შესვალი
ოჯახი, როგორც ქართული, ისე ფრანგული საზოგადოების ბირთვს წარმოადგენს, რომელიც, მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორგანიზებული და დაცულია კანონის ძალით. ოჯახი არის ფიზიკური პირების დიდი ან მცირე ჯგუფი, რომელთაც ერთმანეთთან გარკვეული სახის ნათესაური ან საოჯახო-სამართლებრივი კავშირი გააჩნიათ.
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი, განსხვავებით ქართული სამართლისაგან, რომელიც წყვილს შორის მხოლოდ ქორწინების ინსტიტუტის არსებობას აღიარებს, წყვილის ურთიერთობის ორ სამართლებრივ სახეს იცნობს: თანაცხოვრება (concubinage) და სოლიდარობის აქტი (pacte civil de solidarité* ). თანაცხოვრებისა და სოლიდარობის აქტის შესახებ თავი საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსში მრავალი საპარლამენტო დებატის შედეგად, 1999 წელს 15 ნოემბერს №99-944 კანონის საფუძველზე ჩაიწერა. აღნიშული საკანონმდებლო ცვლილებები განაპირობა სა
ზოგადოების განვითარებამ, ქალთა მოძრაობებმა და ქალთა უფლებების ჩამოყალიბებამ, დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ სწრაფვამ და პიროვნულმა თავისუფლებამ. საფრანგეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, თანაცხოვრება და სამოქალაქო აქტი ახალგაზრდა წყვილებში მნიშვნელოვნად ხშირად გვხვდება , ვიდრე ქორწინება.
თანაცხოვრება
სოლიდარობის აქტისაგან განსხვავებით, თანაცხოვრება საფრანგეთის სამოქალაქო კოდექში მხოლოდ ერთი მუხლი (Article 515-8) ეთმობა, რომლის მიხედვითაც, თანაცხოვრება არის ორი პიროვნების, სხვადასხვა სქესისა ან ერთი სქესის, ერთად ცხოვრების ფაქტი, რომელიც ხასიათდება სტაბილურობითა და განგრძობადობით . იმისათვის, რომ წყვილის ერთად ცხოვრება თანაცხოვრებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია მათი ერთად ყოფნა ხასიათდებოდეს შემდეგი პირობებით:
- წყვილს უნდა წარმოადგენდეს ორი უფლებაუნარიანი პირი*;
- არ იყვნენ ქორწინებაში სხვა პირებთან;
- მინიმალური სტაბილურობით ცხოვრობდნენ ერთად;
- მათი ურთიერთობა ხასიათდებოდეს განგრძობადობით.
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი აღიარებს თანაცხოვრებას, როგორც მხოლოდ ფაქტს და მას იურიდიულ ძალას არ ანიჭებს, თანაცხოვრებაში მყოფი პირები ერთმანეთისთვის ერთი ოჯახის წევრებადაც კი არ მიიჩნევიან და მარტოხელებად* ითვლებიან. ამის მიუხედავად, პირს მხოლოდ ერთ კონკუბინაჟში შეუძლია ცხოვრება. კონკუბინაჟისთვის საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი არ აწესებს ასაკობრივ ზღვარს, შესაბამისად, არასრულწლოვან პირებსაც შეუძლიათ კონკუბინაჟის ქვეშ ერთად, წყვილად ცხოვრება. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსში კონკუბინაჟის ინტეგრაციით კანონმდებელმა არ შექმნა ახალი ინსტიტუტი, მან უბრალოდ აღიარა წყვილის უფლება, ჰქონდეს თავისუფალი კავშირი (union libre), ოღონდ სამოქალაქო კოდექსის მიერ დეტალურად რეგულირებად ურთიერთობათა გარეთ. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 515-8 მუხლი ბევრჯერ გახდა საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და კანონის მიერ თანაცხოვრების შესახებ მხოლოდ ერთი მუხლით შემოფარგვლის მიუხედავად, იურისპრუდენციამ სხვადასხვა პრინციპი დაამკვიდრა.
ვინაიდან, საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, თანაცხოვრება არის იურიდიული ფაქტი, მისი რეგისტრაცია, ქორწინებისგან განსხვავებით, შეუძლებელია, არამედ სახელმწიფო ორგანოს მხრიდან შესაძლებელია მოხდეს ფაქტის აღიარება, დადგენა. თანაცხოვრების შესახებ ცნობას გასცემს მერია , თუმცა მას მსგავსი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება კანონით არ აქვს განსაზღვრული. სახელმწიფო სერვისების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, წყვილის მიერ თანაცხოვრების შესახებ ცნობის მოთხოვნის საფუძველზე ზოგიერთი მერია გასცემს ცნობას და ადგენს თანაცხოვრების ფაქტის არსებობას. ამ საბუთს არ გააჩნია იურიდიული ძალა, ის უფრო ცნობის მსგავსია და შესაძლებელია მისი გამოყენება კანონით განსაზღვრულ ზოგიერთ შემთხვევებში, მაგალითად, სოციალური დახმარების მოთხოვნისას. ცნობის აღება უფასოა და მის მისაღებად წყვილმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და საცხოვრებელის შესახებ დოკუმენტები (კომუნალურების გადახდის ქვითარი, ქირავნობის ხელშეკრულება და ა.შ., რაც ერთგვარად არის წყვილის თანაცხოვრების ალიბი), ასევე, შესაძლებელია საჭირო გახდეს მოწმეების წარდგენაც, რომლებიც დაადასტურებენ წყვილის ერთად ყოფნის ფაქტს. მართალია თანაცხოვრება არ წარმოშობს წყვილს შორის სამართლებრივ ურთიერთობას, თუმცა არც სრულად გამორიცხავს მათ. მაგალითად, პარტნიორმა შესაძლებელია მეორე პარტნიორს მოსთხოვოს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული ქონების უკან დაბრუნება , ვინაიდან მათ ურთიერთრჩენის ვალდებულებები არ ეკისრებათ.
საფრანგეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თანაცხოვრებაში მყოფ წყვილს არც ერთგულების ვალდებულება ეკისრება, ხოლო, ვინაიდან თანაცხოვრება არის თავისუფალი ურთიერთობა, დაშორებაც ერთი მხარის ინიციატივით შეიძლება მოხდეს, მეორე მხარის თანხმობის, მისი ინფორმირებულობის, ყოველგვარი სამართლებრივი ღონისძიებებისა და სახელმწიფო ორგანოებისადმი მიმართვის გარეშე. მეწყვილის ორსულობაც არ არის დაშორების დამაბრკოლებელი გარემოება, როგორც ეს, მაგალითად, ქორწინებისას განიხილება, თუმცა, გარკვეუ
ლი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 1240-მუხლის (ყოფილი 1382-ე მუხლი) საფუძველზე, რომელიც დელიქტური ვალდებულებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს ეხება, ღალატისა და დაშორების შემდეგ, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა იმ მეწყვილის მიმართ, რომელიც დაშორების ინიციატორი ან ღალატის ავტორია. თანაცხოვრების დროს, თუ ერთ-ერთი წყვილი გარდაიცვლება, მეორე მხარეს კანონისმიერ მემკვიდრეობაზე უფლებები არ წარმოეშობა, თუმცა შესაძლებელია მეწყვილე იყოს ანდერძისმიერი მემკვიდრე, ასევე, მეორე მხარეს არც გარდაცვლილი მეწყვილის პენსიის რევერსიის* უფლება აქვს.
სოლიდარობის აქტი
სოლიდარობის აქტი არის ორ სრულწლოვან პირს შორის კონტრაქტი. თავისი არსით, სოლიდარობის აქტი (ფრანგები მოიხსენიებენ როგორც პაქსს (PACS**)), თანაცხოვრებასა და ქორწინებას შორის მდებარეობს და წყვილის ქონებრივ და ფულად საკითხებს შეეხება, მას არ აქვს გავლენა ოჯახსა და შვილებზე. საჯარო სერვისების შესახებ ვებგვერდის მიხედვით, პაქსი გავლენას ახდენს წყვილის სოციალურ, საშემოსავლო, საგადასახადო, საცხოვრებელ და ქონებასთან დაკავშირებულ უფლებებზე და არ აქვს გავლენა ფილიაციასა და სახელზე*. სოლიდარობის აქტის დროს, მხარეები ერთმანეთისთვის მეუღლეებად არ ითვლებიან, ხოლო არიან თუ არა ერთი ოჯახის წევრები, ამაზე არც კანონს, არც დოქტრინას და არც იურისპრუდენციას გააჩნია ცალსახა პასუხი.
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის სოლიდარობის აქტის შესახებ მუხლებმა 1999 წლიდან რამოდენიმე ცვლილება განიცადა, კერძოდ 2005 და 2006 წლებში. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 515-4 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, წყვილი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სოლიდარობის აქტით, იღებს ერთად ცხოვრების, მატერიალური და ურთიერთდახმარების ვალდებულებას. საფრანგეთის სტატისტიკისა და ეროვნული კვლევების ინსტიტუტის მიერ 2018 წლის 16 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2015 წელს 181 900 სხვადასხვა სქესისა და 7 000 ერთი სქესის წყვილს შორის, ხოლო 2016 წელს 184 400 სხვადასხვა სქესის, 7 100 ერთი სქესის წყვილს შორის გაფორმდა სოლიდარობის აქტის ხელშეკრულება, რაც მოწმობს იმ ფაქტს, რომ წყვილის ურთიერთობის ამგვარი მოწესრიგება აუცილებელი იყო საფრანგეთის საზოგადოებისთვის.
სოლიდარობის აქტი არ არის მხოლოდ ფრანგული სამართლისათვის დამახასიათებელი, მსგავსი ტიპის ინსტიტუტი ბელგიის სამართალშიც გვხვდება ლეგალური კოჰაბიტაციის სახელით (Cohabitation légale), რომელიც თავისი შინაარსით განსხვავდება ფრანგული სოლიდარობის აქტის ინსტიტუტისგან, კერძოდ იმით, რომ ლეგალური კოჰაბიტაციით სარგებლობა ერთი ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ, არ არის აუცილებელი, რომ წყვილს სექსუალური ურთიერთობა აკავშირებდეს, ბელგიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ლეგალურ კოჰაბიტაციაში მყოფი წყვილი ღებენ ვალდებულებას ერთად მართონ საცხოვრებელი ადგილი, ერთად იზრუნონ ცხოვრების ხარჯებზე და გაინაწილონ გარკვეული ვალები. გერმანულ სამართალში თანაცხოვრების (Lebenspartnerschaft) სახელწოდებით გვხვდება ფრანგული სოლიდარობის აქტის ინსტიტუტი, თუმცა იგი შინაარსით განსხვავებულია, კერძოდ, თანაცხოვრების პარტნიორები მხოლოდ ჰომოსექსუალი წყვილია, ისინი იღებენ ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთად ცხოვრების ვალდებულებას, ამასთან, უფლება აქვთ მიიღონ ერთმანეთის გვარი. ფრანგული სამოქალაქო სამართლისაგან განსხვავებით, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი თანაცხოვრების პარტნიორებს უფრო მეტ უფლებებსა და ვალდებულებებს ანიჭებს, თითქმის დაქორწინებული წყვილის მსგავსს, ამასთან, გერმანიის სამართალი თანაცხოვრებაში მყოფ მეწყვილეს, მეორე მეწყვილის ბიოლოგიური შვილის შვილად აყვანის უფლებასაც ანიჭებს, რაც საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსით
შეუძლებელია. კანადის სამოქალაქო სამართალი იცნობს საერთო კანონით ცხოვრებას (living common-law), ხოლო ამერიკის ზოგიერთი შტატი იცნობს საერთო სამართლის ქორწინებას (common law marriage). თუმცა თითოეული ინსტიტუტის შინაარსი და კანონის მიერ რეგულირება ანალოგიური არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთო სამართლის ქორწინებას საფუძვლად დაედო ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 1809 წლის გადაწყვეტილება (Fenton v. Reed), რომელშიც სასამართლო აღნიშნავს, რომ წყვილი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობს და საზოგადოების თვალში ცოლ-ქმრად არის აღქმული, ოფიციალური ქორწინების გარეშეც მიჩნეულია დაქორწინებულად და ერთმანეთისთვის მეუღლეები არიან
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 515-1 მუხლის მიხედვით, სოლიდარობის აქტი არის ორ სრულწლოვან, ერთი სქესის ან სხვადასხვა სქესის პირს შორის დადებული, მათი საერთო ცხოვრების ორგანიზების შესახებ კონტრაქტი. დაუშვებელია ე.წ პაქსის ხელშეკრულების გაფორმება, თუ ერთ-ერთი (ან ორივე) პარტნიორი უკვე იმყოფება ქორწინებაში. კანონით, პაქსის დროს მკაცრად აკრძალულია ინცესტი. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 515-2ე მუხლის მიხედვით, სოლიდარობის აქტის ხელშეკრულება ბათილია, თუ იგი დადებულია პირდაპირი ხაზის აღმავალ და დაღმავალ ნათესავებს შორის, ასევე გვერდითა ხაზის ნათესავებსა (დეიდაშვილებს, მამიდაშვილებსა და ბიძაშვილებს შორის) და მათ შვილებსა და შვილიშვილებს შორის. ხელშეკრულება ბათილია, ასევე, თუ ერთ-ერთი მხარე იმყოფება ქორწინებაში ან თუ უკვე გაფორმებული აქვს სოლიდარობის აქტის ხელშეკრულება სხვა პირთან.
სოლიდარობის აქტის ინსტიტუტის დაარსებიდან ძალიან მალე, გაჩნდა ე.წ. თეთრი პაქსი (les PACS Blancs), რომელიც ეწოდება სოლიდარობის აქტის ისეთ სახეს, რომლის გაფორმების მიზანიც არის ერთ-ერთი მეწყვილის მიერ, რომელიც არ არის საფრანგეთის მოქალაქე, ბინადრობის მოწმობისა და დროებითი საცხოვრებელი ბარათების მიღების პროცედურების გაადვილება და არა ერთად ცხოვრების, წყვილის ურთიერთობის ორგანიზების სურვილი. ვინაიდან სოლიდარობის აქტი არის წყვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ის მხარეებისთვის ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე, ხოლო მესამე პირების მხრიდან შეცილების უფლება წარმოიშობა ნოტარიუსის მიერ მისი საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე. სოლიდარობის აქტი იდება სამოქალაქო ოფიცრის წინაშე, რომელიც პირველ ეტაპზე ამოწმებს წყვილის განცხადებების დასაშვებობას, ხოლო შემდეგ არეგისტრირებს მას და გადასცემს დოკუმენტს ნოტარიუსს, რეგისტრაციისა და შემდგომი გასაჯაროების მიზნით. თუ მხარეებს, ხელშეკრულების გამოქვეყნების შემდეგ, სურთ კონტრაქტში ცვლილებების შეტანა, ისინი ვალდებულნი არიან სოლიდარობის აქტის ძალაში შესვლის პროცედურის გზითვე დაარეგისტრირონ ისინი.
სოლიდარობის აქტის ორი სახის ხელშერულება არსებობს: 1. მერიის მიერ წინასწარ შემუშავებული და 2. მხარეთა თავისუფალი ნებით შედგენილი. ამ უკანასკნელზე ვრცელდება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 515-5 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარეები პირად ნივთებს საკუთარი ინტერესებისა და სურვილის შესაბამისად განკარგავენ. ასევე, ერთ-ერთი წყვილის მიერ პირადი ინტერესებისათვის აღებული სესხის გადახდა მხოლოდ მისი ვალდებულებაა, ხოლო თუ სესხი ერთ-ერთმა მეწყვილემ ოჯახის საერთო ინტერესებისთვის აიღო, ასეთ შემთხვევაში მეორე მეწყვილეც პასუხისმგებელია სესხის გადახდაზე.
თუ პატრნიორი გარდაიცვლება, მეწყვილესანდერძის გარეშე არ აქვს მემკვიდრეობის მიღების უფლება. მამკვიდრებელი, თუ თავისიქონების ნაწილს ანდერძით უტოვებს მეწყვილეს, ვალდებულია ქონების სხვა ნაწილი უანდერძოს კანონისმიერ მემკვიდრეებს, რომლებიც საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კლასების მიხედვითა და პრიორიტეტებით არიან დაყოფილნი.
წყვილებს სოლიდარობის აქტის დასრულების უფლება აქვთ დამოუკიდებლად და ურთიერთობა მხარეთათვის დასრულებულადჩაითვლება მერიასა ან ნოტარიუსთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთიმეწყვილის განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.თუ პაქსის შესახებ წყვილს შორის წარმოიშობა დავა, საფრანგეთის 2009 წლის 12 მაისისკანონის მიხედვით, საოჯახო სამართლის მოსამართლე არის უფლებამოსილი იმსჯელოსდა განიხილოს სარჩელი.
დასკვნა
ქორწინება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და მნიშვნელოვან სამართლებრივ, მორალურ პასუხისმგებლობებსა თუ ვალდებულებებს წარმოშობს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხანია უცხო აღარ არის წყვილის ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრების ფაქტი, თუმცა ვინაიდან ქართული სამართალი ქორწინების გარდა წყვილის ერთად ყოფნის სხვა ფაქტსა თუ ინსტიტუტს არ ითვალისწინებს, მხარეთა ურთიერთობა სამართლებრივი რეგულირებისა თუ კანონის მიერ ამ ურთიერთობის აღიარების გარეშე რჩება, რაც, სამწუხაროდ, მრავალ პრობლემას წარმოშობს, განსაკუთრებით წყვილის დაშორების შემთხვევაში. ვინაიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი წყვილის ურთიერთობა სამართლებრივად აღიარებული არ არის, მხარეებს მთელი რიგი უფლებებით სარგებლობა არ შეუძლიათ, რაც საფრთხეს უქმნის მათ პირადსა და ქონებრივ უფლებებს.
აუცილებელია ქართულმა სამოქალაქო კოდექსმა გაითვალისწინოს საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის მაგალითი და მოხდეს, ქორწინების გარდა, სხვა ინსტიტუტების, როგორიც არის, მაგალითად, სოლიდარობის აქტი, ინტეგრაცია სამოქალაქო კოდექსში. კანონში ამ ინსტიტუტის ინტეგრაციით წყვილს ექნება საშუალება თავად გადაწყვიტოს, სამართლებრივად როგორ დაარეგულირონ მათ
შორის არსებული ურთიერთობა. ასევე, კანონის მიერ თანაცხოვრების, როგორც ფაქტის აღიარება და გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, ვინაიდან წყვილს ექნება საშუალება, მოახდინოს მათი თანაცხოვრების ფაქტის აღიარება კანონის წინაშე, რაც გარკვეულწილად მოახდენს მათი ურთიერთობის სამართლებრივ აღიარებას.
ვინაიდან ქვეყნის უზენაესი კანონი მკაცრად განსაზღვრავს ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს, შესაძლებელია სოლიდარობის აქტის შესახებ ინსტიტუტის ან თანაცხოვრების ფაქტის რეგულირებით, ერთსქესიან წყვილს მათ შორის არსებულ ფულადი და ქონებრივი ურთიერთობების დარეგულირების საშუალება მიეცეს. ამასთან, თუ კანონი მისცემს ერთსქესიან წყვილს სოლიდარობის აქტით ან თანაცხოვრების ფაქტით სარგებლობის საშუალებას, ამ გზით მოხდება მათი ურთიერთობის აღიარება და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა იმგავად, რომ არ იქნება ოჯახის ინსტიტუტი ხელყოფილი.
ვინაიდან სამართალი არის ცოცხალი ორგანიზმი და მუდამ განიცდის ცვლილებებს, რაც განპირობებულია საზოგადოების განვითრებითა და საჭიროებებით, აუცილებელია ქართულმა სამოქალაქო კოდექსის საოჯახო სამართლის ნაწილმა ფეხი აუწყოს განვითარებული ქვეყნების რითმს და მოახდინოს ისეთი სამართლებრივი საკითხების ინტეგრირება და საზოგადოების მოთხოვნებზე მორგება, რაც უკვე დანერგილი, გამოცდილი და აპრობირებულია.
ბიბლიოგრაფია:
- Constitution of Georgia of August 24, 1995.
- Civil Code of Georgia of June 26, 1997.
- Law of Georgia on Civil Acts of December 20, 2011.
- The Civil Code of France of March 21, 1804.
- Aline Cheynet de Beaupré Family Law; Paris, Ellipses, 2019.
- J. Carbonnier Civil law – the family; Puf; 21st ed. 2003.
- P. Coubre, A. Gouttenoire and M. Farge – Family Law; Sirey, 8th ed. 2021.
- Decision of the French Supreme Court of May 18, 2022 N 18-12.808.
- Decision of the French Supreme Court of February 3, 1999 N 96-11946.
- https://www.service-public.fr
სქოლიო:
- https://www.insee.fr/fr/statistiques/3306175#tab-leau-figure1
- Article 515-8 du Code civil – Le concubinage est une union de fait, caractérisée par une vie commune présentant un caractère de stabilité́ et de continuité́, entre deux personnes, de sexe diffèrent ou de même sexe, qui vivent en couple
- მერია არის ორგანო, სადაც პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია რეგისტრირდება.
- https://www.service-public.fr/particuliers/vosdroits/
- საფრანგეთის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება N 18-12.808.
- აფრანგეთის უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება N 96-11946.
- Tout fait quelconque de l’homme, qui cause à autrui un dommage, oblige celui par la faute duquel il est arrivé à le réparer – ნებისმიერის ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს სხვას, ავალდებულებს ამ ქმედების ავტორს გამოასწოროს იგი.
- https://www.formulaires.service-public.fr/gf/
- https://www.service-public.fr/particuliers/vosdroits/