×

Cookie Consent

ციფრული იდენტიფიკატორი
შემოკლება
გამოცემა

ამ სტატიაში

    რეზიუმე - Journal Law and World

    Volume 9, Issue 1


    მედიაციის მნიშვნელობა საერთაშორისო კერძოსამართლებრივი დავების გადაწყვეტის პროცესში

    Authors: Ana Gurieli

    Ana Gurieli

    სამართლის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ადვოკატი

    Email: ana.gurieli@ciu.edu.ge



    Affiliation: სამართლის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ადვოკატი

    Abstract: The normal functioning of the justice system existing in the state, which should ensure the satisfaction of the private interests of the sub- jects of law, should be evaluated as an expression of public and private interests. After all, the well-being of the subjects of law is significantly determined by the existence of a flexible dispute resolution system and mechanisms, the correct formation and implementation of which guarantees the stability of the civil turnover and the satisfaction of the interests of legal subjects. Despite the importance of the issue, ensuring that the legal subjects are offered fast and affordable forms of dis- puteresolution, remains to be a challenge. Achieving the mentioned goal becomes more difficult, when the dispute is loaded with international private law elements, is characterized by complexity in this way and its resolution is connected with a number of peculiarities. That is why, on the one hand, it is considered important to make changes in the law of Georgia “On Private International Law”, which will eliminate the risks of its misinterpretation. On the other hand, it is important to emphasize the role and importance of mediation in the process of resolving international private law disputes. Accordingly, following the legislative amendments, it is also considered important to raise public awareness in this direction and improve legal culture. The above-mentioned, significantly helps the formation of a chain of effective means of dispute resolution, where, on the other hand, an important place shall be given to the form of remote proceedings.

    Keywords: Mediation, Alternative dispute resolution, Legal proceedings


    Language: GE / EN

    Download





    შესავალი

    კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანებს შორის გარდაუვალია კონფლიქტების არსებობა. ამიტომაც, კანონმდებლობის არსებობის ერთ-ერთი მიზანია მათი განეიტრალება იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და სიმშვიდე. 1 შესაბამისად, სახელმწიფოს მასშტაბით მოქმედი მართლმსაჯულების განმახორციელებელი სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირება, როგორც საჯარო, აგრეთვე კერძო სამართლის სუბიექტთა ინტერესის საგნად უნდა შეფასდეს. საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად, რაც პირდაპირ და უშუალო კავშირშია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებასთან, სასამართლო სისტემის გადატვირთულობა ისტორიულად წარმოადგენდა აქტუალურ საკითხს და თანამედროვე ქართულ რეალობაშიც გამოწვევად რჩება. სასამართლო სისტემის ფარგლებში თითოეული დავის განხილვა უკავშირდება ხანგრძლივი ლოდინის პერიოდს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ვადების დარღვევის რისკებს.
    ამასთან აღიარებულია, რომ თანამედროვე მსოფლიოს ხალხების ცხოვრებისეულ ურთიერთობათა ინტერნაციონალიზაციამ განაპირობა სამართლის იმ დარგების სწრაფი განვითარება, რომლებიც მოწოდებულნი არიან ე.წ. „უცხო სამართლით დატვირთული“ სამართლებრივი ურთიერთობები მოაწესრიგონ. კერძო სამართალში უცხო ელემენტის მატარებელი ურთიერთობის რეგულირებისათვის დომინირებული როლი კი საერთაშორისო კერძო სამართალს უკავია. 2 საერთაშორისო კერძო სამართლის სინონიმად, რიგ შემთხვევაში გამოიყენება ტერმინი „კოლიზიური სამართალი: ან ტერმინი „სამართლის არჩევანი“. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კერძოსამართლებრივი დავის შემთხვევაში, უპირველესად მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილება, თუ რომელი სახელმწიფოს სამართალი უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტულ საქმესთან მიმართებით. 3 მსოფლიოში ხომ სამართლის სხვადასხვა სისტემები არსებობს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ურთიერთგანსხვავებულნი არიან. ხოლო სამართლის თითოეული სისტემა მოქმედებს კონკრეტულ ტერიტორიაზე. მაგალითად, ფრანგული სამართალი მოქმედებს საფრანგეთის ტერიტირიაზე და არა ინგლისის. ხოლო ინგლისური სამართალი მოქმედებს ინგლისში და არა საფრანგეთში. 4
    შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს უცხო ელემენტით დატვირთული დავასთან, რომელიც საერთაშორისო კერძო სამართალით რეგულირებულ სფეროს ექვემდებარება, მისი განხილვა კიდევ უფრო მეტად კომპლექსურ ხასიათს იძენს. სამართლის სუბიექტებს, უპირველესად, უწევთ შემდეგი საკითხის განსაზღვრა: თუ რომელი სახელმწიფოს სამართლის გამოყენებით უნდა დარეგულირდეს კონფლიქტი; და მხოლოდ ამის შემდგომ ფასდება საკითხი მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
    ამიტომ, საერთაშორისო კერძოსამართლებრივი დავების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სამართლის სუბიექტთათვის დავის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის საშუალების შეთავაზების მიზანი. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს დავის ალტერნატიული საშუალებების განვითარების გზით, რომელთა შორისაც, დომინირებულ ფორმას მედიაცია იკავებს. ამიტომ, მედიაციის საკანონმდებლო მოწესრიგების კვალდაკვალ, მისი მნიშვნელობის წარმოჩენა, საერთაშორისო კერძოსსამართლებრივი დავების გადაწყვეტის პროცესში, პრაქტიკის სრულფასოვანი განვითარებისათვის აუცილებლობად უნდა შეფასდეს.
    საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სტატიაში განხილულია მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის საშუალების, გამოყენების მნიშვნელობა საერთაშორისო კერძოსამართლებრივი დავების გადაწყვეტის პროცესში და არსებული გამოწვევები. ამასთან, იკვეთება საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის სრულყოფის აუცილებლობა, რამეთუ მიმდინარე დროისათვის თვალსაჩინოა ხარვეზული რეგულირების არსებობა, რაც პრაქტიკაში შესაძლებელია საფუძვლად დაედოს მის არასწორ ინტერპრეტირებას.
    ნაშრომის მეთოდოლოგიურ საფუძვლად გამოყენებულია როგორც ზოგადმეცნიერული – ისტორიული, აგრეთვე, სპეციალური – ნორმატიული და შედარებითსამართლებრივი კვლევის მეთოდები.

    საერთაშორისო კერძო სამართლებრივი დავების მახასიათებლები

    აღიარებულია, რომ საერთაშორისო კერძო სამართალი, როგორც სამართლის დარგი, მისი სახელწოდების მიუხედავად, წარმოადგენს სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობის ნაწილს. 5 ის პასუხს სცემს კითხვაზე, თუ რომელი სახელმწიფოს სამართალი უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტული სამართალურთიერთობის მოწესრიგების მიზნებისათვის. აღიარებული მიდგომით, იმისათვის რათა სახეზე იყოს საერთაშორისო კერძოსამართლებრივი ურთიერთობა, საჭიროა არსებობდეს „უცხო ელემენტის“ შემცველი კერძოსამართლებრივი ურთიერთობა. ამგვარი ურთიერთობა კი შესაძლებელია არსებობდეს შემდეგ შემთხვევებში:
    1. თუკი სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი არის უცხო ელემენტის მატარებელი;
    2. სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი არის უცხო ელემენტის მატარებელი;
    3. იურიდიული ფაქტები, რომელთა დადასტურებაც უნდა მოხდეს, არის უცხო ელემენტის მატარებელი. 6
    დასკვნა, რომ საერთაშორისო კერძო სამართალი განეკუთვნება კერძო სამართლის სფეროს და არა საერთაშორისო სამართალს, საბოლოოდ განმტკიცდა ჯერ კიდევ 1900-იან წლებში, 7 რაც სრულიად ბუნებრივია – საერთაშორისო კერძო სამართალი აწესრიგებს კერძო სამართლის სუბიექტთა შორის არსებულ ურთიერთობებს. 8
    აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადად მთელ მსოფლიოსა და აგრეთვე დიდ ბრიტანეთშიც, ტერმინი „საერთაშორისო კერძო სამართალი“ გამოყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული ტერმინის – „კონფლიქტური სამართალის“ ალტერნატივად, 9 რომელიც განისაზღვრება, როგორც კანონი გამოსაყენებელი კანონის შესახებ. 10 და მაინც, როდის წარმოიშობა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის გამოყენების საჭიროება? ცხადია, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც სამართალი უნიფიცირებულია, არ არსებობს კანონთაშორისი კონფლიქტი და შესაბამისი საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა. 11 როგორც აღინიშნა, საერთაშორისო კერძო სამართლის გამოყენება აუცილებელი ხდება მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს კანონთა კოლიზიასთან.
    ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის – ეკონომიკური ბრუნვის მრავალფეროვნება, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, თუ სხვა გარემოებები გავლენას ახდენს სამართლის სუბიექტთა ურთიერთობის შინაარსსა და მახასიათებლებზე. მსოფლიო სამართლებრივ სივრცეებში, სულ უფრო იზრდება იმგვარი შემთხვევების რაოდენობა, როდესაც სამართლებრივ ურთიერთობებში იკვეთება უცხო ელემენტის არსებობა, რაც უპირველესად წარმოშობს კითხვას, თუ რომელი სახელმწიფოს სამართალი უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტული სამართალურთიერთობის მოწესრიგების მიზნებისათვის. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი, შეიძლება დავა გადაწყდეს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, რამეთუ აღნიშნულ შემთხვევაში, სამართლის სუბიექტებს უწევთ მეტად კომპლექსური საკითხის გადაწყვეტა, მით უფრო აქტუალური ხდება დავების დროული გადაწყვეტის შესაძლებლობის ძიება. საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს მასშტაბით მოქმედი დავის გადაწყვეტის მექანიზმების ერთიანი ჯაჭვი, უნდა უზრუნველყოფდეს სამართლის სუბიექტთა ინტერესების განხორციელებას. ხოლო ამ მიმართულებით, საერთაშორისო კერძოსამართლებრივ დავებზე მსჯელობის პროცესში, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს მედიაციის როგორც დავის გადაწყვეტის საშუალების როლი და მისი მნიშვნელობა, რამეთუ ეს არის დავის გადაწყვეტის ფორმა, რომელსაც მისი ფუნდამენტური ეთიკური ღირებულებების გათვალისწინებით, აქვს უნარი განახორციელოს საზოგადოების ყოფის ტრანსფორმაცია.

    მედიაციის, როგორც დავის გადაწვეტის საშუალების არსი და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა საერთაშორისო კერძო სამართლებრივი დავების გადაწყვეტის პროცესში

    საერთაშორისო კერძოსამართლებრივ დავებთან მიმართებით, მედიაციის როგორც დავის გადაწყვეტის საშუალების გამოყენების მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია მედიაციის ფარგლებში საქმის განხილვის თავისებურებების წარმოჩენა.
    რა არის მედიაცია? მედიაცია განისაზღვრება როგორც პროცესი, რომლის ფარგლებშიც მესამე ნეიტრალური პირი ეხმარება ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს, გადაწყვიტონ დავა. 12 1980-1990-იანი წლებიდან დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებთან, კერძოდ მედიაციასთან მიმართებით ჩამოყალიბდა არაერთგვაროვანი მიდგომები. საზოგადოების ნაწილის მოსაზრებით, მისი ფუნქციონირება დადებითად ფასდება, ხოლო ნაწილის აზრი უარყოფითია. 13 ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში, სასამართლო საქმისწარმოება განიხილება როგორც ძვირი და სისტემათა უმრავლესობაში – დავის გადაწყვეტის არაეფექტური მეთოდი. საქალაქო სასამართლოების გადატვირთულობა შედეგობრივი თვალსაზრისით იწვევს იმას, რომ თითოეული სამოქალაქოსამართლებრივი დავა სასამართლოში წლების განმავლობაში განიხილება. 14 ხოლო შემთხვევები, როდესაც მედიაცია სრულად უშედეგოა, ძალზედ იშვიათია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მედიაცია არ სრულდება შეთანხმებით, მას გააჩნია დადებითი შედეგები-შესაძლებელია შევიწროვდეს განსახილველ საკითხთა წრე ან/და განეიტრალდეს ურთიერთწყენა. 15 მედიაციის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ კრეატიული გადაწყვეტილება. 16 ისინი არ არის შეზღუდულნი სასარჩელო მოთხოვნებით.
    ამასთან, მედიაცია ყოველთვის მიიჩნევა კონფიდენციალურად სასამართლოსგან განსხვავებით, რადგან სასამართლო პროცესი, ჩვეულებრივ, საჯაროდ იმართება. მედიაციაში კი კონფიდენციალურობის პრეზუმფცია ყოველთვის არსებობს. 17 კონფიდენციალურობა მედიაციის წარმატების საწინადარია. აღნიშნული პრინციპი ხელს უწყობს იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც მხარეები თავისუფლად საუბრობენ მათი ურთიერთობის შესახებ. მათ იციან, რომ ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდება, ვერ იქნება მათ წინააღმდეგ გამოყენებული. 18 მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მედიაციის პროეცესში განასხვავებენ კონფიდენციალურობის ორ სტანდარტს: შიდა და გარე კონფიდენციალურობას. თითოეულის მნიშვნელობა შემდეგია: 1. შიდა კონფიდენციალურობა მოიაზრებს მედიატორის ვალდებულებას, ერთი მხარის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციას იყოს დაცული მეორე მხარისაგან, გარდა იმ შემთხვევასა, თუ მისი გამჟღავნების სურვილის შესახებ არ იქნება შესაბამისი მხარის მიერ ცხადად განცხადებული. 2. რაც შეეხება „გარე კონფიდენაციალურობას“, აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად ნებისმიერი ინფორმაცია რაც გამჟღავნდება მედიაციის პროცესში, უნდა იყოს დაცული მესამე პირებისაგან. აღნიშნული მოთხოვნა კი ვრცელდება არა მხოლოდ მედიატორის-არამედ მხარეებისა თუ მონაწილე მესამე პირების მიმართაც. 19
    აღსანიშნავია, რომ მედიაციის ზემოაღნიშნული უპირატესობები, რაც არასრული სახით იქნა მითითებული, თანაბარმნიშვნელოვნად ვრცელდება მედიაციის ნებისმიერი ფორმის განხორციელების შემთხვევაში. თეორიასა თუ პრაქტიკაში ხომ განასხვევებენ მედიაციის სამ ძირითად ფორმას – სასამართლო, კერძო და სასამართლოსმიერი მედიაციის ფორმებს. 20 ნებისმიერ შემთხვევაში, დღესდღეობით მედიაცია აღიარებულია, როგორც დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საშუალება, რომელიც, ამავდროულად, უზრუნველყოფს სამართლის სუბიექტთა ფინანსური რესურსის დაზოგვას.
    აქვე აღსანიშნავია, რომ უკვე 2020 წლიდან (პანდემიასა და მის შედეგებთან დაკავშირებით) განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა მითითებულმა – დავების დროული გადაწყვეტის საკითხმა, რაც სწორედ მედიაციის საშუალებით შეიძლებოდა ყოფილიყო მიღწეული. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების პირობებში, მეტად აქტუალური გახდა დავების დისტანციური გადაწყვეტის საკითხი, რამეთუ ფორსმაჟორის არსებობისას, იქნება ეს პანდემიით თუ სხვა საფუძვლით გამოწვეული, სასამართლო პროცესების კიდევ უფრო მეტად გაჭიანურებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს სამართლის სუბიექტებისთვის.
    ამიტომაც, ბოლო პერიოდში, დავის გადაწყვეტის ელექტრონულმა საშუალებებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ტექნოლოგიების გამოყენება გახდა აუცილებელი იმისათვის, რათა სუბიექტთა შორის არსებული ურთიერთობები შენარჩუნებულიყო. 21
    ფაქტობრივად დისტანციური მედიაცია აღიარებულ იქნა, როგორც ელექტრონული ვაჭრობის გლობალურ ბაზარზე მიღებული, დავის გადაწყვეტის სამართლიანი, მოქმედი, ხელსაყრელი და იაფი საშუალება. 22
    შესაბამისად, ამ დროისათვის დისტანციური მედიაცია ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დავების გადაწყვეტის პროცესში, მით უფრო, ქონებრივ დავებთან მიმართებით. მაგალითად, იმგვარი ვებგვერდი, როგორიცაა TaoBao მომხმარებელს დისტანციურ გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას დისტანციური მოლაპარაკების გზით სთავაზობს. გვერდები – Ebay, Paypal აგრეთვე ლიდერებად მიიჩნევიან დავის დისტანციური გადაწყვეტის სფეროში. 23 აღიარებულია, რომ დისტანციური მედიაციის რიგი უპირატესობების გარდა, მაგალითად როგორიც არის მათი მოხერხებულობა და ხელმისაწვდომობა, მის უპირატესობად აგრეთვე განიხილება არაპერსონალური ხასიათი. 24
    თუმცა რასაკვირველია არსებობს საპირისპირო მოსაზრებებიც – სკეპტიკოსთა აზრით, მედიაციის პროფესიული საზოგადოებები მედიატორებს უვითარებენ იმგვარ უნარებს, რაც უკავშირდება პირდაპირ კომუნიკაციას. მათი მოსაზრებით, აქტიური მოსმენა, კითხვების დასმის ხელოვნება, მოლაპარაკების წარმართვის უნარები, სხეულის ენა თუ არავერბალური კომუნიკაციის სხვა საშუალებები მედიაციის წარმატებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევა და შესაძლებელია ვერ იყოს მიღწეული დისტანციური საქმისწარმოების პირობებში. 25
    ამის საპასუხოდ კი, შესაძლებელია ითქვას, რომ დისტანციური მედიაცია გულისხმობს მედიაციის სტანდარტული ტექნიკის გამოყენებას მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში. 26 ამასთან, დისტანციური მედიაცია მისი ბუნების გათვალისწინებით, განსაკუთრებული წარმატებით შეიძლება იყოს გამოყენებული ბიზნესდავებისა და კორპორაციათა შორის არსებული დავების გადაწყვეტის პროცესში. ტრანსნაციონალური საზოგადოებები ხომ წარმოადგენენ ეკონომიკის გლობალიზაციის წამყვან ძალას 27 და მათთვის გამორჩეულად ძვირფასია დროითი და ფინანსური რესურსების გონივრული ხარჯვა.
    ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის საქართველოშიც, მედიაციის ინსტიტუტი მხარდაჭერილია სახელმწიფო პოლიტიკით. მედიაციის საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერის შემდგომ, განხორცილებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ამიტომ, მისი წარმატებული ფუნქციონირება სახელმწიფოს მასშტაბით, დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებეთან ერთად, ერთიან ჯაჭვში, მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიიჩნევა მისი რესურსის ნაყოფიერი გამოყენება ნებისმიერი კატეგორიის დავებთან მიმართებით, მით უფრო იმ დავებზე, რომელიც დატვირთულია საერთაშორისო კერძოსამართლებრივი ელემენტით, რაც როგორც აღინიშნა, ზრდის მათ კომპლექსურ ხასიათს და დამატებითი სახით მხარეებს უწევთ განსაზღვრონ – თუ რომელი სახელმწიფოს სამართალი შეიძლება იყოს გამოყენებული კონკრეტული დავის განხილვისას. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო კერძოსამართლებრივი დავების შემთხვევაში, მაღალია იმის ალბათობა, რომ სამართლის სუბიექტები სხვადასხვა სახელმწიფოს განეკუთვნებოდნენ და, ფიზიკური თვალსაზრისითაც, იყვნენ დისტანცირებულნი, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის დავის წარმოებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. შესაბამისად, ამგვარ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს დისტანციური მედიაციის წარმართვის შესაძლებლობამ. ამგვარად, კიდევ უფრო მეტი მოცულობით დაიზოგება კონფლიქტის მონაწილეთა დროითი და ფინანსური რესურსი.
    აღნიშნული მიდგომა ეხმიანება იმ რეალობას, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, როგორც ევროპის მასშტაბით, აგრეთვე გლობალურად, განხორციელდა მნიშვნელოვანი მცდელობები არასასამართლო დავის გადაწყვეტის საშუალებების განვითარების მიზნით. მათ შორის, რამდენადაც გამოიკვეთა, დავის გადაწყვეტის დისტანციურ საშუალებებს გააჩნიათ ნაკლებ მასშტაბური დავების გადაწყვეტის მნიშვნელოვანი რესურსი. 28 ამასთან, მედიაცია აღიარებული იქნა როგორც მთავარი ძალა საერთაშორისო ბიზნეს დავების გადაწყვეტის პროცესში. 29

    საქართველოში არსებული რეგულირების შესახებ

    აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, საერთაშორისო კერძო სამართალი მოიცავს კერძო სამართლის სფეროში შემავალ მრავალ სამართლებრივ საკითხს. მათ შორის: ბიზნეს სამართალს, საოჯახო სამართალს, გაკოტრების სამართალს და სხვა. 30 სწორედ ამ სტრუქტურით არის ჩამოყალიბებული საქართველოს კანონიც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, რომელსაც მიღების დღიდან არსებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია და ობიექტური შეფასებით, შესაძლებელია რეკომენდირებული იყოს რიგი მუხლების სრულყოფა. მაგალითად, თვალშისაცემია შემდეგი საკანონმდებლო ხარვეზი: აღნიშნული კანონის 68-ე მუხლის 5 ნაწილის თანახმად, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო“. ხოლო ამავე კანონის 73-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებულია, რომ „პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ თავის დებულებათა შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები (განჩინებები და დადგენილებები) ექვემდებარება გასაჩივრებას კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ცხადია, ამგვარი რეგულირების არსებობა ურთიერთიერთწინააღმდეგობრივია და საჭიროებს ჰარმინიზირებას. კერძოდ, თუკი
    უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, პირველი ინსტანციის სასამართლო, ცხადია ვერ მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელის შესაძლებელია დაექვემდებაროს გასაჩივრებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნევა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონში არსებული ურთიერთწინააღმდეგობრივი დათქმების ურთიერთჰარმონიზება, არსებული უზუსტობების აღმოფხვრა.

    დასკვნა

    სამართლებრივი სახელმწიფოს მიზანია დაიცვას მხარეები, მათ შორის, არსებული კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ზიანისაგან. ამასთან, თანამედროვე საზოგადოებრივ ურთიერთობებებში მზარდია იმ სამართლებრივი ურთიერთობების რაოდენობა, რომლებიც ე.წ. უცხო ელემენტით ხასიათდება და შესაბამისად, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით დავის გადაწყვეტამდე, გამოყენებულ უნდა იქნას კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, რაც ნებისმიერ კონფლიქტს მეტად კომპლექსურ ხასიათს ანიჭებს.
    ამასთან, სახელმწიფოს ფარგლებში მოქმედი, დავის გადაწყვეტის სხვადასხვა ფორმების სრულყოფილი ფუნქციონირება მნიშვნელოვნად განაპირობებს სამოქალაქო ურთიერთობების სტაბილურობას, უზრუნველყოფს სამართლის სუბიექტთა ინტერესთა განხორციელებას და ერთგვარად, საჯარო ინტერესის გამოხატულებად უნდა შეფასდეს. ხოლო მედიაციის საკანონმდებლო მოწესრიგების კველდაკვალ, მისი გამოყენების მნიშვნელობის წარმოჩენა, საერთაშორისო კერძოსამართლებრივი დავების განხილვის პროცესში, აუცილებლობად უნდა შეფასდეს. მათ შორის, სასურველია ყურადღება გამახვილდეს დისტანციური მედიაციის რესურსის გამოყენების შესაძლებლობაზე. ამ მიმართულებით, საჭიროდ მიიჩნევა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა სასამართლო განიხილებოდეს როგორც დავის გადაწყვეტის ერთ-ერთ და არა ერთადერთ საშუალებად. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მნიშვნელოვანია იურიდიული პროფესიული საზოგადოებების ჩართულობა, რათა მედიაცია წარმოჩინდეს როგორც საერთაშორისო დავების გადაწყვეტის ერთ-ერთი ეფექტური ალტერნატივა. 31 მეორე მხრივ, საჭიროდ მიიჩნევა საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ საქართველოს კანონის სრულყოფა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.
    ზემოხსენებული რეკომენდაციების გათვალისწინება უზრუნველყოფს როგორც არსებული კერძოსამართლებრივი დავების დროული გადაწყვეტის შესაძლებლობის გამოყენებას, აგრეთვე, სახელმწიფოს მასშტაბით მედიაციის გამოყენების წახალისებას. სამართლის სუბიექტთათვის მეტად თვალსაჩინო შეიძლება გახდეს მიზანი – ნდობა მოუცხადონ მედიაციას, როგორც პროცესს, რომელიც იძლევა მათი საუკეთესო ინტერესების განხორციელების შესაძლებლობას.

    ბიბლიოგრაფია:

      ნორმატიული აქტები:

    1. The Civil Procedure Code of Georgia. Link (In Georgian)
    2. Law of Georgia “On Mediation”. Link (In Georgian)
    3. Law of Georgia “On Private International Law”. Link (In Georgian)
    4. გამოყენებული ლიტერატურა:

    5. Gabisonia Z., (2016). Georgian Private International law, Tbilisi.
    6. Khandashvili I., (2018). Judicial and Non-Judicial Forms of Alternative Dispute Resolution on the Example of Mediation in Georgia,
    7. Becker J., (1916). Elements of Japanese Law, International Private Law Book II: Chapter X.
    8. Bookman P., (1931). Boston University Law Review Online, Is Private International Law International?
    9. Burman H., (2009). Private International Law Tax, Estate and Individuals, International Lawyer (ABA).
    10. Ehrman K., (1989). Why Business Lawyers Should Use Mediation ADR: Alternative Dispute Resolution, ABA Journal.
    11. Hyde L., (1984). Mediation, Juvenile & Family Court Journal, Core U.S. Journals.
    12. Hessel E., (1953). The Historic Bases of Private International Law, American Journal of Comparative Law.
    13. Juenger F., (1994). Private International Law or International Private Law, King’s College Law Journal.
    14. Juenger F., (1995). Private International Law or International Private Law, King’s College Law Journal.
    15. Kallipetis M., (2014). Mediation Ethics in Europe, Dovenschmidt Quarterly.
    16. Krivis J., (2000). Taking Mediation Online, Law Practice Quarterly.
    17. Kovach K., (2004). Mediation Principles and Practice, third edition, THOMSON WEST .
    18. Lavi D., 2016. Three is not a Crowd: Online Mediation-Arbitration in Busines to consumer Internet Disputes. U. Pa. J. Int l L., 37(3).
    19. Lenz C., (2021). Virtual Mediation – The New Modus? Section II: Alternative Dispute Resolution, Yearbook on International Arbitration.
    20. Lande J., (2000). Getting the Faith: Why Business Lawyers and Executives Believe in Mediation
    21. Harvard Negotiation Law Review.
    22. Lisnek P., (1993). Mediation: Untangling Business Disputes through ADR Feature, Commercial Law Bulletin, p. 12
    23. Lombardi E., (2012). Is Online Mediation the Way to Fit the Forum to the Fuss, Maastricht Journal of European and Comparative Law.
    24. Macturk Ch., (1995). Confidentiality in Mediation: The Best Protection Has Exceptions, Student Note American Journal of Trial Advocacy.
    25. Parish L., (2003). After the Mediation, What Feature on Alternative Dispute Resolution.
    26. Petsche M., (2013). Mediation as the Preferred Method to Solve International Business Disputes: A Look into the Future.
    27. Posin Q., (2004) Mediating International Business Disputes, Fordham Journal of Corporate & Financial Law.
    28. Rigaux F., (2000). Codification of Private International Law: Pros and Cons Conflict of Laws, Comparative Law and Civil Law: A Tribute to Symeon C. Symeonides, Louisiana Law Review.
    29. Salmond J., (1902). Territorial and Personal Law, Jurisprudence or the Theory of the Law.
    30. Stegner M., (2017). Online Dispute Resolution: The Future of Consumer Dispute Resolution Section V: ADR Yearbook on International Arbitration.
    31. Sudini L., (2016). Mediation in the Settlement of Business Disputes in Indonesia, Journal of Law, Policy and Globalization.
    32. Wang G., (2009). Mediation in the Globalized Business Environment, Asia Pacific Law Review
    33. Asia Pac.
    34. Zhao Y., (2008). Rethinking the Limitations of Online Mediation, American Journal of Mediation.

    Notes:

    1. Sudini L., (2016). Mediation in the Settlement of Business Disputes in Indonesia, Journal of Law, Policy and Globalization, p. 41.
    2. Gabisonia Z., (2016). Georgian private international law, Tbilisi, p. 30.
    3. Juenger F., (1994). Private International Law or International Private Law, King's College Law Journal, p. 45.
    4. Salmond J., (1902). Territorial and Personal Law, Jurisprudence or the Theory of the Law, p. 599.
    5. Bookman P., (1931). Boston University Law Review Online, Is Private International Law International? p. 9.
    6. Gabisonia Z., (2016). Georgian private international law, Tbilisi, p. 31.
    7. Hessel E., (1953). The Historic Bases of Private International Law, American Journal of Comparative Law, p. 297.
    8. Becker J., (1916). Elements of Japanese Law , International Private Law Book II: Chapter X, p. 442.
    9. Juenger F., (1995). Private International Law or International Private Law, King's College Law Journal, p. 45.
    10. Rigaux F., (2000). Codification of Private International Law: Pros and Cons Conflict of Laws, Comparative Law and Civil Law: A Tribute to Symeon C. Symeonides, Louisiana Law Review, p. 1321.
    11. Hessel E., (1953). The Historic Bases of Private International Law, American Journal of Comparative Law, p. 298.
    12. Hyde L., (1984). Mediation, Juvenile & Family Court Journal, Core U.S. Journals, p. 57.
    13. Lande J., (2000). Getting the Faith: Why Business Lawyers and Executives Believe in Mediation Harvard Negotiation Law Review, p. 140.
    14. Lisnek P., (1993). Mediation: Untangling Business Disputes through ADR Feature, Commercial Law Bulletin, p. 12.
    15. Ehrman K., (1989). Why Business Lawyers Should Use Mediation ADR: Alternative Dispute Resolution, ABA Journal, p. 74.
    16. Parish L., (2003). After the Mediation, What Feature on Alternative Dispute Resolution, p. 24.
    17. Kovach K., (2004). Mediation Principles and Practice, third edition, "THOMSON WEST", p. 262.
    18. Macturk Ch., (1995). Confidentiality in Mediation: The Best Protection Has Exceptions, Student Note American Journal of Trial Advocacy, p. 412.
    19. Kallipetis M., (2014). Mediation Ethics in Europe, Dovenschmidt Quarterly, p. 71.
    20. Khandashvili I., (2018). Judicial and Non-Judicial Forms of Alternative Dispute Resolution on the Example of Mediation in Georgia, p. 183.
    21. Lenz C., (2021). Virtual Mediation – The New Modus? Section II: Alternative Dispute Resolution, Yearbook on International Arbitration, p. 160.
    22. Lavi D., (2016). Three is not a Crowd: Online MediationArbitration in Busines to Consumer Internet Disputes. U. Pa. J. Int l L., 37(3), p. 940
    23. Zhao Y., (2008). Rethinking the Limitations of Online Mediation, American Journal of Mediation, p. 164.
    24. Zhao Y., (2008). Rethinking the Limitations of Online Mediation, American Journal of Mediation, p. 163.
    25. Krivis J., (2000). Taking Mediation Online, Law Practice Quarterly, p. 19.
    26. Lombardi E., (2012). Is Online Mediation the Way to Fit the Forum to the Fuss, Maastricht Journal of European and Comparative Law, p. 531.
    27. Wang G., (2009). Mediation in the Globalized Business Environment, Asia Pacific Law Review 17 Asia Pac., p. 48.
    28. Stegner M., (2017). Online Dispute Resolution: The Future of Consumer Dispute Resolution Section V: ADR Yearbook on International Arbitration, p. 347.
    29. Posin Q., (2004) Mediating International Business Disputes, Fordham Journal of Corporate & Financial Law, p. 449.
    გამოქვეყნების საფასური
    მთავარი რედაქტორი
    გამოქვეყნების ენა

    dealSeal