებების გარდა, დირექტორმა უნდა გაითვალისწინოს კანონით განსაზღვრული, განცხადებაზე დამატებითი დოკუმენტების დართვა, თუკი მისთვის ცნობილია. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია; ინფორმაცია მოვალის ქონებაზე, რომელიც დატვირთულია უზრუნველყოფის ღონისძიებით, შესაბამისად უზრუნველყოფილი კრედიტორის ვინაობა; მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია; მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ასევე, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. პირისთვის, რომელიც მოვალე საზოგადოების ხელმძღვანელობას ეწევა, მოცემული ინფორმაცია მიუწვდომელი არ არის. შესაბამისად, დამატებითი დოკუმენტების სასამართლოსთვის წარდგენა დირექტორისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. განცხადებაზე დამატებითი დოკუმენტების დართვა, რა თქმა უნდა, დადებითად შეიძლება შეფასდეს. რადგანაც, სასამართლოს შეცდომაში შეყვანას მაქსიმალურად გამორიცხავს და ნაკლები რისკი იქნება, რომ დირექტორს პასუხისმგებლობა დაეკისროს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
დირექტორის პასუხისმგებლობა
მეწარმეთა შესახებ 1994 წლის კანონი განცხადების წარდგენისათვის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს 3 კვირიან ვადას აძლევდა, ხოლო შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, აღნიშნულ ვალდებულებას 2007 წელს მიღებულ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კანონის არსებობამდე განსაზღვრავდა სამეწარმეო სამართალი. მას შემდეგ, რაც მეწარმეთა შესახებ 2021 წლისა და ვალაუვალობის მოქმედი კანონი იქნა მიღებული, საკითხის მომწესრიგებელი ნორმა შინაარსობრივად იგივე აზრის მატარებელი დარჩა იმ განსხვავებით, რომ მეწარმეთა შესახებ კანონიდან პასუხისმგებლობის საკითხის განმსაზღვრელი იმპერატიურად დადგენილი ნორმა ამოღებულია. ხოლო რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ საქმეში განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე – მომსახურების გამწევი ვალდებულია, გასწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე – გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. სწორედ, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაადგინოს გადახდისუუნარობა/ მოსალოდნელი გადახდისუუნარობა და კანონით დადგენილი 3 კვირის ვადაში განაცხადოს მის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დირექტორზე გავრცელდება კანონით დადგენილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საკითხს ანალოგიურად აწესრიგებს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის 51-ე მუხლი. კერძოდ, ხელმძღვანელი ვალდებულია განაცხადოს გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შესახებ იგივე 3 კვირის ვადაში. საკითხის ქართული სამართლებრივი რეგულირება, გერმანიის ვალაუვალობის სამართლით გათვალისწინებული ნორმების ანალოგიურია. ეს ერთ-ერთი მაგალითია ქართულ-გერმანული სამართლის მჭიდრო კავშირისა, რომელიც ვალაუვალობის დარგის ჩამოყალიბების დღიდან ნათელი იყო და შემდგომში უფრო გაღრმავდა. გერმანიის კანონის – „გერმანიის ინზოლვენციის დებულების“ თანახმად, გადახდისუუნარობის დადგენისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 კვირისა, საწარმოს მართვსა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა წარადგინოს განცხადება. განცხადების წარდგენის უგულებელყოფა ან დაგვიანებით წარდგენა იწვევს მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სისხლის სამართლის ან/და ფინანსურ პასუხისმგებლობას.
საკითხის სამართლებრივ რეგულირებაში, ავსტრიული ვალაუვალობის კანონი ძალიან ჰგავს გერმანულ კანონმდებლობას. COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ ავსტრიაში დირექტორის ვალდებულებებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის გამო. ფინანსური კრიზისის დადგომისას, მმართველი დირექტორების ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს, რომ მათ გულდასმით შეაფასონ პოტენციური გამოსასწორებელი საკითხები, რესტრუქტურიზაციისათვის შესაბამისი ზომები მიიღონ და გაითვალისწინონ გადახდისუუნარობის განაცხადების წარდგენის ვადა. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დავები დირექტორის წინააღმდეგ პანდემიის პერიოდში გაიზარდა. შესაბამისად, თუ დირექტორი არ შეასრულებს ვალდებულებას და არ დაიცავს კანონით გათვალისწინებულ ვადას, მას გაუჭირდება პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. ქართული და გერმანული კანონებისაგან განსხვავებით, ავსტრიაში განცხადების წარდგენისათვის 60-დღიანი ვადაა დაწესებული, რომლის ხანგრძლივობაც, პანდემიის დროს, 160 დღემდე გაიზარდა.
დირექტორის პასუხის მგებლობისგან გათავისუფლება
მეწარმეთა შესახებ კანონით, ხელმძღვანელზე დადგენილი ზრუნვის მოვალეობა, რომელიც მას გააჩნია კომპანიის მიმართ, რათა მომგებიანობა გაიზარდოს, უნდა გამომდინარეობდეს „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან (ეს ინსტიტუტი ჩვენთვის ცნობილი 1829 წლიდან ხდება, ლუიზიანას შტატის უზენაესი სასამართლოს საშუალებით. შესაბამისად მიიჩნევა, რომ იგი განვითარებულია სასამართლოს მიერ. აშშ-ი:ს პრეცედენტული სამართლის მიერ შექმნილი აღნიშნული ინსტიტუტი, მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში იქნა ინკორპორირებული.). თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.
ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს. კერძოდ, მეწარმეთა შესახებ 2021 წლის კანონის თანახმად, ხელმძღვანელი არ აანაზღაურებს ზიანს, თუ იგი გადაწყვეტილებას საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად და ინტერესთა კონფლიქტის ან სხვათა ზეგავლენის გარეშე იღებდა. პასუხისმგებლობის იმავე საფუძვლებს ადგენდა მეწარმეთა შესახებ 1994 წლის კანონი. შესაბამისად, საკითხის ირგვლივ არსებობს საქართველოს სასამართლოების მყარი პოზიცია. მაგალითად, სასამართლო ანალოგიური საკითხზე საქმეების განხილვის დროს იყენებს Business Judgement Rule-ს, რათა დაადგინოს დარღვეულ იქნა თუ არა დირექტორთა მხრიდან ზრუნვის ვალდებულება. Business Judgement Rule-ის თანახმად, თუკი დირექტორი მოქმედებდა კეთილსინდისიერად, როგორც ჩვეულებრივ გონიერი ადამიანი იმოქმედებდა მის ადგილზე, იგი არ შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობის ქვეშ მხოლოდ იმ არასასურველი შედეგის გამო, რაც გადაწყვეტილებას მოჰყვა. იმის დასადგენად, მოქმედებდა თუ არა დირექტორი აღნიშნული ვალდებულების შესაბამისად, სუბიექტური და ობიექტური ტესტის გავლაა საჭირო. შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მისი ქმედება განხილულ იქნეს იმის მიხედვით, თუ როგორ იმოქმედებდა მის ადგილზე მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე, გონიერი ადამიანი. დირექტორის პასუხისმგებლობა შესაძლოა დადგეს, თუკი დადგინდება, რომ მიღებულ იქნა დაუფიქრებელი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება, ან თუკი გაირკვევა, რომ არაფერი იქნა გაკეთებული შესაძლო დანაკარგის თავიდან ასაცილებლად. იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა არ დადგეს, დირექტორის ნებისმიერი გადაწყვეტილება, პირველყოვლისა, მიმართული უნდა იყოს საზოგადოების ქონების გაბევრებისა და მისი შემოსავლების გაზრდისკენ. 1994 წლის მეწარმეთა შესახებ კანონისა და სასამართლოს პრაქტიკა დირექტორის პასუხისმგებლობის საფუძვლებთან დაკავშირებით მეწარმეთა შესახებ ახალ კანონში გაერთიანდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა.
დირექტორი რეაბილიტაციის რეჟიმში
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონი, დირექტორის უფლებამოსილებებებთან მიმართებაში მინიმალურ დათქმას აკეთებდა, ხოლო ახალი, რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი, შედარებით ვრცელ ჩარჩოს ადგენს. კერძოდ, მასში განსაზღვრულია დირექტორის უფლებამოსილების შეჩერება, მისი ვალდებულება და გაწეული შრომის ანაზღაურების რაოდენობა. კანონის 72-ე მუხლი, რომელიც დირექტორის უფლებამოსილებების შეწყვეტას ეხება, განსაზღვრავს, რომ მას შემდეგ რაც, რეაბილიტაციის მმართველი დაინიშნება, დირექტორს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რაც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას გულისხმობს. ასევე, თუ რეაბილიტაციის მმართველი მიიღებს გადაწყვეტილებას დირექტორმა მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის პროცესის განხორციელებაში, იგი ვალდებული იქნება რეაბილიტაციის რეჟიმში დარჩეს. ამისათვის დირექტორი მიიღებს იმ გონივრულ ანაზღაურებას, რომლის რაოდენობასაც რეაბილიტაციის მმართველი განსაზღვრავს. დირექტორის საქმიანობის გაგრძელება გულისხმობს რეაბილიტაციის მმართველთან თანამშრომლობას, რეაბილიტაციის გეგმის შედგენასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას.
კანონი ითვალისწინებს გარემოებას, როდესაც დირექტორის უფლებამოსილება რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნით არ ჩერდება და არც მისი გადაწყვეტილებით რჩება პროცესში. ეს გამონაკლისი განსაზღვრულია 99-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ანუ დირექტორი, ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და სასამართლოს მიერ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყებამდე წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო უკვე წარდგენილში, თუკი შეცდომა აღმოჩენდება, შეუძლია შეცვალოს ან/ და დაამატოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, თუ დირექტორი არ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი და მიუხედავად ასეთი შემთხვევის დადგომისა, იგი არ გათავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
როგორც აღინიშნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონით, დირექტორის უფლებამოსილება მინიმალური იყო.ის მხოლოდ მითითებას აკეთებდა იმაზე რომ, „რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მმართველსა და საწარმოს დირექტორის უფლება-მოსილებათა წრეს განსაზღვრავს კრედითორთა კრება“. აქედან გამომდინარე, ირკვევა, რომ დირექტორი რეაბილიტაციის პროცესში იმდენად მიიღებდა მონაწილეობას, რამდენადაც კრედიტორთა კრება გადაწყვეტდა და მოინდომებდა პროცესში მის ჩართულობას.
როგორც ვხედავთ, ახალი კანონის შექმნისას, კანონმდებლებს დირექტორის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებზე ნაყოფიერი შრომა გაუწევიათ. ცვლილებები, რომლებიც დირექტორს ეხება, ვფიქრობ, დადებითად აისახება რეაბილიტაციის რეჟიმზე. ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დირექტორს აქვს დაგროვებული მისი მმართველობისა და წარმომადგენლობისას, დადებითი იქნება როგორც მოვალის, ასევე რეაბილიტაციის პროცესი განხორციელებისთვის. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კანონი არ განსაზღვრავს დირექტორის სტატუსს, რეაბილიტაციის პროცესში დარჩენისა და მის მიერ საქმიანობის გაგრძელებისას. როგორც ვხედავთ, დირექტორის საქმიანობა რეჟიმში რჩევით არ შემოიფარგლება. შესაბამისად, მრჩეველს ვერ ვუწოდებთ, რადგანაც იგი რეაბილიტაციის გეგმის შედგენიდან მის განხორციელებამდე პროცესშია ჩართული. დირექტორი, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში დარჩება, რა სახელის მატარებლად მოგვევლინება? კითხვას აჩენს სწორედ ის ფაქტი, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყებისა და დირექტორის პროცესში დარჩენა, დირექტორს იმ უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობას ართმევს, რასაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი გულისხმობს. ასევე, საინტერესოა, რა ტიპის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება მასთან რეაბილიტაციის პროცესში. ეს იქნება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ე.წ. სასამსახურო ხელშეკრულება თუ შრომით-სამართლებრივი? თუკი დირექტორი რეაბილიტაციის რეჟიმში იმავე სტატუსით დარჩება, რასაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი გულისხმობს, მასთან ვერ დაიდება შრომით-სამართლებრივი ხელშეკრულება რადგანაც მასთან ურთიერთობას მაღალი ხარისხისა და დონისას უწოდებენ.
შპს-ის დირექტორთან დადებულ ხელშეკრულებას რომ „შრომითი ხელშეკრულება“ წოდებოდა, ამის წინააღმდეგი იყო სამართლის დოქტორი როინ მიგრიაული. მას მიაჩნია, რომ უფრო მართებული იქნებოდა, თუ დირექტორთან დადებულ ხელშეკრულებას „სასამსახურო ხელშეკრულება ერქმეოდა“, ან გერმანული სამართლის შესაბამისად, როგორც ის გვთავაზობდა – „საზოგადოების მართვის ხელშეკრულება“. მართალია „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ეს საკითხი ღია აღარაა ახალი რედაქციის შესაბამისად, თუმცა რეაბილიტაციის რეჟიმში მისი სტატუსის დაუდგენლობა, იმედია, რეჟიმზე უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებს და შეივსება საკანონმდებლო ხარვეზი ან/და სათანადო პრაქტიკას დაადგენს სასამართლო.
დირექტორი სამეწარმეო საზოგადოების მართვის აუცილებელი ორგანოა, რომლის მნიშვნელობაც საზოგადოების საქმიანობის სწორად წარმართვაში გადამწყვეტია, რასაც ცხადყოფს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონით დადგენილი ნორმები. სწორედ, დირექტორის ინსტიტუტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ვალაუვალობის დარგში მის გარშემო არსებული ყველა საკითხი სათანადოდ მოწესრიგებული უნდა იყოს.
სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა
მას შემდეგ რაც, 2021 წელს ძალაში შევიდა რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი, გადახდისუუნარობის არაერთი განცხადება შევიდა
სასამართლოში, საიდანაც რეაბილიტაციის რეჟიმის მოთხოვნა 2-ჯერ გაიზარდა.
ერთ-ერთ საქმეში, სადაც მოვალის მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი, მოვალე რეჟიმში დირექტორის წარმომადგენლობით დარჩა, ანუ მართვაში იმყოფება მოვალე. ვალაუვალობის სამართალთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა სისტემა, რომელთა მიხედვითაც ქვეყნების ვალაუვალობის სამართლის სისტემები იმისდა მიხედვით ფასდებიან, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი საერთაშორისო სტანდარტებს. 2020 წლის კანონი სწორედ საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა, როდესაც მოვალის მართვაში დარჩენა შემოიღო და მისი როლი გაააქტიურა მართვაში შესაბამისი ჩაბმით. მსგავს მოწესრიგებას გვთავაზობს, ასევე, ევროდირექტივა. მოვალის მართვაში დარჩენა ახალი ინსტიტუტია ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში. ვალაუვალობის სამართლის დარგის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და 2007 წლის კანონის ცვლილებაზე საუბარს არაერთი ლექცია და სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა, რათა სამართლიანად დარეგულირებულიყო როგორც მოვალის გაკოტრების, ისე მისი საწარმოების გადარჩენის, ანუ რეაბილიტაციის საკითხები. აღნიშული მოვალის საქმიანობას წარმოადგენდა ავტოდრომით სარგებლობა და ღონისძიებების ორგანიზება. მოცემულ შემთხვევაში, მოვალეს გააჩნდა კრედიტორული მოთხოვნა 798 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დადასტურებული იყო უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებით და რომლის აღსრულების მიზნითაც განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები. აღსრულების ღონისძიებებმა მოვალის სამართლებრივ-ეკონომიკური მდგომარეობა უფრო დაამძიმა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მიმდინარე საგადასახადო და სასესხო
ვალდებულებების შესრულება. ყადაღის ღონისძიების ფარგლებში, საწარმოს შემოსავლები მთლიანად მიემართებოდა პირველი კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილებისკენ, ეს კი, სხვა ვადამოსული და მოსალოდნელი ვალდებულებების დარღვევას იწვევდა. ვინაიდან საწარმოს მიმდინარე შემოსავლებით შეუძლებელი იყო ყველა კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოვალემ მოითხოვა რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა განჩინება განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე.
პანდემიის პერიოდში ერთ-ერთმა მოვალემ სასამართლოს რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით მიმართა. მისი საქმიანობის ძირითადი საგანი ღვინის, სპირტის, ბადაგის, წვენების, ხილის ღვინოების წარმოება, ბოთლებში ჩამოსხმა, რეალიზაცია და მსგავსი სხვა საქმეები იყო. გარდა ამისა, მოვალე ახორციელებდა კანონით ნებადართულ სხვა საქმიანობასაც, ფართების გაქირავება და ა.შ. როგორც განცხადებიდან ირკვევა, მოვალე ვერ ასრულებდა ვადამოსულ ვალდებულებებს, რომლებსაც განეკუთვნება როგორც საკრედიტო, სახელფასო, ასევე, საგადასახადო ვალდებულებები. განმცხადებელი გადახდისუუნარობის დამადასტურებელ გარემოებებად უთითებს ლიკვიდურობის დეფიციტზე და ქონების რეალიზაციის პროცესის დაწყებას. ლიკვიდურობის დეფიციტის არსებობის დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მოვალე უთითებს ფინანსთა სამინისტროს მიმართ არსებული დავალიანების გამო კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში დაწყებულ სააღსრულებო წარმოების საქმეებს და სხვა სასესხო დავალიანებებს. როგორც მოვალე აღნიშნავს, მისი მთლიანი ვადამოსული ვალდებულებები 1 403 291.04 ლარს შეადგენს, რაც მისი მთლიანი აქტივების 51.28%-ია. განმცხადებლის მითითებით, იგი მომდევნო 30 დღის განმავლობაში ვერ ფარავდა მითითებულ ვადამოსულ ვალდებულებებს. განმცხადებელი უთითებდა უზრუნველყოფილ კრედიტორებზე, დებიტორული მოთხოვნებზე, მიმდინარე სასამართლო დავებზე და რეაბილიტაციის მიღწევის გონივრული ალბათობის შესახებ, ხოლო რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, მართვაში დირექტორის დატოვებაზე. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა მიუთითა ინფორმაცია და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები მოვალის ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებზე. ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით განმცხადებლის განმარტებით, მის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით და სხვადასხვა სახის მოძრავი ქონება. რაც შეეხება დებეტორულ დავალიანებებს, მოვალეს ჰყავს 4 დებიტორი, რომელთა მიმართ მოთხოვნების ოდენობა ჯამში შეადგენს 284 285,5 ლარს. რაც შეეხება ფინანსური მდგომარეობის ვალდებულებებს, მოვალეს ჰყავს კრედიტორები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სხვა კრედიტორების სახით, რომელთა წინაშე არსებული ვალდებულებები საერთო ჯამში შეადგენს 1 403 291.04 ლარს; რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრულ ალბათობასთან დაკავშირებით განმცხადებელი უთითებს, რომ მოვალეს გაფორმებული აქვს სავაჭრო ხელშეკრულება ყაზახეთის ერთ-ერთ ფირმასთან მოვალისათვის 7 500 000 აშშ დოლარის ღირებულების 3 500 000 ერთეული ბოთლი ღვინის შეკვეთასთან დაკავშირებით; მოვალე ასევე უთითებდა სხვა სახის საქმიანობებზე, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. ასევე საკუთრებაში არსებულ 5 000 ტონის ტევადობის ჭურჭელზე და ყურძნის გადამამუშავებელ 7 ხაზზე, სასაწყობე ფართზე, რომელიც იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად შემოსავლის სახით იღებს 3 000 ლარს. საერთო ჯამში მოვალის საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა წელიწადში შესაძლოა შეადგინოს 1 335 853 ლარი, ეს კი, მოვალეს მისცემს შესაძლებლობას, დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მთლიანად დაფაროს არსებული ფინანსური ვალდებულებები და ამავდროულად, შეძლოს განვითარება. მოვალის აქტივებისა და ვალდებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მოვალის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მის მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი.
2019-2020 წელს გავრცელებულმა კორონავირუსის პანდემიამ უდიდესი ზეგავლენა იქონია მსოფლიოს მასშტაბით ყველა სფეროზე. შესაბამისად, ვირუსმა თავისი კვალი ბიზნესის ყველა სფეროს დაატყო, განსაკუთრებით კი, კვების ობიექტებს, რომელთა გადახდისუუნარობის შედეგმა არ დააყოვნა. მაგალითად, ერთ-ერთმა მოვალე კომპანიამ, რომელმაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა რეაბილიტაციის რეჟიმით და რომელიც საქმიანობდა მომსახურების სფეროში, კერძოდ, სარესტორნე ბიზნესში, პანდემიის მიზეზით დაიწყო გადახდისუუნარობის პროცესი. გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ კომპანიას არ გააჩნდა ლიკვიდური აქტივები, ვადამოსული ვალდებულებების შესასრულებლად, გახდა გადახდისუუნარო – რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძვლით. მოვალის მიერ განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა რეაბილიტაციის გეგმის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრას და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ეფექტურ გზებს. გეგმის თანახმად, კომპანიას გააჩნდა შესაბამისი რესურსი და პოტენციალი, რათა წარმატებით გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა პანდემიის დასრულების შემდეგ. მოვალის წარდგენილი განცხადება სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა, რაზეც მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება რეაბილიტაციის რეჟიმით.
დასკვნა
ყოველივეს გათვალისწინებით, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი: ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაადგინოს გადახდისუუნარობა/
მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. მისი მოქმედება კანონისა და ბიზნესის ინტერესების ფარგლებში უნდა ექცეოდეს და მას არ უნდა სცდებოდეს, ხოლო მის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს მტკიცებულებების, მოქმედებისა თუ უმოქმედობის გაანალიზების საფუძველზე. გარდა ამისა, არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მოვალის გადახდისუუნარობა/მოსალოდნელი გადახდისუუნარობა ყოველთვის გამომდინარეობს მეწარმე სუბიექტის ქმედებიდან ან/და უმოქმედობიდან. როგორც პრაქტიკულმა მაგალითებმა ცხადყო, მოვალის გადახდისუუნარობა/მოსალოდნელი გადახდისუუნარობა საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, კრიზის გარდა, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორმა, ფორსმაჟორმა ან ისეთმა გარემოებამ, როგორიც 2019-2020 წელს გავრცელებული კორონავირუსის პანდემია იყო.
როგორც კანონის ანალიზმა გვიჩვენა, გარკვეულ შემთხვევებში აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რათა დირექტორის მიმართ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ბუნდოვანება გაქარწყლდეს.
კვლევის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ აუცილებელია კანონმდებლის მიერ განიმარტოს მოსალოდნელი გადახდისუუნარობა და დადგინდეს, თუ რა ეტაპიდან არის შესაძლებელი საწარმოს მიჩნევა „მოსალოდნელ გადახდისუუნარობაში“ მყოფ სუბიექტად.
ასევე, კანონი უნდა ადგენდეს არასწორად წარდგენილ განცხადებაზე პასუხისმგებლობის ფარგლებს. უნდა განისაზღვროს შეფასების კრიტერიუმები და სტანდარტი. მოქმედი კანონის თანახმად, მიყენებული ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მოსამართლე, რაც მის ინდივიდუალურ შეხედულებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ეს ყოველთვის დავის საგანი იქნება მხარეთა შორის, რაც დამატებით დავასა და ხანგრძლივ პროცესებს წარმოშობს.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონი არ განსაზღვრავს დირექტორის სტატუსს რეაბილიტაციის პროცესში დარჩენისა და მის მიერ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში. შესაბამისად, მართებული იქნება, თუ განისაზღვრება რეაბილიტაციის რეჟიმში მისი სტატუსი და საკითხი ბუნდოვნად არ დარჩება ჩვეულებრივ, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, დირექტორის უფლება-მოვალეობები განიხილება სამეწარმეო სამართლის ფარგლებში, თუმცა იგი არანაკლებ აქტიურობით გამოირჩევა ვალაუვალობის დარგში, კერძოდ, რეაბილიტაციის რეჟიმში, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიზნეს სუბიექტებზე. რეაბილიტაციის რეჟიმისა და მასში დირექტორის ინსტიტუტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ კანონი სათანადოდ უნდა მოწესრიგდეს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ბიბლიოგრაფია:
გამოყენებული ლიტერატურა:
- ბაქაქური ნ., გელტერი მ., ცერცვაძე ლ., ჯუღელი გ., (2019). საკორპორაციო სამართალი სახელმძღვანელო იურისტებისათვის.
- ლაზარიშვილი. ლ., (2009). ოფიციალური კონტრაქტი კომპანიის დირექტორთან, თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, თბილისი, გამომცემლობა: მერიდიანი; თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი.
- მიგრიაული, რ., (2021). სამეწარმეო სამართლის მოკლე სახელმძღვანელო, თბილისი: შპს სეზანი.
- მიგრიაული, რ., (2016). ქართული კერძო სამართლის საკითხები, მეორე შევსებული გამოცემა.თბილისი.
- მიგრიაული, რ., (2003). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება, ჟურნალი: ნოტარიატი,სანოტარო და კერძო სამართლის მიმოხილვა N1.
- მესხიშვილი ქ., ბათლიძე გ., ამისულაშვილი ნ., ჯორბენაძე ს., (2021). გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, გამომცემლობა: GIZ, თბილისი.
- მახარობლიშვილი, გ., (2015). კორპორაციათა მართვის ზოგადი ანალიზი, (შედარებით-სამართლებრივი კვლევა) თბილისი, გამომცემლობა: იურისტების სამყარო.
- შნიტგერი, ჰ. მიგრიაული, რ., (2011). გადახდისუუნარობის შესახებ კანონი. დახასიათება და შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან, თბილისი, გამომცემლობა: სიესტა.
- ჯუღელი, გ., (2010). კაპიტალის დაცვა სააქციო საზოგადოებაში, თბილისი.
- ჭანტურია, ლ. ნინიძე, თ., (2002). მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მე-3 გამოცემა.
- Braun B., (2010). (Hrsg.) InsO Kommentar, 4. Aufl. § 18, Rn.
- Brawn M., German Insolvency Law – an overview.
- Exposure of Managing Directors of Austrian Corporate Entities in Times of COVID-19, February 2, 2022.
- Fisch., (2000). The Peculiar Role of the Delaware Courts in the Competition for Corporate Charters, University of Cincinnati Law Review.
- Martinez G., (2017). Re-Examining the Law and Economics of the Business Judgment Rule: Notes for its Implementation in Non-US jurisdictions, Working Paper Series
- Millaudon v P., (2019). 8 Mart. (n. s.) 68, 77-78 (La. Supreme Court, 1829); Criddle, Miller & Sitkoff, the Oxford handbook of fiduciary law.
- Shalchi A., (2022). Directors' responsibilities during insolvency, House of Commons Library, 11 February.
- Shalchi A., (2021). Corporate Insolvency and Governance Act 2020, House of Commons Library, 5 October.
ნორმატიული მასალა:
- გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონი. http://matsne.gov.ge/document/view/23572?publication=31 [ბოლო წვდომა: 24 ნოემბერი, 2022].
- განმარტებითი ბარათი, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე. http://info.parliament.ge/file/1/ BillReviewContent/245931[ბოლო წვდომა: 24 ნოემბერი, 2022].
- მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი. http://matsne.gov.ge/document/view/5230186?publication=0 [ბოლო წვდომა: 24 ნოემბერი, 2022].
- რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი. http://matsne.gov.ge/document/ view/4993950?publication=0 [ბოლო წვდომა: 24 ნოემბერი, 2022].
- Austrian Insolvency Code http://www.rautner. com/wp-content/uploads/2016/05/3645187_ Austrian_Insolvency-Code_ENG.pdf [ბოლო წვდომა: 24 ნოემბერი, 2022].
- DIRECTIVE (EU) 2019/1023 OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 20 June 2019.
სასამართლო პრაქტიკა:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მაისი გადაწყვეტილება. საქმე №ას1307-1245-2014. http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/+news-mnishvnelovaniganmarteba78-(1).pdf [ბოლო წვდომა: 24 ნოემბერი, 2022].
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინება. საქმე №ას-1077-2018 http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx [ბოლო წვდომა: 24 ნოემბერი, 2022].
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინება, საქმე №2/25704-15.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება, საქმე N2/32145-21. http://matsne.gov.ge/document/view/5352736?publication=0 [ბოლო წვდომა: 24 ნოემბერი, 2022].
- თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, საქმე N2/5373-22 http://matsne.gov.ge/document/view/5410220?publication=0 [ბოლო წვდომა: 24 ნოემბერი, 2022].
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განჩინება, საქმეზე N2/8629-21. http://matsne.gov.ge/ka/document/download/5158898/0/ge/pdf [ბოლო წვდომა: 24 ნოემბერი, 2022].
სქოლიო:
- Rehabilitation and of creditors collective satisfaction about Law, Article 6.1.
- Rehabilitation and of creditors collective satisfaction about Law, Article 7.1.
- Braun B., (2010). (Hrsg.), InsO Kommentar, 4. Aufl. § 18, Rn. 7-8.
- Jugeli G., (2010). Capital Protection Shareholder In the community, Tbilisi. p.271
- Meskhishvili K., Batlidze g., Amisulashvili N., Jorbenadze S., (2021). Insolvency case production Basics of rehabilitation and of creditors collective satisfaction About Georgia _ of the law According to, publishing house: GIZ, Tbilisi. p. 29. http://lawlibrary.info/ge/books/ GIZ_Insolvency-reader_2021.pdf
- The Law of Georgia on Entrepreneurs, Article 51.
- Makharoblishvili G., (2015). Corporations management general Analysis, (comparatively – legal research) Tbilisi, Publishing house: Lawyers the world p.92.
- Bakakuri N., Gelter M., Tsertsvadze L., Jugeli G., (2019). corporate law manual for lawyers. p.200.
- Shalchi A., (2022). Directors' responsibilities during insolvency, House of Commons Library. p.4
- Shalchi A., (2021). Corporate Insolvency and Governance Act 2020, House of Commons Library. p.21.
- Explanatory Rehabilitation card and of creditors collective satisfaction About Georgia _ of the law on the project. p.8.
- Rehabilitation and of creditors collective satisfaction about Law, Article 44.1.
- Rehabilitation and of creditors collective satisfaction about Law, article 18.1 and paragraph 2
- Rehabilitation and of creditors collective satisfaction about Law, Article 18.3
- Rehabilitation and of creditors collective satisfaction about Law, Article 44.2.
- The Law of Georgia on Entrepreneurs, Article 9.9. consolidated Version – 15.07.2020.
- Rehabilitation and of creditors collective satisfaction about Law, Article 16.1.
- Judgment of the Supreme Court of Georgia dated October 21, 2019. Case No. AS-1077-2018. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx [Last seen: November 22, 2022].
- Brawn M., German Insolvency Law – an overview. p.3. http://www.mayerbrown.com/-/media/files/perspectives-events/publications/2016/08/german-insolvency-law--an-overview/files/get-the-full-report/fileattachment/german_insolvency_oct_14_a4.pdf>
- Exposure of Managing Directors of Austrian Corporate Entities in Times of COVID-19, February 2, 2022. http://knoetzl.com/exposure-of-managing-directors-of/
- Austrian Insolvency Code, Section 69.2.http://www.rautner.com/wp-content/uploads/2016/05/3645187_Austrian_Insolvency-Code_ENG.pdf
- Millaudon V P., (2019). 8 Mart. (ns) 68, 77–78 (La. Supreme Court, 1829); Criddle, Miller & Sitkoff, the Oxford handbook of fiduciary law. p.877.
- Fisch, (2000). The Peculiar Role of the Delaware Courts in the Competition for Corporate Charters, University of Cincinnati Law Review. p.1063.
- Martinez G., (2017). Re-Examining the Law and Economics of the Business Judgment Rule: Notes for its Implementation in Non-US jurisdictions, Working Paper Series. p.5.
- Decision of the Supreme Court of Georgia of May 6, 2015. Case No. AS-1307-1245-2014. http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/+news-mnishvnelovani-ganmarteba78-(1).pdf[Last seen: November 23, 2022].
- The Law of Georgia on Entrepreneurs 2021. 51.1.
- Judgment of Tbilisi City Court of January 17, 2018, case No. 2/25704-15.
- Migriauli R., (2021). Entrepreneurial of law short Textbook, Tbilisi, publishing house: Sezani. p.111-113
- Law on Insolvency Proceedings, Article, 44.4.
- Chanturia L., Ninidze T., (2002). Commentary on the Law on Entrepreneurs, 3rd edition. p.303.
- Migriauli R., (2003). Origin and termination of the legal relationship between the limited liability company and the director, Journal: Notariat, Notarial and Private Law Review N1. p. 36.
- Lazarishvili L., (2009). official contract of the company with the director Modern corporate of law theoretical and practical Issues, Tbilisi, publishing house: Meridiani; Tinatin Tsereteli State and Law Institute. p.309.
- Schnitgeri H., Migriauli R., (2011) Insolvency Law, Characterization and Comparison with Georgian Bankruptcy Law and International Standards, Tbilisi. p.12.
- See_DIRECTIVE (EU) 2019/1023 OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 20 June 2019. CHAPTER 2, Article 5.1. http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A32019L1023&qid=1649747230750
- Migriauli R., (2016) Issues of Georgian private law, second edition, Tbilisi. p.145
- Judgment of Tbilisi City Court of December 20, 2021, case N2/32145-21. http://matsne.gov.ge/document/view/5352736?publication=0 [Last seen: November 24, 2022].
- Judgment of Tbilisi City Court, case N2/5373-22. http://matsne.gov.ge/document/view/5410220?publication=0Last seen: November 24, 2022].
- Judgment of Tbilisi City Court of April 23, 2021, in case N2/8629-21.http://matsne.gov.ge/ka/document/download/5158898/0/ge/pdf> [Last seen: November 24, 2022].