შესავალი
ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულები და მასთან ბრძოლა ცივილიზებული მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, მასთან ბრძოლის უნიკალურ ხერხად მიჩნეულია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. სასამართლოსა და იუსტიციის ორგანოებს შორის თანამშრომლობის არაერთი ხერხია გაწერილი პალერმოს კონვენციაში, რომელიც თავის მხრივ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. საქართველოში კი, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ორი დოკუმენტი: „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” კანონი და „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” კანონი. ორივე კანონის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება სასამართლოსა და იუსტიციის ორგანოებს შორის, ისევე როგორც სამართალდამცავ ორგანოებს შორის.
ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთ საუკეთესო ხერხად მიიჩნევა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაცია, ასევე, ამგვარი დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონებების ყადაღა/კონფისკაციაც. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ჩადენის/მომზადების პერიოდში ქონების/ სარგებლის აკუმულირება ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, ამგვარი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება კი ისევ უბრუნდება და აძლიერებს ორგანიზებულ ჯგუფებს, სწორედ ამიტომ აქტუალური და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ქვეყნებს შორის მჭიდრო სამართლებრივი ურთიერთობა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშულის ჩადენის შედეგად ან ჩასადენად გამიზნული ქონების/სარგებლის კონფისკაციის მიზნით.
საკვლევი თემის მიზანია შეისწავლოს პალერმოს კონვენციის ის ნორმები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აწესრიგებს მონაწილე სახელმწიფოებს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების შედეგად ან ჩასადენად გამიზნული ქონების კონფისკაციის წესებს, ასევე, ამ კუთხით მნიშვნელოვანია მისი შესაბამისობის საკითხის დადგენა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონთან.
კვლევის საგანია ქვეყნის შიდა სამართლებრივი აქტები, მათ შორის, საქართველოს სისხლის საქართველოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კონფისკაციის/ყადაღის მომწესრიგებელი ნორმები, ხოლო, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი.
1. კონფისკაციის და ყადაღის მარეგულირებელი ნორმები საერთაშორისო სამართალში
1.1. კონფისკაციას დაქვემდებარებული ქონება/ სარგებელი პალერმოს კონვენციის მიხედვით
კონფისკაციას და ყადაღას, როგორც საპროცესო იძულების ერთ-ერთ ღონისძიებას, ვხვდებით არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში. მათ შორისაა განსახილველი პალერმოს კონვენცია და გაეროს 1998 წლის კონვენცია „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
პალერმოს კონვენციის, მე-2 მუხლის მიხედვით, „ყადაღა“ ან „ამოღება“ ნიშნავს ქონების გადაცემის, გარდაქმნის, განკარგვის ან გადაადგილების დროებით აკრძალვას ან სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით მასზე დროებითი კონტროლის განხორციელებას ან მის დროებით დაუფლებას. რაც შეეხება „კონფისკაციას“, ის ნიშნავს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით ქონების საბოლოო ჩამორთმევას. პალერმოს კონვენციის მიღებამდე იდენტური განმარტება არსებობდა გაეროს 1998 წლის კონვენციაში „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
პალერმოს კონვენციის 12-ე მუხლი მოითხოვს მონაწილე სახელმწიფოებისგან კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გზით მიღებული შემოსავლების ან შესაბამისი ღირებულების ქონების კონფისკაციას და, ასევე, ამ დანაშაულების ჩასადენად გამოყენებული ან გამოსაყენებლად განკუთვნილი ქონების, მოწყობილობების ან სხვა საშუალებების კონფისკაციასაც. აქ იგულისხმება კონკრეტულად პალერმოს კონვენციით გათვალისწინებული კრიმინალიზებული ქმედებების მე-5 (დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობა), მე-6 (დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია), მე-8 (კორუფცია) და 23-ე (მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა)) ჩადენის ან ჩასადენად გამიზნული ქონების ჩამორთმევა, მაგალითად, ქრთამის სახით გადახდილი ფული, ორგანიზებული ჯგუფების საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი და სხვა დანაშაულებრივი გზით მიღებული სარგებელი. საინტერესოა, რა იგულისხმება „მოწყობილობების ან სხვა საშუალებების კონფისკაციაში“. მოწყობილობებში შესაძლო იგულისხმებოდეს მანქანა, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა მსგავსი ნივთები, რასაც დამნაშავეები იყენებდნენ ან გამოიყენებდნენ დანაშაულის ჩასადენად. „სხვა საშუალებებში“ შესაძლოა იგულისხმებოდეს დოკუმენტაცია ან არამატერიალური სიკეთეები.
კონვენციის მე-12 მუხლი მონაწილე სახელმწიფოებს, ასევე, ავალდებულებს მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი ნივთის შესაძლო იდენტიფიცირების, ძებნის, დაყადაღების ან ამოღებისათვის, მისი საბოლოო კონფისკაციის მიზნით. მოცემული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს მიიღონ შესაბამისი კანონმდებლობა, რათა სასამართლოებმა და სხვა ორგანოებმა შეძლოს ზემოაღნიშნული ფუნქციის განხორციელება. მაგალითად, ინგლისში არსებობს „Assets recovery agancy”, რომელსაც 2005 წელს 17 მილიონზე მეტი ფუნტი ჰქონდა მიღებული ქონების კონფისკაციიდან.
ამავე მუხლის მიხედვით, თუ დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლები ნაწილობრივ ან მთლიანად გარდაიქმნა ან შეიცვალა სხვა ქონებად, მაშინ ამ მუხლში მითითებული ქონების ჩამორთმევისკენ მიმართული ზომები გამოიყენება ასეთი ქონების მიმართ. ასევე, თუ დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლები შეერია კანონიერი შემოსავლებით შეძენილ ქონებას, მაშინ ყადაღის დადების ან ამოღების უფლებამოსილების შეულახავად, კონფისკაციას დაექვემდებარება ქონების ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება შერეული შემოსავლების ღირებულებას. ამ შემთხვევაში შემოსავალი ნიშნავს დანაშაულებრივი
ქმედებისგან პირდაპირ ან ირიბად მიღებულ სარგებელს. გარდაქმნა გულისხმობს ნივთის სახეობის შეცვლას, მაგალითად, ოქროს ერთი ნაკეთობის სხვა ნაკეთობად გარდაქმნას, ხოლო რაც შეეხება დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის შერევას კანონიერ შემოსავალთან, აქ იგულისხმება, მაგალითად, სახლის შეძენა ნაწილობრივ კანონიერი გზით მიღებული შემოსავლით, ხოლო ნაწილის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში კონფისკაციას/ყადაღას ექვემდებარება ქონების ის ნაწილი, რომელიც მიღებულია დანაშაულებრივი გზით.
კანონმდებელმა პალერმოს კონვენციაში კონფისკაციას დაუქვემდებარა არა მხოლოდ უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიღებული ქონება ან სარგებელი, არამედ ის მოგებაც, რომელიც მიღებულია დანაშაულებრივი საქმიანობიდან. კონვენციის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ის მოგება ან სხვა სარგებელი, რომელიც მიღებულია დანაშაულებრივი შემოსავლებისაგან, იმ ქონებისგან, რომლადაც გარდაიქმნა ან შეიცვალა დანაშაულებრივი შემოსავლები ან ქონებისაგან, რომელსაც შეერია დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლები, უნდა დაექვემდებაროს ამ მუხლში მითითებულ ღონისძიებებს, იმავე წესით და ზომით, როგორც დანაშაულებრივი შემოსავლები. ამ დებულების იდეაა ის, რომ მაგ., დანაშაულის შედეგად შეძენილი სახლიდან გაქირავებული შემოსავალი არ ჩაითვალოს „ლეგალურ“ შემოსავლად. მოცემული მუხლი ცხადყოფს, რომ მსგავსი სახის შემოსავლის კონფისკაცია შესაძლებელია.
1.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი
პალერმოს კონვენციის მე-12 მუხლში არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ იმ მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა უნდა დაასაბუთოს სავარაუდოდ დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლების და იმ ქონების კანონიერი წარმომავლობა, რომელიც კონფისკაციას ექვემდებარება, იმ პირობით, რომ ამგვარი მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს მონაწილე სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობის პრინციპებს და სასამართლო თუ სხვა სახის წარმოების ხასიათს. მსგავსი ჩანაწერია გაეროს 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ კონვენციაში“ (ვენის კონვენციაში), რომლის მიხედვითაც თითოეულ მხარეს შეუძლია განიხილოს შესაძლებლობა, უზრუნველყოს მტკიცების ტვირთის გადატანა იმ სავარაუდო შემოსავლის ან სხვა საკუთრების კანონიერ წარმომავლობასთან მიმართებაში, რომელიც კონფისკაციას ექვემდებარება, იმდენად რამდენადაც ამგვარი ქმედება შეესაბამება მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრინციპებსა და სასამართლო და სხვა პროცედურების ხასიათს. ორივე ჩანაწერი თითქმის იდენტურია და დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირს აკისრებს ვალდებულებას დაასაბუთოს სავარაუდოდ დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლების და იმ ქონების კანონიერი წარმომავლობა, რომელიც კონფისკაციას ექვემდებარება.
საინტერესოა ეწინააღმდეგება თუ არა მსგავსი ჩანაწერი ადამიანის უფლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს და რამდენად ლეგიტიმურია მტკიცების ტვირთის გადაცემა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია განვიხილოთ სასამართლო პრაქტიკა. მაგალითისთვის განვიხილოთ საქმე ტელბისი და ვიზიტეუ (Telbis and Viziteu) რუმინეთის წინააღმდეგ. მოცემულ საქმეში, ტელბისს და ვიზიტეუს, როგორც ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეებს, ჰქონდათ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს საკუთარი ინიციატივით, ჩართულიყვნენ ქონების ჩამორთმევის წარმოებაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ კონკრეტულ საქმეში ბრალდებულები, მოთხოვნის შემდეგ მათ მიენიჭა მხარის სტატუსი და ჩაერთვნენ სასამართლო პროცესში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სრულყოფილი, სასამართლო პროცესი წარიმართა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, სადაც მესაკუთრეები უფლებამოსილნი იყვნენ, წარედგინათ თავიანთი მოსაზრებები და მტკიცებულებები. „ძირეული კვლევის საფუძველზე, ეროვნულმა სასამართლომ მიიღო მხოლოდ ქონების იმ ნაწილის ჩამორთმევის გადაწყვეტილება, რომლის კანონიერი წარმომავლობის დამაჯერებლად დემონსტრირებაც მესაკუთრეებმა ვერ შეძლეს, შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლებს ჰქონდათ ადეკვატური შესაძლებლობა, ეროვნულ დონეზე დაეცვათ თავიანთი ინტერესები“.
ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, სასამართლო პრაქტიკის ანალიზისას, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მიერ მიღებული 2015 წლის გადაწყვეტილება, „გოგიტიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხებოდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაციას. კერძოდ, საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ ბრალდებული გოგიტიძის ხელფასს სამჯერ აღემატებოდა მის მიერ შეძენილი ქონება, უფრო კონკრეტულად კი, განმცხადებლები ასაჩივრებდნენ ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლებასთან იმ ადმინისტრაციული წესის შეუსაბამობას, რომლითაც მათ ჩამოართვეს ქონება. აღნიშნული
გადაწყვეტილება საინტერესოა რამდენიმე ასპექტით, კერძოდ, განმცხადებელი სადავოდ ხდიდა სამართალწარმოების ორ ელემენტს: 1. ეროვნული კანონმდებლობა უშვებდა განმცხადებლის ქონების ჩამორთმევას, როგორც უკანონოდ მოპოვებულის და დაუსაბუთებლის მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დამტკიცდებოდა; 2. სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა განმცხადებელს.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ სერიოზულ დანაშაულებთან (როგორიცაა კორუფცია, ფულის გათეთრება, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები და სხვ.) დაკავშირებული ქონების კონფისკაცია.20 აქვე ევროპული სასამართლო შენიშნავს, რომ უკანონოდ მიჩნეული ქონების კანონიერი წარმოშობის მტკიცების ტვირთი აკისრია მოპასუხეს, ხოლო კონფისკაციის ზომები გამოიყენება არა მარტო დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლის მიმართ, არამედ, ისეთი ქონების მიმართაც, როგორიცაა სხვა შემოსავალი და არაპირდაპირი სარგებელი, რომელიც დანაშაულიდან პირდაპირ მიღებული შემოსავლების გარდაქმნის, გაცვლის ან სხვა შესაძლო კანონიერ ქონებასთან შეერთების გზით არის მიღებული.
ევროპული სასამართლო კანონიერად მიიჩნევს ეროვნული სასამართლოს მიერ კონფისკაციის გადაწყვეტილების მიღებას, იმ მტკიცებაზე დაფუძნებით, რომ მოპასუხეთა კანონიერი შემოსავლები ხსენებული ქონების შესაძენად საკმარისი არ იყო, მაშინაც, როდესაც გამოტანილი არ არის გამამტყუნებელი განაჩენი. ასეთ დროს ევროპული სასამართლო არ ითხოვს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებას“. რაც შეეხება მე-6 მუხლის დარღვევას ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ მის მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ქონების ჩამორთმევა, დამნაშავეობის დადგენის გარეშე, ატარებს პრევენციულ ან/და კომპენსაციის ხასიათს და არა სადამსჯელოს, შესაბამისად, არ იწვევს კონვენციის ზემოთ მითითებული დებულების დარღვევას.
ზემოაღნიშნული მსჯელობა და ევროპული სასამართლოს ამგვარი მიდგომა გვაძლევს მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას, კერძოდ ქონების კონფისკაცია არ უნდა იქნეს ისე გაგებული, როგორც მხოლოდ დამატებითი სასჯელის სახე, კონფისკაციის მიზანია დანაშაულების პრევენცია; მეორე, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან და მოპასუხის მიერ მტკიცების ტვირთთან მიმართებით უნდა აღნიშნოს, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხე ასაბუთებს შემოსავლების კანონიერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს ქონება პირს უკანონოდ და დაუსაბუთებლად აქვს მოპოვებული. საქმეზე გოგიტიძე და სხვები, პირს ჩამოერთვა ქონება, რადგან მტკიცებულებებზე დაყრდნობით ა. გოგიტიძის წლიური შემოსავალი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე მისი შეძენილი ქონება.
2. კონფისკაციის მარეგულირებელი ნორმები ქართულ საკანონმდებლო აქტებში
2.1. კონფისკაცია და ყადაღა როგორც სასჯელის სახე სისხლის სამართლის კოდექსში
რაც შეეხება დღეს საქართველოში კონფისკაციის/ყადაღის მარეგულირებელ ნორმებს, სისხლის სამართალში/კოდექსში კონფისკაცია არის დამატებითი სასჯელის სახე, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსში კი იგი განიხილება როგორც სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყების საფუძველი. აუცილებელია ისინი გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და, ასევე, მნიშვნელოვანია შევაფასოთ მათი ერთმანეთთან შესაბამისობის საკითხი.
ქართული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ეს უკანასკნელი განმარტება ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში 2005 წელს გაჩნდა. დღეს მოქმედი რედაქციით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დანაშაულის ჩადენის საგანი, იარაღი, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული ქონება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სსკ-ს 52-ე მუხლის პირველ ნაწილში განმარტებულია ქონების ჩამორთმევა, მეორე ნაწილში კი საუბარია – თუ ვის მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ღონისძიება. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.26 დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, სსკ-ის გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა, საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. კანონის ამ ჩანაწერის მიხედვით, ქონების ჩამორთმევა შესაძლებელია როგორც ბრალდებულისთვის, ისე მსჯავრდებული პირისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სსკ-ის 52-ე მუხლი არის მატერიალური სისხლის სამართლის ნორმა და, ამასთანავე, სასჯელის დამატებით სახე, ჩნდება შეკითხვა: რამდენადაა შესაძლებელი იმ პირს შეეფარდოს სასჯელი, რომლის მიმართაც არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი?! ცხადია, კანონის დღეს მოქმედი რედაქცია წინააღმდეგობაში მოდის თავის თავთან, რაც ბრალდებული პირის მიმართ დამატებითი სასჯელის შეფარდების შესაძლებლობას უშვებს.
2.2. სამოქალაქო სამართალწარმოება კონფისკაციის მიზნით
რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ნორმებს, ცალკე თავი ეთმობა რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით სამართალწარმოებას. მოცემული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უშვებს შესაძლებლობას სარჩელის აღძვრას ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით, ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩამდენი პირების ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის და კონკრეტულ დანაშაულებთან კავშირში მყოფი პირების მიმართ. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლოა იყოს საინტერესო და ამავე დროს სადავოც, მაგრამ მოცემული მუხლი ემსახურება ყველა იმ პირის მიმართ დაუსაბუთებელი და არაკანონიერი ქონების ჩამორთმევას, რომელიც დანაშაულის ჩადენის შედეგად არის მიღებული.
როცა ვსაუბრობთ ქონების ჩამორთმევაზე, მთავარია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ქონების ჩამორთმევა, როგორც დამატებითი სასჯელის სახე და ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყება/სარჩელის აღძვრა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვიდრე პირი არის ბრალდებული, მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქონების ჩამორთმევა, როგორც სასჯელის სახე და ამ დროს არც სამოქალაქო სარჩელის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. ამ შემთხვევაში რჩება კიდევ ერთი სისხლის სამართლის საპროცესო მექანიზმი – ყადაღა, რომელიც უზრუნველყოფს სამართალწარმოების პროცესში იმ ქონებაზე ყადაღის დადებას, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა ჩამოერთვას პირს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გარეშე ყადაღა შეიძლება დაედოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე (ტერორისტული აქტი) 330-ე (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) და 3311-ე (ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა) მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე, მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ეს ჩანაწერი პრევენციულ ხასიათს ატარებს და ემსახურება ისეთი მძიმე დანაშაულის თავიდან აცილებას, როგორიცაა ტერორიზმი და მასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულები. საბოლოოდ კი, ყადაღა შეიძლება მივიჩნიოთ იძულების ისეთ ღონისძიებად, რომელიც წინ უსწრებს ქონების ჩამორთმევას და ერთგვარი პრევენციული ფუნქციის მატარებელია.
2.3. პალერმოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისობა ქართულ კანონმდებლობასთან
პალერმოს კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებისგან ითხოვს კონვენციით კრიმინალიზებული ქმედებების ჩადენის შედეგად ან ჩასადენად გამიზნული ქონების კონფისკაციას/ყადაღას. ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ყურადღება გამახვილებულია პალერმოს კონვენციით კრიმინალიზებულ ქმედებათა ორ კატეგორიაზე, როგორიცაა: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ორგანიზებული ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულები (რეკეტირი, ქურდული სამყაროს წევრობა და აშ.). შესაძლოა გაჩნდეს შეკითხვა ხომ არ ეწინააღმდეგება ეს პალერმოს კონვენციის მოთხოვნებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით შესაძლოა ყადაღა დაედოს ნებისმიერ ქონებას, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული; მეორე, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი, რომელიც განმარტავს ქონების ჩამორთმევას, როგორც დამატებითი სასჯელის სახეს, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას ყველა კატეგორიის დანაშაულზე მათ შორის კორუფციასა და მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლაში მსჯავრდებულის პირის მიმართ; და მესამე, ერთი შეზღუდვა, რაც რჩება, ეს არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3562-ე მუხლი, რომელიც სარჩელის აღძვრას ითვალისწინებს მხოლოდ ისეთ დანაშაულებში მსჯავრდებული პირების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს შემდეგი სახის დანაშაულები: რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311-ე მუხლებით. გამოდის, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლაში მსჯავრდებული პირებს მიმართ არ შეიძლება სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყება მათთვის ქონების ჩამორთმევის საფუძვლით. მათი ქონებას შესაძლოა დაედოს ყადაღა და სასჯელის სახეთ შეეფარდოს ქონების ჩამორთმევა.
3. საერთაშორისო თანამშრომლობა კონფისკაციის/ყადაღის მიზნით
3. საერთაშორისო თანამშრომლობა კონფისკაციის/ყადაღის მიზნით
ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების მატებამ და მისმა ხასიათმა აუცილებელი გახადა ქვეყნებს შორის მჭიდრო სამართლებრივი თანამშრომლობა. არაერთმა სახელმწიფო დანაშაულთან საბრძოლველად პასუხისმგებლობის სახედ კონფისკაცია აირჩია. მისი გამოყენება მნიშვნელოვანია, როგორც დანაშულის პრევენციისთვის, ასევე, სასჯელის სახით
აღნიშნული მუხლის მიხედვით, იმ მონაწილე სახელმწიფომ, რომელმაც სხვა მონაწილე სახელმწიფოსაგან, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია ამ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის მიმართ, მიიღო მოთხოვნა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების, ქონების, მოწყობილობების ან სხვა საშუალებების კონფისკაციის შესახებ, რომლებიც მდებარეობს მის ტერიტორიაზე, თავისი შიდასამართლებრივი სისტემის გათვალისწინებული მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გადასცეს ეს მოთხოვნა თავის კომპეტენტურ ორგანოებს კონფისკაციის შესახებ დადგენილების მიღების მიზნით და ასეთი დადგენილების გამოტანის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი სისრულეში; ან გადასცეს კომპეტენტურ ორგანოებს სისრულეში მოყვანის მიზნით კონფისკაციის შესახებ დადგენილება, რომელიც გამოტანილია მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს სასამართლოს მიერ, რომელიც შეეხება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავლებს, ქონებას, მოწყობილობას ან სხვა საშუალებების კონფისკაციას. მოცემული მუხლის მიზანია საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაძლიერება, რაც მოიცავს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას – მოახდინოს ქონების კონფისკაცია კონვენციის მონაწილე სახელმწიფოსგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე. ასეთი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების, ქონების, მოწყობილობების ან სხვა საშუალებების გამოვლენის, პოვნის, დაყადაღების ან ამოღებისათვის, მათი საბოლოო კონფისკაციის მიზნით.
მოთხოვნის არსებობა მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს არ ართმევს უფლებას უარი თქვას ამ ღონისძიებაზე ან შეცვალოს ის. მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს უარი თქვას თანამშრომლობაზე, თუ დანაშაული, რომელსაც ეხება მოთხოვნა, არ წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის რეგულირების საგანს. აღნიშნული ჩანაწერით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კონფისკაციის/ დაყადაღების მოთხოვნა ამ კონვენციის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ წარედგინოს მონაწილე სახელმწიფოს კონვენციით კრიმინალიზებულ მხოლოდ 4 კატეგორიის დანაშაულზე. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა საქართველომ მიიღოს მოთხოვნა სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ქონების კონფისკაციის/დაყადაღების მოთხოვნით. ვინაიდან საქართველოს არის ევროპის საბჭოს 1990 წლის „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ კონვენციის“ მონაწილე სახელმწიფო. ევროპის საბჭოს ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან საერთო სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების საჭიროებაში, თანხმდებიან სერიოზული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებზე, მათ შორის ერთ-ერთს წარმოადგენს დამნაშავეთათვის დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების ჩამორთმევა.
3.2. საქართველოს იუსტიციის ორგანოებსა და სხვა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა კონფისკაციის/ ყადაღის მიზნით
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი საერთაშორისო თანამშრომლობის თავლსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. კანონი 2010 წელს არის მიღებული და განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციის, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შემდგომი წარმოების მიზნით გადაგზავნის, განაჩენის აღსრულების, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემის (გადმოცემის) პროცედურებს. აღნიშნულ კანონს 2018 წელს დაემატა ახალი თავი, რომელიც ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითად საკითებს აწესრიგებს, საინტერესოა ის ფაქტი, რომ მანამდე მოცემულ კანონში კონფისკაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის ასპექტში არაფერი იყო ნათქვამი. რაც შეეხება კანონის დღეს მოქმედ რედაქციას, ჩამორთმევას ექვემდებარება დანაშაულის საგანი ან/და იარაღი, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი ან/ და დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონება (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, იურიდიული დოკუმენტი, რომელიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი სახის შემოსავალი ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონება, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონება. საერთაშორისო თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრი პროკურატურა.
იმისათვის, რომ საქათველოს ტერიტორიაზე აღსრულდეს ქონების ჩამორთმევა უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ უცხო სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაში დარღვეული არ იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამგვარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებამ საფრთხეს არ უნდა შეუქმნას საქართველოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს.
დასკვნა
ზემოაღნიშნული მსჯელობა გვაძლევს საშუალებას ჩამოვაყალიბოთ დასკვნა და რეკომენდაციები. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო დიდი ერთიანობის მიღწევაა საჭირო, რაც საერთო სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას გულისხმობს. ქონების კონფისკაცია მნიშვნელოვანია ორი ასპექტით, კერძოდ, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონების კონფისკაციას ერთგვარი პრევენციის ფუნქცია აქვს, ხოლო უკვე დანაშაულის ჩადენის შედეგად მოპოვებული ქონების ჩამორთმევა საერთაშორისო დონეზე, აფერხებს ახალი დანაშაულების ჩადენას, ხელს უშლის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დაჯგუფებების გაძლიერებას და მეტიც, კონფისკაციაქმნილი ქონება შესაძლოა გამოყენებული იქნეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლს, მასში ქონების ჩამორთმევა გამოიყენება როგორც დამატებითი სასჯელის სახე, ხოლო ამავე მუხლში ნახსენებია სიტყვა „ბრალდებული“, ვინაიდან ბრალდებულის მიმართ ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, შეუძლებელია მისთვის ქონების ჩამორთმევაზე საუბარი, ამიტომ მიზანშეწონილია სსკ-ის 52 – მუხლში აღარ ეწეროს ტერმინი „ბრალდებული“, ბრალდების ეტაპზე გამოყენებულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც უშუალოდ ნივთის დაყადაღებას გულისხმობს, ხოლო უკვე გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში კი, სასჯელის სახედ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 52-ე მუხლი.
პალერმოს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე კი, შესაძლოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსს დაემატოს ისეთი შინაარსის ჩანაწერი, რაც პროკურორს მისცემს შესაძლებლობას, მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლის განზრახვით, მსჯავრდებული პირის მიმართ 10 წლის განმავლობაში ქონების კონფისკაციის საფუძვლით აღძრას სარჩელი.
ბიბლიოგრაფია:
- Nachkebia, G., Gorashvili, G., Mamulashvili, G., Todua, N., Gogshelidze, R., Sulakvelidze, D., Dvalidze, I., Problems of Criminalization of Modern Manifestations of Organized Crime in Georgian Criminal Law, Tbilisi: Shota Rustaveli Foundation, 2012, Link
- Fafiashvili, L., Tumanishvili, G., Commentaries on the Criminal Justice Process of Georgia,Tbilisi, 2015, Link
- Tkesheliadze, G., Lekveishvili, M., Nachbiya, G., Todua, N., Fourth Edition of the General Part of Criminal Law, Tbilisi, Meridian, 2019.
- Criminal Code of Georgia, 1999, https:// matsne.gov.ge/ [Last seen 02.06.2022].
- Criminal Procedure Code of Georgia, 2009, Link [Last seen 07.06.2022].
- Civil Procedure Code of Georgia, 1997, https:// matsne.gov.ge/ [Last seen 07.06.2022].
- United Nations Convention Against Trans-national Organized Crime, 2000, https:// matsne.gov.ge [Last seen 02.06.2022].
- Council of Europe Convention on Money Laun-dering, Tracing, Seizure and Confiscation of the Proceeds of Crime, 1990, Link [Last seen 07.06.2022];
- Council of Europe Convention on Money Laun-dering, Tracing, Seizure and Confiscation of the Proceeds of Crime and the Financing of Terrorism, 2005, Link [Last seen 07.06.2022].
- 1 United Nations Convention Against Illic-it Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances, Link files/upload-file/pdf/aqtebi65.pdf [Last seen 29.12.2022].
- Law of Georgia on “International Cooperation in the Field of Criminal Law”, Link [Last seen 29.12.2022].
- Council of Europe, Crime Analysis: Organised crime - Best practice survey no. Strasbourg, France, 2002.
- Legislative guides for the implementation og the united nations conventions against transnational organized crime and the protocols thereto. (UNITED NATIONS New York, 2004).
- McMclean, D., Transnational Organaized Crime a Commentary on the UN Conversetion and its Protocols (Oxford University Press, 1 st 2007).
- Case of the European Court of Human Rights “Gogitidze and others v. Georgia”, Strasbourg, 2015, Link [Last seen 14.02.2023].
სქოლიო:
- United Nations Convention Against Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances, see the official website of the Legislative Herald of Georgia. Link
- Palermo Convention, see the official website of the Legislative Herald of Georgia. Link [Last seen 14 February 2023].
- Ibid
- United Nations Convention Against Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances, see the official website of the Legislative Herald of Georgia Link [Last seen 14 February 2023].
- Palermo Convention, see the official website of the Legislative Herald of Georgia Link [Last seen 14 February 2023].
- McMclean, D., (2007). Transnational Organized Crime a Commentary on the UN Convention and its Protocols. Oxford University Press, 1st, p. 144.
- Palermo Convention, see the official website of the Legislative Herald of Georgia Link [Last seen 14 February 2023].
- McMclean, D., (2007). Transnational Organaized Crime a Commentary on the UN Convention and its Protocols. Oxford University Press, 1st, p.144.
- Ibid
- Palermo Convention, see the official website of the Legislative Herald of Georgia Link [Last seen 14 February 2023].
- Ibid
- Palermo Convention, see the official website of the Legislative Herald of Georgia Link [Last seen 14 February 2023].
- Ibid
- United Nations Convention Against Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances, see the official website of the Legislative Herald of Georgia Link [Last seen 14 February 2023].
- Tskhvediani, T., Kvatchantiradze, D., Noselidze, A., (2019) Guarantees of Protection of Property Rights in Criminal Proceedings, p. 25. Link [Last seen February 14, 2023]
- Ibid
- Ibid
- Decision of the European Court of Human Rights “Gogitidze and others v. Georgia”, Strasbourg, (2015). Link [Last seen 14 February 2023].
- Ibid
- Decision of the European Court of Human Rights “Gogitidze and others v. Georgia”, Strasbourg, (2015). Link [Last seen 14 February 2023].
- Ibid
- Ibid
- Ibid
- Criminal Code of Georgia, see on the official website of the Legislative Herald of Georgia. Link [Last seen February 14, 2023].
- Ibid
- Ibid
- Ibid
- Civil Procedure Code of Georgia, see on the official website of the Legislative Gazette of Georgia Link [Last seen February 14, 2023].
- Ibid
- Criminal Procedure Code of Georgia, see on the official website of the Legislative Gazette of Georgia Link
- Ibid
- Palermo Convention, see the official website of the Legislative Gazette of Georgia Link [Last seen February 14, 2023].
- Ibid
- Council of Europe Convention on Money Laundering, Tracing, Seizure and Confiscation of Proceeds of Crime, see on the official website of the Legislative Gazette of Georgia. Link [Last seen February 14, 2023].
- Ibid
- Law of Georgia on “International Cooperation in the Field of Criminal Law”, see on the official website of the Legislative Gazette of Georgia Link
- Ibid
- Law of Georgia on “International Cooperation in the Field of Criminal Law”, see on the official website of the Legislative Gazette of Georgia. Link [Last seen February 14, 2023].