შესავალი
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია და ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია. 2012 და 2017 წლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (შემდგომში სსკ) განხორციელდა ცვლილებები, რომელთა მეშვეობით ეროვნულმა კანონმდებლობამ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად აღიარა. ცვლილებების განხორციელებას ბევრი გარემოება დაედო საფუძვლად, მათ შორის ევროსასამართლოს პრაქტიკით დამკვიდრებული სტანდარტი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს დროულად, სათანადოდ და ქმედითად მოახდინოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე რეაგირება. სიძულვილის მოტივის შესწავლის ვალდებულება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით (შემდგომში სსსკ) გათვალისწინებული სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავ ორგანოს ეკისრება, სასამართლო კი ვალდებულია განახორციელოს მართლმსაჯულება და გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.
საქართველოს სსსკ, საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე, პროკურორს და მოსამართლეს უფლებას არ აძლევს დაუმძიმოს პირს ბრალი. კანონის თანახმად, პროკურორს მხოლოდ საქმის სასამართლოში გაგზავნამდე აქვს უფლება დანაშაულის ჩადენის მოტივი, როგორც დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელი გარემოება ასახოს ბრალდების შესახებ დადგენილებაში. მოსამართლე ხელმძღვანელობს საქმეში არსებული მტკიცებულებებით და პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, შესაბამისად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული შესაძლო დანაშაული არის ყველაზე მძიმე, რომლის ჩადენისთვისაც შეიძლება მოხდეს პირის მსჯავრდება.
პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. მტკიცებულებების მოპოვება გამოძიების ვალდებულებაა, მოტივის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახვა პროკურატურის, აღნიშნულ მოტივზე მსჯელობა და მის საფუძველზე სასჯელის დამძიმება კი – სასამართლოს. საქართველოს სსკ-ის 531 -ე მუხლი, რომელიც გამოიყენება სასამართლო განხილვის დროს, იმპერატიულად აკისრებს მოსამართლეს ვალდებულებას, რომ დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენების დიდი ნაწილი არ იძლევა შესაძლებლობას დასკვნისთვის, რომ სსკ-ით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესი ყოველთვის სრულდება. ხშირ შემთხვევაში, სასჯელის დასაბუთების ნაწილი იმდენად ბუნდოვანი, ზოგ შემთხვევაში აბსტრაქტულიც კი არის, რომ შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაზე საერთოდ გაამახვილა თუ არა ყურადღება. ასევე, რთულია მსჯელობა იმაზე, თუ რა გარემოებებს, რა მტკიცებულებებს დააფუძნა დანაშაულის ჩადენის დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა ან არარსებობა
საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები ერთხმად უსვამენ ხაზს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს ვალდებულებებს, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან ვალდებულებას, როგორიცაა – დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული არ იქნეს განხილული ჩვეულებრივი – მსგავსი მოტივის არ მქონე დანაშაულის მსგავს დანაშაულად. ამ ვალდებულების შესრულება არ გულისხმობს მხოლოდ გამოძიების ჩატარებას და მოტივის იდენტიფიცირებას, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. ჩადენილი დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, არ უნდა ახდენდეს დამნაშავის წახალისებას და უნდა უზრუნველყოფდეს სასჯელის მიზნების მიღწევას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ განაჩენის გამოტანის მომენტში ყურადღება მიექცეს იმ დამატებით ზიანს, რომელსაც სიძულვილის მოტივი იწვევს, შესაბამისად სასჯელის დაკისრების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამგვარი მოტივით გამოწვეული ზიანი.
სათანადო სასჯელის გამოყენების და ამ გზით სამართლიანობის აღდგენის მექანიზმზე არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში თუ ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში არის ხაზი გასმული.
კანონმდებლობის ანალიზისა და სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენების შესწავლის საფუძველზე, მოცემული ნაშრომი შეეცდება, შეაფასოს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემური ასპექტები, კერძოდ: სასამართლო პრაქტიკით დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტები ამ კატეგორიის დანაშაულებზე, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გავლენა სასჯელზე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან, მოცემული ნაშრომი შეეცდება შეაფასოს არსებული ტენდენციები და გამოწვევები და დასახოს იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის საშუალებები
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მსჯელობამდე უნდა განიმარტოს ამ ტერმინის მნიშვნელობა – „თეორიასა და პრაქტიკაში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულს რამდენიმე სახელწოდება აქვს – დისკრიმინაციული დანაშაული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის დანაშაული, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაული და სხვა. არსებითად, თითოეული ცნება ერთი შინაარსის მატარებელია, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი არის სიძულვილი, შიში, ზიზღი თუ სტერეოტიპული, მიკერძოებული დამოკიდებულება“.
ერთმანეთისგან განასხვავებენ სიძულვილით მოტივირებულ ინციდენტს და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს, „დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული სიძულვილის ენისგან განსხვავდება ისეთი ელემენტის არსებობით, როგორიც არის დანაშაული. მხოლოდ სტერეოტიპით თუ სიძულვილით მოტივირებული დამოკიდებულება ვერ გახდება სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, თუ ის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს“. შესაბამისად, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული ეს არის საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული, რომლის მოტივსაც კონკრეტული ნიშნისადმი შეუწყნარებლობა, სიძულვილი თუ ზიზღი წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის ქმედებებთან დაკავშირებულ რეგულირებებზე მითითებულია ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულებასა თუ დოკუმენტში. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი სიძულვილის დანაშაულებს განმარტავს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულებს, რომლებიც მოტივირებულია მიკერძოებით. პირველი ელემენტი ამ ქმედების არის მისი დასჯადობა სისხლის სამართლის წესით, თუ არ არსებობს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაული, არ არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი არის მიკერძოებული დამოკიდებულება, სწორედ ეს უკანასკნელი არის ის, რაც ამ დანაშაულს განასხვავებს სხვა დანაშაულებისაგან.
საერთაშორისო სტანდარტებთან საკმაოდ ახლოს დგას ქართული კანონმდებლობა. გარდა იმისა, რომ 2014 წელს მიღებული იქნა საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, საქართველოს სსკ-ში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი გათვალისწინებულია, როგორც ზოგად დებულებებში (სსკ-ის 531 მუხლი), ისე ქმედების შემადგენლობის (მაგ. სსკ-ის 156-ე მუხლი) თუ ქმედების მაკვალიფიცირებელი ელემენტის სახით (მაგ. სსკ-ის 109-ე მუხლი). შეიძლება ითქვას, რომ ქართული კანონმდებლობა, ძირითად შემთხვევებში, იძლევა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრის შესაძლებლობას.
პირის მსჯავრდებისთვის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა
პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელია მტკიცებულებების არსებობა, რომლის მოპოვების უფლებამოსილება გააჩნია საგამოძიებო უწყებას, შეფასების კი – სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომში ევროსასამართლო) მიერ ბარბერას და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად – დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. „აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება“.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად – „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით განსაზღვრული „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. „მოცემული მტკიცებულებითი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს ან ნაფიც მსაჯულს) სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაში, ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ (ე.წ. in dubio pro reo-ს პრინციპი)“.
თუ მტკიცებულების სანდოობაზე ჩნდება ეჭვი, ის უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სასამართლო პრაქტიკის თანახმად: „მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით:
- თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას;
- თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა;
- რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე;
- როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა.
მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.
გამოძიების ფარგლებში მოპოვებული თითოეული მტკიცებულება ფასდება, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
კანონმდებლობასა და პრაქტიკაში სახელდებით არ არის მითითებული, თუ რა მტკიცებულებები უნდა არსებობდეს პირის მსჯავრდებისთვის, მითითებულია მხოლოდ სტანდარტზე – ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე. ამ დროს შეფასების საგანი არის არა მტკიცებულებათა რაობა, არამედ მათი ერთობლიობით შექმნილი სტანდარტი, რომელიც არწმუნებს ობიექტური პირს, პირის დამნაშავეობაში.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის დამდგენი შესაძლო მტკიცებულებები
პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელია მტკიცებულებათა არსებობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში კი, ასევე, უნდა არსებობდეს მიკერძოებული მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დანაშაულის ხასიათი, ბუნება, ჩატარებული გამოძიების ხარისხი და სხვა გარემოებები გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი) განმარტავს, რომ მოტივის ერთ-ერთი მტკიცებულება შეიძლება იყოს ჩადენილი დანაშაულის ბუნება, მაგალითად, შეურაცხმყოფელი წარწერები ისლამთან დაკავშირებით, ანდა ღორის თავის ჩამოკიდება სასაფლაოზე, სიძულვილის შინაარსის შემცველი კომენტარების გაკეთება თავდასხმამდე, თავდასხმის დროს ან შემდეგ, შეიძლება იყოს რთულად იდენტიფიცირებადი მტკიცებულებები, მაგალითად, დამნაშავის მიერ სიძულვილის შემცველი ლიტერატურის ქონა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ მტკიცებულებების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მოტივის დასადგენად, მაგალითად, საფრანგეთის სსკ-ის თანახმად „თუ დანაშაულს წინ უსწრებს, თან ახლავს ან მოჰყვება წერილობითი ან ვერბალური სიტყვები, გამოსახულებები, საგნები ან ნებისმიერი ბუნების ქმედებები, რომელიც აზიანებს მსხვერპლის პატივს ან რეპუტაციას, ან პირთა ჯგუფს, რომელსაც მსხვერპლი მიეკუთვნება“. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის მიხედვით ასეთი მტკიცებულება შეიძლება იყოს: „დანაშაულის ჩადენის დროს ან ჩადენამდე ან მის შემდეგ დამნაშავის მიერ მსხვერპლის მიმართ მტრობის გამოვლენა, რომელიც ეფუძნება მსხვერპლის წევრობას (ან სავარაუდო წევრობას) რასობრივი ან რელიგიური ჯგუფისადმი…” – აღნიშნული შეიძლება გახდეს დასკვნის საფუძველი, რომ დანაშაული ჩადენილია რელიგიური ან რასობრივი მტრობის, სიძულვილის საფუძველზე.
ცოტა უფრო რთულადაა საქმე, როდესაც სახეზეა შერეული მოტივით ჩადენილი დანაშაულები, როდესაც დამნაშავეს შეიძლება ამოძრავებდა რამდენიმე მოტივი. ამ დროს შეიძლება დამნაშავის ქმედებებზე უფრო დიდ გავლენა მოეხდინა სიტუაციური ფაქტორებს (მაგალითად სოციალური ფაქტორი), ვიდრე პირად ინდივიდუალურ შეხედულებებს. მაგალითად, შეიძლება ტრანსგენდერი პირი გახდეს ძარცვის მსხვერპლი შერეული მოტივის
საფუძველზე: პირველი რომ დამნაშავეს სურს ქონებრივი სარგებლის მიღება და მეორე, დამნაშავეს სძულს განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე პირები და ამ ქმედებით, გარდა ქონებრივი სარგებლის მიღებისა, ახდენს მათზე შურისძიებას.
შერეული მოტივის არსებობას აღიარებს ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა, მაგალითად ბელგიის სსკ-ში პირდაპირ წერია, რომ პირის მიმართ დაცული მახასიათებლის გამო მტრობა, სიძულვილი და ზიზღი შეიძლება იყოს „დანაშაულის ერთ-ერთი მოტივი. მოთხოვნა იმისა, რომ მიკერძოება იყოს ერთადერთი მოტივი, მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ამ დანაშაულების იდენტიფიცირების შემთხვევებს.
რაც შეეხება დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის დამდგენ მტკიცებულებებს – აღნიშნულზე მსჯელობის დროს ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მიმთითებელი გარემოებები, ინდიკატორები. ინდიკატორი არის ობიექტური კრიტერიუმი, რომლითაც შეიძლება სიძულვილის მოტივზე მსჯელობა, თუმცა მხოლოდ ინდიკატორები არ არის საკმარისი პირის მსჯავრდებისთვის, აუცილებელია შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოზე.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი), რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან განმარტებებს იძლევა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, თავის დოკუმენტებში განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ინდიკატორი:
- მსხვერპლის/მოწმის აღქმა – მიიჩნევს თუ არა ის, რომ დანაშაული სიძულვილის მოტივით იქნა ჩადენილი;
- კომენტარები, წერილობითი განცხადებები, ჟესტები ან გრაფიტი – გააკეთა თუ არა შესაძლო დამნაშავემ დისკრიმინაციული კომენტარები, წერილობითი განცხადებები, ან გამოხატა თუ არა ჟესტიკულაციით მსგავსი დამოკიდებულება, ან ხომ არ დატოვა შემთხვევის ადგილზე წარწერები, ნახატები ან სიმბოლოები, რომელიც მიუთითებენ დანაშაულის ჩადენის მოტივზე;
- რასობრივი, ეთნიკური, გენდერული და კულტურული განსხვავებები – განსხვავდებიან თუ არა შესაძლო დამნაშავე და მსხვერპლი რასობრივი, რელიგიური ან ეთნიკური/ეროვნული წარმომავლობის ან სექსუალური ორიენტაციის მიხედვით? არსებობს თუ არა მტრობის ისტორია მსხვერპლის ჯგუფსა და შესაძლო დამნაშავეს შორის? არის თუ არა მსხვერპლი იმ ჯგუფის წევრი, რომელიც უმეტესად ჭარბობს სხვა ჯგუფის წევრებთან შედარებით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა? იყო თუ არა მსხვერპლი ინციდენტამდე დაკავებული მისი ჯგუფის ხელშემწყობი საქმიანობით?
- ქმედება ორგანიზებულია სიძულვილით მოტივირებული ჯგუფების მიერ – იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე დატოვებული საგნები ან ნივთები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული იყო ორგანიზებული ნაციონალისტური ორგანიზაციის თუ სიძულვილით მოტივირებული ჯგუფის მიერ? არის თუ არა მტკიცებულება, რომ ასეთი ჯგუფი აქტიურია სამეზობლოში (მაგ. პლაკატები, გრაფიტი თუ ბროშურები)?
- შემთხვევამდე მომხდარი მიკერძოებული დანაშაულები/ინციდენტები – ყოფილა თუ არა მსგავსი ინციდენტები იმავე ტერიტორიაზე? ვინ იყვნენ მსხვერპლები? მიიღო თუ არა მსხვერპლმა შეურაცხმყოფელი შინაარსის ფოსტა, სატელეფონო ზარები ან იყო თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი მისი კუთვნილების ან მიზნობრივი ჯგუფის წევრობის საფუძველზე?
- ქმედების ჩადენის მდებარეობა და დრო – იყო თუ არა მსხვერპლი იმ ტერიტორიაზე ან მის მახლობლად, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება კონკრეტულ ჯგუფთან (მაგ. თემის ცენტრი, მეჩეთი, ეკლესია ან სხვა სალოცავი სივრცე)? თუ ქონება იყო მიზნობრივი, იყო თუ არა ეს რელიგიური ან კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტი ან ადგილი, როგორიცაა ისტორიული ძეგლი ან სასაფლაო? ინციდენტი ხომ არ მოხდა განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეს (მაგ. რელიგიურ დღესასწაულზე)?
უნდა აღინიშნოს, რომ ინდიკატორების მოცემული ჩამონათვალი არის პირობითი და არ არის ამომწურავი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გარემოება, ინდიკატორი, რომელიც არ ფიგურირებს ამ ჩამონათვალში, თუმცა მიუთითებს მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე და შეიძლება გახდეს სიძულვილის მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულების წყარო. ქართული საკანონმდებლო ბაზა არ იცნობს ამგვარი შინაარსის რეგულირებას. სამწუხაროდ, არც აკადემიური ნაშრომები არსებობს, რომლებიც სიღრმისეულად და ქართულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავდნენ საკითხს.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გავლენა სასჯელზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – „ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო პირის დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხზე მსჯელობის დროს ვერ გაცდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფორმულირებას, შესაბამისად, თუ ბრალმდებელს, პროკურორს გამორჩება ან ყურადღების მიღმა დარჩება ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება, სასამართლო განხილვის ეტაპზე, მოსამართლე ასობით მტკიცებულების არსებობის პირობებშიც კი, ვერ შეძლებს პირისთვის ბრალის დამძიმებას.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ არსებობს სამი ძირითადი არგუმენტი ამ კატეგორიის დანაშაულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების: პირველი ეს არის სიმბოლური ღირებულება, დატვირთვა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულად გმობს ამ კატეგორიის დანაშაულს; მეორე არის მიყენებული ზიანისთვის დასჯა – დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული უფრო დიდ ზიანს აყენებს მსხვერპლს, ვიდრე სხვა დანაშაული, ამასთან, ის გავლენას ახდენს დაცული ჯგუფის სხვა წევრებზე და შესაბამისად, სასჯელი განისაზღვრება, როგორც ინდივიდისთვის, ისე საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის შესაბამისად; მესამე არგუმენტი არის ის, რომ ამ დროს ისჯება უფრო დიდი დანაშაული, უფრო სერიოზული დანაშაული, რაც აუცილებელს ხდის პროპორციული სასჯელის გამოყენებას.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია შეფასდეს უცხო ქვეყნის გამოცდილება, რომელზე დაყრდნობითაც ორგვარი მიდგომა შეიძლება ჩამოყალიბდეს: ერთი, როდესაც ზოგადად ხდება სასჯელის დამძიმება ნებისმიერი დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია მიკერძოების მოტივით და მეორე, სასჯელის დამძიმება კონკრეტული დანაშაულების მიკერძოების მოტივით ჩადენის შემთხვევაში. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს სსკ-ის თანახმად, თუ დანაშაული რასობრივად გამწვავებულია, სასამართლომ ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც დამამძიმებელი ფაქტორი. დაახლოებით იმავეს ამბობს უკრაინის სსკ-ის 67-ე მუხლი. თუმცა, მაგალითად, ბელგიის კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის ჩადენა სიძულვილის მოტივით არის დამამძიმებელი გარემოება, რომელმაც შეიძლება გააორმაგოს სასჯელი ისეთი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა: გაუპატიურება, თავდასხმა, განზრახ მკვლელობა და ამავე მუხლში მითითებული სხვა დანაშაულები.
ამ კუთხით საქართველოს კანონმდებლობა შერეულ მოდელს შეიძლება მივაკუთვნოთ, ვინაიდან, სსკ იცნობს როგორც ზოგად დანაწესს – სსკ-ის 531 -ე მუხლის სახით (რომელიც ამძიმებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი დანაშაულისთვის, რომლის მოტივსაც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობა წარმოადგენს) და ასევე, იცნობს სპეციალურ, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებს, რომელთათვის უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება იმავე მუხლში მითითებულ სანქციაში არის ასახული, მაგალითად საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი – განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 53-ე (სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები) და 531 -ე (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) მუხლებით. სსკ-ის 53-ე მუხლი არის ზოგადი შინაარსის მუხლი, რომელიც ამბობს, რომ სასჯელის განსაზღვრის დროს სხვა გარემოებებთან ერთად ყურადღება ენიჭება „დანაშაულის მოტივს“, მაშინ როდესაც 531 -ე მუხლი არის სპეციალური მუხლი და საუბრობს სასჯელის კონკრეტულ დამამძიმებელ გარემოებაზე. ზოგადი და სპეციალური მუხლების კონკურენციის დროს კი უპირატესობა ენიჭება სპეციალურ მუხლს. შესაბამისად, სასამართლომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მიღებულ განაჩენში, სასჯელზე მსჯელობის ეტაპზე, სწორედ ამ მუხლის რეგულაციით უნდა იხელმძღვანელოს და სასჯელის დამძიმების დასაბუთებაშიც ის უნდა ასახოს. სსკ-ის 53-ე მუხლზე მითითებაც არ იქნება შეცდომა, თუმცა, როგორც სასჯელის ზოგადი საწყისების შემცველ მუხლზე და ძირითადი დასაბუთება მაინც უნდა მოახდინოს სსკ-ის 531 -ე მუხლიდან, როგორც სპეციალური და კონკრეტული მუხლიდან.
სასამართლო პრაქტიკის ანალიზი
საკითხის უკეთ შესაფასებლად მნიშვნელოვანია არსებული პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენში, რომელიც შეეხებოდა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას (სსკ-ის 111 , 151- ე მუხლის მეორე ნაწილის დ1 ქვეპუნქტი) და ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას (სსკ-ის 111 , 3811 მუხლის პირველი ნაწილი), სასამართლომ გენდერული დისკრიმინაციის მოტივის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნია დაზარალებულის ჩვენება, სადაც ის აღწერდა, თუ როგორ აკონტროლებდა ყოფილი მეუღლე მას, მოითხოვდა ყველა დეტალის მასთან შეთანხმებას, ამცირებდა და აყენებდა შეურაცხყოფას. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვებოდა შეუწყნარებლობის მოტივის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა და ბრალდებულის აღიარებისა. სასამართლომ სასჯელის დასაბუთების ნაწილში მიუთითა სსკ-ის 531 -ე მუხლზე და მის საფუძველზე მსჯავრდებულს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით, რომლითაც სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 111 , 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაში, სასჯელის დასაბუთების ნაწილში მიუთითა, რომ დამამძიმებელი გარემოების – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის არსებობიდან გამომდინარე და სსკ-ის 531 -ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
ზემოაღნიშნული პრაქტიკისგან განსხვავებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სსკ-ის 111 , 3811 მუხლის 1-ელი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 111 , 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111 , 1511 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენას, ვკითხულობთ, რომ სასამართლომ იმსჯელა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაზე, თუმცა არ განმარტა, რა გავლენა ჰქონდა ამ გარემოებას სასჯელის განსაზღვრის საკითხზე მსჯელობის ეტაპზე. იგივე ტენდენცია გამოიკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 01 აპრილის განაჩენში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მხარეებმა უდავოდ გახადეს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები (რელიგიური ლიტერატურა), ამასთან, ბრალდებული აღიარებდა წარდგენილ ბრალს. სასჯელის დასაბუთების ნაწილში მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 53-ე მუხლზე, მართალია არ უხსენებია სსკ-ის 531 მუხლი, თუმცა მიუთითა, რომ დამამძიმებელი გარემოება არსებობს რელიგიური შეუწყნარებლობის სახით და განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ჩაუთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, რომელიც შეეხებოდა დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანაშაულების ჩადენას, სასამართლომ მოტივის იდენტიფიცირებისას მხედველობაში მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდნენ მომხდარ ფაქტობრივ გარემოებას და დანაშაულის ჩადენის მოტივის. სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. სასჯელზე მსჯელობის დროს სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 531 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ რეგულირებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში, რომელიც შეეხებოდა სსკ-ის 155-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მოსამართლე საერთოდ არ მსჯელობს იმ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობითაც მოხდა პირის მსჯავრდება (განაჩენი სულ სამ გვერდს მოიცავს), განმარტებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და წარმოდგენილ მტკიცებულებებს – „მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, პირის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებებს“, შესაბამისად, შეუძლებელია იმის შეფასება თუ რა მტკიცებულებები არსებობდა საქმეში, რომელიც მიკერძოების მოტივს დაადასტურებდა.
შესწავლილი პრაქტიკის ანალიზი იძლევა შესაძლებლობას იდენტიფიცირდეს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის დამადასტურებელი ის მტკიცებულებები, რომლებსაც ქართული სასამართლო პრაქტიკა იცნობს, კერძოდ:
- პირველი და ყველაზე მეტად გამოკვეთილი: მოწმეთა ჩვენებები, სადაც მოწმე/დაზარალებული უთითებდა დისკრიმინაციის შემცველი წინადადებების, ფრაზების შესახებ, რომლებსაც დამნაშავე დაზარალებულის მიმართ იყენებდა – მაგალითად ჰომოფობიური, ტრანსფობიური თუ ქსენოფობიური კომენტარები, გენდერული სტერეოტიპების შემცველი ფრაზები თუ დამოკიდებულებები და სხვა.
- მიმოწერის ამსახველი ინფორმაციის დათვალიერების ოქმები და თავად ეს მიმოწერები, სადაც იკვეთებოდა დამნაშავის სტერეოტიპული, მიკერძოებული თუ დისკრიმინაციული დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების საფუძველზე დანაშაულის ჩადენა.
- თავად ბრალდებულის აღიარება, რომ მის მიერ კონკრეტული ქმედება განპირობებული იყო ამა თუ იმ მიკერძოებული შეხედულებით (განქორწინების მიუხედავად ცოლის უფლება არ აქვს სხვა მამაკაცს შეხედოს, ყველაფერი უნდა შეუთანხმოს მის ყოფილ ქმარს, ე.წ. „ღირსების სახელით“ ჩადენილი დანაშაულები, ან ბრალდებულის ჩვენება, სადაც ის უთითებს, რომ კონკრეტული პირის პროფესიული მოღვაწეობა მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჰქონდა მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, რაც ძალადობრივ ქმედებაში გადაიზარდა).
- დანაშაულის ჩადენის ადგილი – მაგალითად, რელიგიური ღვთისმსახურების ჩატარების ადგილი.
- დანაშაულის ჩადენის ხერხი – რელიგიური ინფორმაციის შემცველი ლიტერატურის დახევა, განადგურება.
სხვა სახის მტკიცებულებების არსებობა, მაგალითად: ბრალდებულის წარსული ნასამართლობა მსგავსი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები, სიძულვილის შემცველი ნახატების თუ მინაწერების გაკეთება შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩადენის სპეციალური ხერხი – დამამცირებელი, დამასახიჩრებელი და სხვა, შესწავლილ განაჩენებში არ ვლინდება.
მიკერძოების მოტივის შესაძლო დამდგენ მტკიცებულებებზე და სათანადო სასჯელის გამოყენებაზე მსჯელობის დროს, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს საერთაშორისო სტანდარტებზე. მაგალითად, ევროსასამართლოს მიერ განხილულ საქმეში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, სასამართლომ ორი პირი მიმართ გამოყენებულ ადმინისტრაციულ სანქციასთან (100 ლარით დაჯარიმება) დაკავშირებით განმარტა, რომ „მომჩივნების მიმართ განხორციელებული გაუმართლებელი ძალადობის დონისა და აგრესიის გათვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ასეთი მსუბუქი ადმინისტრაციული სანქცია საკმარისია, რათა სახელმწიფომ მოიხადოს თავისი პროცედურული ვალდებულება კონვენციის მე-3 მუხლთან შესაბამისობაში“.
დანაშაულის ჩადენის შეუწყნარებლობის მოტივის დამდგენ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ევროსასამართლოს არაერთ ინდიკატორზე აქვს ყურადღება გამახვილებული, მათ შორის: დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, შემთხვევის ადგილზე გაკეთებული კომენტარები, დამნაშავის მიკერძოებული და სტერეოტიპული დამოკიდებულება მსხვერპლის მიმართ და სხვა. ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს ის სახელმძღვანელო დებულებები, რომლითაც იხელმძღვანელებენ ეროვნული ორგანოები და ჩამოაყალიბებენ შეუწყნარებლობის მოტივზე მიმთითებელი მტკიცებულების (ინდიკატორების) არაამომწურავ ჩამონათვალს.
დასკვნა
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისთვის პირის პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია შეუწყნარებლობის მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობა. დანაშაულის ჩადენის აღნიშნული მოტივი არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება და სასამართლომ ის მხედველობაში უნდა მიიღოს სასჯელის განსაზღვრის ეტაპზე.
გამოთხოვილი განაჩენების ანალიზის საფუძველზე შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი შეფასების გაკეთება:
- შესწავლილი განაჩენების უმრავლესობა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებს შეეხებოდა, რაც შეესაბამება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა თანახმად სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების უმეტესობის ჩადენა სწორედ გენდერის ნიშნით ხდება. თუმცა, გენდერის ნიშანს თავისი სპეციფიკა აქვს, შესაბამისად, მხოლოდ მასზე დაყრდნობით ვერ ვიმსჯელებთ ზოგადად სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ყველა მახასიათებელზე და იმ შესაძლო მტკიცებულებების ამომწურავ ჩამონათვალზე, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ამ კატეგორიის დანაშაულებში;
- განაჩენების შესწავლის საფუძველზე დადგინდა რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც შეუწყნარებლობის მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულების წყარო შეიძლება იყოს: დაზარალებულის/მოწმის აღქმა, ბრალდებულის აღქმა და მის მიერ გაკეთებული კომენტარები, სიძულვილის, სტერეოტიპული შინაარსის მატარებელი მიმოწერის არსებობა, დანაშაულის ჩადენის ადგილი, დანაშაულის ჩადენის ხერხი. თუმცა, აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ აღნიშნული ინდიკატორების სია არ არის ამომწურავი;
- აღნიშნული განაჩენების შესწავლის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო მოტივის იდენტიფიცირების საკითხზე, დამატებით მსჯელობას ქმედების შემადგენლობის იქით, იშვიათად ავითარებს. სასამართლოს რა მტკიცებულებებიც საკმარისად მიაჩნია ქმედების სამართლებრივი შეფასებისთვის, იგივე მტკიცებულებებზე დაყრდნობით ახდენს მოტივის არსებობა-არარსებობის შეფასებასაც;
- შესწავლილ განაჩენებში იკვეთება სსკ-ის 531 -ე მუხლზე მხოლოდ ფორმალური მითითება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ამ მუხლზე აქცენტი საერთოდ არც არის გაკეთებული, რაც რა თქმა უნდა არღვევს კანონით მოთხოვნილ ვალდებულებას. ამასთან, შეუძლებელია იმის შეფასება თუ რა გავლენა მოახდინა მოტივმა სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრაში
აღსანიშნავია, რომ აუცილებელია უწყებებმა მოახინონ ამ კატეგორიის დანაშაულებზე მიღებული განაჩენების და სისხლის სამართლის საქმეების დეტალური შესწავლა და მის საფუძველზე გამოვლენილი ინდიკატორებისთვის ერთიანი სახის მიცემა და პრაქტიკაში გამოყენება. ამასთან, სასამართლომ ზუსტად უნდა განმარტოს – რა გარემოებებზე, მტკიცებულებებზე თუ ინდიკატორებზე დაყრდნობით მიიჩნია დადასტურებულად შეუწყნა-რებლობის მოტივის არსებობა/არ არსებობა და განაჩენში დეტალურად მიუთითოს აღნიშნულზე. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს – რატომ იყენებს კონკრეტული სასჯელის სახეს და მის კონკრეტულ ზომას. სასამართლომ მკაფიოდ უნდა მიუთითოს – რამ განაპირობა კონკრეტული სასჯელის გამოყენება და რომ სწორედ შეუწყნარებლობის მოტივი გახდა პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველი. აღნიშნული დასაბუთების დროს აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, თუ რატომ არ უფარდებს უფრო მსუბუქ სასჯელს, რითაც გამოყენებულ სასჯელს მიანიჭებს, როგორც სპეციალურ პრევენციას (მსჯავრდებულისთვის გასაგები იქნება, რომ მის მიერ სიძულვილის მოტივით ჩადენილმა დანაშაულმა გამოიწვია უფრო მკაცრი და მძიმე სასჯელის გამოყენება), ისე ზოგად პრევენციას (სხვა პირთათვისაც ცხადი იქნება სახელმწიფოს ნება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, კანონი მკაცრი მის მიმართაც იქნება და რომ დანაშაულის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა ამძიმებს პასუხისმგებლობას).
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის გაუმჯობესებისთვის სასურველია რამდენიმე აქტივობის განხორციელება:
- ინდიკატორების, როგორც მოტივის შესაძლო მტკიცებულებების, რომელიმე საკანონმდებლო აქტში ან შიდაუწყებრივ დოკუმენტებში ინტეგრირება. საუკეთესო შემთხვევაში, ცვლილების განხორციელება საპროცესო კოდექსში
- და იმ ინდიკატორების მითითება, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს შეუწყნარებლობის მოტივის დამდგენი, დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაძლებელია ასევე, ამგვარ ინფორმაციაზე დაფუძნებული შიდაუწყებრივი დოკუმენტის, რეკომენდაციის ან გაიდლაინის შექმნა სახელმწიფო უწყებებისთვის, რომლებიც ამ კატეგორიის დანაშაულზე მუშაობენ. თავის მხრივ, აღნიშნული დოკუმენტი უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.
- ასევე, აუცილებელია ამ კატეგორიის საქმეებთან შემხებლობაში მყოფი პირების – გამომძიებლების, პროკურორების, ადვოკატების და მოსამართლეების გადამზადება და მათი სპეციალური ცოდნით აღჭურვა, რათა იცოდნენ როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, ისე საერთაშორისო რეგულაციები და ამ მიმართულებით სახელმწიფოთათვის დაკისრებული ვალდებულებები;
- გადამზადებების პარალელურად, სასურველია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, გაიდლაინების შედგენა და შესაბამისი სპეციალისტებისთვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღება და გათვალისწინება ხელს შეუწყობს, როგორც სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას, ისე ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
ბიბლიოგრაფია:
ქართული ლიტერატურა:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია(1948).
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (1950).
- გელოვანი ნ., (2022). დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი, 2020 (ოქტომბერ-დეკემბერი) წლის ანგარიშის ანალიზი. სამართალი და მსოფლიო, 8(2);
- გელოვანი, ნ., (2022). დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული ქართულ სისხლის სამართალში. მართლმსაჯულება და კანონი, 14(3).
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი, მთავარი რედაქტორი: გიორგაძე გ., თბ., (2015).
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2022, 1 მარტი). დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში, 2022.
უცხოენოვანი ლიტერატურა:
- ეუთოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება N9/09, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ეუთოს მინისტრთა საბჭო, ათენი, 2009
- ეუთო, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრაქტიკული გზამკვლევი, ეუთოს გამოცემა, ვარშავა, პოლონეთი, 2009.
- ეუთო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული, სიძულვილის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, ოდირის გამოცემა, ვარშავა, პოლონეთი.
- ეუთო, სიძულვილის დანაშაულის გაგება, სახელმძღვანელო უკრაინისთვის, ვარშავა, პოლონეთი, 2015.
- ლუ-ინ ვანგი, სიძულვილის სირთულეები, ოჰაიოს სახელმწიფო სამართლის ჟურნალი, ტომი. 60, 1999.
- სამეფო პროკურატურის სამსახური, (2022, 3 მარტი), ”ჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიური სიძულვილის დანაშაული – პროკურატურის სახელმძღვანელო”.
საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები:
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, N28490/02, 07/10/2014.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, აღდგომელაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, N7224/11, 22/03/2021.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, N73235/12, 12/05/2015.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ანგელოვა და ილიევი ბულგარეთის წინააღმდეგ, N55523/00, 26/07/2007.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ბარბერა, მასსეგუ, ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ, N10590/83, 06/12/1988.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ, N71156/01, 03/05/2017.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ, N33056/17, 08/07/2021.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ა და ბ საქართველოს წინააღმდეგ, N73975/16, 10/02/2022.
ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები:
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, I კოლეგია, გადაწყვეტილება, II-2, N1/1/548 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 22/01/2015.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენი
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენი.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 01 აპრილის განაჩენი.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 აგვისტოს განაჩენი.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 სექტემბრის N1/3828-19 განაჩენი.
სქოლიო:
- ECtHR, Case of Begheluri and Others v. Georgia, no. 28490/02, 07/10/2014, §173, 179; Case of Aghdgomelashvili and Japaridze v. Georgia, no. 7224/11, 22/03/2021, §44; Case of Identoba and Others v. Georgia, no.73235/12, 12/05/2015, § 77.
- Crown Prosecution Service, (2022, 3 March). “Homophobic, Biphobic and Transphobic Hate Crime – Prosecution Guidance”, https://www.cps.gov.uk/legal-guidance/homophobic-biphobic-and-transphobic-hate-crime-prosecution-guidance [Last Seen: 23.11.2022].
- ECtHR, Case of Angelova and Iliev v. Bulgaria, no. 55523/00, 26/07/2007, §104
- Gelovani, N., (2022). Analysis of the Report of Data (October-December 2020) on crime of intolerance committed on the grounds of discrimination, Law and World, 8(2), p.37 https://lawandworld.ge/PDF/printversionPDF/LawandWorld_N22_Print_Version.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- Gelovani, N., (2022), Crimes Committed on Grounds of Intolerance in Georgian Criminal Law. Justic and Law, 14(3), p. 116, https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/ martlmsajuleba-da-kanoni-2022w-n3.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- Universal Declaration of Human Rights (1948), European Convention on Human Rights (1950) and etc
- OSCE Ministerial Council (2010). Decision No. 9/09 on Combating Hate Crimes, OSCE Ministerial Council, Athens, 2009, p. 1, https://www.osce.org/cio/40695 [ Last Seen: 23.11.2022].
- OSCE/ODIHR (2022) Gender-Based Hate Crime, Hate Crime Reporting, ODIHR Publishing,Warsaw, Poland https://www.osce.org/files/f/documents/f/1/480847.pdf> [ Last Seen:23.11.2022].
- Gelovani, N., (2022), Crimes Committed on Grounds of Intolerance in Georgian CriminalLaw. Justic and Law, 14(3), p. 114-131, https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2022w-n3.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- ECtHR, Case of Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/83, 06/12/1988, §68.
- Decision Constitutional Court of Georgia, Panel I, II-2, N1/1/548 on the case "Georgian citizen Zurab Mikadze against the Parliament of Georgia", 22/01/2015, https://matsne.gov.ge/ka/document/view/2714193?publication=0 [Last Seen: 23.11.2022].
- Commentary on the Criminal Procedure Code of Georgia, chief editor: G. Giorgadze, Tb. (2015), 33
- Commentary on the Criminal Procedure Code of Georgia, chief editor: G. Giorgadze, Tb. (2015), 292.
- OSCE/ODIHR (2010) Hate Crime Caws a Practical Guide, ODIHR Publishing, Warsaw, Poland, 2009, p. 51, https://www.osce.org/files/f/documents/3/e/36426.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- OSCE/ODIHR (2010) Hate Crime Caws a Practical Guide, ODIHR Publishing, Warsaw, Poland, 2009, p. 52, https://www.osce.org/files/f/documents/3/e/36426.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- OSCE/ODIHR (2010) Hate Crime Caws a Practical Guide, ODIHR Publishing, Warsaw, Poland, 2009, p. 52, https://www.osce.org/files/f/documents/3/e/36426.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- OSCE/ODIHR (2010) Hate Crime Caws a Practical Guide, ODIHR Publishing, Warsaw, Poland, 2009, p. 52, https://www.osce.org/files/f/documents/3/e/36426.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- See Lu-in Wang, “The Complexities of Hate”, Ohio State Law Journal, Vol. 60, 1999, at p. 807
- OSCE/ODIHR (2010) Hate Crime Caws a Practical Guide, ODIHR Publishing, Warsaw, Poland, 2009, p. 55 https://www.osce.org/files/f/documents/3/e/36426.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- OSCE/ODIHR (2015) Understanding Hate Crimes A Handbook for Ukraine, Warsaw, Poland, 2015, p. 9, https://www.osce.org/files/f/documents/4/9/208176.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- OSCE/ODIHR (2015) Understanding Hate Crimes A Handbook for Ukraine, Warsaw, Poland, 2015, p. 9-10 https://www.osce.org/files/f/documents/4/9/208176.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- Decision of the Supreme Court of Georgia of June 24, 2014, №230AP-13, http://prg.supremecourt.ge/DetailViewCrime.aspx [Last Seen: 23.11.2022].
- OSCE/ODIHR (2010) Hate Crime Caws a Practical Guide, ODIHR Publishing, Warsaw, Poland, 2009, p. 22-23, https://www.osce.org/files/f/documents/3/e/36426.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- OSCE/ODIHR (2010) Hate Crime Caws a Practical Guide, ODIHR Publishing, Warsaw, Poland, 2009, p. 33-34, https://www.osce.org/files/f/documents/3/e/36426.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- OSCE/ODIHR (2010) Hate Crime Caws a Practical Guide, ODIHR Publishing, Warsaw, Poland, 2009, p. 47, https://www.osce.org/files/f/documents/3/e/36426.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- OSCE/ODIHR (2010) Hate Crime Caws a Practical Guide, ODIHR Publishing, Warsaw, Poland, 2009, p. 35, https://www.osce.org/files/f/documents/3/e/36426.pdf [Last Seen: 23.11.2022].
- Judgment of Tbilisi City Court of February 5, 2021.
- Judgment of Tbilisi City Court of March 9, 2021.
- Judgment of Tbilisi City Court of February 15, 2021.
- Judgment of Tbilisi City Court of April 6, 2022.
- Judgment of Tbilisi City Court of April 1, 2021.
- Judgment of Tbilisi City Court on August 25, 2021.
- Verdict N1/3828-19 of Tbilisi City Court of September 5, 2019
- ECtHR, Case of Identoba and Others v. Georgia, no.73235/12, 12/05/2015, §75.
- ECtHR, Case of Identoba and Others v. Georgia, no.73235/12, 12/05/2015.
- ECtHR, Case of 97 Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and 4 Others v. Georgia, no. 71156/01, 03/05/2007.
- ECtHR, Case of Aghdgomelashvili and Japaridze v. Georgia, no. 7224/11, 22/03/2021. Case of Begheluri and Others v. Georgia, no. 28490/02, 07/10/2014.
- ECtHR, Case of Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, 08/07/2021, Case A and B v. Georgia, no. 73975/16, 10/02/2022.
- National Statistics Office of Georgia, (2022, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, 2022, https://www.geostat.ge/media/43558/diskriminaciis-niSniT_2021.pdf [Last Seen: 23.11.2022].