×

Cookie Consent

ციფრული იდენტიფიკატორი
შემოკლება
გამოცემა

ამ სტატიაში

    რეზიუმე - Journal Law and World

    Volume 9, Issue 1


    ვალაუვალობის სასამართლო რეაბილიტაციის რეჟიმის საქმის წარმოებაში

    Authors: Meri Ketiladze

    Meri Ketiladze

    დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    Email: meri.ketiladze@ciu.edu.ge



    Affiliation: დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    Abstract: As it is known, the court is the body that administers justice. Georgia has a system of general courts, including District, Appeal, and Cassation courts. The district court is a court of first instance covering the entire territory of Georgia. Considering the specificity of insolvency, its cases are considered only by the city courts of Tbilisi and Kutaisi. The powers assigned to the insolvency court include reviewing the application, opening the rehabilitation regime, appointing a manager/supervisor, etc. The activity of a judge often goes beyond the scope of civil law and Civil Procedure Code. Accordingly, the rights and obligations established by other branches of law apply to him/her. One is the law of insolvency, which mainly has independent general and procedural norms. The current law envisages the court’s involvement in such a regime as rehabilitation. In the work, the role of the court is considered within the framework of the regulation of the law of insolvency, the rehabilitation regime, which is regulated by the law of insolvency. And the research revealed that certain issues need to be regulated at the legislative level. Due to the fact that the role and rights, and duties of the court in the rehabilitation regime have not been elaborated in accordance with the new law by the researchers, the research topic is relevant and interesting. To properly discuss the topic provided by the article, the law “On Rehabilitation and Collective Satisfaction of Creditors’ Claims”, insolvency proceedings, and bankruptcy proceedings are compared. The normative acts in force in Georgia are used in the work, which regulates the rights and duties of the judge. In addition, various international acts are cited in the article for comparison and strengthening of the position.

    Keywords: Insolvency, Rehabilitation regime, Statement of insolvency, Insolvency court


    Language: GE / EN

    Download
      მსგავსი სტატიები ვერ მოიძებნა!





    შესავალი

    ვალაუვალობის სამართალში, განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა რეაბილიტაციის რეჟიმი. რომლის გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. კერძოდ, იგი შეისწავლის რეაბილიტაციის რეჟიმის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე.
    მოცემული სტატია საინტერესო და ყურადსაღებია, რადგანაც მასში განხილულია სასამართლო/მოსამართლე ვალაუვალობის დარგის ჭრილში და მისი დამოუკიდებლობის აუცილებლობა დარგის სპეციალიზაციის დონეზე.
    ნაშრომის შესრულებისას გამოყენებულ იქნა კვლევის ისეთი სახეები, როგორიცაა: ისტორიული, შედარებითი, აღწერილობითი და სხვა მეთოდები.
    საკვლევი თემის მიზანს წარმოადგენს: ვალაუვალობის დარგში მოსამართლის როლის, დამოუკიდებლობისა და უფლება-მოვალეობების შესწავლა.
    საკვლევი თემის საგანია: ვალაუვალობის
    ქართული და უცხოური კანონმდებლობის შესწავლა მოსამართლის/სასამართლოს ფარგლებში.
    კვლევის ობიექტს წარმოადგენს: სასამართლოს/მოსამართლის უფლება-მოვალეობათა შესწავლა.

    სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებობა

    ყოველი ქმედება მოწოდებულია სათანადო შედეგის მიღწევაზე. განცხადების წარდგენისას, განმცხადებელი ორიენტირებულია სასამართლოს მიერ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მაშინ, როდესაც კანონით განსაზღვრულ დათქმებს გაითვალისწინებს განმცხადებელი და სათანადოდ წარადგენს განცხადებას სასამართლოში, დადგება შესაბამისი შედეგი. კერძოდ, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა მოხდება სასამართლოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარს განაცხადებს.
    რეაბილიტაციის რეჟიმის დასაწყებად სასამართლომ უნდა ჩაატაროს ერთგვარი „საგამოძიებო“ პროცედურები, რათა დაადგინოს, რეალურად არის თუ არა მოვალე გადახდისუუნარო. ეს გამოძიება მოითხოვს გადახდისუუნარობის ტესტის ჩატარებას.
    გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებობის საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში მსჯელობს, რომელიც განსხვავებულია განმცხადებლის სტატუსის მიხედვით.
    მას შემდეგ, რაც განცხადება წარდგენილი იქნება კანონის შესაბამისად და სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს და მოვალე გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი აღმოჩნდება, გამოიტანს განჩინებას განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ.1 მსგავსად რეგულირდება აღნიშნული საკითხი გერმანიის კანონმდებლობით. კრედიტორის ან მოვალის მიერ შეტანილი განცხადება უნდა ეფუძნებოდეს გადახდისუუნარობას ან მოსალოდნელ გადახდისუუნარობას, რაც მოსამართლის მიერ მოწმდება, რათა პროცესი დაიწყოს.2 ახალი კანონით აღნიშნულის შემოწმებისათვის, სასამართლოს მოვალის მიერ შეტანილი განცხადებისას 7-დღიანი ვადა აქვს, ხოლო კრედიტორის მიერ წარდგენის შემთხვევაში 10 დღის ვადა, მას შემდეგ, რაც კრედიტორი წარმოადგენს მოვალისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს.3 გადახდისუუნარობის 2007 წლის კანონი ამ უკანასკნელის წარდგენას განცხადების შეტანამდე ითვალისწინებდა, რომლისთვისაც 5-დღიანი ვადა იყო განსაზღვრული და მისი გაგრძელება სასამართლოს განჩინებით შეიძლებოდა 10 დღის ვადით.4 სხვა განმცხადებლების მიერ შეტანილი განცხადების მიღებისათვის კი, სასამართლოს 5-დღიანი ვადა ჰქონდა დადგენილი.5
    მოსამართლისათვის 5-დღიანი ვადის დადგენას არაგონივრულს უწოდებდა პროფესორი როინ მიგრიაული, რომელიც თავის სტატიაში, აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წელს საუბრობდა. იგი მიიჩნევს, რომ მოცემული დრო საკმარისი არ არის გადაწყვეტილების მიღებისათვის.6
    თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა მოსამართლეების ნაკლებობას განიცდის, საქმეების სიმრავლით გამოირჩევა და არათუ ვალაუვალობის, არამედ სამართლის სხვა დარგის მოსამართლეები განიხილავენ ვალაუვალობის სამართლის საქმეებს, 7 და 10 დღე არ იქნება საკმარისი განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების, განსაკუთრებით, განცხადებაში მოცემული გადახდისუუნარობის საფუძვლის შესწავლისა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებისათვის. როგორც წინამორბედმა კანონის პრაქტიკამ აჩვენა, 5 დღე საკმარისი არ იყო. დასანანია, რომ ახალმა კანონმა არ გაითვალისწინა ეს პრობლემა და ვერ შეაფასა საფრთხეები, რომელთა გამოწვევაც არაგონივრულ ვადას შეუძლია და სათანადო ცვლილებაზე უარი განაცხადა. ვფიქრობ, ახალ კანონში მინიმუმ, გაკოტრების 1996 წლის კანონის ვადა უნდა გაეთვალისწინებინათ, რომლის მიხედვითაც, სასამართლო 45 დღის განმავლობაში ამოწმებდა განცხადებას.7 კანონმდებლის მიერ განცხადების ვადების დიფერენცირება სუბიექტების მიხედვით მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, რომელიც არ შეიძლება დადებითად არ შეფასდეს, იმ რისკებისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც განცხადების წარდგენას ახლავს თან. ასევე, განსაკუთრებულ შეფასებას საჭიროებს კრედიტორის მიერ განცხადების წარდგენა, რადგანაც მას არ აქვს მოვალის შესახებ სრულ ინფორმაციაზე წვდომა, რაც სასამართლოს მხრიდან დამატებით ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. აღნიშნული კი ადასტურებს მოსაზრებას, რომ მოქმედი კანონით განცხადების განხილვისათვის დადგენილი ვადები საკმარისი არაა.

    სასამართლო ვალაუვალობის საქმის წარმოებაში

    განცხადების დასაშვებობა საინტერესო და გამორჩეულია იმით, რომ მოსამართლის პროცესში ჩართვა ამ ეტაპიდან იწყება. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში, იგი იწყებს პრაქტიკაში იმ უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას, რომლებიც კანონით აქვს მინიჭებული.
    მოსამართლის როლსა და ჩართულობაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებაა საჭირო. პირველი, 1996 წლის კანონიდან მოყოლებული, იცვლებოდა მისი უფლებამოსილებები, შესაბამისად, მისი როლი განსხვავებული ხასიათის მატარებელია მასში არსებული ნორმების შინაარსის მიხედვით.
    მაგალითად, თუ განვიხილავთ მოსამართლის უფლება-მოვალეობებს გაკოტრების შესახებ 1996 წლის კანონის შესაბამისად, აქ მისი როლი ორ ნაწილად იყოფოდა: სასამართლოსმიერ8 და სასამართლოსგარეშე9 რეაბილიტაციაში განჩინების მიღებით რეაბილიტაციის რეჟიმის დასაწყებად.
    მიიჩნევა, რომ სასამართლოსგარეშე რეაბილიტაციის დროს გაკოტრების სასამართლოს ფუნქციები მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ეს იმიტომ, რომ იგი მხოლოდ სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებდა და რეაბილიტაციის მიმდინარეობა და მისი განვითარება სასამართლოს ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა. სასამართლოს ზედამხედველობა გულისხმობდა მოვალესა და კრედიტორს შორის არსებული კერძო სამართლებრივი დავის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას და დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელი სამართლებრივი გარანტიების შექმნას.10
    სასამართლოსგარეშე რეაბილიტაციისგან განსხვავებით, სასამართლოსმიერ რეაბილიტაციას ახასიათებდა სასამართლოს აქტიური ჩართულობა. სასამართლოსმიერი რეაბილიტაციის განხორციელებაში სასამართლოს ჩართულობა გამოიხატებოდა შემდეგში: საგაკოტრებო მორიგების თაობაზე განცხადების მიღებასა და მის დამტკიცებაში, სამომრიგებლო წინადადებების მიღებასა და თავად, სასამართლოს მიერ წინადადების შემუშავებაში.11 ეს უკანასკნელი განსაკუთრებული ავტონომიის გამომხატველ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ რეაბილიტაციის რეჟიმის განხორციელების პროცესში. რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოში პროცესის მიმდინარეობა დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელების მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე არსებულ პრინციპებზეა დამყარებული. შესაბამისად, პროცესის მსვლელობა და მასთან დაკავშირებული მოსაზრებები, მხარეთა უფლების რეალიზების საშუალებად აღიქმება და არა მოსამართლის უფლების რეალიზების საშუალებად.
    ჩვენ ვიცით, რომ ჩვეულებრივ, სამოქალაქო საქმეების განხილვის პროცესში, სასამართლო აქტიურადაა ჩართული. ვალაუვალობის წარმოებაში მისი უფლებამოსილებები განსხვავებული და მცირეა. სამოქალაქო სამართლის წარმოებისაგან განსხვავება განაპირობებულია ვალაუვალობის დარგის სპეციფიკურობით. განსხვავებულობა თავს იჩენს განცხადების შედგენიდან დაწყებული, სასამართლოს მიერ მის წარმოებაში მიღებამდე და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ განჩინების გამოტანამდე.12 მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სასარჩელო წარმოებისაგან განსხვავდება ვალაუვალობის საქმის წარმოება მოსამართლის აქტივობა თავმჯდომარეობაში გამოიხატებოდა, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფას გულისხმობდა. მართალია, მიიჩნევა, რომ –
    „სასამართლოს როლი ცალკეულ შემთხვევებში
    დაკნინებულია და მხოლოდ გადაწყვეტილებათა ფორმალურად დამტკიცებით შემოიფარგლება“,13 თუმცა, სასამართლოს მიერ წინადადების შემუშავებაზე იგივე მოსაზრება, ვფიქრობ, არ უნდა გავრცელდეს, მინიმუმ, მხარეთა თანასწორუფლებიანობისთვის. იურიდიულ ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომ „ცალკეული ჯგუფების ხელშეწყობა უკვე ნიშნავს უთანასწორობას“.14 თუ მივიჩნევთ, რომ სასამართლო ვალაუვალობის პროცესში, კერძოდ, კი რეაბილიტაციის რეჟიმში აქტიურად უნდა იყოს ჩართული, მხარეთა თანასწორობის დაცვისათვის უპრიანად შეიძლება მიჩნეულ იქნას მხარეთა აქტიური ჩართულობით წინადადების შეთავაზება, რასაც გულისხმობს მხარეთა მორიგებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმის შეაბამისად.15 რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი სასამართლოს მიერ რაიმე სახის წინადადების შედგენას არ ითვალისწინებს. კანონის ლაიტმოტივად ქცეული სიტყვა – თანასწორობა – ამ კონტექსტშიც უზრუნველყოფილ იქნა კანონმდებლის მიერ და მოვალისათვის მართვაში დარჩენის შემთხვევაში, მის მიერ მომზადებულ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება კრედიტორებზეა დამოკიდებული და კრედიტორთა მიერ წინადადებებების წარდგენასაც ითვალისწინებს.
    აღნიშნული მოსაზრების გაზიარების ერთ-ერთ წყაროდ შეიძლება მიჩნეულ იქნას სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპები, რომლის თანახმად, – „მოსამართლემ არ
    უნდა გააკეთოს რაიმე კომენტარი ისეთ საქმეზე, რომელსაც ის განიხილავს“.16 საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მიხედვით,
    – „მოსამართლემ მართლმსაჯულება უნდა განახორციელოს წინასწარი განწყობის გამოვლენის გარეშე“.17 მაშინ, როდესაც სამომრიგებლო წინადადების შედგენა თავისი არსით
    გულისხმობდა კრედიტორთა რიგითობის დაკმაყოფილების განსაზღვრას, რაც რეჟიმის მხარეთა მიერ განსასაზღვრი საკითხია, ვფიქრობ, მოსამართლის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში და მისი რაიმე მოსაზრების არსებობა საფუძველსა და ეჭვს ქმნიდა რომელიმე მხარის სასარგებლოდ, ან პირიქით. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ახალი კანონის მიერ დადგენილი ნორმები უზრუნველყოფს მოსამართლის დამოუკიდებლობის სტანდარტის გაზრდასა და მხარეთა შორის პროცესის გამჭვირვალედ მიმდინარეობას, რისი უზრუნველყოფის საშუალებებიც გარანტირებულია, როგორც აღნიშნული, ასევე, სხვა ნორმატიულსამართლებრივი აქტებით.
    საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მხარეთა ინტერესებისა და მათი დაცვის გარანტად, სასამართლოსგარეშე რეაბილიტაციის რეჟიმის განხორციელება მესახება. მინიმუმ მანამდე, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ აიყვანს ვალაუვალობის დარგს სათანადო სიმაღლემდე და დარგის ეკონომიკურ, ფინანსურ, შრომისა და საერთაშორისო მნიშვნელობას არ გაათანაბრებს სასამართლოში არსებულ სხვა ვიწრო სპეციალიზაციის დარგებთან. კერძოდ, ვალაუვალობის სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეთა მიერ აპარატის შექმნით, რომელიც, უშუალოდ, ვალაუვალობის დარგის მცოდნე მოსამართლეებისაგან იქნება დაკომპლექტებული და არა არსებული პრაქტიკისამებრ, როდესაც სანივთო, სახელშეკრულებო და სხვა საქმეთა განმხილველი მოსამართლეები განიხილავენ ვალაუვალობის საქმეებს. მოცემულ შემთხვევაში, პრობლემა არა მხოლოდ დარგის დამოუკიდებლობა, არამედ საქართველოს საერთო სასამართლოების გადატვირთულობაცაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი
    მოსამართლის განსახილველი საქმეები 300-ს აღემატება. ასეთ პირობებში კი, რა თქმა უნდა, კანონის მიერ დადგენილი ვადები ძალიან ხანგრძლივდება დროში, რაც გადახდისუუნარობის საქმეების მიმართ განსაკუთრებული რისკის მატარებელია. ჩემი მოსაზრების მსგავსად, ევროპის საჭო აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად განმარტავს შემდეგს: –
    „საჭიროა, რომ მოსამართლეების საკმარისი რაოდენობის დასაქმება მოხდეს იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი საქმეებით გადატვირთვა და იმ საქმეების დასრულება გონივრულ ვადაში, რომელიც მოსამართლეებს უკვე დაეწერათ, მიუხედავად მათი მოცულობისა“.18 ევროპული ქარტია საქმის გონივრულ ვადაში განხილვაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს – „სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მოსამართლეებს ჰქონდეთ აუცილებელი საშუალებები მათი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის და კერძოდ საქმეების გონივრულ ვადაში განხილვისათვის“.19
    ვფიქრობ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სასამართლო სისტემის გადატვირთულობაზე საუბარი წყლის ნაყვად რომ არ გადაქცეულიყო და სათანადო ყურადღება, დრო და მონდომება დათმობოდა, სახეზე არ გვექნებოდა ის სავალალო შედეგები, რაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონს მოჰყვა გაკოტრების საქმეთა სიმრავლის სახით, რებილიტაციის რეჟიმთან შედარებით. დარგის სპეციალიზაციისა და დამოუკიდებლობის საკითხი სასამართლო სისტემაში ახალი კანონის ფარგლებშიც გამოწვევად რჩება, რომელიც პრაქტიკული, ნორმატიული თუ სამეცნიერო თვალსაზრისით რადიკალურ ცვლილებას საჭიროებს
    აღნიშნული საკითხის განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს აზრთა სხვადასხვაობა და გააჩინოს კითხვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ვალაუვალობის მოსამართლეთა შერჩევა, არჩევით თუ დანიშვნით?
    საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი იცნობს მოსამართლის როგორც არჩევას, ისე დანიშვნას. კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აირჩევა საქართველოს პარლამენტის მიერ,20 ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები ინიშნებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.21 იმის გათვალისწინებით, რომ ვალაუვალობის საქმეთა განხილვა ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში მიმდინარეობს, მოსამართლეთა დანიშვნის კომპეტენცია ცალსახად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა. შესაბამისად, საბჭოს მიერ დანიშნული ვალაუვალობის მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, მათ შორის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, რომელიც დარგთა საბაზისო კანონმდებლობით შემოიფარგლება.22 საგამოცდოდ მოცემულ სამართლის დარგებს, სამოქალაქო სამართლის გარდა, ძალზედ მწირი კავშირი აქვს ვალაუვალობის სამართალთან. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვალაუვალობის წარმოების მომწესრიგებელი კანონი და მასთან ახლოს მყოფი ისეთი დარგები, როგორებიცაა სამეწარმეო და საგადასახადო სამართალი, საგამოცდო თემატიკის ნაწილი არაა. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა არსებული სტანდარტით ვერ უზრუნველყოფს ვალაუვალობის მოსამართლეთა მომზადებას და მათ მიერ გამოცდების ჩაბარება არსებული სტანდარტით შეუსაბამოა. გარდა სამართლის ნორმების ცოდნისა, ვალაუვალობის მოსამართლეს, ვფიქრობ, საბაზისო ცოდნა უნდა გააჩნდეს ბიზნესის ადმინისტირებასა და მენეჯმენტში. ეს ყოველივე აუცილებელია, რათა მოსამართლეს სათანადო წარმოდგენა ჰქონდეს ბიზნესის მართვაზე, რისკებზე, შემოსავლებზე, ხარჯზე და სხვ.
    მოსაზრების გასამყარებლად შეიძლება მოყვანილ იქნას ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნიდან ციტატა: „იქ სადაც მოსამართლეები ინიშნებიან, ან შეიძლება დანიშნულ იქნან გამოცდილი პრაქტიკოსების წრიდან, გამოცდების ჩატარების აუცილებლობა საეჭვოა, ხოლო დანიშვნის საფუძველი უფრო მეტად პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სხვა პირებთან კონსულტაცია უნდა იყოს, რომლებსაც შესაბამისი კანდიდატის სამუშაო გამოცდილების შესახებ უშუალო ინფორმაცია აქვთ“.23

    დასკვნა

    ნაშრომის შეჯამების შედეგად შეიძლება დავასკვნათ შემდეგი:
    გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისათვის სასამართლოსათვის კანონით დადგენილი ვადები მსჯელობისათვის, მოვალე ნამდვილად არის გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი გონივრული არ არის;
    აუცილებელია ვალაუვალობის სპეციალიზაციის მქონე სასამართლო აპარატის შექმნა. რომელიც, უშუალოდ, ვალაუვალობის დარგის მცოდნე მოსამართლეებისაგან იქნება დაკომპლექტებული;
    კითხვას, თუ როგორ უნდა მოხდეს ვალაუვალობის მოსამართლეთა შერჩევა, არჩევით თუ დანიშვნით, ვფიქრობ, გაზიარებულ უნდა იქნას სხვა ქვეყანათა პრაქტიკა და მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ უნდა იყოს მოსამართლის ცოდნისა და კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმი;
    თუ პრინციპულ საკითხად იქნება ქცეული ვალაუვალობის დარგის მოსამართლეთა მიერ გამოცდის ჩაბარება, მართებულად მიმაჩნია მოსამართლეები შეფასდნენ ისეთ დარგებში, რომელთაც ვალაუვალობის დარგთან მჭიდრო კავშირი აქვს, რადგანაც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა არსებული სტანდარტით, ვერ უზრუნველყოფს ვალაუვალობის მოსამართლეთა სათანადო მომზადებას.
    ყოველივეს გათვალისწინებით, მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში აუცილებელია ვალაუვალობის დარგის დამოუკიდებელი სასამართლო აპარატის ჩამოყალიბება, მოსამართლეთა მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის სათანადო სპეციალიზაციით ჩაბარება, ხოლო, გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში სათანადო კვალიფიკაციის მოსამართლეთა შერჩევა და სასამართლოსათვის განცხადების განხილვისათვის გონივრული ვადის დადგენა.

    ბიბლიოგრაფია:

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1. ISET, Regulatory impact assessment of selected issues under the rehabilitation and collective satisfaction of creditors bill, (2019) Final Report. Link
    2. Lexology GTDT, INSOLVENCY LITIGATION France, Germany, Spain, United Kingdom and 1 more, Generated 21 December 2021. Link
    3. Ketiladze M., (2022) The role of the court in accepting the application for the rehabilitation regime, Tbilisi Humanitarian Education University III online international scientific-practical interdisciplinary conference.
    4. Migriauli R., (2013) Bankruptcy Law Critics, Newspaper: Banks and Finances.
    5. Migriauli R., (2017) Introduction to Bankruptcy and Insolvency Law, 3rd Revised Edition, Publishing House: World of Lawyers, Tbilisi.
    6. Meskhishvili K., Batlidze g., Amisulashvili N., Jorbenadze S., (2021) Insolvency case production Basics According to the Law “On Rehabilitation and the Collective Satisfaction of Creditors’ Claims”, publishing house: GIZ, Tbilisi. Link
    7. Khubua G., (2004) Theory of Law, Publisher: Meridian, Tbilisi.

    ნორმატიული მასალები:

    1. Law on Bankruptcy Proceedings 1996. Link
    2. Bangalore Principles of Judicial Conduct 2002. Link
    3. Civil Procedure Code of Georgia 1997. Link
    4. Insolvency Proceedings Act, 2007. Link
    5. Conclusion #1 of the Consultative Council of European Judges (CCJE) (2001) for the attention of the Committee of Ministers of the Council of Europe on the independence of the judicial corps and the standard of inadmissibility of the termination of the authority of judges.
    6. European Charter on the Status of Judges. Link
    7. Explanatory card on the draft law of Georgia “On Rehabilitation and Collective Satisfaction of Creditors’ Claims, 2020. Link
    8. Judicial ethics rules of Georgia. Link
    9. Law “On Rehabilitation and Collective Satisfaction of Creditors’ Claims”, 2020. Link
    10. Organic law of Georgia “On General Courts”. Link
    11. Recommendation of the Committee of Ministers #R (94) 12, Explanatory card for member states on the independence, efficiency and role of judges.

    სქოლიო:

    1. რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი. 47.4. [ბოლოწვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    2. Lawyer for Insolvency Law: German Proceedings. Link
    3. რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი. 47.1. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონი.მუხლი, 22.2. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    5. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონი, მუხლი, 19.1. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    6. მიგრიაული რ., გაკოტრების კანონის კრიტიკოსებს, 2013 წ. გაზეთი „ბანკები და ფინანსები“.
    7. 7 იხ.გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ კანონი, 7.1. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    8. შენიშვნა: სასამართლოსმიერი რეაბილიტაციისათვის დამახასიათებელი იყო სასამართლოს აქტიური როლი. კერძოდ, საგაკოტრებო მორიგების მიღება, დამტკიცება და სხვ.
    9. შენიშვნა: სასამართლოსგარეშე რეაბილიტაცია ხორციელდებოდა სასამართლოს მინიმალური ჩართულობით. გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ 1996 წლის კანონის თანახმად, მხოლოდ მოვალე იყო უფლებამოსილი მოეთხოვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება რეაბილიტაციის გეგმის შემუშავების მიზნით. იმისათვის, რომ გადავადება მომხდარიყო, მოვალეს სასამართლოსათვის უნდა დაემტკიცებინა რეაბილიტაციის შესაძლებლობა. ამ უკანასკნელის მიერ რეაბილიტაციის მიზანშეწონილად მიჩნევასა და მის საფუძველზე, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ განჩინების მიღებაში ვლინდებოდა სასამართლოს როლი. ვრცლად იხ. გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ 1996 წლის კანონი, მუხლი,10.
    10. მიგრიაული რ., შესავალი გაკოტრებისა და გადახდუსუუნარობის სამართალში, მე-3 გადამუშავებული გამოცემა, გამომცემლობა: იურისტების სამყარო, თბილისი, 2017. გვ.239. .
    11. გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ კანონი, მუხლი 23. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    12. კეთილაძე მ., სასამართლოს როლი, რეაბილიტაციის რეჟიმის განცხადების წარმოებაში მიღებისას, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 28 მაისი, 2022 წ.
    13. რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე განმარტებითი ბარათი.
    14. ხუბუა გ., სამართლის თეორია, გამომცემლობა: მერიდიანი, თბილისი, 2004.
    15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. მუხლი,218.2. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    16. სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპები. 2.4. 2002წ. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    17. საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესები. მუხლი,6. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    18. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია #R (94) 12, წევრი სახელმწიფოებისათვის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და როლის შესახებ განმარტებითი ბარათი, კომენტარი 27. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    19. ევროპული ქარტია მოსამართლეთა სტატუსის შესახებ. 1.6. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    20. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი. მუხლი, 36.2. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    21. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი. მუხლი, 36.4. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    22. იხ. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი. მუხლი, 53. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    23. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნა #1. (2001) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საყურადღებოდ სასამართლო კორპუსის დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა უფლებამოსილების შეწყვეტის დაუშვებლობის სტანდარტის შესახებ. [ბოლო წვდომა 31 დეკემბერი, 2022].
    გამოქვეყნების საფასური
    მთავარი რედაქტორი
    გამოქვეყნების ენა

    dealSeal