×

Cookie Consent

ციფრული იდენტიფიკატორი
შემოკლება
გამოცემა

ამ სტატიაში

    რეზიუმე - Journal Law and World

    Volume 9, Issue 2


    MORATORIUM MEASURE IN PROCEEDING OF THE REHABILITATION REGIME

    Authors: Meri Ketiladze

    Meri Ketiladze

    Doctoral Candidate, Guest lecturer at the Caucasus International University, Georgia

    Email: meri.ketiladze@ciu.edu.ge



    Affiliation: Doctoral Candidate, Guest lecturer at the Caucasus International University, Georgia

    Abstract: The debtor, who is willing to implement the rehabilitation regime, needs proper support in order to maintain and protect insolvency, increase the liquidity of the entity, etc. The moratorium measure ensures all of the aforementioned in insolvency law, in particular in the rehabilitation regime. The use of the moratorium measure in the rehabilitation regime should not be understood solely in favour of the debtor. It is a means of protecting the interests of creditors along with the interests of the debtor. The law distinguishes between mandatory and additional moratorium measures. As soon as the court issues a ruling on opening the rehabilitation regime, certain measures of the moratorium are automatically put into effect, and in certain cases, based on the court’s decision, it is possible to apply additional measures of the moratorium. Consequently, the moratorium measure requires the court’s involvement and caution. When applying the moratorium, the court must act in accordance with the principles of justice and proportionality. The use of the moratorium measure in the rehabilitation regime can be considered an important means of implementation of one of the important principles of the law, “ – Maintaining and increasing the insolvency and business value as much as possible”.

    Keywords: Insolvency, Rehabilitation, Moratorium


    Language: EN

    Download





    შესავალი:

    როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ შესახებ ახალი კანონი. კანონმდებელმა კანონის უპირატეს მიზნად რეაბილიტაციის რეჟიმის განხორციელება დაისახა, რომელიც როგორც მოვალის, ასევე კრედიტორის ინტერესის დაცვის საუკეთესო საშუალებაა
    მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის საფუძველი ფინანსური კრიზისია, რომლისგანაც არცერთი მეწარმე სუბიექტია დაზღვეული. შესაბამისად, კრიზისის დასაძლევად მოვალეს ესაჭიროება გარკვეული სამართლებრივი მხარდაჭერა. ვალაუვალობაში, კერძოდ კი, რეაბილიტაციის რეჟიმში, ასეთად გვევლინება მორატორიუმის ღონისძიება, რომელიც მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების გარკვეული ვადით შეჩერებას უზრუნველყოფს. მორატორიუმის ღონისძიება, არ შეიძლება მხოლოდ მოვალის ინტერესების განხორციელების საშუალებად იქნას გაგებული. იგი კრედიტორთა ინტერესების დაცვის საშუალებადაც გვევლინება რეაბილიტაციის რეჟიმის განხორციელებისთვის.
    მოცემული სტატია საინტერესოა და სიახლეს წარმოადგენს იმ თვალსაზრისით, რომ მასში განხილულია, მორატორიუმის ღონისძიება ახალი კანონის ფარგლებში.
    ნაშრომი სათანადო სტანდარტის რომ ყოფილიყო, მასში გამოქვენებულია ისეთი კვლევის სახეები, როგორებიცაა: ისტორიული კვლევის, შედარებითი, ნარატიული, აღწერილობითი მეთოდები და სხვ.
    საკვლევი თემის მიზანია ვალაუვალობის დარგში, კერძოდ კი, რეაბილიტაციის რეჟიმში მორატორიუმის ღონისძიების შესწავლა და განხილვა
    კვლევის საგანია ვალაუვალობის ქართული კანონმდებლობის მოქმედი კანონის შესწავლა, რომელის ჭრილში ექცევა მორატორიუმის ინსტიტუტი.
    კვლევის ობიექტია მორატორიუმის ინსტიტუტის შესწავლა საქართველოსა და ბრიტანეთის მაგალითზე.
    მიიჩნევა, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ 2007 წლის კანონი – მორატორიუმის ღონისძიებებთან მიმართებით ხისტი იყო და არ იძლეოდა საშუალებას, გამოყენებული ყოფილიყო კონკრეტულ მოვალეზე მორგებული და დაბალანსებული მორატორიუმის ღონისძიებები. ასევე აღინიშნებოდა, რომ წინამორბედი კანონი სამართლებრივი მოწესრიგების სიმწირით გა
    მოირჩეოდა.1 შესაბამისად, მისი ახლებურად მოწესრიგება გახდა საჭირო, რაც ახალი კანონის ფარგლებში განხორციელდა.

    მორატორიუმის ღონისძიება, როგორ მოვალის სუნთქვის თავისუფალი სივრცე

    მორატორიუმის ღონისძიება, თავის მხრივ, ფინანსურად გაჭირვებულ, მაგრამ მაინც სიცოცხლისუნარიან მოვალეს აძლევს შესაძლებლობას, მოემზადოს რეაბილიტაციისთვის, ახალი ინვესტიციების მოსაძიებლად ან სხვა სამაშველო ღონისძიებების განსახორციელებლად. მორატორიუმის დროს კრედიტორებს არ შეუძლიათ კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს თანხმობის (ანუ ნებართვის) გარეშე რაიმე სამართლებრივი ქმედების განხორციელება.2 მორატორიუმი იცავს ფინანსურად გაჭირვებულ კომპანიას სამართლებრივი ქმედებების განხორციელებისგან, სანამ დამტკიცდება რეაბილიტაციის გეგმა ან კომპანიის საქმეების მოწესრიგება დასრულდება.3 მორატორიუმის საფარველის გამოყენებით მოვალეს ეძლევა საშუალება, გაიუმჯობესოს ლიკვიდურობა, მათ შორის, ვადამოსული ვალდებულებების შესრულების გადავადებით, რაც, თავის მხრივ, ზრდის მის რეაბილიტაციაუნარიანობას და წარმატებული რეაბილიტაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.4
    დიდ ბრიტანეთში რეაბილიტაციის რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლად მიიჩნევა მორატორიუმი, რომელსაც ერთგვარ „გაყინვას“ უწოდებენ.5 აქ მორატორიუმის ღონისძიებით სარგებლობისთვის აუცილებელია სასამართლოში განცხადების შეტანა და დოკუმენტების წარდგენა.6 მორატორიუმი ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც განცხადებით მიმართავენ სასამართლოს პრაქტიკოსის დანიშვნის თაობაზე ან პრაქტიკოსის დანიშვნის შესახებ ცნობის გადაცემისას სასამართლოს გარეშე პროცესის დროს. დიდ ბრიტანეთში მორატორიუმი აჩერებს ყველა სასამართლო პროცესს, უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს ნებართვის ან პრაქტიკოსის თანხმობის გარეშე.7
    ჩვენი ქვეყნის მოქმედი კანონით, სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად ამოქმედებას იწყებს მორატორიუმის ღონისძიებები, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არის შესაძლებელი მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენება. ყოველივეს კანონი იმპერატიულად ადგენს. განვიხილოთ თითოეული მათგანი ინდივიდუალურად.

    ავტომატურად ამოქმედებადი მორატორიუმის ღონისძიებები

    კანონის თანახმად, ავტომატურად ამოქმედდება მორატორიუმის შემდეგი ღონისძიებები: ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება; ჩერდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა) და ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა და სხვ მრავალი.8 როდესაც მორატორიუმის ღონისძიებებს კანონი პირდაპირ ადგენს კანონისმიერი მორატორიუმი ეწოდება. ე.წ. ჟანგბადის სივრცე. ეფექტური მოლაპარაკებისათვის აუცილებელია კომპანიას ჰქონდეს თავისუფალი სუნთქვის საშუალება, რასაც მორატორიუმის ღონისძიება უზრუნველყოფს.9 ყოველივეს გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას შემდეგი: მორატორიუმი გადამწყვეტია, რათა მოვალეს მიეცეს სუნთქვისთვის სივრცე, რომელიც მას ჭირდება რეაბილიტაციის მიზნების მისაღწევად. რეაბილიტაციაში მორატორიუმი ბიზნესს აძლევს დროსა და თავისუფლებას, რომელიც მას ჭირდება, რათა, იპოვოს ლოგიკური გადაწყვეტილებები და გზები წინსვლისთვის. თუ რა გზას მოიძიებს მოვალე, მასზეა დამოკიდებული. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს აქტივების რეალიზაცია და რეალიზაციიდან მიღებული თანხით კრედიტორთა დაკმაყოფილება, პარტნიორის მოძიება, რომელიც კომპანიის წილის სანაცვლოდ, მის მიერ გადახდილი თანხით მოხდება ვალდებულებების გასტუმრება, ან მოძიებულ იქნას მყიდველი, რომლის საშუალებითაც მოხდება კომპანიის მიერ ნაწარმი პროდუქციის შესყიდვა და სხვა.
    მოვალეს აბსოლუტური თავისუფლება აქვს, თუ რა ღონისძიებას მიმართოს ვალდებულებების გასასტუმრებლად. მაშინ, როდესაც მოვალე ფინანსური კრიზისის წინაშეა, რეაბილიტაცია არის საუკეთესო საშუალება, რათა აცილებულ იქნას კრედიტორთა მხრიდან ზეწოლა. ხოლო, მორატორიუმის მიზანი და მისი სამართლებრივი რეგულაცია გადამწყვეტია რეაბილიტაციის მიზნების მისაღწევად.
    დიდ ბრიტანეთში მიიჩნევა, რომ მორატორიუმი მოვალის მფლობელობის პროცედურაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას მენეჯმენტი კვლავ აკონტროლებს. თუმცა, ლიცენზირებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც „მონიტორი“, დანიშნულია კრედიტორებისთვის ზედამხედველობისა და გარანტიების უზრუნველსაყოფად. მისი მოვალეობაა თვალყური ადევნოს კომპანიის, როგორც მიმდინარე საქმიანობას, ისე მისი გადარჩენის ალბათობას. თუ ის მიიჩნევს, რომ შედეგის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა, მისი მოვალეობაა შეწყვიტოს მორატორიუმის ღონისძიება.10
    ამ უკანასკნელს ჩვენი ქვეყნის მოქმედი კანონიც ადგენს, რომლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის, მოვალის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.11 კანონი ასევე ადგენს ცალკეულ შემთხვევებს, როცა შეიძლება მორატორიუმის ღონისძიების გაუქმება.

    მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებები

    რაც შეეხება მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენებას, მისთვის საჭიროა კრედიტორის, მოვალის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადება, რაზეც სასამართლო მიიღებს განჩინებას.
    დამატებითი ღონისძიებების საფუძველზე მიღებული განჩინებით, შეიძლება: 1. მოვალეს აეკრძალოს მის მფლობელობაში არსებული ლიზინგის, პირობადებული საკუთრების დათქმით ან სხვა საფუძვლით გადაცემული ნივთების დაბრუნება; 2. მოვალეს შეეზღუდოს ან აეკრძალოს ქონების განკარგვა, მათ შორის, მისი გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა, შეჩერდეს მოვალის მიერ დადებული ხელშეკრულების იმ ნორმების მოქმედება, რომლებიც მოვალეს ქონების განკარგვას ავალდებულებს და სხვ.12
    თუკი მორატორიუმის ავტომატურად ასამოქმედებელი ღონისძიებები მოწოდებულია მოვალის ინტერესებისკენ და მისთვის შესაძლებლობის მიცემაზე, მისი გადარჩენისაკენ, მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებები უზრუნველყოფს კრედიტორთა ინტერესების დაცვას, რათა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება უფრო არ გართულდეს ან უარესი, შეუძლებელი გახდეს. ხოლო, მესამე პუნქტი, რომელიც მოვალის კონტრაჰენტებს ზღუდავს არჩევანში, ორივე მხარის ინტერესების დაცვის საშუალებად შეიძლება მივიჩნიოთ.

    მორატორიუმის ღონისძიება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის მიხედვით

    მოქმედი კანონით მორატორიუმის ღონისძიებას ცალკე თავი ეძღვნება. როგორც აღინიშნა, 2007 წლის კანონი მისი სამართლებრივი მოწესრიგების სიმწირით გამოირჩეოდა. 2007 წლის კანონში მორატორიუმის ღონისძიება ამ სახელით ნახსენებიც კი არ არის. შესაბამისად მისი განმარტებაც არ არსებობს და არც ის სტანდარტი, რაც ახალმა კანონმა შემოგვთავაზა მისი მოწესრიგებით. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონი, მხოლოდ იმაზე აკეთებდა მითითებას, რომ იკრძალებოდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდებოდა ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.13 მარტოოდენ ამ ნორმის არსებობა კანონში, ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის შესახებ, ცალსახა საფუძველია იმის თქმის, რომ 2007 წლის კანონი თანამედროვეობას ჩამორჩებოდა, აუცილებელი იყო მისთვის სათანადო ნორმათა შემუშავება და შემდგომში იმპლემენტაცია. სწორედ, ამ და სხვა მრავალი საკითხის მოუწესრიგებლობა შეიძლება იქნას მიჩნეული ახალი, რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის მიღების საფუძვლად.

    დასკვნა

    ყოველივეს შეჯამების საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოქმედი რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი მოვალეს აბსოლუტურ შესაძლებლობას აძლევს, რეაბილიტაციის რეჟიმის საშუალებით საკუთარი უფლებები უზრუნველყოს, დასახულ მიზნებს მიაღწიოს და ფინანსური სიძნელეები გადალახოს, უპირველეს ყოვლისა, მორატორიუმის ღონისძიების საშუალებით
    კანონის საფუძველზე და ყოველივეს გაანალიზების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ მოვალეს რეაბილიტაციის რეჟიმის განხორციელების გზით უჩნდება ისეთი ინტერესები, როგორებიცაა, მისი როგორც მეწარმე სუბიექტის იურიდიულად არსებობის გაგრძელება, – მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში, მისი საწარმოს შენარჩუნება, სადაც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც აღჭურვილია მთელი რიგი ორგანიზაციულ-სტრუქტურული ერთეულებით. მოვალეს ამ ყოველივეს უზრუნველყოფაში კი ეხმარება მორატორიუმი, რომელის არსებობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მოვალეს სუნთქვის საშუალებას აძლევს „ვალების დაპაუზებით“. მოვალისთვის პირადი მატერიალური ინტერესის გარდა, საინტერესოა კრედიტორებთან არსებული ურთიერთობის შენარჩუნება და სამომავლოდ მისი გაგრძელება, რასაც რეაბილიტაციის რეჟიმი და მორატორიუმოს ინსტიტუტი უზრუნველყოფს. რეაბილიტაციის რეჟიმი მნიშვნელოვანია იმ მხირივაც, რომ იგი მოვალეს შესაძლებლობას აძლევს მომავალზე იფიქროს. შევიდეს ახალ სამართლებრივ ურთიერთობებში, დადოს ახალი
    ხელშეკრულებები, შეიძინოს ახალი პარტნიორები, აწარმოოს ახალი სავაჭრო ურთიერთობები, იფიქროს ფილიალის შექმნაზე და სხვ. ამისთვის კი მისთვის აუცილებელია მორატორიუმის ღონისძიებით სარგებლობის შესაძლებლობა.

    სქოლიო:

    1. რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე განმარტებითი ბარათი, 2020 წ.
    2. ჭეჭელაშვილი, ზ., (2020). სახელშეკრულებო სამართალი., გამომცემლობა „ბონა კაუზა“., თბ., გვ 234.
    3. თუმანიშვილი გ., (2012). ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა და ვალდებულებით-სამართლებრივი ნორმატიული რეგულირება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., გვ 70.
    4. მესხიშვილი ქ., ბათლიძე გ., ამისულაშვილი ნ., ჯორბენაძე ს., (2021) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, გამომცემლობა: © GIZ, თბილისი. გვ.33. Link
    5. მიქავა, ლ., (2011). ვინდიკაციური სარჩელი, როგორც სანითვო უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალება, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ N1., თბ., გვ 76..
    6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე, N8, 2003 წ.
    7. ქოჩაშვილი, ქ., (2015). მფლობელობა და საკუთრება – ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში., გამომცემლობა „ბონა კაუზა“თბ., გვ.193
    8. რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი, მუხლი 55. [ბოლო ნახვის თარიღი: 11 აპრილი, 2023].
    9. ამისულაშვლი ნ., ბაშინურიძე ქ., (2019) რეგულირებული შეთანხმების სახელმძღვანელო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“, გვ.21.Link
    10. Ashurst, Corporate Insolvency and Governance Act: The Moratorium. London, June 26, 2020. Link
    11. რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი. მუხლი, 58.1. [ბოლო ნახვის თარიღი: 11 აპრილი, 2023].
    12. რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი. მუხლი, 57.1. [ბოლო ნახვის თარიღი: 11 აპრილი, 2023].
    13. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონი, მუხლი 21.3. [ბოლო ნახვის თარიღი: 11 აპრილი, 2023].
    გამოქვეყნების საფასური
    მთავარი რედაქტორი
    გამოქვეყნების ენა

    dealSeal