შესავალი:
დღეისათვის ქართულ სამეცნიერო ნაშრომებში, ყურადღება ფაქტიურად არ ეთმობა და შესაბამისად პრობლემატური და შესასწავლია საკითხი სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმის და მისი სამართლებრივი შედეგების თაობაზე. აღნიშნული კომპონენტის მეცნიერული შესწავლა, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზების მოძიება, ვფიქრობთ ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის პროცესის პრინციპების სრულყოფილ რეალიზებას, იმ კუთხით, რომ ყველამ ვინც ჩაიდინა დანაშაული, წარდგენილი იქნეს სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე და ამასთან გამოირიცხოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
ჯავრდება. მიგვაჩნია, რომ ბრალდებაზე უარის თქმის მონათესავე ინსტრუმენტები, საპროცესო კანონმდებლობაში, წარმოდგენილი არის გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის სახით. აღნიშნული საპროცესო გადაწყვეტილებები სრულ ჰარმონიზაციაში მოდის ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციასთან, რომლის მიხედვით სახელმწიფო ბრალმდებლებმა არ უნდა დაიწყონ ან არ უნდა გააგრძელონ სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ ობიექტური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდება არის უსაფუძვლო.
საკვლევი თემის მეცნიერულ ჭრილში შესწავლა საშუალებას მოგვცემს შევავსოთ ის სიცარიელე, რაც სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმას ახლავს ქართულ რეალობაში, აღნიშნული სიცარიელე კი შეივსება ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემით, რომელიც არის პრობლემური და საინტერესო როგორც მეცნიერების, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისათვის. სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმის ინსტიტუტის მეცნიერული შესწავლა, მისი არსის და შედეგების დეტალური ანალიზი, თანამედროვე ქართული კანონმდებლობის ჭრილში, საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ იმ პრობლემათა იდენტიფიცირება, რაც თან ახლავს აღნიშნულ საპროცესო მოქმედებას, აგრეთვე ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება და ჩამოყალიბდება ის რეკომენდაციები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ერთი მხრივ საპროცესო ინსტიტუტის ირგვლივ არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაში და მეორე მხრივ საპროცესო კანონმდებლობის სრულყოფისათვის. საკითხის მეცნიერული შესწავლა პროკურორს დაეხმარება უფრო აქტიურად და შეუფერხებლად გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და მინიმუმადე იქნეს დაყვანილი სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმის დროს სუბიექტური და დანაშაულებრივი მიდგომები.
ამ მხრივ, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში უნდა გამოცხადდეს დისკუსია პროკურორის მიერ სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმის პრობლემების შესახებ, შედარებისათვის, აღნიშნული საკითხი აქტიურად არის წამოჭრილი და განიხილება საზღვარგარეთის სახელმწიფოების იურიდიულ წრეებში.
უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ითვლებოდა მძიმე დანაშაულად, შესაბამისად, ძველი სამყარო მკაცრად სჯიდა აგრეთვე იმ პირებს, ვინც უკანონოდ დასდებდა ბრალს მართალ ადამიანს, მაგალითად ხამურაბის კანონები სიკვდილით სჯიდა იმ ბრალმდებელს, ვინც ვერ დაამტკიცებდა პირის დამნაშავეობას. ანტიკური საბერძნეთი და ძველი რომიც იზიარებდა ამგვარ მიდგომას და თვლიდა, რომ უმჯობესი იყო დამნაშავე დარჩენილიყო სასჯელის გარეშე, ვიდრე უდანაშაულო პირი დაესაჯათ. 212 წლის რომის კონსტიტუციის თანახმად, ბრალდების ტვირთი ეკისრებოდა ბრალმდებელს, თავისუფლების დიდი ქარტიის (Magna Carta) თანახმად კი, პირის გასამართლების უფლებამოსილება არა მეფეს, არამედ მხოლოდ სამართლიან სასამართლოს შეეძლო.
საქართველოში მართლმსაჯულება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების პროცესის დემოკრატიზაციას და სრულყოფას.
აღნიშნულ პროცესში, გადამწყვეტი როლი ეკისრება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებების რეალიზების პროცესს, რომელიც სამართალწარმოების გადამწყვეტ ეტაპზე, კერძოდ, საქმის სასამართლო განხილვის დროს გვევლინება სახელმწიფო ბრალმდებლად, რა დროსაც მას ევალება არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება, არამედ სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმა. აღნიშნული უფლებამოსილება, პროკურორს, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელს ანიჭებს უფლებადამცველის უფლება-მოვალეობებს, ვინაიდან სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმა, პირდაპირ არის დაკავშირებული პირის კანონიერი უფლებების რეალიზებასთან. სახელმწიფო ბრალდების განხორციელებაზე უარის თქმის უფლებამოსილების გამოყენების დროს, პროკურორი იცავს ბრალდებულის უფლებებს და აღნიშნული უფლების გამოყენებას კანონი სახელმწიფო ბრალმდებელს ავალებს იმავე წარმატებით, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას, რაც გამორიცხავს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უდანაშაულო პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურების განხორციელებას და ხელს შეუწყობს სამართლიანი და კანონიერი მართლმსაჯულების განხორციელებას.
განსხვავება გამოძიების დაწყებაზე უარის თქმას, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმას და სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმას შორის
დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში, კანონი გამომძიებელს და პროკურორს უწესებს ვალდებულებას დაიწყონ გამოძიება. პრაქტიკაში დანაშაულის შესახებ, ნებისმიერი შეტყობინების საფუძველზე იწყება თუ არა გამოძიება? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოძიების დაწყების პოზიტიურ ვალდებულებას დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელს და პროკურორს საპროცესო კანონი უწესებს და ამ შემთხვევაში ის არ წარმოადგენს ისეთ დისკრეციულ უფლებამოსილებას, მაგალითად, როგორიც არის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, მისი შეწყვეტა და ბრალდებაზე უარის თქმა.
აქვე უნდა აღინიშნოს ფორმალური, მაგრამ მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ, კერძოდ საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის საპროცესო ინსტიტუტს და არც წინასაგამოძიებო მოქმედებათა სისტემას. აღნიშნულ საკანონმდებლო ტენდენციას რიგ შემთხვევებში, მეცნიერები დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ ასეთი მიდგომა ხელს შეუშლის ქვეყანაში „დაუსჯელობის სინდრომის“ დამკვიდრებას.
სისხლის სამართალწარმოების ადრეულ ეტაპზე გამოძიების დაწყებაზე ან/და სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარის თქმა შეესაბამება სისხლის სამართლის პროცესის პრინციპებს, ვინაიდან აჩქარებს პროცესის მონაწილეთა შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების პროცესს, ზოგავს მატერიალურ თუ ადამიანურ რესურსს, რაც თავის მხრივ ამ აქტივებს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიებისაკენ მიმართავს.
რა შემთხვევაში შეუძლია გამომძიებელს და პროკურორს არ დაიწყონ გამოძიება? აღნიშნულ კითხვაზე გასაცემად, კვლავ უნდა ვიხელმძღვანელოთ სსსკ-ის 100-ე მუხლის ჩანაწერით, სადაც საუბარია დანაშაულის შესახებ ინფორმაციაზე. უნდა აღინიშნოს, რომ გამომძიებელმა და პროკურორმა პირველ რიგში, წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებულ შეტყობინებაში უნდა დაადგინონ დანაშაულის ნიშნების არსებობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი არის აგრეთვე გამოძიების დაწყებისთვის, რათა განისაზღვროს დანაშაულის კვალიფიკაცია. საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, დღეისათვის მოქმედებს 7 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა, კერძოდ: საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აღნიშნულ უწყებებს რა თქმა უნდა არ ექნებათ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ერთნაირი მიდგომები, მაგრამ რაც ყველა მათგანს აერთიანებს, არის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ელექტრონული პროგრამა, რომელიც 2010 წლიდან ადაპტირებულია საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში და რასაც თავის ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ საქართველოს ყველა გამომძიებელი და პროკურორი. შეტყობინების რეგისტრაცია აღნიშნულ პროგრამაში, მას ანიჭებს თავის უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს, რის შემდეგაც, თუ გამომძიებელი და პროკურორი მივლენ დასკვნამდე, რომ სახეზე არის აშკარა დანაშაულის ნიშნები, ელექტრონული პროგრამა იძლევა საშუალებას, ქმედებაზე ქმედების პრინციპით, გამომძიებელმა დაიწყოს გამოძიება, რა დროსაც პროგრამა ავტომატურად ქმნის ე.წ. ფორმა #1, სადაც მითითებულია სისხლის სამართლის საქმის ნომერი, დანაშაულის ფაბულა, დანაშაულის სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია და უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერა.
გამომძიებელი და პროკურორი, შეტყობინებაში თუ ვერ დაადგენენ დანაშაულის ნიშნებს და უფრო მეტიც, შეტყობინება თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს დანაშაულის ნიშნების არარსებობაზე, ასეთ შემთხვევაში გამომძიებელს და პროკურორს არ ექნებათ გამოძიების დაწყების ვალდებულება და მათ მიერ მიღებული უნდა იქნას გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის ობიექტური გადაწყვეტილება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინებას, თუ არ ჩავთვლით სისხლის სამართალწარმოების დროს გამოვლენილ შემთხვევას, ყოველთვის ჰყავს კონკრეტული ინიციატორი, რომელიც რიგ შემთხვევაში არის სუბიექტური და მოქმედებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გამომძიებელს და პროკურორს, გამოძიების დაწყებამდე მართებს დეტალურად შეისწავლონ და გააანალიზონ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტები და გარემოებები, რა დროსაც, პირველ რიგში, თავიანთი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე უნდა დაადგინონ შეტყობინებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, ხოლო შემდეგ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას მისცენ სამართლებრივი კვალიფიკაცია.
რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც შეტყობინება არ იძლევა კატეგორიული ანალიზის საშუალებას, კერძოდ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, მაგრამ ფაქტი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ლოგიკურად ჩნდება შემდეგი კითხვა, იმ პირობებში, როცა საქართველოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს წინასაგამოძიებო წარმოებას, როგორ უნდა მოახდინონ გამომძიებელმა და პროკურორმა შეტყობინებაში მითითებული ფაქტების გადამოწმება, რომელიც არ შეიცავს აშკარა დანაშაულის ნიშნებს. აღნიშნული საკითხი რეგულირდება სხვადასხვა კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც ზოგადად აწესრიგებს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონები. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების დაწყებამდე პოლიციის თანამშრომლებს, რომელშიც მოიაზრება აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი, უფლება აქვთ გამოკითხონ პირი, მოახდინონ იდენტიფიცირება, მოიწვიონ პირი, მოახდინონ მისი შემოწმება და ზედაპირული დათვალიერება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რომელშიც აგრეთვე მოიაზრებიან სამსახურის გამომძიებლები, უფლება აქვთ გამოძიების დაწყებამდე ჩაატარონ აღნიშნული პროცედურები, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს, მათ შორის გამომძიებლებს, უფლება აქვთ გამოძიების დაწყებამდე გამოითხოვონ ინფორმაცია, განიხილონ საჩივრები, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება ჩამოართვან მოსამსახურეებს და სხვა. სათანადო სამართლებრივი პროცედურების შესრულების შემდეგ, თუ არ აღმოჩნდება გამოძიების დაწყების საფუძველი გამომძიებელი და პროკურორი უარს ამბობენ გამოძიების დაწყებაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ აქვს საპროცესო დოკუმენტის სახე, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საპროცესო კოდექსი არ იცნობს ამგვარ მოცემულობას, შესაბამისად მას ვერ ექნება ისეთი საპროცესო დოკუმენტის სახე, როგორიც არის დადგენილება. ასეთ შემთხვევაში, გამომძიებლები ადგენენ წერილობით დოკუმენტს, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ცნობის ან ოქმის ფორმა, სადაც მითითებულია შეტყობინების მიღების, მისი შინაარსის, შეტყობინებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმების, გატარებული ღონისძიებების და მათი ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნის შესახებ, რომ იგი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. აღნიშნული დოკუმენტი მიზანშეწონილია აისახოს გამოძიების ელექტრონულ
პროგრამაშიც და რეგისტრირებულ შეტყობინებას შეეცვალოს სტატუსი „აქტიური“ – „დასრულებულით“.
გამოძიების დაწყების დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს მისი მიზანშეწონილობის საკითხიც, ვინაიდან შესაძლებელია კონკრეტულ ქმედებაზე გამოძიების დაწყება, შესაძლოა უფრო მძიმე და მტკივნეული იყოს თუნდაც საჯარო, საზოგადოებრივი და კერძო ინტერესებისთვის, აგრეთვე უაზრო და უსამართლო, ვიდრე მის დაწყებაზე უარის თქმა
უნდა შევეხოთ ისეთ საკითხსაც, როდესაც სახეზე გვაქვს დანაშაულის ნიშნები ფორმალურად, მაგრამ კერძო, საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი შესაძლოა არ იყოს გამოძიების დაწყება. ზოგადად გამოძიების პროცესი დაკავშირებული არის დროის ფაქტორთან და ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან, რაც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს მის სამართლებრივ შედეგთან. მაგალითად, კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების სანქცია სასჯელის სახედ ითვალისწინებს მინიმალურ ჯარიმას ან/და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას
მიგვაჩნია, რომ გამოძიება არ უნდა დაიწყოს ისეთ ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულის ფაქტებზე, რომელიც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და როცა გამოძიების ჩატარებისათვის საჭირო დრო და რესურსი შეუსაბამო იქნება მის შედეგებთან. მაგალითად, როდესაც გამოძიება უნდა წარიმართოს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ფაქტზე, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს მინიმალურ ჯარიმას, როდესაც პირი არ არის საზოგადოებრივად საშიში, ანაზღაურებული იქნა ზიანი, ვითარება შეიცვალა, დაზარალებული არ ითხოვს მის დასჯას ან, როდესაც საზოგადოებრივი, კერძო თუ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის გამოძიების დაწყება.
გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის დროს აუცილებელია იმ ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის ანალიზი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია პროკურორმა ან/ და გამომძიებელმა გამოიყენოს აღნიშნული უფლებამოსილება. კერძოდ, გასათვალისწინებელია მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი, ეს შესაძლებელია გამოხატული იყოს, როგორც ნატურით, და ფულადი სახით, აგრეთვე ბოდიშის მოხდით, მკურნალობის ხარჯების გაწევით, სხვა დარღვეული უფლებების აღდგენაში დახმარებით, რაც შესაბამისობაში მოდის კერძო, საზოგადოებრივ და საჯარო ინტერესებთან.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რიგ შემთხვევებში გამოძიების დაწყებით შესაძლებელია მიღწეული იქნეს ისეთი ლეგიტიმური მიზნები, როგორიც არის პროცესის მონაწილეთა შერიგება, დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ საკუთარი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გათავისება და მონანიება, ზიანის ანაზღაურება, სამომავლოდ ანალოგიური ან სხვა დანაშაულის ჩადენის პრევენცია და სხვა.
შესაბამისად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის კლასიკურ ფორმის საფუძვლად შესაძლოა ჩაითვალოს, შეტყობინებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის ფაქტი.
ქართული კანონმდებლობის მიხედვით პროკურორი ხელმძღვანელობს სამართალწარმოების პროცესს სასამართლო განხილვის სტადიამდე, რაშიც აგრეთვე იგულისხმება წინასაგამოძიებო სტადიაც. მიუხედავად აღნიშნულისა, გამომძიებელს აქვს უფლებამოსილება უარი თქვას გამოძიების დაწყებაზე, რაც ერთი მხრივ აჩქარებს სამართალწარმოების პროცეს და მეორე მხრივ აძლიერებს გამომძიებლის ინსტიტუტს, რაც ცალსახად პოზიტიური საკითხია, ვინაიდან დღეს მოქმედი რეგულაციებით გამომძიებლის უფლებების ნიველირება, შესაძლოა მოქმედი საპროცესო კოდექსის აქილევსის ქუსლად ჩაითვალოს.
მეცნიერთა ერთი ნაწილი, გამოძიების დაწყების ეტაპად მიიჩნევს დანაშაულის შესახებ რეგისტრაციის მომენტს, რასაც ვერ დავეთანხმებით, რადგან მიგვაჩნია, რომ წინასაგამოძიებო მოქმედებები, როგორც მისი სახელწოდებიდანაც ნათლად ჩანს, წარმოადგენს გამოძიების წინმსწრებ ეტაპს, ამასთან გამოძიების დაწყებად სისხლის სამართლის ელექტრონული გამოძიების პროგრამა მიიჩნევს იმ მომენტს, როდესაც ქმედებაზე ქმედების პრინციპით, გამომძიებელი პროგრამაში ღებულობს გამოძიების დაწყების ბარათს, რომელიც იძლევა სისხლის სამართლის საქმის უნიკალურ იდენტიფიკატორს – საქმის ნომერს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფორმალური მოცემულობაც, რაც დაწესებულია მოქმედ კანონმდებლობაში. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების პრაქტიკაში გამოყენება, ამოქმედება მხოლოდ გამოძიების დაწყების შემდეგ არის შესაძლებელი და წინასაგამოძიებო პროცედურები მასში რეგლამენტირებული არ არის. მარტივად, რომ ვთქვათ საპროცესო კანონმდებლობის ამოქმედების გარეშე ვერ იარსებებს გამოძიების პროცესი, ხოლო მისი ამოქმედება პირდაპირ არის დაკავშირებული გამოძიების დაწყების საკითხთან და თუ ვიხმართ ძველ ტერმინოლოგიას „სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პირველი ნაბიჯია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებისა, თავფურცელია სისხლის სამართლის საქმისა, რომელიც იძლევა საფუძველს, ჩატარდეს ყველა სახის პროცესუალური საგამოძიებო მოქმედება“.
რაც შეეხება გამოძიების დაწყებასა და ბრალდებაზე უარს შორის მსგავსებას, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია პროკურორს (გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის დროს გამომძიებელთან ერთად ან დამოუკიდებლად) და ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში (ბრალდებაზე სრულად უარის თქმის შემთხვევა) სრულდება სამართალწარმოების კონკრეტული სტადია, ხოლო რაც შეეხება მათ შორის სხვაობას, პირველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს გამოძიების დაწყებამდე არსებული ეტაპი და პროცედურები, რაც საპროცესო კანონმდებლობით არ რეგულირდება, ხოლო ბრალდებაზე უარის თქმა, საპროცესო კანონმდებლობით შესაძლებელია, მხოლოდ გამოძიების დაწყების, მისი სრული მოცულობით ჩატარებით და საქმის სასამართლოში განსახილველად გადაგზავნის შემდეგ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, თავდაპირველად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ გამოძიება მიეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას, მიუხედავად აღნიშნული კონსტიტუციური დათქმისა, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის ამოსავალი პრინციპი არის შეჯიბრებითობა, რაც გულისხმობს მხარეთა თანასწორობას მტკიცებულებათა მოპოვების კუთხითაც. საკითხის ამგვარი საპროცესო რეგლამენტაცია, კი თავის მხრივ, როგორც დემოკრატიული საწყისი, ზღუდავს სახელმწიფოს მონოპოლიას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე და შესაბამისად აძლიერებს დაცვის მხარის უფლებამოსილებას, მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვების მხრივ. მხარეთა მიერ, დამოუკიდებლად მტკიცებულებების მოპოვების პროცესი თავის მხრივ აჩქარებს სისხლის სამართალწარმოებას და შესაძლებელს ხდის, საქმეზე მიღებული იქნეს დროული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, თუნდაც ისეთი სახის, როგორიც არის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა
გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის და აგრეთვე მისი შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები რეგლამენტირებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლში. გამოძიების შეწყვეტა წარმოადგენს პროკურორის უფლებამოსილებას. ვეთანხმებით გამოძიების შეწყვეტის საფუძვლების დაყოფას ორ ძირითად ჯგუფად, კერძოდ მატერიალურ-სამართლებრივად და პროცესუალურად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ყველა იმ საფუძველთა ერთობლიობა, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს ქმედებაში დანაშაულის არსებობის ფაქტს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და მსჯავრდების საკითხს. გამოძიების შეწყვეტის და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის პროცესუალურ საფუძვლები არსებობს ისეთი გარემოებების დროს, რომელთა არსებობა მართალია მიგვითითებს ჩადენილ დანაშაულზე და სასჯელის გამოყენების შესაძლებლობაზეც, მაგრამ საკანონმდებლო რეგლამენტაცია, არ იძლევა სათანადო პირობებს დავიწყოთ ან/ და გავაგრძელოთ საპროცესო მოქმედებები.
გამოძიების შეწყვეტის შესახებ, პროკურორს გამოაქვს დადგენილება, რომელიც აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში. აღნიშნული დადგენილების გამოტანის შემდეგ, ელექტრონულ პროგრამაში საქმის სტატუსი „აქტიური“, იცვლება – „შეწყვეტილით“ და პროგრამა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ტექნიკურ საშუალებას აღარ იძლევა. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობაც თავის მხრივ, გამოძიების შეწყვეტის შემდეგ არ იცნობს რაიმე სახის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობას. თუ არ ჩავთვლით საქმეზე დართულ ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვის ამსახველ ოქმებს ან/და ცნობებს. აღნიშნული საპროცესო დოკუმენტების შედგენას გამომძიებელი ან/ და პროკურორი აწარმოებს საქმის შეწყვეტის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად21, რომლითაც მოხდა ნივთიერ მტკიცებულებათა ბედის გადაწყვეტა. ასეთი საპროცესო დოკუმენტები შესაძლებელია იყოს, მაგალითად ოქმი ნივთიერი მტკიცებულების განლუქვის, დათვალიერების და მეპატრონისათვის დაბრუნების თაობაზე, ნივთიერ მტკიცებულებათა განადგურების ოქმი და სხვა
პროფესორი აპოლონ ფალიაშვილი გამოძიების შეწყვეტის საფუძველს ყოფდა სამ ჯგუფად:
- საფუძვლები, რომლებიც გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას;
- საფუძვლები, რომელიც პროცესის მწარმოებელს აძლევს უფლებას შეწყვიტოს გამოძიება;
- საფუძველი, რომლითაც გამოძიება წყდება დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობის დაუდასტურებლობის მოტივით.
გამოძიების შეწყვეტასა და ბრალდებაზე უარის თქმას შორის, არსებობს შემდეგი სახის მსგავსება, ორივე შემთხვევაში დაწყებულია გამოძიება, გამოძიების შეწყვეტის, ისევე როგორც ბრალდებაზე უარის თქმის უფლებამოსილება გააჩნია, მხოლოდ პროკურორს, ამასთან ორივე შემთხვევაში, საპროცესო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ის ფორმალური საფუძვლები, რაც წარმოდგენილია სსსკ-ის 105-ე მუხლში. რაც შეეხება მათ შორის სხვაობას, გამოძიების შეწყვეტა პროკურორს შეუძლია, მხოლოდ სასამართლოში საქმის განსახილველად გადაგზავნამდე, მაშინ როცა ბრალდებაზე უარის თქმა ხდება, მხოლოდ სასამართლო განხილვის სტადიაზე, გამოძიების შეწყვეტა შესაძლებელია მაშინაც, როდესაც საქმეზე არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, მაშინ როცა ბრალდებაზე უარის თქმა ხდება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში. პირველ შემთხვევაში შესაძლებელია საქმეზე არ გვყავდეს დაზარალებული, მაგრამ ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაზარალებულს აქვს პროკურორის მიერ მიღებული შეწყვეტის დადგენილების გასაჩივრების უფლება. ბრალდებაზე უარის თქმის დროს, აღნიშნულ უფლებამოსილებას, მოქმედი საპროცესო კოდექსი დაზარალებულს არ აძლევს, რაც მიგვაჩნია შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპის არსებით დარღვევად და რაზეც დეტალურად სხვა კვლევებში ვისაუბრებთ, ვინაიდან იგი სცდება სტატიის ფარგლებს.
საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პროკურორი უფლებამოსილია არ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, როგორც წესი ასეთი გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს მაშინ, როდესაც გამოძიებით არ დგინდება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, რაიმე სახის ზიანი არ დამდგარა ან უკვე ანაზღაურებულია, აგრეთვე სხვა ფაქტობრივი გარემოებების შემთხვევაში, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა. რაც შეეხება დევნის დაწყებაზე უარის თქმასა და ბრალდებაზე უარის თქმას შორის მსგავსებას, ორივე გადაწყვეტილება შედის პროკურორის კომპეტენციაში, ორივე შემთხვევაში დაწყებულია გამოძიება და ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სხვაობა მდგომარეობს მასში, რომ დევნის დაწყებაზე უარი პროკურორმა თავისი გადაწყვეტილებით შესაძლებელია თქვას, მხოლოდ გამოძიების სტადიაზე, მაშინ როცა ბრალდებაზე უარის თქმა შესაძლებელია, მხოლოდ სასამართლო განხილვის დროს. პირველ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტი, რაც მეორე შემთხვევისთვის აუცილებელ შემადგენელს წარმოადგენს.
იმ პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე უარის თქმა, ვინც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული, რომელმაც აღიარა და მოინანია იგი, აანაზღაურა ზიანი სრული მოცულობით და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ვფიქრობთ შესაბამისობაში მოდის, როგორც საქართველოს კონსტიტუციის და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებთან ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, აგრეთვე წარმოადგენს საზოგადოების გარკვეულ და ობიექტურ დაკვეთასაც.
განსხვავება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმას შორის
გამოძიების შეწყვეტასთან ერთად, საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს პროკურორს, სათანადო ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნაც, ან შეწყვიტოს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნა, გამოძიების შეწყვეტის გარეშე, ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს აშკარა დანაშაულის ნიშნები, რომლის ჩადენაც საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე, დასაბუთებული ვარაუდით ადასტურებს, რომ იმ პირს არ ჩაუდენია დანაშაული, რომელსაც წარდგენილი აქვს ბრალდება მის ჩადენაში.
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, თავისი ბუნებით, ყველაზე ახლოს დგას ბრალდებაზე უარის თქმის საპროცესო ინსტიტუტთან, შესაბამისად მათ შორის არის უფრო მეტი მსგავსებაც, ვიდრე პროკურორის ისეთ უფლებებთან, როგორიც არის გამოძიების დაწყებაზე და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმა ან გამოძიების შეწყვეტა. აღნიშნული მსგავსება გამოიხატება შემდეგში, ორივე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროკურორი, ორივე შემთხვევაში უკვე დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, ორივე გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება ბრალდებულის შემდგომ ბედს, კერძოდ კი მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასრულების საკითხს. ორივე შემთხვევაში შესაძლებელია, პროკურორმა სრულად ან ნაწილობრივ თქვას სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებაზე. მათ შორის არსებითად განმასხვავებელი ნიშანი არის ის სამართლებრივი მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, პროკურორს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ გამოძიების სტადიაზე, ისევე როგორც ბრალდებაზე უარის თქმა სასამართლო განხილვის დროს.
ბრალდებაზე უარი პრაქტიკაში უფრო ხშირად წარმოსადგენია საქმის არსებითი განხილვისას, პროკურორის მიერ დასკვნითი სიტყვის წარდგენის დროს, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, აგრეთვე მაშინ, როცა ხდება გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევა, ამასთან პროკურორმა ბრალდებაზე უარი შესაძლებელია თქვას აგრეთვე წინასასამართლო განხილვის სტადიაზეც. რაც შეეხება ბრალდებაზე ნაწილობრივ უარის თქმას, აღნიშნულიც პროკურორს შეუძლია სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, ამასთან, ნაწილობრივი უარი შესაძლებელია შეეხოს, როგორც ბრალდების ცალკეულ ეპიზოდებს, აგრეთვე, ერთ კონკრეტულ ბრალდებას მთლიანად.
ამასთან სისხლისსამართლებრივი დევნის სრულად შეწყვეტისგან განსხვავებით, ბრალდებაზე მთლიანად უარის თქმა სასამართლოსთვის სავალდებულო წესით იწვევს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვის შეწყვეტას, დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.
სახელმწიფო ბრალდებაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმა, ან სისხლისსამართლებრივი დევნის ნაწილობრივ ან მთლიანად შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
იურიდიულ ლიტერატურაში, სისხლისსამართლებრივი დევნისაგან გათავისუფლების საფუძვლების საინტერესო კატეგორიებად დაყოფასაც ვხვდებით: იმპერატიული ობიექტური საფუძვლები, იმპერატიული სუბიექტური საფუძვლები, დისკრეციული ობიექტური საფუძვლები და დისკრეციული სუბიექტური საფუძვლები. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია შეფასდეს, შეესაბამება თუ არა ეს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ამოცანებს. ასეთი შეფასების მართებულობას ხელს შეუწყობს ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების კუმულაციური ანალიზი, ასევე შესაძლებელს გახდის დადგინდეს, არის თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნაზე უარი საჯარო ინტერესებში. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, არ უნდა იქნას გამოყენებული ავტომატურად პროცესის მონაწილეთა შერიგებისა და სიტუაციის ფორმალური გამოსწორების ფაქტზე, არამედ იგი გადაწყვეტილი უნდა იქნეს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა იძლევა აღნიშნული კრიტერიუმებით საკითხის მარტივად გადაწყვეტის შესაძლებლობას, ვინაიდან ახალი საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლის დღიდან, ქართულ კანონმდებლობაში დაინერგა დისკრეციის უფლება, რაც სამართალშემოქმედებით საქმიანობაში მნიშვნელოვან მომენტად შესაძლოა ჩაითვალოს, რომელიც ეფუძნება შედარებითი სამართალმცოდნეობის მონაცემებს და იურიდიულ მეცნიერებას
სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების ფორმირებას წინ უძღვის გამოძიების რთული და ხანგრძლივი საპროცესო აქტივობა. ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, პროკურორი უფლებამოსილია შეცვალოს მისი ფორმულირება, რაც აგრეთვე დაკავშირებულია საქმეზე მოპოვებულ ახალ მტკიცებულებებთან. აღნიშნული ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ბრალდებულის სასარგებლოდ, კერძოდ მოხდეს მისთვის ბრალდების შემსუბუქება, აგრეთვე, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც გულისხმობს ბრალდების დამძიმებას. გამოძიების ეტაპზე, პროკურორი არ არის შეზღუდული ბრალთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებში და იგი გადაწყვეტილებებს იღებს, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა ერთობლიობით წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკუთარი შინაგანი რწმენის საფუძველზე
საკითხის გადასაწყვეტად შეწყდეს თუ არა გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა, საჭიროებს პროკურორის სათანადო მოტივაციას, რაც თავის მხრივ უნდა შეიქმნას საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ობიექტური ანალიზით, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია მიღებული იქნეს სუბიექტური შეხედულებით და თვითნებური გადაწყვეტილების მიღებით არსებითად ხელყოფს კანონიერების, მართებულობისა და სამართლიანობის მოთხოვნებს.
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე პროკურორის სუბიექტური უარი საქმის სასამართლო განხილვისთვის გადაგზავნამდე, რაც შეიძლება აიხსნას სხვადასხვა თუნდაც არა კორუფციული მოტივით, მაგალითად როგორიც შესაძლოა იყოს საგამოძიებო ორგანოებთან კონფლიქტის თავიდან არიდება, მეცნიერთა მიერ ობიექტურად მიჩნეულია ნეგატიურ მოვლენად, მაგრამ ფაქტია, რომ სხვადასხვა ქვეყნების სამართლის სისტემები ამ რისკის წინაშე დგას და პროკურორის ობიექტური გადაწყვეტილება, დროულად სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, არ უნდა იქნეს აღქმული საგამოძიებო თუ საპროკურორო ორგანოების მარცხად. აღნიშნული
დან გამომდინარე, მართებულია მოსაზრება, რომ თუ გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არსებობს და პროკურორმა არ გამოიყენა აღნიშნული უფლება, სასამართლოს დაეკისროს პოზიტიური ვალდებულება შეწყვიტოს იგი სასამართლო განხილვისას. პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე დაუსაბუთებელი უარის თქმა ითვლება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებით დარღვევად, რაც უნდა იწვევდეს სასჯელის გაუქმებასაც.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია შეფასდეს, შეესაბამება თუ არა ეს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ამოცანებს. ასეთი შეფასების მართებულობას ხელს შეუწყობს ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების კუმულაციური ანალიზი, ასევე შესაძლებელს გახდის დადგინდეს, არის თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნაზე უარი საჯარო ინტერესებში. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, არ უნდა იქნას გამოყენებული ავტომატურად პროცესის მონაწილეთა შერიგებისა და სიტუაციის ფორმალური გამოსწორების ფაქტზე, არამედ იგი გადაწყვეტილი უნდა იქნეს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
უკანასკნელ წლებში, სხვადასხვა ქვეყნების სამართალში წინა პლანზე წამოიწია სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხმა, რამაც თავის მხრივ განაპირობა საპროცესო კანონმდებლობაში სისხლისსამართლებრივი რეაგირების ალტერნატიული ინსტიტუტების წარმოშობა, რაც დაკავშირებულია დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზანშეწონილობასთან.
ასეთ ვითარებაში დღის წესრიგში დგება მიზანშეწონილობის და კანონიერების სინთეზის პრობლემატიკა, რაც კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის პიროვნების, ასაკის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს პროკურორმა. ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი და დამდგარი შედეგები იქნება შეუსაბამო, მაგალითად, როდესაც გამოძიებისთვის დახარჯული ადამიანური და ფინანსური რესურსი დიდად გადააჭარბებს დამდგარი ზიანის ოდენობას და ხასიათს. ამასთან ზიანის ანაზღაურების საკითხი გადაწყვეტილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იგი არ უნდა ლახავდეს მესამე პირთა ინტერესებს, რაც აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლისსამართლებრივ დევნაზე ან სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმის დროს.
ქართულ საპროცესო კანონმდებლობაში, ამ მხრივ მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს განრიდების და განრიდება-მედიაციის საპროცესო ინსტიტუტების დამკვიდრება, რომელთა გამოყენებაც პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
თავის მხრივ განრიდება და განრიდება-მედიაცია, ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ერთგვარ პირობა დადებულ განთავისუფლებად შესაძლოა მივიჩნიოთ ქართულ კანონმდებლობაში, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ისეთი ვალდებულებები, როგორიც არის ჯარიმა, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა და სხვა. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე უარის თქმის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირობით გათავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს აგრეთვე საფრანგეთის, მოლდავეთის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების კანონმდებლობა.
დასკვნა
შეჯამებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ისეთი ინსტიტუტების არსებობა, როგორიც არის გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა, გამოძიების შეწყვეტა, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდებაზე უარის თქმა, მიანიშნებს დემოკრატიული პრინციპების პრიმატზე. სახელმწიფო ფლობს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, როგორც გამოძიების ჩატარების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, ხოლო ჩვენს მიერ განხილული საპროცესო ინსტრუმენტები, პროკურორს, როგორც სახელმწიფოს უფლებამოსილ წარმომადგენელს წარმოგვიდგენს, არა როგორც ინკვიზიტორს, არამედ, როგორც მძლავრი უფლებამოსილების მქონე ფიგურას. ხოლო სათანადო ფაქტობრივი და ფორმალური პირობების დადგომის დროს, რაც ხელს უწყობს პროკურორის შინაგანი რწმენის ობიექტურ ტრანსფორმაციას, მას დაუბრკოლებლად შეუძლია მოირგოს უფლებადამცველის მანტია და შეაჩეროს საგამოძიებო და საბრალდებო პროცედურები. როგორც კვლევამ გვანახა, პროკურორის უფლებები ამ მხრივ არის მრავალფეროვანი და მიზანშეწონილია მათ შორის ზღვარის დადგენა, რაც ჩვენს მიერ იქნა მეცნიერულად წარმოდგენილი ზემოაღნიშნულ კვლევაში.
სქოლიო:
- ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაცია #R (2000), წევრი სახელმწიფოების მიმართ „პროკურატურის როლი მართლმსაჯულების სისტემაში“.
- თანდილაშვილი ხ., 2018, პროკურორის საჯარო განცხადება და უდანაშაულობის პრეზუმფცია, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, #4(60)2018, გვ.164.
- საქართველოს კონსტიტუცია, თბ. 1995წ, მუხ. 62, ნაწ. 5.
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, თბ. 2009წ., მუხ. 100.
- Overbaugh E., Human Trafficking: The Need for Federal Prosecution of Accused Traffickers, (2009), 39 Seton Hall, L. Rev. 635, 641-42.
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, თბ. 2009წ., მუხ.8 და მუხ. 16.
- იხ. იქვე., მუხ. 101., ნაწ.2.
- ბეგიაშვილი ხ, 2019, „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის არსი, მნიშვნელობა და მოქმედების სფერო“, ქ. თბილისი, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის სამეცნიერო-პრაქტიკული იურიდიული ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ #2(62)19, გვ.123.
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, თბ. 2013წ, მუხ, 19-22.
- „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თბ. 2015წ, მუხ, 14-17.
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება, თბ. 2019წ, მუხ. 3, „ზ“, „მ“, „ნ“ ქვპ.
- ინფორმაცია ეყრდნობა კვლევის ფარგლებში პრაქტიკოს გამომძიებლებთან და პროკურორებთან ინტერვიუების შედეგებს.
- მეურმიშვილი ბ., სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება ქართულ სისხლის სამართლის პროცესში (გამოძიების სტადიაზე), სამართლის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სამეცნიერო ნაშრომი, თბ. 2014წ, გვ. 103.
- მჟავანაძე ზ., სისხლის სამართლის პროცესი, სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წინასწარი გამოძიების საკითხები, თბ. 1999წ, გვ. 10.
- საქართველოს კონსტიტუცია, თბ. 1995 წ, მუხ. 7, ნაწ. 1, „დ“ ქვპ.
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, თბ. 2009წ, მუხ. 9.
- Elsner B., Lewis Ch., Zila J., Police Prosecution Service Relationship within Criminal Investigation. In: European Journal on Criminal Policy and Research 14, 2008, pp. 203 – 224.
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, თბ. 2009წ, მუხ. 106, ნაწ. 1.
- ფალიაშვილი ა., საბჭოთა სისხლის სამართლის პროცესი, თბ. 1968წ, გვ. 301.
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, თბ. 2009წ, მუხ. 3, ნაწ. 25.
- იხ. იქვე, მუხ. 81.
- იხ. იქვე, მუხ, 106, ნაწ. 11
- Molins F., L’action public, 2009, (dernière mise à jour: 2013), 12.
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, თბ. 2009წ, მუხ. 105.
- Головко Л., Альтернативы уголовному преследованию в современном праве. Санкт-Петербург, 2002. С. 286 –287.
- მეფარიშვილი გ., დისკრეციის პრინციპებთან დაკავშირებით, სამართლის პუბლიცისტიკა, თბ. 2014წ., გვ. 18.
- Flanagan, Sir Ronnie, The Review of Policing. Final Report, 2008, p. 60.
- Osce Odihr, III Expert Forum on Criminal Justice for Central Asia (op.cit. note164), pp. 9 and 22.
- Кононенко В., Применение судами норм уголовнопроцессуального права о прекращении уголовных дел за примирением сторон по делам публичного обвинения, 2016., С. 303 –305.
- Каминский Э., Обеспечение публичных правовых интересов при применении альтернативных способов разрешения уголовно-правовых конфликтов в досудебном производстве, М. 2021, с. 119.
- Головко Л., Альтернативы уголовному преследованию в современном праве. Санкт-Петербург, 2002. С 21; Самарин В., Принцип целесообразности против принципа публичности в современном уголовном процессе, Уголовный процесс как средство обеспечения прав человека в правовом государстве. Материалы Международной научно-практической конференции. Минск, 2017. С. 76.
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, თბ. 2009 წ, მუხ. 1681.
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, თბ. 2015წ., მუხ. 39.